Home რუბრიკები პოლიტიკა “შრედინგერის ბიძინა”

“შრედინგერის ბიძინა”

რისთვის ბრუნდება ივანიშვილი?

ბიძინა ივანიშვილი

ვა, ეს რა კარგი ვინმეა, რა ჩქარა მიდიმოდის, _ მიუბრუნდა მამა იორამს განაწყენებული ბულიკა”, _ ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ ეს ციტატა ნოდარ დუმბაძისმარადისობის კანონიდანან უფრო მარტივი და კონკრეტული ფრაზა: “ან მოსვლა რა იყო, ან წასვლა?!” (თუ პირიქით) იმისთვის, რომ შევუდგეთ საუბარს ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებაზე ქართულ პოლიტიკაში.

საერთოდ, მსჯელობა “დაბრუნებაზე” ზოგიერთ ექსპერტს არაკორექტულად მიაჩნია. ისინი მიუთითებენ, რომ ივანიშვილი არსად წასულა და გადადგომიდან დღემდე ქვეყნის მართვას განაგრძობდა. სხვები კი ფიქრობენ, რომ ცვლილებებს პრინციპული ხასიათი ექნება, ამიტომ ტერმინი “დაბრუნება” მისაღებია. მოკლედ, შრედინგერის კატისა (აზრობრივი ექსპერიმენტი, რომელიც შემოგვთავაზა ავსტრიელმა ფიზიკოსმა, კვანტური მექანიკის ერთ-ერთმა შემქმნელმა ერვინ შრედინგერმა) არ იყოს, რომელიც ერთდროულად ცოცხალიცაა და მკვდარიც, ბიძინა ივანიშვილი თან ბრუნდება, თან არ ბრუნდება. ალბათ, ახალი ტერმინი უნდა გამოვიყენოთ _ შრედინგერის ბიძინა”.

იმისთვის, რომ “დაბრუნების” არსი გავშიფროთ, მიზანშეწონილია აღვწეროთ პერიოდი, როდესაც ივანიშვილი კულისებიდან მოქმედებდა. ამ წლებში “ქართული ოცნების” ლიდერების გავლენის სფეროები იზრდებოდა, ხდებოდა წილების გადანაწილება, მოკლედ, ეს იყო მასშტაბური ექსპანსიის ეტაპი, რომელიც დაახლოებით 5 წელიწადს გაგრძელდა, ისევე, როგორც “მოქალაქეთა კავშირისა” და “ნაციონალური მოძრაობის” შემთხვევაში. საბოლოოდ, თავისუფალი სივრცე გაფართოებისთვის თითქმის აღარ დარჩა, რამაც გამოიწვია ინტერესთა დაპირისპირება _ ხელისუფლების წიაღში გავლენიანი ჯგუფების “სასაზღვრო კონფლიქტები” დაიწყო. მოიმატა კახი კალაძისა და დიმიტრი ქუმსიშვილის გავლენამ (მეორე ჩრდილში მოქმედებს, მაგრამ არსებითი მნიშვნელობა ამას არ აქვს), გამოიკვეთა ორი აუტსაიდერიც _ გიორგი კვირიკაშვილი და ირაკლი კობახიძე. რომლებმაც მაღალი თანამდებობების მიუხედავად, მხოლოდ ცალკეული პლაცდარმები დაიკავეს და სისტემაში შეიქმნა აშკარა დისბალანსი კალაძის სასარგებლოდ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს მოტივი, რომელიც მას ივანიშვილთან დაპირისპირებისკენ უბიძგებს, ბალანსის აღდგენა ივანიშვილს, სავარაუდოდ, ერთ-ერთ პრიორიტეტად მიაჩნდა, რათა მომავალში თეორიული საფრთხეც კი გამოერიცხა.

ექსპანსიის ეტაპისმიწურულს მმართველ პარტიას, განსაკუთრებით რეგიონებში, ელიტარულ კორუფციასა და ნეპოტიზმში ჩაფლობის აშკარა ნიშნები დაეტყო, ზუსტად ისე, როგორც ეს წინამორბედი მმართველი პარტიების შემთხვევაში მოხდა. მაღალჩინოსნების რამდენიმე საჩვენებელმა დაპატიმრებამ საზოგადოება ვერ დაამშვიდა. საბოლოოდ, ცხადი შეიქნა, რომ მმართველ პარტიას, უფრო ზუსტად კი _ პარტიას და მასთან შერწყმულ სახელისუფლო შტოებს გაჯანსაღება და შიგა ბალანსის აღდგენა სჭირდება, წინაააღმდეგ შემთხვევაში ის, “მოქკავშირისადანაცმოძრაობისმსგავსად, სწრაფი დეგრადაციისა და თვითგანადგურების გზას დაადგება. სხვა საკითხია, საჭირო თუ იყო ამისთვის ივანიშვილის “დაბრუნება”.

თეორიულად, პრობლემების გადასაწყვეტად შესაძლებელი იყო სხვა სცენარის ამოქმედება _ აშკარა ლუზერების საპატიო გადაყენება თანამდებობებიდან და ავანსცენაზე გახარიას, ბახტაძისა და ზოგიერთი სხვა ფიგურის გამოყვანა, რომლებიც დასახულ ამოცანას თავს, სავარაუდოდ, (შედარებით) უკეთ გაართმევდნენ. მეტიც, ივანიშვილს სათადარიგოთა სკამზე (ალბათ, შავი დღისთვის) ჰყავს რამდენიმე კადრი, რომლებსაც შეეძლოთ შიდაპარტიული ცხოვრება ლავრენტი პავლოვიჩის მეთოდებით დაელაგებინათ, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ, რაც უფრო ძლიერია ესა თუ ის ფიგურა, მით უფრო მეტად არ ენდობა მას ივანიშვილი და ამჯობინებს მორჩილ კადრებს დაეყრდნოს, თუნდაც სუსტი და უნიჭო იყვნენ. დიდი ალბათობით, ადრე თუ გვიან, ეს მის რეჟიმს დაღუპავს.

თავიდანვე ჩანდა, რომ ივანიშვილი უფრთხის იმ ადამიანებს, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმს თამამად უპირისპირდებოდნენ. მან იცის, რომ გარკვეულ ვითარებაში შეიძლება შეეპასუხონ, მეტიც, მის წინააღმდეგ წავიდნენ, რადგან ხელისუფლებასთან კონფლიქტის არ ეშინიათ. მან ამჯობინა, ძირითად დასაყრდენადპორტირებულებიგაეხადა, ამასთანავე, ახალგაზრდა კარიერისტები, რომლებიც სააკაშვილის მმართველობის წლებში საუკეთესო შემთხვევაში ჩუმად ისხდნენ, ხოლო წინსვლის ერთადერთ წინაპირობად ლიდერის მიმართ მონური მორჩილება მიაჩნდათ.

რა გააკეთა თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ირაკლი კობახიძემ მდინარაძესთან, თალაკვაძესა და სხვებთან ერთად? საკონსტიტუციო რეფორმისთვის საუკეთესო წინაპირობები არსებობდა, მაგრამ მათ პროცესი ჩიხში შეიყვანეს და არათუ ხელისუფლების ოპონენტებს, არამედ ნეიტრალურ დამკვირვებლებსაც კი შესაძლებლობა მისცეს, “ქართული ოცნება” დიქტატში დაედანაშაულებინათ. მათი უსუსურობის კარგ ილუსტრაციად იქცა ცნობილი სცენა ფილარმონიაში (კონსტიტუციის განხილვის პერიოდში), როდესაც ყველამ დაინახა, რომ ეს პოლიტიკოსები, უბრალოდ, ვერ აცნობიერებენ, ვის და რა თემაზე ესაუბრებიან. კობახიძემ და მისმა ჯგუფმა ვერ მოახერხეს საპარლამენტო უმრავლესობაში ერთიანობის შენარჩუნება _ დაიწყო კონფლიქტი, რომელმაც მთელი ქვეყანა სახელისუფლების შიგნით კრიზისზე აალაპარაკა. იმის ნაცვლად, რომ სიტუაცია დაერეგულირებინა, კობახიძემ “მეამბოხე” დეპუტატებს თითი დაუქნია და საუბარი იერარქიასა და დისციპლინაზე დაიწყო. გამორიცხული არ არის, რომ მას მართვა და ბრძანებების გაცემა ერთი და იგივე ჰგონია, თუმცა მთავარია სულ სხვა რამ _ ამან “ქართული ოცნების” ავტორიტეტს დიდი ზიანი მიაყენა, მით უმეტეს რომ კობახიძის მკაცრი ტონი მის ოპონენტებს სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ.

მეორე მხრივ, იზრდებოდა უკმაყოფილება მთავრობის და პერსონალურად გიორგი კვირიკაშვილის მუშაობით. ამას განაპირობებდა, როგორც ობიექტური ეკონომიკური სირთულეები, ისე ხელისუფლების მოუქნელი მოქმედება კრიზისულ ვითარებაში (მაგალითად, ზაფხულის ხანძრების, მშრომელთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტების დროს). სერიოზული ზიანი კვირიკაშვილის იმიჯს მისმა უცნაურმა საკადრო პოლიტიკამ მიაყენა _ შესაძლოა, ის დღემდე ვერ მიხვდა, რომ (მაგალითად) ალექსანდრე ჯეჯელავას თანამდებობაზე დანიშვნა “ქართული ოცნების” ამომრჩეველთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა აღიქვა, როგორც შეურაცხყოფა, მაგრამ გაცილებით გონივრულად რომც მოქცეულიყო, მისი ავტორიტეტი ნებისმიერ შემთხვევაში თანდათან დაეცემოდა, რადგან ძალიან ბევრი მოქალაქე აღიქვამდა მას, როგორც ბიძინა ივანიშვილის უნებისყოფო მარიონეტს, რომელსაც თუნდაც მცირე დამოუკიდებელი ნაბიჯის გადადგმა არ შეუძლია.

როგორც უკვე ვთქვით, ივანიშვილს შეეძლო, კულისებში დარჩენილიყო და ასპარეზზე ახალი, უფრო ძლიერი კადრები გამოეყვანა, მაგრამ მან გადაწყვიტა, “დაბრუნებულიყო”. შიში, რომელსაც ის (პოტენციურად) ძლიერი ვასალების მიმართ განიცდის, ამის ერთადერთი მიზეზი, სავარაუდოდ, არ არის. ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა საზოგადოების გაღიზიანება და ნეგატიური დამოკიდებულება იმ სისტემის მიმართ, რომლის ფარგლებში, გაუგებარია, ვის და როგორ უნდა მოეთხოვოს პასუხი ნამოქმედარზე. დასავლელი პარტნიორები და საერთაშორისო ორგანიზაციები სულ უფრო ხშირად აფასებდნენ კრიტიკულადარაფორმალურ მმართველობასდა, შესაძლოა, ივანიშვილმა აღიქვა ეს, როგორც გაფრთხილება _ არაფორმალური მმართველობის დასასრულებლად ხომ არაფორმალური მეთოდების გამოყენებაც შეიძლება.

ასეა თუ ისე, ივანიშვილი, სავარაუდოდ, შეეცდება, აარიდოს “ქართული ოცნება” იმ საბედისწერო მარშრუტს, რომელიც “ექსპანსიის ეტაპის” დასრულების შემდეგ “მოქკავშირმა” და “ნაცმოძრაობამ” გაიარეს. ეს, დიდი ალბათობით, პარტიული ცხოვრების დემოკრატიზაციის კი არა, “ქანჩების მოჭერისა” და პარტიაში ავტორიტარული ვერტიკალის გამყარების ხარჯზე მოხდება. იმ პერიოდში, როდესაც ივანიშვილი კულისებიდან მოქმედებდა, მან თითქოს გამორთო (ან, ყოველ შემთხვევაში, შეანელა) წამმზომი, რომელიც ირთვება იმავე წამს, როდესაც არადემოკრატიული ქვეყნის სათავეში ახალი მმართველი მოდის. რაც უნდა გააკეთოს მან, რაღაც მომენტში წინააღმდეგობები დაგროვდება, საკადრო ინტრიგები სასურველ შედეგს აღარ მოიტანს, ხოლო ხალხი მეტ თავისუფლებას მოითხოვს. 2017-18 წლებში ივანიშვილი, რომელიც საზოგადოებრივი ინტერესის რადარიდან თითქმის გაქრა, ოპონენტებისმთავარი მიზანიგაცილებით იშვიათად ხდებოდა, ვიდრე ადრე. ახლა კი, “ისტორიის წამზომიმისთვის ისევ ჩაირთო.

“არაფორმალური მმართველობის” პერიოდში რეჟიმმა ფესვები გაიდგა, ხოლო ოპოზიცია უკიდურესად დასუსტდა. ამ ფაქტორებს ემატება ის, რომ ივანიშვილისდაბრუნებამ” “ქართულ ოცნებასგარკვეული იმპულსი მისცა და მის მხარდამჭერებს ახალი იმედები ჩაუსახა (მათ შორის, გავლენის სფეროების გადანაწილების თაობაზე). თუ არ მოხდება რაღაც მოულოდნელი კატასტროფა, მმართველ პარტიას ექნება ყველა შანსი იმისთვის, რომ არა მხოლოდ 2018 წლის საპრეზიდენტო, არამედ საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნებიც მოიგოს. შემდეგ კი დაიწყება დიდი საარჩევნო პაუზა 2024 წლამდე.

ხელისუფლების მთავარი პრობლემა არის ის, რომ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა გაცილებით რთული გახდა, ვინაიდან მას “ქართულ ოცნებასთან” ურთიერთობის სერიოზული გამოცდილება დაუგროვდა. მმართველმა პარტიამ უნდა ჩაატაროს მომწიფებული (და გადამწიფებული) ინსტიტუციური რეფორმები, წინააღმდეგ შემთხვევაში ის შევა კონფლიქტში საზოგადოებასთან, იზოლაციაში მოექცევა და, წინამორბედების მსგავსად, ხელისუფლებას დაკარგავს. ბიძინა ივანიშვილი შეიძლება იყოს კარგი ტაქტიკოსი, მაგრამ, თუ ის დემოკრატიზაციის, ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრების გაჯანსაღების მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს, სავარაუდოდ, ზუსტად ისე დაასრულებს, როგორც მიხეილ სააკაშვილმა დაასრულა 2012-ში და სერჟ სარგსიანმა ერთი კვირის წინათ.

დიმიტრი მონიავა

P.S. 1 მაისსქართული ოცნებადემოკრატიული საქართველოსპოლიტიკური საბჭო 15 წევრით დაკომპლექტდა. საბჭოს ახალი შემადგენლობა ასეთია: “ქართული ოცნებისდამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პირველი ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ვიცესპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქციაქართული ოცნებისთავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, აგრეთვე, პარლამენტის წევრები: დიმიტრი სამხარაძე, ბიძინა გეგიძე, ირაკლი ტრიპოლსკი, მთავრობის წევრები: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი; ასევესაპარტნიორო ფონდისთავმჯდომარე დავით საგანელიძე და თბილისის მერი კახა კალაძე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here