გურია-აჭარაში თუ გაივლით, ნახავთ, რომ ყოველ მეორეს თუ არა, ყოველ მესამე მოსახლეს, ციტრუსი აქვს გასაყიდი. ლიმონი, მანდარინი და ფორთოხალი გვარიანად მოვიდა და, ვისაც როგორ შეუძლია, ისე ყიდის. სამწუხაროდ, ბევრია ისეთი, ვისაც მოსავალი აქვს, მაგრამ ვერც ადგილზე ყიდის და ვერც გააქვს; ზოგს დაკრეფილი ულპება; ზოგი კი არც კრეფს და ხეზევე ალპობს. არაერთხელ დაგვიწერია სოფლის მეურნეობაში არსებულ პრობლემებზე და ვთქვით კიდეც, რომ მინისტრის შეცვლამ იმედი ჩაგვისახა, რადგან დავით სონღულაშვილისთვის ეს სფერო უცხო არ არის და, წესით, უნდა მიხედოს, მაგრამ… ჯერჯერობით სოფლის მეურნეობას არაფერი ეტყობა. თითქოს ის არ გვეყოფოდა, რაც მწვანილზე გვჭირს (ამაზე ცოტა ქვემოთ), ახლა გაირკვა, რომ იმ დროს, როცა ქართველ გლეხებს მანდარინი და ფორთოხალი ულპებათ, ეს პროდუქტი ტონობით შემოგვაქვს სხვადასხვა ქვეყნიდან. ოფიციალური მონაცემები რომ არ გვქონდეს, ეგებ არც დაგვეჯერებინა, მაგრამ…
ჯერ ფორთოხალზე ვთქვათ და ის ხუთი ქვეყანა ჩამოვთვალოთ, რომლებიდანაც ყველაზე მეტი შემოვიტანეთ: თურქეთი – 2 392 610 აშშ დოლარი (4182 ტონა); ირანი – 1 824 770 აშშ დოლარი (3240 ტონა); ეგვიპტე – 823 600 აშშ დოლარი (1329 ტონა); სამხრეთი აფრიკა – 275 470 აშშ დოლარი (278 ტონა); გაერთიანებული არაბული საამიროები – 70 850 აშშ დოლარი (91 ტონა).
რაც შეეხება მანდარინს: თურქეთი – 3 378 660 აშშ დოლარი (5196 ტონა); ირანი – 450 030 აშშ დოლარი (808 ტონა); ეგვიპტე – 59 150 აშშ დოლარი (105 ტონა); სამხრეთი აფრიკა – 51 980 აშშ დოლარი (44 ტონა).
რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ადგილობრივმა ბიზნესმა წესისამებრ ალღო მალე აუღო და იმის გათვალისწინებით, რომ მოსახლეობას ქართული მანდარინი ურჩევნია, შემოტანილსაც ქართულად ასაღებენ და ძვირად ყიდიან. და ეს იცის ყველამ, მაგრამ არავინ არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რამე შეცვალოს. თითქოს ჩვეულებრივ ამბად იქცა, რომ ასე უნდა იყოს, რომ ამ სფეროში განუკითხაობა მოსულა, რომ ამის გამო არავინ არავის დასჯის და ყველა აკეთებს იმას, რაც სურს.
სამხრეთ აფრიკიდან რომ 44 ტონა მანდარინი მოგაქვს, ხომ უნდა იფიქრო ტრანსპორტირების ხარჯებზე, განბაჟებასა და მერე შესაბამის ფასში გაყიდვაზე?..
ცალკე ამბავია მწვანილი. 2023 წელს საქართველოში 15 მილიონი დოლარის მწვანილი შემოვიტანეთ, 2024 წელს – ორჯერ მეტი და, თუ 2023 წელს ყველაფერს იმით ამართლებდნენ, რომ შემოტანილი მწვანილი იაფი ღირდა, ახლა ამის გამართლებაც აღარ გამოდის – ერთი კონა ლარზე ნაკლები არსად ღირს და ეს მაშინ, როცა 2023 წელს მისი ფასი 50 თეთრი იყო. სწორედ ასე იპყრობენ სხვა ქვეყნები ადგილობრივ ბაზრებს, ანუ პირველ ეტაპზე იაფად აწვდიან პროდუქციას, ისე იაფად, რომ ადგილობრივ წარმოებას ჯაბნიან და მერე, როცა ადგილზე წარმოებას შეამცირებენ, ან საერთოდ შეწყვეტენ, ისეთ ფასს ადებენ, წინა წლების დანაკარგს ერთი-ორად ინაზღაურებენ. შარშან იაფად შემოტანილმა მწვანილმა თავისი საქმე გააკეთა, ადგილობრივებმა წარმოება შეამცირეს და 2024 წელს ორჯერ მეტი დაგვჭირდა, ოღონდ ორჯერ მეტ ფასად გვაძლევენ და გაისად სამჯერ მეტი იქნება. სოფლებშიც კი, საკუთარ ეზოებში, იშვიათად ნახავთ ბებიების მიერ მობნეულ თესლსა და აბიბინებულ მწვანილს, რომელიც კონკრეტული ოჯახისთვის იყო საკმარისი, მაგრამ ახლა ის ოჯახიც ბაზარში მიდის და შემოტანილს ყიდულობს.
სად არის გამოსავალი? პირველ რიგში, რამე რომ შეცვალო, საჭიროა, გქონდეს ამის სურვილი, რაც ჯერჯერობით არავის ეტყობა. სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა ერთი შეხედვით კი მუშაობს, მაგრამ ეს – ერთი შეხედვით. შეღავათიანი კრედიტი მხოლოდ ერთეულებისთვის არის ხელმისაწვდომი და, სოლიდური თანხა რომ აიღო და რამე ნორმალური გააკეთო, იმ თანხის სამმაგი ღირებულების ქონება უნდა ჩადო ბანკში. ჰო, შუამავალი ამ შემთხვევაშიც ბანკია და, ბანკებს როგორი რეპუტაცია აქვთ და რას აკეთებენ ხოლმე, ჩვენზე კარგად მოგეხსენებათ.
სამწუხაროდ, დღეს თუ ციტრუსებითა და მწვანილით შემოგვიტიეს, უკვე დაწყებულია საზამთროთი და ნესვით ქართული პროდუქციის ჩანაცვლება. თავად განსაჯეთ, ზაფხულში, საზამთროსა და ნესვის სეზონზე, კახელები ამბობდნენ: ჩამოდით, დაკრიფეთ, საზამთრო 10 თეთრად წააიღეთ, ნესვი – 15 თეთრადო, მაგრამ გადამყიდველებს მაინც შემოტანილი ერჩივნათ, რადგან გაცილებით იაფი უჯდებათ ირანული და თურქული საზამთროო. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ, თუ ადრე ქართული პროდუქცია სიჯანსაღით სჯობდა როგორც ირანულს, ისე თურქულს, ახლა ვითარება რადიკალურად არის შეცვლილი და აზიელები ამტკიცებენ, რომ მათ პროდუქტში შხამ-ქიმიკატების ნაკლებობაა და უფრო ჯანსაღია, ვიდრე ქართული. ჰო, ამას ამტკიცებენ აღებული ანალიზებით, რაც ჩვენთვის ცუდია. ამის მიზეზი კი მარტივია – ქართველები პოულობენ წამლებს, რომლებიც პროდუქტს რგებს, მაგრამ ძირითადი ნაწილი მათ დოზის გათვალისწინების გარეშე ხმარობს, ანუ მიუშვებს და რწყავს თუ წამლავს ნერგებს, უცხოელები კი წვეთოვანი მორწყვით ზუსტად იმდენს აძლევენ ნერგს, რამდენიც სჭირდება. რეალურად, არც წვეთოვანი გაყვანილობის გაკეთებაა რთული, ერთ კილომეტრზე 300 ლარი ჯდება, მაგრამ ქართული ხასიათი ხომ ასეთია – ზედმეტ დანახარჯს ყოველთვის ვუფრთხით და აგერ შედეგიც. მომავალში კი (დიდი-დიდი 3-4 წელიწადში) მივიღებთ იმას, რომ, ირანისა და თურქეთის გადამკიდე, აქაურები ჩათვლიან, რომ საზამთროსა და ნესვის მოყვანასაც არ აქვს აზრი. მერე კი ზუსტად ის დაგვემართება, რაც მწვანილსა და ციტრუსებზე.
საქართველო ყოველთვის მიწათმოქმედთა ქვეყანა იყო. თუნდაც საბჭოთა კავშირის პერიოდში ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი მოწინავე იყო სოფლის მეურნეობის პროდუქტის წარმოებით და იმის მიუხედავად, რომ სხვა რესპუბლიკებს ჩვენზე ბევრი მიწა ჰქონდათ, მოსავლიანობის მხრივ მათ არ ჩამოუვარდებოდით. მხოლოდ მწვანილი კი არა, საქართველოდან ხახვი, ბადრიჯანი, ბოლოკი და ჭარხალი გადიოდა დიდი რაოდენობით, პომიდვრით იტვირთებოდა ვაგონები და საბჭოთა კავშირის მასშტაბით იგზავნებოდა. აღარაფერს ვამბობთ ციტრუსებსა და ღვინოზე, რომლებიც ასევე დიდი რაოდენობით მოდიოდა… ახლა კი ეს ყველაფერი გაჩერდა. მიწა არსად წასულა, არც ხალხი, უბრალოდ, მარტივ ცხოვრებას მივეჩვიეთ – ერთ ადგილზე ყიდვას და მეორე ადგილზე გაყიდვას, სხვისი ნაშრომის გასხვისებას და იმ მცირედით ვკმაყოფილდებით, რაც გვრჩება. სინამდვილეში კი, რომ დავთვალოთ, ვიღაცას მოჰყავს მოსავალი, მერე სხვას ქვეყნიდან გააქვს და აბარებს ბითუმად, მერე ის სხვა, ანუ მესამე ხელი ყიდის მეოთხე ხელზე და მუშტარი არის მეხუთე ამ სქემაში. ხვდებით ხომ, რა თანხა ემატება პროდუქტს, სანამ მყიდველამდე მივა?! ამის მიუხედავად, საქართველოში სოფლის მეურნეობა მაინც უკან მიდის. ეს იმ რეალობაში, როცა მთელი მსოფლიო, ყველა წამყვანი ქვეყანა უზარმაზარ თანხებს, ნავთობში კი არა, სწორედ კვების პროდუქტებში დებს, რადგან საწვავის გარეშე, შესაძლოა, გაძლოს ადამიანმა, საკვების გარეშე კი ვერ გაძლებს.
ერთ თვეზე ოდნავ მეტი დარჩა გაზაფხულის დადგომამდე და სწორედ გაზაფხულზე შეეტყობა ქართულ მიწებს, რას ვაპირებთ და როგორ ვაპირებთ. თუ ისეთივე ტემპით განვაგრძობთ ხვნა-თესვას, როგორც აქამდე, უკან-უკან წავალთ და გვერწმუნეთ, თითოეული ჰექტარი დაუმუშავებელი მიწა არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკაზე აისახება უარყოფითად, არამედ თითოეულ მოსახლეზე. შორს არ არის დრო, როცა მაღაზიაში ქართული პროდუქტები აღარ დაგვხვდება და, თუ ვინმეს ქართული ჰგონია, მაგალითად, რძის პროდუქტები, გვერწმუნეთ, ის უცხოეთიდან შემოტანილი არომატიზატორებით არის გაჯერებული და ადგილზე ამ არომატიზატორებსაც კი ვერ ვაწარმოებთ. ის არომატიზატორები რომ არა, არც იოგურტს ექნებოდა ისეთი გემო და სუნი და არც ყველი იქნებოდა… პრინციპში, რომელი ყველი? 90%-ზე მეტი რძის ფხვნილისგან რომ მზადდება?!
ბესო ბარბაქაძე