Home რუბრიკები პოლიტიკა შოტლანდიის დამოუკიდებლობა: ეპიზოდი მეორე

შოტლანდიის დამოუკიდებლობა: ეპიზოდი მეორე

შოტლანდია-ინგლისი

შოტლანდიის პარლამენტმა ქვეყნის დამოუკიდებლობის თაობაზე ახალი რეფერენდუმის გამართვის გადაწყვეტილება მიიღო. ეს 28 მარტს მოხდა, იმავე დღეს, როდესაც დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელმაც ევროკავშირიდან გასვლის პროცედურას ოფიციალური სტარტი მისცა. ამ ორი მოვლენის კავშირი აშკარააშოტლანდიელების დიდ ნაწილს არა მხოლოდ დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა, არამედ ევროკავშირში დარჩენაც სურს. საინტერესოა, შეძლებენ თუ არა ორივე მიზნის მიღწევას?

საზოგადოებრივი აზრი შოტლანდიის დამოუკიდებლობაზე საქართველოში ტრადიციულად გაორებულია. ერთი მხრივ, ქართველებს აფრთხობს პრეცედენტის გაჩენის შესაძლებლობა, რადგან ადგილობრივი სეპარატისტების ლიდერები მის მიმართ მუდმივ აპელირებას მოახდენენ. მაგრამ ამ პრაგმატული გათვლების გარდა, საკითხს “რომანტიული განზომილებაც” აქვს. XIX საუკუნიდან ქართულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაზე ტრადიციულად ძლიერ გავლენას ახდენდა შოტლანდიელი მწერლების, მაგალითად, რობერტ ბერნსისა და ვალტერ სკოტის შემოქმედება, შესაბამისად, მუდამ არსებობდა სიმპატია თავისუფლებისმოყვარე შოტლანდიელების მიმართ. მარტივად რომ ვთქვათ, ქართველებს ძალიან მოსწონთ ფილმი “მამაცი გული”. ასე რომ, ამ საკითხზე ქართული საზოგადოების აზრი პრაგმატულ გათვლასა და ემოციებს შორის იხლიჩება და ეს მკაფიოდ გამოიკვეთა 2014 წლის სექტემბერში, როდესაც შოტლანდიის დამოუკიდებლობის თაობაზე პირველი რეფერენდუმი გაიმართა.

მაშინ დიდი ბრიტანეთის ერთიანობის შენარჩუნების მომხრეი მეტი (55,3%) აღმოჩნდა, მაგრამ ამის შემდეგ დამოკიდებულება პრობლემის მიმართ შეიცვალა. “სკოტცენის” გამოკითხვის თანახმად, დღეს დამოუკიდებლობას მხარს ორჯერ მეტი შოტლანდიელი უჭერს, ვიდრე 2012-ში, როდესაც დაიწყო კამპანია, რომელიც რეფერენდუმის გამართვით დაგვირგვინდა. მნიშვნელოვანია, რომ დიდი ბრიტანეთიდან გამოყოფას გამოკითხული ახალგაზრდების (16-დან 24 წლამდე) 72% ემხრობა. 2014-ში ყველაზე მეტი ხმა დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ასაკოვანმა ამომრჩევლებმა მისცეს, რომლებიც, ტრადიციულად, ამჯობინებენშეჩვეულ ჭირსდა მასშტაბურ რყევებს ერიდებიან, მაგრამ ძველი სტაბილურობა მალე დავიწყებას მიეცემა, რადგან დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვა და დიდი ცვლილებები გარდაუვალია.

ახალი რეფერენდუმის დანიშვნის მომხრეთა ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ევროკავშირში დარჩენის სურვილია. 2016 წლისბრექსიტისრეფერენდუმზე შოტლანდია ყველაზეპროევროპულირეგიონი გამოდგა _ ევროკავშირში დარჩენას ხმა ამომრჩეველთა 62%-მა მისცა, თუმცა, “სკოტცენის” ბოლო გამოკითხვის თანახმად, ევროსკეპტიკოსების რაოდენობამ შოტლანდიაში მკვეთრად მოიმატა _ 67% მხარს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას ან საერთოევროპული ორგანოების უფლებამოსილების შემცირებას უჭერს. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, არის ყოვლისმომცველი კრიზისი ევროკავშირში. ასე რომ, დამოუკიდებლობის მხარდამჭერთაევროპული არგუმენტიმნიშვნელოვნად გაუფასურდა და გამორიცხული არაა, მისი დევალვაცია გაგრძელდეს.

შოტლანდიის პირველი მინისტრის _ ნიკოლა სტერჯენტის აზრით, რეფერენდუმი 2018 წლის მიწურულს ან 2019 წლის დასაწყისში, ანუ “ბრექსიტის” დასრულებმადე უნდა ჩატარდეს. დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ ამის საპასუხოდ განაცხადა, რომ “ახლა ამის დრო არ არის”, თუმცა ცალსახა უარი ახალი რეფერენდუმის გამართვაზე არ უთქვამს. მისი თანაგუნდელების თანმდევი კომენტარებიდან ნათლად გამოჩნდა, რომ ხელისუფლება ახალ რეფერენდუმს მხოლოდ “ბრექსიტის” პროცედურის დასრულების შემდეგ დათანხმდება.

ერთის შეხედვით, ლონდონს მეტი იურიდიული არგუმენტი აქვს. მას შემდეგ, რაც 1707 წლის უნიის აქტით ინგლისმა და შოტლანდიამ დიდი ბრიტანეთი შექმნეს, შოტლანდიელ სეპარატისტებს არ გააჩნდათ რამდენადმე დამაჯერებელი “იურიდიული შეფუთვა” თავიანთი პრეტენზიებისთვის და ეს ვითარება მხოლოდ XX საუკუნის მეორე ნახევარში შეიცვალა. სერიოზული ბიძგი სეპარატისტულ მოძრაობას შოტლანდიის ნაპირებთან ნავთობის აღმოჩენამ მისცა. შოტლანდიის ეროვნული პარტია, რომელიც ადგილობრივ პარლამენტში ახლა ადგილების უმრაველობას ფლობს, ბრალს სდებდა ლონდონს (სწორედ ამ კამპანიით დაიწყო მისი აღმასვლა) იმაში, რომ ნავთობისგან მიღებულ შემოსავლებს შოტლანდიის განვითარებაზე ნაკლებად ხარჯავს. ავტონომიის გაფართოების მსურველებმა იმდენი მოახერხეს, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას რეფერენდუმი 1979-ში დაანიშნინეს ადგილობრივი პარლამენტის აღდგენის თაობაზე, მაგრამ ის 2%-ზე ნაკლები სხვაობით წააგეს. განმეორებითი რეფერენდუმის გამართვა მხოლოდ 1997-ში მოხერხდა და მაშინ შოტლანდიის პარლამენტის აღდგენას ხმა ამომრჩეველთა 74%-მა მისცა. ამ პარლამენტს საკმაოდ ფართო უფლებები აქვს, მაგრამ მას არ შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება საკითხებზე, რომელიც “რეზერვირებულ სფეროებსა” და ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციას მიეკუთვნება. მათ შორისაა თავდაცვა, საგარეო პოლიტიკა, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის რეგულირება და ა.შ. დღეს მოქმედი კანონის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ შოტლანდიელები მოისურვებენ, განიხილონ ასეთი (მათ შორის დამოუკიდებლობის) საკითხი, შესაბამისი ნებართვა ცენტრალური ხელისუფლებისგან უნდა მიიღონ, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, 2012 წლის რეფერენდუმის დანიშვნისას.

ლონდონს აქვს სრული იურიდიული უფლება, არ დაუშვას რეფერენდუმის გამართვაბრექსიტისდასრულებამდე, მეტიც, საკითხის გადაწყვეტა უსასრულოდ გაწელოს. მაგრამ ამ შემთხვევაში შოტლანდიელების გაღიზიანება და დიდი ბრიტანეთიდან გამოყოფის მომხრეთა რაოდენობა, სავარაუდოდ, მკვეთრად გაიზრდება. ამგვარად, ტერეზა მეის კაბინეტის ამოცანა ამ ეტაპზე ისაა, რომ შეაკავოს შოტლანდიის ხელისუფლებაბრექსიტისდასრულებამდე, ისე, რომ არ გამოიწვიოს შოტლანდიელი ამომრჩევლების გადასვლა სეპარატისტების რიგებში.

ქვეყნის მთლიანობის რღვევის დაწყება ევროკავშირიდან გასვლის დასრულებამდე ყველაზე ცუდი კოშმარია, რომელიც შეიძლება ბრიტანელმა პოლიტიკოსებმა წარმოიდგინონ. ერთადერთი შეღავათი მათთვის ისაა, რომ გაერთიანებული ევროპის ლიდერები არ გამოთქვამენ განსაკუთრებულ ენთუზიაზმს ევროკავშირში შოტლანდიის “დარჩენაზე” და ამას ორი ძირითადი მიზეზი განაპირობებს: დიდ როლს ესპანეთის ხელისუფლების პოზიცია თამაშობს _ ის ცდილობს, დაბლოკოს ყველა პროცესი, რომლებიც კატალონიის გამოყოფას შეუწყობს ხელს. ამასთანავე, დიდი ბრიტანეთი “ბრექსიტის” შემდეგაც ევროკავშირის უმნიშვნელოვანეს პარტნიორად დარჩება და ევროპის მთავრობებს არ უღირთ შოტლანდიის გამო მასთან ურთიერთობის გაფუჭება. ამ ორი ფაქტორის თანხვედრამ პრაქტიკულად გამორიცხა შოტლანდიის “ავტომატური” გაწევრება ევროკავშირში; ედინბურგს მიუთითეს, რომ “რიგში დგომა” მოუწევს. იმაივე შინაარსის განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა გააკეთა. მართალია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დამოუკიდებელი შოტლანდია ნატოს ფარგლებს გარეთ დიდი ხნის განმავლობაში დარჩეს, რადგან ეს დაამსხვრევს ალიანსის უსაფრთხოების მთელ არქიტექტურას ჩრდილოეთ ატლანტიკაში, მაგრამ იმის ალბათობა, რომ შოტლანდია გარკვეული დროის განმავლობაშიგაურკვევლობაშიიცხოვრებს, საკმაოდ მაღალია. პერიოდი, რომელსაც ქვეყანა გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის ფარგლებს გარეთ გაატარებს, სავარაუდოდ, სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებს დაუკავშირდება და უმტკივნეულო ნამდვილად არ იქნება, იმის გათვალისწინებით, რომ შოტლანდიელები სოციალური სამართლიანობის იდეებს და შესაბამის გარანტიებს ინგლისელებზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ (ზოგიერთი კომენტატორი დროდადრო “შოტლანდიის სოციალისტურ ბუნებაზეც” კი საუბრობს).

მიუხედავად იმისა, რომ შოტლანდიის დამოუკიდებლობის მომხრეთა რაოდენობა გაიზარდა, ამომრჩეველთა დიდი ნაწილი კვლავინდებურად მერყეობს. ბრიტანულმა კვლევითმა ორგანიზაცია “იუგოვ”-მა გამოჰკითხა ორივე (2014 წლის დამოუკიდებლობის და 2016 “ბრექსიტის”) რეფერენდუმის სამი ათასზე მეტი მონაწილე და საკმაოდ საინტერესო შედეგი მიიღო. დამოუკიდებლობასა და ევროკავშირში დარჩენას ხმა გამოკითხულთა 21%-მა მისცა, დიდ ბრიტანეთში და ევროკავშირში დარჩენას _ 28%-მა, დიდი ბრიტანეთიდან და ევროკავშირიდან გასვლას _ 14%-მა, ხოლო ბრიტანეთის ერთიანობის შენარჩუნებასა და მის გასვლას ევროკავშირიდან _ 16%-მა. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი იმის დადგენაა, თუ რა მიმართულებით წავლენ ის ამომრჩევლები, რომელთაც დიდ ბრიტანეთშიც და ევროკავშირშიც დარჩენა უნდოდათ. ამოქმედებული “ბრექსიტის” პირობებში მათ ახალი არჩევანის გაკეთება მოუწევთ. ეს საკმაოდ დიდი ჯგუფია და მისი განწყობის ცვლილება უდავოდ მოახდენს გავლენას მერყევ ამომრჩევლებზე.

ამ თემაზე საუბრისას ხანდახან შეიძლება შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ შოტლანდიელების მნიშვნელოვანი ნაწილი დამოუკიდებლობის საკითხს კალკულატორით ხელში უდგება და გულმოდგინედ ითვლის, რა პლიუსებს და მინუსებს მოუტანს დიდი ბრიტანეთიდან გამოყოფა. ეს გარკვეულ წინააღმდეგობაში მოდის თავისუფლების მოყვარე შოტლანდიელებზე ჩვენ წარმოდგენასთან, რომელიც რომანტიკულმა ლიტერატურამ შეგვიქმნა, და 1991 წლის რეფერენდუმის გამოცდილებასთან. მაშინ ქართველი ამომრჩევლების 90,3%-მა (და რეფერენდუმში მონაწილეთა 98,9%-მა) ხმა დამოუკიდებლობის აღდგენას მისცა. ეს არჩევანი არც მერყეობას, არც კომპრომისს არ ითვალისწინებდა. ყველა მოითხოვდა დამოუკიდებლობის გამოცხადებას რაც შეიძლება მალე, მეტიც _ დაუყონებლივ, ყოველგვარი გარდამავალი პერიოდის გარეშე. ეს განწყობა გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებლობას მოუმზადებელი შეხვდა და მომდევნო წლებში უდიდესი ზიანი განიცადა. შოტლანდიაში ვითარება განსხვავებულია, იქ ყველაზე თანმიმდევრულ სეპარატისტებსაც კი სურთ, რომ დამოუკიდებლობის აღდგენამ უმტკივნეულოდ ჩაიაროს და ქვეყანას სარგებელი მოუტანოს, ამისთვის მზად არიან, კომპრომისებზეც და პროცესის ხელოვნურ შენელებაზეც წავიდნენ. ალბათ, ისტორია განსჯის, ვისი მიდგომა იყო უფრო გონივრული _ ქართველების თუ შოტლანდიელების.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here