Home რუბრიკები პოლიტიკა შუალედური არჩევნები და “შავგულიძის კაზუსი”

შუალედური არჩევნები და “შავგულიძის კაზუსი”

2693
გიგი უგულავა-შალვა შავგულიძე

19 მაისს შუალედური არჩევნები გაიმართება. ამ არჩევნების პოლიტიკური ფასი უფრო მაღალია, ვიდრე ცალკე აღებული მთაწმინდის მაჟორიტარის ან ზუგდიდის მერის სავარძლის. სწორედ მაისში გამოჩნდება, როგორ აისახა პოლიტიკურ პარტიებსა და ამომრჩეველთა განწყობაზე მმართველი ძალის კრიზისი.

“ევროპული საქართველო” და “თავისუფალი დემოკრატები” მთაწმინდის არჩევნებში ერთიანი ფრონტით გამოვლენ და მათი კანდიდატი შალვა შავგულიძე იქნება. “ნაციონალური მოძრაობა” თავის კანდიდატს მთაწმინდაზე არ დააყენებს, ხოლო “ევროპული საქართველო” _ ზუგდიდში. ეს კი ამ პარტიებს ელექტორატის კონსოლიდაციის შესაძლებლობას მისცემს. არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ მათ რესპუბლიკელებიც მიბაძავენ და მთაწმინდაზე მხარს შავგულიძეს დაუჭერენ, მით უმეტეს, რომ ისინიც და “თავდემებიც” საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში მოუწოდებდნენ ამომრჩევლებს, ხმა “ნაცმოძრაობის” კანდიდატ გრიგოლ ვაშაძისთვის მიეცათ.

მნიშვნელოვანია, რომ შალვა შავგულიძე ძველ რეჟიმთან არ ასოცირდება და მას ვერავინ უწოდებს გირგვლიანის მკვლელობის თანამონაწილეს ან მეგის ქარდავას თანამზრახველს. 2012 წლის პარლამენტში ის მოხვდა, როგორც “ქართული ოცნების” წარმომადგენელი ვაკის მაჟორიტარული ოლქიდან. ხელისუფლება შეეცდება, შავგულიძე და მისი თანაპარტიელები 2012 წლის იდეალების ღალატში დაადანაშაულოს, მაგრამ ძნელი სათქმელია, ეფექტიანი თუ იქნება ეს პროპაგანდა დღეს, როდესაც “ქართულ ოცნებას” პარლამენტში ვანო ზარდიაშვილი საპატიო ადგილზე უზის და ზურაბ ადეიშვილთან ასოცირებული მოსამართლეების ე. წ. კლანისთვის ხელსაყრელ კანონებს წერს. ამომრჩეველთა ნაწილმა შეიძლება ჩათვალოს, რომქართულმა ოცნებამ” 2012 წელის იდეალებზე საუბრის მორალური უფლება დაკარგა.

“თავისუფალი დემოკრატების” პოლიტიკური რესურსი მიზერულია, მაგრამ ის ძალიან სჭირდება “ევროპულ საქართველოს” (და “ნაცმოძრაობას”), რათა უჩვენოს ამომრჩეველს, რომ იზოლაცია გარღვეულია და პარტიები, რომლებიც ადრე უპირისპირდებოდნენ, ახლა მათთან უპრობლემოდ თანამშრომლობენ. ეს იზოლაცია 2012 წლის არჩევნების შემდგომ ქართული პოლიტიკის ერთ-ერთ ქვაკუთხედს წარმოადგენდა. არსებობდა ორი იზოლირებული “ანკლავი”: ერთი მხრივ, “ნაციონალური ოპოზიცია”, რომელსაც სააკაშვილის ძველი ოპონენტები “ოპოზიციას” არასოდეს უწოდებენ და დამნაშავეებად მიიჩნევენ, და “სხვა ოპოზიცია”, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში ექცეოდა ნაციონალებს, როგორც კეთროვნებს და მათთან კოოპერაციის ნებისმიერ ფორმატს გაურბოდა, იმიტომ, რომ საკუთარი ამომრჩევლების დაკარგვის ეშინოდა. ამ პრობლემის დასაძლევად ნაციონალებმა 2018 წლის არჩევნების წინ ე. წ. გაერთიანებული ოპოზიცია შექმნეს, რომლის კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე დასახელდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ გაერთიანებაში შემავალი პარტიების შესახებ (ედპ-ს გარდა) თითქმის არავის არაფერი სმენია, ამ ფორმატმა “თავდემებსა” და რესპუბლიკელებს ნაციონალების მხარეზე გადასვლა გაუადვილა.

“ქართულმა ოცნებამ” თავის დროზე არ შეუშალა (და, სავარაუდოდ, შეუწყო) ხელი განხეთქილებას “თავისუფალი დემოკრატებისა” და რესპუბლიკელების რიგებში, ამ პარტიების უკიდურეს დასუსტებას და, საბოლოო ჯამში, ნაციონალებთან კოოპერაციის გარდა, სხვა გზა არ დაუტოვა. ცხადია, სააკაშვილის მოწინააღმდეგეების დიდი ნაწილი განხილულ ნაბიჯს აღიქვამს, როგორც რაღაც საშუალოს ღალატსა და პროსტიტუციას შორის და, ალბათ, არ დაფიქრდება იმაზე, რომ ამ პარტიების ლიდერებმა ალტერნატიული ვარიანტი, უბრალოდ, ვერ დაინახეს.

შუალედური არჩევნები და “შავგულიძის კაზუსი”

მთაწმინდა ერთ-ერთი გამოკვეთილი “ანტინაციონალური” ოლქია. 2016 და 2018 წლების არჩევნებში სააკაშვილის პარტიამ იქ ვერაფერი გააწყო. ნოემბერში, მეორე ტურში ზურაბიშვილმა მთაწმინდაზე ხმების 64.34% აიღო. თუ “ქართული ოცნება” ადეკვატურ კანდიდატს დაასახელებს და რესურსულ უპირატესობას გამოიყენებს, შავგულიძეს, სავარაუდოდ, დაამარცხებს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ფსონი გაცილებით დიდია, ვიდრე ერთი მაჟორიტარის მანდატი. მთაწმინდის ოლქი იქნება პოლიგონი, რომელზეც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ახალიგაერთიანებული ოპოზიციისპრეზენტაცია, მისი შეკავშირება და ტაქტიკის მოსინჯვა მოხდება. “ევროპული საქართველოსთვის” ამ ეტაპზე გაცილებით მნიშვნელოვანია, აჩვენოს, რომ მასთან თანამშრომლობა არც ერთი პარტიისთვის სამარცხვინო და მიუღებელი არ არის, რომ ხელისუფლებისა და მისი ადმინისტრაციული ძალმომრეობის წინააღმდეგ გაერთიანებულია სრულიად ოპოზიცია (რათა მომზადდეს ნიადაგი ფორმულისთვის “ყველა მინუს ერთი”), რომ პროგრესული, პროდასავლური ძალები ერთად არიან და ა. შ.

2018 წლის არჩევნებმა აჩვენა, რომქართულმა ოცნებამმნიშვნელოვანი დეგრადაცია განიცადა. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ წინასაარჩევნო კვლევები 15-20%-იანი ცდომილებით, ადმინისტრაციული რესურსის აღვირახსნილი გამოყენება, ზეწოლა იქ, სადაც ამის აუცილებლობა არ არსებობდა და კრეატიულობის უმწვავესი დეფიციტი. ბოლო თვეებში ვითარება უარესობისკენ შეიცვალა, მმართველ პარტიაში უპირატესობა მოიპოვა . . ახალგაზრდა გვარდიამ, რომელიც, უხეში ზეწოლის გარდა, სხვა მეთოდებს თითქმის არ იყენებს. კავშირი ამომრჩეველთა დიდ ჯგუფებთან პრაქტიკულად დაკარგულია, სულ უფრო მეტი ადამიანი, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, მიდის დასკვნამდე, რომ 2020-შიქართული ოცნებაუნდა წავიდეს. ამ კონტექსტში ყველაზე დიდი ტრაგედია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლებას ებრძოდნენ, არის ის, რომ შეიძლება ძველი რეჟიმის რესტავრაცია მოხდეს, თანაც დემოკრატიული პროცედურების დაცვით. ადრე ეს წარმოუდგენელი ჩანდა, მაგრამ “ოცნებამ” ყველაფერი იღონა იმისთვის, რომ ეს რეალობად ექცია. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები პირველი ზარი იყო, 2019 წლის შუალედური _ მეორე ზარი გახდება, 2020 წლის საპარლამენტო კი, სავარაუდოდ, _ ბოლო.

ზუგდიდის მერის არჩევნებზე სიტუაცია განსხვავებულია. ზუგდიდი “ქართული ოცნებისთვის” ტრადიციულად რთული რეგიონი იყო _ 2012-შიც, როდესაც იქ ირაკლი ალასანია დამარცხდა და 2016-შიც, როდესაც იქ კინაღამ გაიმარჯვა სანდრა რულოვსმა. ახლა ის მერობის კანდიდატია. ზუგდიდის მერად ნაციონალის არჩევა, რაც სახელისუფლო პარტიის კრიზისის ფონზე ნამდვილად არ უნდა გამოვრიცხოთ, რეგიონში მუდმივი დაძაბულობის კერას შექმნის, რადგან ნაციონალები, დიდი ალბათობით, შეეცდებიან, ზუგდიდი ერთგვარ პლაცდარმად გადააქციონ, რომლიდანაც 2020-ში ხელისუფლებაში დაბრუნდებიან. წინასაარჩევნო დაპირისპირება იქ, სავარაუდოდ, უფრო უხეში და დრამატული იქნება, ვიდრე მთაწმინდის ოლქში.

გასულ კვირას მიხეილ სააკაშვილმა მხარი დაუჭირა “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძის არჩევას. აქამდე თავმჯდომარედ თვითონ ითვლებოდა, მიუხედავად იმისა, რომ იურიდიულად ამ პოსტის დაკავება არ შეეძლო. ერთ-ერთი (მაგრამ არა ერთადერთი) მოტივი, რომელიც ამ კანდიდატურის შერჩევის უკან დგას, ისევ და ისევ იზოლაციის გარღვევის სურვილია, მით უმეტეს, რომ “ნაცმოძრაობა” საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში გრიგოლ ვაშაძეს ოპოზიციის გამაერთიანებლად, მისი საერთო ინტერესის გამომხატველად წარმოაჩენდა, თანაც სააკაშვილისთვის დამახასიათებელი უხეში ავტორიტარული სტილის გარეშე. ახალმა თავმჯდომარემ სააკაშვილისთვის, რომელიც ბოლო წლებში ქართული პოლიტიკის მთავარ საფრთხობელად ჩამოყალიბდა, ერთგვარი შირმის როლი უნდა შეასრულოს და დაამტკიცოს, რომ გაერთიანება და თანამშრომლობა ნაციონალებთან არც საშიშია და არც სამარცხვინო; დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ძველი რეპრესიები არასოდეს განმეორდება. ცხადია, საზოგადოების ნაწილი კვლავ ჩათვლის, რომ ნაციონალების დაბრუნება ხელისუფლებაში ტოტალური ტერორით დაგვირგვინდება, მაგრამ ნაწილი, განსაკუთებით ახალგაზრდები, რომელთაც საკუთარი თვალით არ უნახავთ, არ განუცდიათ, რას სჩადიოდა ხელისუფლება 2004-12 წლებში, შეიძლება სხვა დასკვნამდე მივიდეს.

არჩევნებისთვის მზადების პარალელურად, ნაციონალებმა და “ევროქართველებმა” შეიძლება მაჟორიტარული არჩევნების გაუქმების თემა განავითარონ. ცოტა ხნის წინათ ისინი, აგრეთვე, ფიქრობდნენ რიგგარეშე არჩევნებისა და სალომე ზურაბიშვილის გადაყენების თემებზეც, თუმცა ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, უპერსპექტივოდ ჩათვალეს. ხელმოწერების შეგროვება მაჟორიტარული არჩევნების გაუქმების მოთხოვნით, ადრე თუ გვიან, დასრულდება და მისმა ინიციატორებმა შეიძლება მიზანშეწონილად ჩათვალონ ქუჩის აქციების დაწყება, რაც შუალედური არჩევნების წინ ტემპერატურის აწევის კონტექსტში მათთვის შეიძლება მომგებიანი გამოდგეს.

მაგრამ არის მნიშვნელოვანი პრობლემები, რომლებიც ნათლად გამოჩნდა ზაზა სარალიძის მიერ ორგანიზებული აქციების მიმდინარეობისას, აგრეთვე, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ: 1. ნაციონალებს ქუჩაში ბევრი მხარდამჭერი ვერ გამოჰყავთ; 2. სხვა პარტიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საზოგადო მოღვაწეებს, მცირე გამონაკლისის გარდა, ნაციონალების გვერდით ქუჩაში დგომა არ სურთ. სუსტმა, მცირერიცხოვანმა აქციებმა ნაციონალებსა და მათ პარტნიორებს შეიძლება დიდი საიმიჯო ზიანი მოუტანოს, როგორც ეს უკვე არაერთგზის მომხდარა (გასულ წელს _ ივნისსა და დეკემბერში). ამგვარად, ისინი სერიოზული დილემის წინაშე აღმოჩნდებიან.

ხელისუფლებამ კი, თავის მხრივ, რომ იტყვიან, უნდა ილოცოს, რომ არ მოხდეს ინციდენტი, რომელიც საზოგადოებას გააერთიანებს და ქუჩაში გამოიყვანს. ის ძალზე გაღიზიანებულია და, 2018 წლის ივნისისგან განსხვავებით, სავარაუდოდ, გაცილებით ნაკლებ ყურადღებას მიაქცევს იმას, დგანან თუ არა მის გვერდით აშკარა თუ შენიღბული ნაციონალები. ხოლო, თუ ხელისუფლება დაკარგავს ქუჩას, ის ძალიან სწრაფად დაკარგავს ყველაფერს.

დიმიტრი მონიავა

P.S. “ქართულმა ოცნებამმთაწმინდის მაჟორიტარ კანდიდატად ლადო კახაძე წარადგინა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here