Home რუბრიკები ისტორია შტრიხები სტალინის პორტრეტისთვის

შტრიხები სტალინის პორტრეტისთვის

1776
სტალინი და უინსტონ ჩერჩილი

სტალინი ზოგიერთი ვაიქართველისა და მსოფლიოს გამოჩენილი ადამიანების თვალით

ახლობელ პროფესორს პირად საქმეზე შინ ვეწვიე. ის ნადირობის ტრფიალი იყო და, როცა მივედი, სწორედ იმ მომენტში ჰქონდა სანადირო თოფი დაშლილი. იარაღს ჩვეული სიდინჯითა და სიბეჯითით წმენდდა და ზეთს უსვამდა, შემდეგ სუფთა ნაჭრით ამშრალებდა. მხოლოდ მისი საქმიანობისათვის რომ არ მეცქირა, ნადირობის ერთი საოცარი ეპიზოდი მომიყვა:

“თებერვლის ერთი შაბათი ღრუბლიანი გათენდა. სასწრაფოდ ჩავიცვი სანადირო ტანსაცმელი, სხვადასხვა საჭირო საგანი ზურგჩანთაში ჩავაწყვე და თოფი ბუდიდან გადმოვიღე, რათა ლულებში კიდევ ერთხელ გამეხედა, იყო თუ არა სრულყოფილად გაწმენდილი. აივანზე გასულმა ცისკენ მიმართულ ლულებში დავინახე, რომ კუს ტბის მიმართულებით ორი იხვი მიფრინავდა. თოფში სასწრაფოდ ჩავდე სამნომრიანი საფანტით დატენილი ჰილზები და იხვები სამიზნეში ამოვიღე. ორივე ლულიდან ერთადროულად ვისროლე… იხვებმა ფრენა შეანელეს და პიკირებით პირდაპირ ჩემი სახლისკენ აიღეს გეზი. მინდოდა, კვლავ მესროლა, მაგრამ მეზობლების მომერიდა, დილაადრიანი იყო… სასწაული იყო ის, რომ ორივე “მოპიკირე” იხვი მეცხრე სართულზე ჩემი ბინისკენ მოემართებოდა, მოაღწიეს კიდეც და იატაკზე მკვდრები დაეცნენ”.

მე გაოცებისგან თვალები შუბლზე ამივიდა, ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა ამდენი დამთხვევა. ჩემი მასპინძელი ამ ამბავს ისეთი სერიოზულობით მიყვებოდა და თანაც თვალებში ჩამცქეროდა, რომ ვერც ვაკადრე რომელიმე ჩემთვის საეჭვო მოვლენაზე კითხვის დასმაც კი. თხრობას მეტს აღარ გავაგრძელებ პროფესორზე, გეტყვით მხოლოდ ერთს, რომ მასთან ერთად ბევრჯერ მიქეიფია, ბევრი სადღეგრძელოც შემისვამს, არ გაგიკვირდეთ და _ სტალინისაც კი.

სიცოცხლის ბოლო წელს შთამომავლობას და სრულიად ცივილიზირებულ სამყაროს დაუტოვა სამაგიდო წიგნი “სტალინი _ ქართველი კაცი?”. სწორედ ამ წიგნიდან შემოგთავაზებთ რამდენიმე ამონარიდს სტალინის პორტრეტის შესავსებად.

* “სტალინის ეპოქამ უფლება მოუსპო ლამაზს, მშვენიერს, ნიჭიერს: მოღალატედ გამოაცხადა ყველა, ვინც ძმათაკვლის, სისხლისღვრის, ჯაშუშობის წინააღმდეგ წავიდა. საფუძველი მოუსპო ტრადიციული გლეხის არსებობას, მოიშორა შემოქმედი ინტელიგენცია, განუსაზღვრელი უფლებით აღჭურვა უღირსნი. ქვეყანა გაავსო ფსევდოინტელიგენციით, ფსევდომუშით, ფსევდოგლეხით; დაანგრია პატიოსანი და მართალი კაცის ცხოვრება. ბევრი წესიერი კაცი მოძმის გამყიდველად და უბედურ ლაქიად გადაიქცა. ომი გამოეცხადა ღმერთს, ანგელოზს, ხატს, ეკლესიას, ადამიანურ სარწმუნოებას, მამაო ჩვენოს თქმისათვის, პირჯვრის გადაწერისთვის ჯვარს აცვამდნენ, ხვრეტდნენ, ასახლებდნენ” (“სტალინი _ ქართველი კაცი?”, გვ. 21). პროფესორის ამ ტირადაში რამდენი სიტყვაც წერია, იმდენი სისულელეა. და, თუ ვინმეს უნდა განმარტება, რას ნიშნავს სიძულვილის ენა, სწორედ ეს ფრაზა გამოდგება მის კლასიკურ მაგალითად და ნიმუშად.

პროფესორმა ან ინტელიგენციის დეფინიცია არ იცის, ან სურს, შეგნებულად შეგვაყაროს თვალში ნაცარი. 1950-იანი წლების საბჭოთა ინტელიგენციაზე, რომელმაც სასწაულები მოახდინა და მსოფლიო განაცვიფრა, ჩვენს პროფესორს არაფერი სმენია და მას ფსევდოინტელიგენციას უწოდებს. აი როგორ აფასებს ბრიტანეთის ლომად წოდებული უინსტონ ჩერჩილი, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი 1940-1945 და 1951-1945 წლებში, სტალინს. 1959 წლის 21 დეკემბერს, სტალინის დაბადების 80 წლისთავზე, ინგლისის პარლამენტის თემთა პალატაში წარმოთქმული სიტყვიდან:

ბატონებო! თუ გვინდა, ვიყოთ და დავრჩეთ თავისუფალი სამყაროს სათავეში, ჩვენი ვალია, ვიცოდეთ და ჯეროვნად შევაფასოთ ჩვენი მტრები, განსაკუთრებით გამოჩენილი პიროვნებები. დღეს ასეთად მინდა დავასახელო გენერალისიმუსი სტალინი. რუსეთისთვის დიდი ბედნიერება იყო, რომ ქვეყანას მძიმე განსაცდელის ჟამს სათავეში ჩაუდგა გენიოსი და უდრეკი ნებისყოფის მხედართმთავარი სტალინი. ის იყო ყველაზე გამოჩენილი ადამიანი, რომელიც შეეფერებოდა ჩვენი ცვალებადი და მკაცრი დროის იმ პერიოდს, რომელშიც უწევდა ცხოვრება. სტალინი იყო არაჩვეულებრივად ენერგიული და ერუდირებული, უდრეკი ნებისყოფის, სასტიკი, ულმობელი ადამიანი, როგორც საქმეში, ისე საუბრისას, რომელსაც მეც კი, აქ, ბრიტანეთის პარლამენტში აღზრდილი, ვერ ვუწევდი წინააღმდეგობას. სტალინს, უწინარეს ყოვლისა, იუმორისა და სარკაზმის, აგრეთვე, ნათქვამის ზუსტად აღქმის განსაცვიფრებელი ნიჭი ჰქონდა; თავის სტატიებსა და გამოსვლებს მხოლოდ თვითონ წერდა და მათში ყოველთვის იგრძნობოდა შემსრულებლის ძალა, რომელიც სტალინში ისე დიდი იყო, რომ ყველა ხალხისა და ეპოქის ხელმძღვანელთა შორის განუმეორებელ პიროვნებად წარმოჩინდებოდა. სტალინი ჩვენზე უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენდა. ადამიანებზე მის გავლენას ანალოგი არ ჰქონდაროცა იალტის საკონფერენციო დარბაზში შემოდიოდა, ჩვენ, თითქოს გვიბრძანესო, ვდგებოდით და, რა გასაოცრადაც უნდა მოგეჩვენოთ, რატომღაც ხელები შარვლის ნაკერების გასწვრივ გვქონდა გაჭიმული. ის იყო ყველაზე რთული, გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნის უბადლო ოსტატი, ყველაზე კრიტიკულ და საზეიმო მომენტებში თანაბრად თავდაჭერილი, არასოდეს ჰყვებოდა ემოციებს და არ ეძლეოდა ილუზიებს, იგი უჩვეულო და რთული პიროვნება იყო. მან შექმნა და დაიქვემდებარა ვეებერთელა იმპერია. ის იყო კაცი, რომელიც თავის მტრებს მტრისავე ხელით ანადგურებდა, და გვაიძულებდა ჩვენ, ვისაც დაუფარავად გვიწოდებდა იმპერიალისტებს, გვებრძოლა იმპერიალისტების წინააღმდეგ. სტალინი იყო უდიდესი დიქტატორი, რომელსაც მსოფლიოში ტოლი არ ჰყოლია, მან მიიღო ხის კავიანი რუსეთი და დატოვა ატომური იარაღით აღჭურვილი. რაც უნდა თქვან მასზე, ასეთ ადამიანებს ისტორია და ხალხი არ ივიწყებს!”

* პროფესორი გვარწმუნებს:

“როგორც სტალინის ცხოვრებიდან ჩანს, მისი სიამოვნების მაქსიმუმი იყო ხელისუფლებით ტკბობა, რასაც შესწირა სამშობლო, ოჯახი, შვილები, ახლობლები, “პარტიული ამხანაგები”. სტალინის არსებაში რომანტიკის ნასახიც არ არის. ვერასოდეს ვერავინ შეძლებს “მხატვრულად” წარმოაჩინოს ამ კაცის ცხოვრება (“სტალინი _ ქართველი კაცი?” გვ. 22). ასე პაუხობს მოსაზრებას, რომ სტალინში თურმე რომანტიკის ნასახიც არ ყოფილა და თურმე არ შეიძლებოდა მისი მხატვრულად წარმოდგენაც კი უდიდესი ესპანელი მხატვარი პაბლო პიკასო:

იყო სტალინი _ ჩემი აზრით, ძალიან, ძალიან ბევრს ნიშნავს. ის გენიალური ადამიანი გახლდათ და ამაში ეჭვი არავის ეპარება _ არც მონმარტრელ მხატვარს, არც აკადემიაში მოღვაწე გამოჩენილ მეცნიერს, არცროლსროისისინჟინერსა და გალვანობის აღმომჩენს. ის გენიალურია, არა მხოლოდ უბრალო ადამიანის თვალსაზრისით, არამედ დიდი ხელოვანების თვალსაზრისითაც კი. იყო სტალინი _ ნიშნავს სიცრუის სიძულვილსა და ადამიანების დაფასებას, კომუნიზმისათვის საკუთარი სისხლის ბოლო წვეთამდე გაღებას, ბელადის კულტის ესერული ერესის ნაყოფად მიჩნევას და საკუთარ კულტზე თვალის დახუჭვას. სტალინში იყო იულიუს კეისრის ჭკუა და მარკუს ოქტავიუსის ეშმაკობა, ალექსანდრე მაკედონელის მხედართმთავრული გენიალურობა და ციცერონის ორატორული დამარწმუნებლობა და ლაკონურობა, მაგრამ ის მათზე მაღლა დგას, გაცილებით მაღლა, მასში ისინი, ყველანი იყვნენდა თუ მსოფლიოს ისტორიაში სამიოთხი ადამიანი დარჩება, ერთი მათგანი უეჭველად სტალინი იქნება”.

პროფესორი კვლავ გვარწმუნებს:

“არცთუ იშვიათად მოისმენთ და წაიკითხავთ ასეთ აზრს, თითქოს სტალინის ეპოქაში ხალხი უფრო შეძლებულად ცხოვრობდა, რომ ყოველ წელს ყოველგვარ საქონელზე ფასებს უკლებდნენ, ყველაფერი უფრო იაფი და ხელმისაწვდომი იყო. ეკონომიკის ავ-კარგის გარჩევა ჩემი კომპეტენცია არ არის, მაგრამ იმის თქმა ნამდვილად შემიძლია, რომ საქონელზე ფასების დაკლება _ ეს იყო ეკონომიკური ავანტიურა და უფრო პოლიტიკას გულისხმობდა, ვიდრე მომხმარებლისათვის შეღავათის მინიჭებას. ამ ფაქტის თაობაზე ანეკდოტებიც კი იყო შექმნილი. რაც შეეხება იმის მტკიცებას, რომ სტალინის დროს გასაყიდი საქონელი ბევრი და ხელმისაწვდომი იყო, ამ მოვლენის ახსნა უფრო სხვანაირად შეიძლება, ვიდრე “ხელმისაწვდომობის თეორიის” ავტორები ვარაუდობენ. მახსოვს, კერძო პირის მანქანის შეძენა დიდ მოვლენად ითვლებოდა. ასეთ ფაქტებს ხშირად გაზეთშიც აცხადებდნენ, როგორც საზოგადოების მაღალი ეკონომიკური დონის მაჩვენებელს. არასოდეს დამავიწყდება გაზეთში გამოქვეყნებული ერთი ცნობა, რომელიც საზეიმოდ იუწყებოდა, რომ ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლის ორმა დოცენტმა საზიაროდ შეიძინა ავტომანქანა “პობედა”. ავტომანქანის შეძენა, გარდა ფინანსური მხარისა, დიდ რისკთან იყო დაკავშირებული. არავინ იცოდა, ასეთი “თავხედობისთვის” ხვალ ან ზეგ ვის როგორ მოეკითხებოდა. სტალინის ეპოქის “რიგით” ადამიანებს მწარე გამოცდილება აიძულებდათ, თავი შეეკავებინათ ნორმალურად ცხოვრების ცდუნებისაგან. ეს ფაქტიც მოქმედებდა გასაყიდი საქონლის სიუხვეზე. არის ასეთი თვალსაზრისიც, რომ თითქოს ხალხს შეეძლო, უზრუნველად ეცხოვრა მხოლოდ ხელფასით და ცხოვრობდა კიდეც პატიოსნად” (“სტალინი _ ქართველი კაცი?”, გვ. 48).

მიკერძოებად რომ არ ჩამითვალოს მკითხველმა სტალინური ეპოქის ქება-დიდება, წარმოგიდგენთ 1930-იან წლებში ამერიკულ პრესაში გამოქვეყნებულ მასალებს, საბჭოთა კავშირში სოციალისტური მშენებლობის და სტალინური ეპოქის შესახებ.

ამერიკული ბურჟუაზიული ჟურნალნეიშენისაზრით:

“ხუთწლიანი გეგმის ოთხმა წელმა ჭეშმარიტად შესანიშნავი მიღწევები დაგვანახვა. საბჭოთა კავშირი სამხედრო დროის ინტენსივობით მუშაობდა ახალი ცხოვრების საფუძვლების აგების შემოქმედებითი ამოცანის გადასაჭრელად. ამ ქვეყნის სახე ისე იცვლება, რომ მას სრულიად ვეღარ იცნობ… ეს ითქმის მოსკოვის შესახებ, მისი მრავალი ასეული ახლად მოასფალტებული ქუჩებითა და ბაღებით, ახალი სახლებით, ახალი განაპირა უბნებით და ახალი ფაბრიკების კორდონით მის გარეუბანში. ეს ითქმის, აგრეთვე, უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი ქალაქების შესახებ. ახალი ქალაქები აშენდა ველებსა და უდაბნოებში. არა რაღაც რამდენიმე ქალაქი, არამედ, სულ ცოტა 50 ქალაქი, მოსახლეობით 50-დან 250 ათას კაცამდე. ყველა ისინი აღმოცენდა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, საბჭოთა კავშირმა დაიწყო უთვალავი საგნის მასობრივი წარმოება, ისეთი საგნების, რომლებსაც რუსეთში წინათ არასოდეს ამზადებდნენ: ტრაქტორების, კომბაინების, მაღალხარისხოვანი ფოლადის, სინთეტიკური კაუჩუკის, ბურთულასაკისრიანი მძლავრი დიზელების, 50 000-კილოვატიანი ტურბინების, სატელეფონო მოწყობილობის, ელექტრომანქანების სამთომრეწველობისათვის, აეროპლანების, ავტომობილების, ველოსიპედებისა და რამდენიმე ასეული ტიპის ახალი მანქანების… პირველად ისტორიაში რუსეთმა დაიწყო ალუმინის, აპატიტის, იოდის, პოტაშის და ბევრი სხვა ძვირფასი პროდუქტების მოპოვება. საბჭოთა ველების გზის მაჩვენებელ წერტილებს უკვე წარმოადგენს არა დიდი ჯვრები და ეკლესიის გუმბათები, არამედ მარცვლეულის ელევატორები და სასილოსე კოშკები. კოლმეურნეობები აშენებენ სახლებს, ბოსლებს, საღორეებს, ელექტრონი იჭრება სოფლად, რადიომ და გაზეთმა დაიპყრო სოფელი, მუშები სწავლობენ უახლეს მანქანებზე მუშაობას, გლეხი ახალგაზრდობა ამზადებს და მომსახურებას უწევს სასოფლო-სამეურნეო მანქანებს, რომლებიც უფრო დიდი და რთულია, ვიდრე ის, რაც ოდესმე უნახავს ამერიკას. რუსეთი იწყებს “მანქანებით აზროვნებას”. რუსეთი ხის საუკუნიდან სწრაფად შედის რკინის, ფოლადის, ბეტონის და მოტორების სააუკუნეში”. ახლა კი გაეცანით საბჭოეთის მიმართ ყველაზე კრიტიკულად განწყობილ ინგლისური გამოცემის ერთ მასალას:

ინგლისური გამოცემაფორვარდი”:

“თვალში გეცემათ ის უდიდესი მუშაობა, რომელიც სწარმოებს საბჭოთა კავშირში. ახალი ქარხნები, ახალი სკოლები, ახალი კინოთეატრები, ახალი კლუბები, ვეებერთელა ახალი სახლები, _ ყველგან ახალი ნაგებობები. ბევრი მათგანი უკვე დამთავრებულია, ბევრი ჯერ კიდევ გარშემორტყმულია ხარაჩოებით. ძნელია, უამბო ინგლისელ მკითხველს, რა გაკეთდა ბოლო ორი წლის განმავლობაში და რა კეთდება შემდეგ. საჭიროა, ნახო ყველაფერი ეს, რომ დაიჯერო. ჩვენი მიღწევები, რაც ჩვენ მიერ არის განხორციელებული ომის შემდეგ სრულიად უმნიშვნელოა იმასთან შედარებით, რაც კეთდება საბჭოთა კავშირში. ამერიკელები აღიარებენ, რომ იმ პერიოდშიც კი, როცა დასავლეთის შტატებში წარმოებდა ჩქარი შემოქმედებითი მუშაობა, იქ არ ყოფილა იმ ახლანდელი გაცხოველებული შემოქმედებითი საქმიანობის მსგავსი რამ, რაც ახლა წარმოებს საბჭოთა კავშირში. ბოლო ორი წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირში მოხდა იმდენი ცვლილება, რომ ვეღარ წარმოგვიდგენია, რა იქნება ამ ქვეყანაში კიდევ 10 წლის შემდეგ… ნუ დაუჯერებთ იმ ფანტასტიკურ, საშინელ ისტორიებს, რომლებსაც მოგითხრობენ ინგლისური გაზეთები, რომლებიც ასე დაჟინებით და სულელურად ცრუობენ საბჭოთა კავშირზე. ნუ დაუჯერებთ, აგრეთვე, იმ მოდილეტანტო ინტელიგენტების მიერ გადმოცემულ ორჭოფულ სიმართლეს და შთაბეჭდილებებს, რომლებიც მფარველობით უყურებენ საბჭოთა კავშირს საშუალო კლასის სათვალეებით, მაგრამ არავითარი წარმოდგენა არ აქვთ იმაზე, თუ რა ხდება იქ… საბჭოთა კავშირი აშენებს ახალ საზოგადოებას ჯანსაღ საფუძვლებზე. რომ განახორციელო ეს მიზანი, საჭიროა, გარისკო, იმუშაო ენთუზიაზმით და ისეთი ენერგიით, რომელიც დღემდე უმაგალითოა მსოფლიოსთვის, უნდა მიაღწიო უდიდესი სიძნელეებით, რაც აუცილებელია დანარჩენი მსოფლიოსგან განცალკევებულ უზარმაზარ ქვეყანაში სოციალიზმის აშენების სურვილისას. მაგრამ, როცა ეს ქვეყანა მე ვნახე ორი წლის შემდეგ, მივიღე ისეთი შთაბეჭდილება, რომ იგი მიდის მტკიცე პროგრესის გზით, გეგმავს, ქმნის, აშენებს და ყოველივე ამას იგი აკეთებს ისეთი მასშტაბით, რომელიც წარმოადგენს აშკარა გამოწვევას მტრულად განწყობილი კაპიტალისტური მსოფლიოს მიმართ”.

* პროფესორი გვარწმუნებს:

_ “სტალინი პატარა ერებს აიძულებდა, სხვისი ცხოვრებით ეცხოვრათ. უგულებელყოფილი იყო მცირერიცხოვანი ერების ისტორია, მწერლობა, პოეზია, მეცნიერება, ყოფა, ხასიათი, ტრადიცია” (“სტალინი _ ქართველი კაცი?”, გვ. 22.)

აი პასუხი ჩვენი პროფესორისადმი მსოფლიოში სახელგანთქმული გერმანელი მწერლის ლიონ ფოიხტვანგერისგან:

“სადღეისოდ ცხოვრებაში განხორციელებულია სტალინური ფორმულა _ კულტურა “ფორმით ეროვნული, შინაარსით ინტერნაციონალური”. სოციალიზმი საბჭოთა კავშირში ვლინდება მრავალ ენაზე და სხვადასხვაგვარი ფორმით ეროვნულში და არსით ინტერნაციონალურში. ავტონომიური რესპუბლიკების ეროვნული განსაკუთრებულობანი _ ენა, ხელოვნება, ყველანაირი ფოლკლორი მზრუნველობითა და სიყვარულითაა გარემოცული. ხალხებს, რომლებიც აქამდე მხოლოდ ზეპირად მეტყველებდნენ, დამწერლობა შეუქმნეს. ყველგან არსებობს ეროვნული მუზეუმები, ეროვნული ტრადიციების სააკვლევი სამეცნიერო ინსტიტუტები, მაღალ დონეზე დგას ეროვნული საოპერო და დრამატული თეატრები. მე მოწმე გავხდი იმ აღფრთოვანებისა, რომლითაც თეატრალურ სანახაობებით განებივრებული მოსკოველები ხვდებოდნენ დიდ თეატრში დადგმულ ქართულ ოპერას” (ლიონ ფოიხტვანგერი, “მოსკოვი 1937”, გვ. 67).

* პროფესორი გვარწმუნებს:

“ის მოსაზრება, რომ ზოგჯერ სხვის ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები სამშობლოზე იძიებენ შურს, როგორც გაშვილებული შვილები ნამდვილ მშობლებზე, ოდნავადაც ვერ ახსნის სტალინის საქციელს. სტალინის ყველა მონუმენტური დანაშაული ჩადენილია ძალაუფლების უსაზღვრო სიყვარულით” (“სტალინი _ ქართველი კაცი?”, გვ. 28).

პროფესორმა არ იცის და არც სმენია, რომ სტალინმა 1922 წლიდან 1952 წლის 16 ოქტომბრამდე (XIX-ე ყრილობის შემდგომ პლენუმამდე) ოთხჯერ მოითხოვა თანამდებობის დატოვება. ბოლო პლენუმზე კი სტალინის გადარჩევის საპასუხოდ პლენუმის მთელი შეამდგენლობა ფეხზე ადგა და გაჰყვიროდა: “დიდება დიდ სტალინს! სოციალიზმის მშენებელს ყველა გამარჯვების ორგანიზატორს!”. ნახევარი საათი უყურებდა ეგზალტირებულ ხალხს გაფითრებული სტალინი ტრიბუნიდან, ბოლოს კი ხელი ჩაიქნია, ქართულად რაღაც ჩაიბურტყუნა, ტრიბუნიდან სწრაფად ჩამოვიდა და თავის სამუშაო კაბინეტისაკენ გაემართა.

აი რა წერს სტალინის შესახებ ამერიკელი პოლიტოლოგი და სახელმწიფო მოღვაწე “დიდი საჭადრაკო დაფის” ავტორი ზბიგნევ ბჟეზინსკი:

სტალინი, როგორც დემოკრატიული ქვეყნების არც ერთი სხვა ლიდერი, მზად იყო, ნებისმიერ დროს შესდგომოდა ძალთა თანაფარდობის ძირფესვიანად შესწავლას და რწმენით, რომ ის იყო მსახური ისტორიული სიმართლისა, რომლის გამოხატულებასაც მისი იდეოლოგია წარმოადგენდა, მტკიცედ და გადაჭრით იცავდა საბჭოეთის ნაციონალურ ინტერესებს; ისე იცავდა, რომ თავს არ იმძიმებდა, როგორც მას მიაჩნდა, ფარისევლური მორალის ან პირადული ინტერესების ტვირთით.

სტალინის სიტყვებში გამოსჭვივის აზრისა და მოქმედების მიზანსწრაფული სისასტიკე, რომელიც კომუნისტური იდეოლოგიის ურყევი ერთგულების შედეგია. სტალინი მგზნებარე რევოლუციონერი, გულმშვიდი, აღუშფოთებელი სტრატეგი იყო. მან რუსეთი XX საუკუნეში ზესახელმწიფოდ აქცია, ისე, როგორც რიშელიემ _ საფრანგეთი XVII საუკუნეში”.

წერილის დასაწყისში პროფესორის მიერ მოყოლილი ნადირობის ამბავი იმიტომ მოგახსენეთ, რომ პირველად, როდესაც ამ წიგნს ვკითხულობდი, თვალწინ მედგა ის მეზღაპრე პროფესორი, რომელიც დაბეჯითებით მიყვებოდა დაუჯერებელ ტყუილებს, სწორედ ასეთი ტყუილებითა და სისაძაგლითაა სავსე ეს წიგნი. ასეთი რამ არც ერთ მკვლევარს თუ მუცლითმეზღაპრე ისტორიკოსს არ უკადრებია არც თავისი თავისთვის და არც სტალინისთვის.

გრიგოლ ონიანი

1 COMMENT

  1. არ მგონოა მსოფლიოში ერი რომელიც უარყოფს , რომ ასეთი ბუმნერაზი კაცი კაცი ჰყავდეს. გრიგოლ თქვენ ნამდვილი სტალინისა და ერის პატრიოტი ბრძანდებით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here