Home რუბრიკები ისტორია ჩავწიხლოთ ჩვენი ისტორია თუ მივბაძოთ ფრანგებს?

ჩავწიხლოთ ჩვენი ისტორია თუ მივბაძოთ ფრანგებს?

2009
სტალინი

ჩვენი მკითხველი, ალბათ, გაეცნო ანატოლი ვასერმანის პუბლიცისტურ წერილს იოსებ სტალინის შესახებ, რომელიცსაქართველო და მსოფლიოსწინა ნომერში გამოქვეყნდა. დღეს ამავე თემაზე ცნობილი ისრაელელი საზოგადო მოღვაწის _ იაკობ კედმის (კაზაკოვის) ფრიად საინტერესო სატელევიზიო გამოსვლის საგაზეთო ვარიანტს შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ ორივე პუბლიკაციის ავტორები რუსი იუდეველები არიან, ებრაელები. მით უფრო საყურადღებოა იოსებ სტალინის, როგორც უდიდესი პიროვნების, მოაზროვნის, უნიკალური საბჭოთა იმპერიისა და მსოფლიო სოციალისტური სისტემის შემქმნელისა და ხელმძღვანელის მათეული შეფასება: სტალინს, მოგეხსენებათ, ტლუ ხრუშჩოვის ყოვლისმომცველი პროპაგანდისტული კამპანიის დროს, სხვა ცოდვებთან ერთად, ანტისემიტიზმიც დასწამეს.

იაკობ კედმი, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მკვეთრად და კატეგორიულად მსჯელობს. გულწრფელიცაა და ასე ელაპარაკება რუსეთის ერთ-ერთი მრავალმილიონიანი აუდიტორიის მქონე ტელეარხის (პიპ-ის) პოპულარული ტოკშოუს მონაწილე ექსპერტებსა და პოლიტოლოგებს.

მას ყურადღებით უსმენენ. ყველა დონეზე.

“რუსეთი უცნაური ქვეყანაა, _ ამბობს კედმი, _ მსოფლიოში არ არის სხვა ქვეყანა, რომელსაც მისნაირად უყვარს საკუთარი ისტორიის ჩაწიხლვა, ტალახში ამოსვრა და მასზე ფეხის გაწმენდა. ისტორიაში არ გყავთ არც ერთი მმართველი, რომლისთვისაც ცილი არ დაგიწამებიათ, არ გაგითახსირებიათ, ყველა ცოდვა არ დაგიბრალებიათ, დემონიზაცია არ მოგიხდენიათ. არავინ!

ასეთი რამ ებრაელებსაც არ ჩაგვიდენია.

ეს ერთი.

მეორე: საკუთარ ისტორიას სერიოზულად არ სწავლობთ, არ გაინტერესებთ, როგორი იყო. ხუთი წლის წინათ, ათი წლის წინათ, ოცი წლის წინათ იდეოლოგიასა და პროპაგანდას მოარგებდით და ისე აფასებდით. ასე იყო და ასეა დღესაც. სიმართლე, რა თქმა უნდა, არ გეცოდინებათ.

რატომ უყვარს სტალინი ხალხს?

სტალინი იყო უკანასკნელი სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც თავის ქვეყანაზე ზრუნავდა. მის შემდგომ ასეთი არავი ყოფილა. მას აბსოლუტურად არაფრად მიაჩნდა თავისი პირადი ინტერესები, პირადი სიმდიდრე, პირადი კეთილდღეობა. არ გყოლიათ ასეთი არავინ მის შემდგომ.

სტალინი სასტიკი ადამიანი იყო, მაგრამ სისასტიკე მისი თვითმიზანი არ ყოფილა. მისი ხელსაწყო იყო, იარაღი. სხვა ვერ იპოვა. არსებობდა კი?

არსებობდა სტალინის ალტერნატივა?

ტროცკი?!

(რეპლიკა: თუ სიმკაცრეზე ვლაპარაკობთ, სტალინი ტროცკისთან შედარებით ბავშვი იყო. ტროცკი პათოლოგიურად სასტიკი იყო).

მე ალტერნატივაზე ვლაპარაკობ.

ტროცკის ფეხებზე ეკიდა რუსეთი, ბოლშევიკების 90 პროცენტსაც ფეხებზე ეკიდა, მათი წარმომავლობის მიუხედავად, რუსებსაც _ აგრეთვე.

სტალინი აღმოჩნდა ერთადერთი, ვისაც ეძვირფასებოდა რუსეთი. ქართველი სემინარისტი იყო, მაგრამ უყვარდა რუსეთი. თავისებურად.

მან ვერ იპოვა სხვა მეთოდები. არსებობდა კი სხვა მეთოდები? არ ვიცი.

იაკობ კედმი
იაკობ კედმი

მივმართავ ყველას, ვინც აკრიტიკებს სტალინს: თქვენ როგორ გარდაქმნიდით წერაკითხვის უცოდინარ რუსეთს, რომლის ინტელიგენციას ეზიზღებოდა თავისი ხალხი, არც ცნობდა მას _ დამონებულ ხალხს; ინტელიგენციას, რომლის მცირე ნაწილი ფლობდა ფრანგულსა და გერმანულს, რუსულისთვის კი მიუფურთხებია?

როგორ გარდაქმნიდით ამ ქვეყანას ისე, რომ ფეხი აეწყო მეოცე საუკუნის გამოწვევებისთვის?

ყველა საყვედურობს სტალინს კოლმეურნეობების გამო, “მუჟიკებს” რაც დამართა, იმის გამო. ეს რომ არ გაეკეთებინა, რით იბრძოლებდა საბჭოთა კავშირი 1941 წელს?! იგი გლეხია, “მუჟიკი”! რა თქვა სტალინმა? “ჩვენ “მუჟიკს” მივეცით ფული, იგი არ გვაძლევს პურს!” სტალინი მიწის მუშაა, გლეხია. სხვა შესაძლებლობა მას არ ჰქონია. თუ ვინმეს შეუძლია თქვას, რომ სხვა შესაძლებლობებით შეიძლებოდა ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის განხორციელება იმ დროში, იმ პირობებში, იმ ხალხთან ერთად, რომელიც მაშინ იყო, იმ ხელისუფლებასთან ერთად, რომელიც იყო, ბრძანოს!

სხვა ხელისუფლებასთან ერთად? არ იყო სხვა ხელისუფლება! არ შეიძლებოდა რუსეთში მაშინ ყოფილიყო დემოკრატია, რადგან არსად იყო.

ამბობენ, ხალხი თავისუფალი იყოო. უწიგნური ხალხი არ შეიძლება თავისუფალი იყოს. პირველი თაობის მონებს თავისუფლებს ვერ უწოდებ. რუსეთს ჰყავდა (სტალინის მიერ შექმნილი) ისეთი ხელისუფლება, რომელმაც რუსეთის შენარჩუნება შეძლო. სხვა ხელისუფლება რომ ყოფილიყო, არ იარსებებდა რუსეთიარ იქნებოდა!

ადამიანის სიცოცხლე რუსეთში სტალინს არ გაუუფასურებია. ადამიანის სიცოცხლე რუსეთში ბატონყმობამ და მეფეების ყველა რეჟიმმა გააუფასურა.

(რეპლიკა: სტალინი მონაწილეობდა გაუფასურებაში).

არა!

არ შეიძლება ისტორიის განხილვა იმ რეალობისგან მოწყვეტით, რომელიც არსებობდა.

სტალინი ჩამოყალიბდა პირველი მსოფლიო ომის დასასრულს. მაშინ ადამიანის სიცოცხლე არაფრად მიაჩნდათ. ვერდენთან რისთვის დაიღუპა მილიონი ადამიანი?

(რეპლიკა: ზოგიერთის სიმდიდრის გასამრავლებლად).

მილიონობით ადამიანი იღუპებოდა ყველა მხარეს. ახალგაზრდებს, რომლებიც გაიზარდნენ და დავაჟკაცდნენ არსებულ ვითარებაში მიაჩნდათ, რომ ეს იყო ნორმა: რომ მათ ჰქონდათ სრული უფლება, მოეკლათ სხვა ადამიანები, საკუთარი შეხედულებისამებრ გადაეწყვიტათ თავიანთი ამხანაგების ბედ-იღბალი და სიცოცხლეც კი. ეს იყო დიდი ტრავმა. ასეთებად დაბრუნდნენ ომიდან და ეს იყო უბედურება. გლოვის საგანი.

(რეპლიკა: ფროიდი შეძრწუნდა სწორედ მაშინ და განაცხადა, რომ იძულებულია, უარი თქვას თავის მეთოდზე, რადგან ქვეცნობიერის შიში არაფერია რეალობის საფრთხესთან შედარებით, იმდენად დიდი იყო პირველი მსოფლიო ომის გავლენა ადამიანის ცნობიერებაზე).

ახლა კი სტალინისა და ნაპოლეონის შედარების შესახებ.

ნაპოლეონმა ფრანგების სამი თაობა გაწყვიტა სრულად, თითქმის მთლინად გაანადგურა საფრანგეთის კულტურა. დღეს კი პარიზში არის (მისი) პანთეონი. არავინ ისე არ დაზარალებულა მისგან, როგორც თავად ფრანგები, მაგრამ ისინი პატივს სცემენ თავიანთ ისტორიას.

გლეხები არასოდეს ყოფილან კარგი ჯარისკაცები, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დროს წითელი არმიის თითქმის ყველა დამარცხების მიზეზი ჯარისკაცები კი არ იყვნენ, არამედ _ მათი მეთაურები. ჯარისკაცები პასუხს არ აგებენ. მილლიონ-ნახევარ ადამიანს იარაღი ხელში არ აუღია, სტალინის წინააღმდეგ არ გამოსულან, ლუკმაპურისთვის რომ არ დახოცილიყვნენ ნაცისტურ ბანაკებში. ეს (სტალინის წინააღმდეგ ამხედრება) მათი გადარჩენის ერთადერთი საშუალება იყო: არსად ისე არ კვდებოდნენ ტყვეები, როგორც ნაცისტურ ბანაკებში _ მათ შიმშილით ხოცავდნენ. მაგრამ არ წასულან ისინი სტალინის წინააღმდეგ. ისტორიის გაყალბებაა, როცა ამბობენ, რომ კოლმეურნე გლეხებს არ სურდათ, ებრძოლათ სტალინისთვის. არ ყოფილა ასეთი რამ. იბრძოდა ყველა, ხოლო ოფიცრებად ქალაქელებს არჩევდნენ იმიტომ, რომ სჭირდებოდათ განათლებული ადამიანები, ეძებდნენ განათლებულებს ტექნიკის სამართავად, ეძებდნენ ისეთებს, ვისაც თანამედროვე ომში ბრძოლის უმეტესი (პოტენციური) უნარი გააჩნდა. მითებს (კოლმეურნეების განდგომის შესახებ) ისტორიისთვის მოსარგებად ავრცელებდნენ, რადგან სურდათ, ყოფილიყო ისე, როგორც ეჩვენებოდათ.

მგონია, რომ საფრანგეთის მაგალითი რუსეთსაც არ აწყენდა. როგორი პატივისცემით ეკიდებიან ფრანგები თავიანთ ყოფილ მბრძანებლებს! ამასთან, არ უარყოფენ მათ დანაშაულსა და შეცდომებს.

რუსეთისთვისაც დადგა დრო, პატივისცემით მოეკიდოს თავის წარსულს”.

რეპლიკის ნაცვლად

ეს დრო ჩვენთვისაც არის დამდგარი, კარგა ხანია. ფრანგების მაგალითი არც ჩვენ გვაწყენს, მაგრამ სააკაშვილის თავგამოდება, როცა მან კეთილისმყოფელების გულის მოსაგებად გორში იოსებ ჯუღაშვილის (სტალინის) ძეგლის დემონტაჟის ბრძანება გასცა (და აღასრულა), რაღაც განგების ძალით დღესაც მოქმედებს ჩვენს ხელისუფლებაზე: გადაწყვეტილება ძეგლის ქალაქში დაბრუნების შესახებ შეუსრულებელი რჩება. დღემდე.

დასასრულ, გთავაზობთ 87 წლის ძველი თბილისელის, პოეტისა და მეცნიერის _ გურამ ჭავჭანიძის ლექსს, რომელიც “საქართველოს რესპუბლიკამ” ახლახან დაბეჭდა და რომელიც ჩვენი პუბლიკაციის თემას ეხმიანება.

დიდი ქართველი

ფრიდონ თოდუას

სტალინს უწოდა დიდი ქართველი

და ნაღდ ქართველთა მოიგო გული,

მწამს, შეარცხვინა ზოგი მმართველი,

თანაც სიმართლის დარჩა ერთგული.

თუ იყო ეჭვი, ყველა გაფანტა

და ღვთის წინაშეც დგას პირნათელი,

დიდი ქართველის სულიც განათდა,

თავადაც დარჩა დიდი ქართველი!

P.S. ნოდარ ჯინი (ჯინჯიხაშვილი) თავის უაღრესად საინტერესო რომანში “სტალინი. მოძღვარი” ბელადის გარდაცვალების წინა წამებს ასე წარმოგვიდგენს:

დამბლადაცემული იოსებ ჯუღაშვილი ნელა აწევს ხელს, დაახლოებით ისე, როგორც ამ წერილზე დართულ ფოტოსურათზეა აღბეჭდილი ტრიბუნასთან მდგარი სტალინი. აწევს ზემოთ, ზეცისკენ. თითქოს ღმერთისკენ მიგვითითებს _ მას ებარებოდეთო. და სულს განუტევებს.

ნოდარ ჯინი  ქართველი იუდეველია, “თბილისის ფეთხაინის დაობებულ უბანში, დიდ, მაგრამ დანგრევის პირზე მისულ სახლში” გაზრდილი და დავაჟკაცებული.

ა.ს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here