Home რუბრიკები საზოგადოება ჩემი ავადმყოფობის ისტორია, ანუ N966-ე პაციენტის ჩანაწერები

ჩემი ავადმყოფობის ისტორია, ანუ N966-ე პაციენტის ჩანაწერები

1667
გულიკო ჩაფიძე
ლეგენდარული გულიკო ჩაფიძე

უბედურია, როგორც ღმერთი”, _ მარკ ტვენი თავის ამ ფრთიან ფრაზას ასე განმარტავს: უბედურია, რადგან ყოველ წუთსა და ყოველ საათს მის მიერ შექმნილი მილიარდობით არსების არნახულ ტანჯვაწამებას ხედავს და ისიც იცის, რა უბედურებაც ელით. ეს გამონათქვამი, ალბათ, ექიმსაც მოერგება, რადგან მოკვდავთა შორის იგი ერთადერთია, რომელმაც იცის, როდის დასრულდება მისი პაციენტის სიცოცხლე. ასე მიაჩნიათ.

ამგვარი ნეკროფილური განწყობილებით დამძიმებული მივდივარ საქვეყნოდ ცნობილ კარდიოლოგთან, ქალბატონ გულიკო ჩაფიძესთან შესახვედრად მისივე სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში.

10 წლის წინათ გაკეთებული შუნტირების ოპერაციის გარანტირებულ წლებს შარშან აგვისტოში გაუვიდა ვადა. დამრჩა რამ საამქვეყნო კიდევ? ამის გასაგებად მივდივარ.

რამდენჯერმე მიმიწვია.

ვერ მივედი, რადგან, ხალხური შემოქმედების ბრწყინვალე ნიმუშისა არ იყოს, ბევრი კი ვუარე, მაგრამ “რა ვქნის ციხის” _ უხერხულობის ბასტიონის _ კარი ვერ შევაღე:

რა ვქნისა ციხე ავაგე,
ჯავრი შავაბი კარადა,
საიქიოდან მოიდენ
ამ ციხის სანახავადა,
ბევრი უარეს ციხესა,
კარ ვერ გატეხეს ძალადა,
მერმე თქვეს: დრო რომ მოალის
კარ გაიღების თავადა”.

საიქიოდან მოსვლას არავინ აპირებდა და მეც სხვა რა გზა მქონდა, მივედი.

რადგან ვიცოდი, რომ სწორედ აქ, ამ სამედიცინო ცენტრში (ერთ-ორგან კიდევ), ცდილობენ, დაიცვან საერობო ექიმის (Земский врач) საუკუნოვანი ტრადიცია, რომელიც ცხოვრების სამომხმარებლო პრინციპებზე გადასულ ჩვენს საზოგადოებაში პრაქტიკულად აღარ არსებობს.

გულიკო ჩაფიძემ და მისმა კოლეგებმა შეძლეს, შეენარჩუნებინათ ქართულ სულიერებას, ექიმის პრაქტიკულ მოღვაწეობას ესოდენ მორგებული პრინციპი: უანგარობა, თანადგომა, თანალმობა!

ავთანდილ ჯორბენაძე
ავთანდილ ჯორბენაძე

ჩემი მკურნალი ექიმი ნონა მაისურაძე მეტყვის:

_ ეს ფენომენი ქალბატონ გულიკო ჩაფიძეს უკავშირდება, ამ ცენტრის დამაარსებელს. დიდი ღვაწლი მიუძღვის ბატონ ავთანდილ ჯორბენაძეს პაციენტისადმი ასეთი დამოკიდებულების შენარჩუნებაში. ისინი პირადად გვაძლევენ ამის მაგალითს. და, თუ თაობებს შორის ამ კუთხით არის მსგავსება, ეს მასწავლებლებისგან მოდის.

მარტო ეს რომ იყოს…

პალატა N501

მიმიღეს დიდებულად.

პალატაში ერთმანეთის მიყოლებით შემოგოგმანდებიან მედდები და სანიტარი გოგონები _ ლურჯი წიწილები, ცოტა მონაცრისფრო.

დილიდანვე. უთენია.

ეს _ წნევის გაზომვაო.

ეს _ შაქრის.

ეს _ წამლის მიღებაო.

ეს _ დასუფთავება-დალაგება პალატის, რომელშიც ისედაც სტერილური სისუფთავეა.

ყველაფერს ისე საგულდაგულოდ აკეთებენ, თითქოს მასტერკლასს ატარებენ. საჩვენებელს.

კარზე მორიდებული დაკაკუნებით მობრძანდებიან ექიმები: ხომ არ შეგაწუხებთ, ხელს ხომ არ შეგიშლით?

ექიმები თეა ლობჟანიძე (რევმატოლოგი) და მედეა ამაშუკელი (ენდოკრინოლოგი) გამოწვლილვით მსინჯავენ.

ინვალიდის ეტლით ჩავყავართ ექოსკოპიაზე ბატონ ბესო ჯაშიაშვილთან. უადგილო გამოხდომაზე: _ ჩემი ფეხით ჩავალ, ჯერ კიდევ შემიძლია, _ სანიტარი მიპასუხებს: _ ჩვენთან ასეთი წესია და უხერხულ მდგომარეობაში ნუ ჩამაყენებთ! ვნებდები და უსიტყვოდ ვჯდები მორთმეულ სატრანსპორტო საშუალებაში.

ისე მექცევიან, თითქოს პაციენტი კი არ ვარ, არამედ წესისა და კანონის დამდგენი ვიპპერსონა.

ალექსანდრე ალადაშვილი
ალექსანდრე ალადაშვილი

მითხრეს, კორონოგრაფიაზე ჩაგიყვანთ ინტერვენციული დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორ ალექსანდრე ალადაშვილთან, კარდიოლოგიის ლაბორატორიაშიო. ბატონი ალეკო, რომელიც ამ საქმის დამფუძნებელია საქართველოში, ჩვენი ქვეყნის კარდიოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტია.

ჩამიყვანენ.

მანამდე კი მიბმული ვარ წვრილი, ელასტიური მილით პლასტიკატის გამჭვირვალე ბოთლიდან ჩემს ძარღვებში სითხის გადმოდინების წვეთოვან სიზანტეს.

ჩათავდა.

ჩავედით (ცხადია, ინვალიდის ეტლით). სიხარულით ვესალმებით ერთმანეთს პაციენტი და ექიმი. ასეთი “ფამილარობით” გაოცებულები გვიყურებენ ამერიკის შეერთებული შტატების ტეხასის შტატიდან ჩამოსული მომავალი ექიმები _ გოგონები ლურჯ უნიფორმებში, რომლებიც კედელთან ჩამწკრივებულან და ელოდებიან სასწავლო-საჩვენებელი ოპერაციის დაწყებას.

თეთრ ზეწრებს ჰიჯაბივით ჩამომაფარებენ და ბატონი ალექსანდრე იწყებს ამ უაღრესად ფაქიზ და სათუთ სამედიცინო მანიპულაციას. თან დაწვრილებით უხსნის (ინგლისურად) ამერიკელ რეზიდენტებს, რას, რატომ და როგორ აკეთებს.

ვწევარ, როგორც ფაშა, და ვერაფერს ვგრძნობ. ვფიქრობ: რა მაღალ დონეზე უნდა იდგეს ეს საქმე ჩვენთან, როგორი დიდოსტატების ხელში უნდა იყოს, რომ აშშდან თბილისში გზავნიან მომავალ ექიმებს პრაქტიკის გასავლელად: ისწავლეთ, გენაცვაო!

ვფიქრობ და თანდათან მეუფლება აღმატებულობის განცდა, გოგოლის “შეშლილის ჩანაწერების” გმირისა არ იყოს:

“დღევანდელი დღე არის დღე უდიდესი ზეიმის. ესპანეთში არის მეფე. ეს მეფე ვარ მე. სწორედ დღეს შევიტყვე ამის შესახებ… უწინ კი ყველაფერი თითქოს რაღაცნაირი ბურუსით იყო მოცული. და ეს ყველაფერი, ვფიქრობ, ხდებოდა იმის გამო, რომ ხალხს ჰგონია, თითქოს ადამიანის ტვინი თავშია. სულაც არა. იგი ქარს მოაქვს კასპიის ზღვის მხრიდან”.

ასეთ ეიფორიაში ვიყავი, სანამ თვითმფრინავის ანგარივით წაგრძელებულ რეანიმაციაში არ შემაგორეს, სადაც ათობით ჩემნაირი იწვა.

სარეანიმაციო
სარეანიმაციო

მაშინღა მივხვდი, რომ მე გამონაკლისი კი არ ვიყავი, არამედ _ ჩვეულებრივი პაციენტი, ერთ-ერთი იმ მრავალთაგანი, რომლებიც ამ კლინიკაში მკურნალობენ, და რაც დამიდასტურა შპს “გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ჯორბენაძემ, მაგრამ ინტერვიუზე უარი მითხრა: არა, თუ ძმა ხარ, გაზეთებთან და ტელევიზიებთან ურთიერთობას, დიდი ხანია, თავი დავანებეო.

საუბარიპრესის გარეშე

ფარულად ჩავიწერე. რადგან საერობო ექიმობის ტრადიციის მცველთა თავმდაბლობას ანგარიში თუ გავუწიეთ, მათი კეთილი საქმეები ისტორიისთვის სამუდამოდ დაიკარგება.

არადა, ჩვენი ეროვნული სიმდიდრეა.

სხვა გამოსავალი არ მქონდა და უნდა მაპატიოს ბატონმა ავთომ რესპონდენტთან ურთიერთობის ეთიკის დარღვევის ასეთი ალისტრახოიზმი.

_ ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა, რაღაც არაჩვეულებრივ მოვლენად არ უნდა აღიქმებოდეს. ბევრი კარგი საქმე გაგვიკეთებია, მაგრამ უფრო მეტის გაკეთებას ვაპირებთ, ჩვენი სამედიცინო დაწესებულება მართლაც სანიმუშო რომ გახდეს.

_ რას გულისხმობთ, ბატონო ავთო?

_ ფასიანი მედიცინის არსებულ პირობებში მკურნალობის სტანდარტები უნდა იყოს ძალიან მაღალი განურჩევლად ყველასთვის. პაციენტი რომ მოვა, ისეთი, რომელსაც შეძლებული პატრონი არ ჰყავს და ხელმოკლეა, იმანაც მაქსიმალური სამედიცინო დახმარება უნდა მიიღოს. ასეთია ჩვენი მთავარი პრინციპი.

ვცდილობთ დავნერგოთ უახლესი ტექნოლოგიები, ყველაფერი, რაც კვლევასთან, დიაგნოსტიკასთან, მკურნალობასთან არის დაკავშირებული.

ჩვენს კლინიკაში შემოსული ავადმყოფი, რომელიც გადაუდებელ ოპერაციას საჭიროებს, ორ საათში საოპერაციოში უნდა იყოს: ინტერვენციონისტებმა და ქირურგებმა ოპერატიულად უნდა დაადგინონ მისი საერთო მდგომარეობა, დასვან დიაგნოზი და მიიღონ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, როგორ უმკურნალონ პაციენტს.

მომავალი ექიმები აშშ-ს ტეხასის შტატიდან - გულიკო ჩაფიძის კლინიკის პრაქტიკანტები
მომავალი ექიმები აშშ-ს ტეხასის შტატიდან – გულიკო ჩაფიძის კლინიკის პრაქტიკანტები

_ ესე იგი, წინა პლანზე წამოიწია ოპერატიულობამ?

_ ყოველთვის ასე იყო, მაგრამ ახალმა ტექნოლოგიებმა მკურნალობის ზუსტად დადგენილი მიმართულებით ჩარევისა და მკურნალობის საშუალება მოგვცა.

_ წლების განმავლობაში საქართველოში ჯანმრთელობის დაცვას ედექით სათავეში, მინისტრი იყავით, შემდეგ _ სახელმწიფო მინისტრი.

_ დაახლოებით ასე იყო (ეღიმება).

_ და რაც იმხანად ქვეყნის მასშტაბით მოხდებოდა, ნებისმიერი ფაქტი, რომელიც თქვენ საქმიანობასთან იყო დაკავშირებული, მათ შორის, ნეგატიურიც, თქვენი საწუხარი იყო, თქვენი მოსავლელი და გამოსასწორებელი. ასეთ ფაქტებს დღეს რომ გაიგებთ, კვლავ გულთან მიგაქვთ?

_ კი, რა თქმა უნდა, რადგან ისეთი ჩვევაა, ერთხელ თუ გაგიჩნდება, მთელი ცხოვრება გაგყვება. მე გამონაკლისი არ ვარ _ ჩვენი, ქართველი ექიმების დიდი უმრავლესობის საერთო თვისებაა. ჩემი აქაური კოლეგები დასავლეთში დასაქმებული ექიმებისგან გაცილებით მეტი ადამიანური სითბოთი გამოირჩევიან. უახლესი ტექნოლოგიები, კვლევის თანამედროვე მეთოდები ავადმყოფთან გრძელვადიანი ურთიერთობის გარეშე მკურნალობის საშუალებას გვაძლევს, მაგრამ ვერანაირად გვერდს ვერ ავუვლით პაციენტისა და ექიმის ადამიანური ურთიერთობის ფაქტორს, ფსიქოლოგიურ ურთიერთობას, სიტყვით მკურნალობას. მარტო ავტომატიკით ფონს ვერ გახვალ. სულსაც სჭირდება გამხნევება და მკურნალობა დადებითი განწყობილების შექმნით. გულთან მიტანა, როგორც თქვენ თქვით, ჩვენი ამქრის თანდაყოლილი თვისებაა.

_ გულსისხლძარღვთა დაავადებების სტატისტიკა როგორი გვაქვს საქართველოში?

_ ძალიან იმატა. ერთ-ერთი პირველია არაინფექციურ დაავადებებს შორის, ძალიან გაახალგაზრდავდა, რაც ყველაზე უფრო შემაშფოთებელია.

_ რამდენი ავადმყოფი მოგმართავთ დღეში?

_ ამბულატორიულად _ დაახლოებით 100-120; სტაციონარულად _ 20-30. ერთდროულად სტაციონარში მკურნალობს 80-დან 110-მდე პაციენტი, წლის განმავლობაში მხოლოდ გულზე კეთდება 600-700 ოპერაცია, მათგან ბევრი უმძიმესი, ანუ კომბინირებული ოპერაციაა: რამდენიმე სისხლძარღვისა და დაზიანებული 2 ან მეტი სარქვლის გამოცვლა ერთდროულად ხდება. ეს უკვე უმაღლესი ხელოვნებაა, თუ შეიძლება, ასე ითქვას… ჩვენი ქირურგები მომუშავე გულზე აკეთებენ ოპერაციებს.

ჩვენმა საუკეთესო ქირურგმა _ ზვიად ბახუტაშვილმა საქართველოში დანერგა ე.წ. ოზაკის ოპერაცია, რომლისთვისაც მის ავტორთან იყო მივლინებული იაპონიაში.

_ რით არის განსაკუთრებული ეს ოპერაცია?

_ ამ დროს კეთდება აორტის სარქვლის პლასტიკა საკუთარი პერიკარდიუმის ფურცლის გამოყენებით, ანუ ხდება სარქვლის აღდგენა საკუთარი ქსოვილით, რაც განაპირობებს იმას, რომ პაციენტს აღარ სჭირდება სპეციალური მედიკამენტების მიღება დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში….

ამ და ყველა სხვა სიახლის დანერგვის მიზანი, იცით, რას ნიშნავს?

_ არ ვიცი.

_ ეს ნიშნავს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

_ ანუ?

_ ანუ ნიშნავს, რომ პაციენტი ზედმეტ ტვირთად არ დააწვება ოჯახსა და ქვეყანას, ჩვეულებრივად გააგრძელებს თავის პროფესიულ საქმიანობას და საზოგადოებისთვის სრულფასოვან წევრად დარჩება.

და კიდევ: თუ აქამდე ჩვენი ქირურგები ოპერაციას უკეთებდნენ 65-70 წლის პაციენტებს, ახლა 80-85 წლის ადამიანების ოპერირება ჩვეულებრივი ამბავია.

_ პაციენტების გაზრდილ რაოდენობას აუდის კი ექიმების ის კონტიგენტი, რომელიც თქვენთან მუშაობს?

_ ესეც მნიშვნელოვანი მომენტია: თუ ექიმი დატვირთული არ იქნება და არ იმუშავებს იმ დიაპაზონში, რომელიც ხელეწიფება, კვალიფიკაცია ეკარგება. ეს, უწინარეს ყოვლისა, ქირურგებს ეხება, ასევე ინტერვენციონისტებს. ხელებს “მეხსიერება” უქვეითდება, გონებასაც, რა თქმა უნდა, ავტომატიზმი ქრება, რაც უარყოფითად აისახება ავადმყოფთა მკურნალობის ხარისხზე, რომელიც (ხარისხი) საქართველოში, სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად მაღალ სტანდარტებს არ უპასუხებს.

ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევის პროგრამამ განუზომლად გაზარდა კვალიფიციური სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობა საქართველოს მოსახლეობისთვის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნელა, მაგრამ მაინც ვითარდება კერძო დაზღვევა, რაც ასევე მნიშვნელოვანია. დაზღვევის ფარგლებში სრულად უფინანსდებათ სამედიცინო მომსახურება განსაკუთრებულ სოციალურ ჯგუფებს: უმწეოებს, ანუ სოციალურად დაუცველებს, ვეტერანებს, სტუდენტებს.

ერთ თავისებურებას განსაკუთრებით გამოვყოფ: კარდიოქირურგიული ოპერაციის ღირებულება საქართველოში შეადგენს დაახლოებით 12-15 000 ლარს, მაშინ, როცა ევროპაში 35-45 000 ევროა, აშშში _ 90-100 000 დოლარი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა საჭირო ინსტრუმენტი, მედიკამენტი და სამედიცინო მოვლის საგანი ევროპული წარმომავლობისაა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელსაც განვახორციელებთ, ქველმოქმედებაა. ჩვენი გამოცდილი ექიმები ჩადიან საქართველოს რეგიონებში და მაღალკვალიფიციურ დახმარებას უწევენ ათასობით ადამიანს, რაც დიდი შეღავათია იმ ხალხისთვის, რომელსაც უჭირს დედაქალაქში ჩამოსვლა.

_ თაობათა ცვლა?

_ ეგეც არის. ბუნების კანონია. უმთავრესი ახალგაზრდების პროფესიული ზრდის უზრუნველყოფაა, მათთვის უწყვეტი პოსტდიპლომური განათლების სისტემის შექმნა, რასაც, მგონი, ვახერხებთ. აღვადგინეთ ძველი კავშირები, უცხოეთის პროფილურ კლინიკებთან, დავამყარეთ ახალი ურთიერთობები, რაც ჩვენი ახალგაზრდა კოლეგების პროფესიულ ზრდაზე კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს. თითქმის არავინ დაგვრჩა უცხოეთში სტაჟირებაგაუვლელი. მაგალითისთვის დაგისახელებთ ფრაიბურგის, ბად-კროცინგენის, ბერლინის, მიუნხენის, ბელგიისა და დასავლეთ ევროპის სხვა ცნობილ საუნივერსიტეტო კლინიკებს, ასევე _ აშშ-ის ემორის უნივერსიტეტს.

ყოველდღიურად უამრავი ახალი ინფორმაციაა მედიცინაში, რომლის ათვისების გარეშე ექიმის პროფესიონალიზმზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.

_ გაფართოებას თუ აპირებთ?

_ ვაპირებთ. უპირველესად, გვინდა, ქირურგია აღვჭურვოთ უახლესი სტანდარტების დონეზე; მეორე _ დიაგნოსტიკის მძლავრი ცენტრი. პროექტი მზად არის, იმედია, თბილისის მერია დროულად მოიწონებს ჩვენს პროექტს, მაშინ წლის ბოლოს გახსნაზე მოგიწვევთ…

* * *

ასეთად ესახებააკადემიკოს გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრისგანვითარებაგაფართოების პერსპექტივა ბატონ ავთანდილ ჯორბენაძეს.

_ რადგან ხელი მოვკიდეთ, კიდეც გავაკეთებთ, _ უთხრა მანსაქართველო და მსოფლიოსკორესპონდენტს.

იმედიანად.

პესიმიზმი მხოლოდ სიტყვაა, რომელსაც სუსტნერვიანები სიბრძნეს უწოდებენ”.

ესეც მარკ ტვენია.

არმაზ სანებლიძე,
წლევანდელი N966- პაციენტი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here