Home რუბრიკები პოლიტიკა შიმშილის აჩრდილი და მიგრანტების ურდო

შიმშილის აჩრდილი და მიგრანტების ურდო

შიმშილი

გაეროს პროგნოზით, 2050 წლისთვის პლანეტის მოსახლეობა 9,1 მილიარდამდე გაიზრდება, ხოლო 49 უღარიბესი ქვეყნის მცხოვრებთა რაოდენობა გაორმაგდება და 1,7 მილიარდს მიაღწევს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს შექმნის თითქმის გადაულახავ პრობლემებს სიღარიბესთან ბრძოლაში და მკვეთრად გაზრდის შიმშილის საფრთხეს.

ევროკომისიის გაერთიანებული კვლევითი ცენტრის შეფასებით, შიმშილი დღეს სასიკვდილო საფრთხეს 108 მილიონამდე ადამიანს უქმნის, ეს 28 მილიონით მეტია, შარშანდელთან შედარებით. ამის მთავარი მიზეზი ომებია სამხრეთ სუდანში, იემენში, სომალიში, ერაყსა და სირიაში. ორ უკანასკნელ შემთხვევაში ფატალური როლი იმან შეასრულა, რომ “ისლამურ სახელმწიფოს” ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაკავებული ჰქონდა ყველაზე უხვმოსავლიანი პროვინციები, რეგიონის ერთგვარი “ბეღელი”. სერიოზულ პრობლემებს განიცდიან ზიმბაბვე და მალავი, სიტუაცია ჩრდილო-აღმოსავლეთ ნიგერიაში კატასტროფის ზღვარზეა. გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ჰუმანიტარულ საკითხებში _ სტივენ ო’ბრაიენმა დღევანდელი ვითარება შეაფასა, როგორც “ყველაზე მასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისი 1945 წლის შემდეგ”.

თუ განვითარებულ ქვეყნებში საკვების უკმარისობას მოსახლეობის მხოლოდ 1,6% (23 მილიონი ადამიანი) განიცდის, დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში ასეთი 9,3%-ია (775 მილიონი), მათ შორის _ 213 მილიონი აფრიკაში, 257 მილიონი კი აზიაში ცხოვრობს, სწორედ იქ, სადაც მოსალოდნელია მორიგი დემოგრაფიული აფეთქება.

არსებობს პრობლემასთან ბრძოლის წარმატებული მაგალითები – ბოლო ათწლეულის განმავლობაში ბრაზილიამ 25 პროცენტით შეამცირა უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებთა რაოდენობა და მათ არასაკმარის კვებასთან დაკავშირებული პრობლემები მოუხსნა, მაგრამ ღარიბი ქვეყნების უდიდეს ნაწილს არც ამხელა რესურსი, არც მსგავსი პროგრამის რეალიზაციის უნარი აქვს.

1798 წელს გამოჩენილმა ინგლისელმა მოაზროვნემ თომას მალთუსმა აღწერა ინდუსტრიამდელი საზოგადოებების მთავარი პრობლემა, რომელიც იმაში გამოიხატებოდა, რომ მოსახლეობის ზრდა გარკვეულ ეტაპზე მნიშვნელოვნად უსწრებდა სურსათის წარმოებას: “მოსახლეობის ზრდის უნარი განუსაზღვრელად დიდია მიწის შესაძლებლობებზე, აწარმოოს ადამიანის არსებობის საშუალებები”. ზრდის პროცესი ყოველთვის მასშტაბური დეპოპულაციით მთავრდებოდა _ შიმშილის, ომებისა და ეპიდემიების სახით. საბოლოოდ, აგრარული ტექნოლოგიების განვითარებამ, განსაკუთრებით კი XX საუკუნის “მწვანე რევოლუციამ” კაცობრიობას შესაძლებლობა მისცა, მნიშვნელოვნად დაეძლია შიმშილის პრობლემა. გაჩნდა რწმენა, რომ პლანეტა ათეულ მილიარდობით ადამიანის გამოკვებას შეძლებს, მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს _ მინერალური სასუქებისა და პესტიციდების საყოველთაო გავრცელებამ ეკოლოგიური პრობლემები შექმნა. ტყეების განადგურება, გრუნტის წყლების დაბინძურება, ბიოლოგიური მრავალფეროვნების მკვეთრი შემცირება მხოლოდ ნაწილია იმ პრობლემებისა, რომლებიც შიმშილის აჩრდილის განდევნას სათუოს ხდის. გაეროს სასურსათო ორგანიზაციის შეფასებით, ეს პრობლემები, კლიმატურ ცვლილებებთან ერთად, მსოფლიო აგრარული სექტორის პერსპექტივებს ძალიან ბუნდოვანს ხდის, მაშინ, როდესაც მოსახლეობის ზრდა მოითხოვს 2050 წლისთვის აგრარული პროდუქციის მოცულობის 50-60 პროცენტით გაზრდას.

მიუხედავად იმისა, რომ მალთუსის თეორია მთლიანობაში მოძველდა, ზოგიერთი მისი ფრაზა დღესაც პოპულარულია, მაგალითად, ეს “ბრბოს ამბოხი მოსახლეობის ჭარბი რაოდენობის შედეგია. ამ ბრბოს ტანჯვა აღაგზნებს და არ იცის, რომ თვითონ იწვევს ამ ტანჯვას. ეს შეშლილი მეამბოხე ბრბო თავისუფლების უბოროტესი მტერია; ის წარმოშობს ტირანიას და მხარს უჭერს მას”.

მიუხედავად იმისა, რომ “კლასიკური” შიმშილის შემთხვევები საქართველოში არცთუ ხშირად გამოვლენილა, სხვადასხვა კვლევებში აღნიშნულია, რომ არასაკმარისი კვების გამო ჯანმრთელობის პრობლემებს ქვეყნის ასიათასობით მოქალაქე განცდის. 2013 წლის 23 მარტს ბათუმში გარდაიცვალა ერთი წლის გოგიტა აბაშიძე. ექიმების თქმით, მისი წონა 4 კილოგრამი და 200 გრამი იყო, ანუ დაახლოებით იმდენი, რამდენიც დაბადებისას _ ბავშვის გარდაცვალების მთავარ მიზეზად შიმშილი დასახელდა.

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ შიმშილი საიმიგრაციო კრიზისის მთავარი მიზეზია, მათ შესაბამისი კოეფიციენტიც გამოთვალეს – სასურსათო უსაფრთხოების შემცირება ერთი პროცენტით ემიგრანტების რაოდენობას 1,9 პროცენტით ზრდის. მსოფლიო სასურსათო პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ ბისლიმ 15 ნოემბერს განაცხადა, რომ ევროპას ახალი საიმიგრაციო კრიზისი ემუქრება და აღნიშნა, რომ ანალოგიური სიტუაცია 2015 წელს შეიქმნა _ მისი მთავარი მიზეზი ლტოლვილთა ბანაკების მომარაგების პრობლემებია. მსოფლიოს ყურადღების ცენტრში სირიაა (მისი მოსახლეობა ომამდე 23 მილიონს აღწევდა) _ იძულებით გადაადგილებული პირი ქვეყნის შიგნით 7,5 მილიონი ადამიანი გახდა. თავშესაფარი მეზობელ ქვეყნებში თითქმის 4 მილიონზე მეტმა მიიღო, მათ შორის 2,9 მილიონი თურქეთში ცხოვრობს. ლიბანში 4,5-მილიონიან მოსახლეობაზე 1,15 მილიონი სირიელი ლტოლვილი მოდის. იორდანიაში მცხოვრებთა შორის ყოველი მეათე სირიელი ლტოლვილია. სირიის ტერიტორიაზე დარჩენილთაგან სასწრაფო ჰუმანიტარულ დახმარებას, გაეროს შეფასებით, 4,53 მილიონი ადამიანი საჭიროებს, 9,8 მილიონი კი სურსათის უკმარისობას განიცდის. განადგურებულია ან ძლიერ დაზიანებულია საავადმყოფოების ნახევარზე მეტი და სკოლების მეოთხედი, მოსწავლეთა დასწრება განახევრდა. წყალმომარაგება 50%-ით შემცირდა, რაც, შიმშილთან ერთად, აუტანელ სიტუაციას ქმნის. სულ რაღაც 5-6 წელიწადში არცთუ ღარიბი ქვეყანა უძველესი კულტურითა და ტრადიციებით ჯოჯოხეთად გადაიქცა.

მაგრამ სირია, ასე თუ ისე, მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია, მაშინ როდესაც ინფორმაცია სამხრეთ სუდანის შესახებ მედიაში იშვიათად ხვდება. ლტოლვილების რაოდენობამ იქ 1,9 მილიონს მიაღწია. ყოველდღე უგანდის საზღვარზე საშუალოდ 1800 ადამიანი გადადის და ამ ქვეყნის ხელისუფლება, გაეროს ხელშეწყობის მიუხედავად, ამ ადამიანების სრულფასოვან დახმარებას ვერ ახერხებს. ომის გამო ჰუმანიტარული ტვირთების შეტანა სამხრეთ სუდანში შეზღუდულია.

თუ სიტუაცია გაუარესდება, ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით შეიძლება განმეორდეს ის, რაც 1942-43 წლებში ბენგალიაში მოხდა. ამ მაგალითზე კარგად ჩანს, როგორ იქმნება საბედისწერო მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვი. 1942 წლის გაზაფხულზე იაპონელებმა ბირმას შეუტიეს და ქვეყანა, ბრიტანულ ჯართან ერთად, ნახევარ მილიონამდე ადგილობრივმა დატოვა. ეს ნაკადი ბრიტანულ ინდოეთს, კერძოდ კი ბენგალიას, მიაწყდა და დიდ ქალაქებში ეპიდემიების გავრცელება გამოიწვია. ბირმა რეგიონში ბრინჯის მთავარი მწარმოებელი იყო და მისი დაცემის შემდეგ ლოგიკური იყო ბენგალიიდან ბრინჯის გატანის შეწყვეტა, მაგრამ ბრიტანელებს მაინც გაჰქონდათ ათიათასობით ტონა ბრინჯი ინგლისში. მეტიც, იაპონელების შიშით, მათ ბენგალიაში ბრინჯის მარაგის განადგურება დაიწყეს. ისინი წვავდნენ მას და ტონობით მდინარეებში ყრიდნენ, რაც უარყოფითად აისახა მეთევზეობაზე, მითუმეტეს, რომ კოლონიურმა ადმინისტრაციამ გლეხებს ათიათასობით ნავი ჩამოართვა, რათა იაპონელებს არ გამოეყენებინათ. ყოველივე ამას დაემთხვა ციკლონი, რომელსაც წყალდიდობა მოჰყვა _ დაიღუპა 14 ათასი ადამიანი და 190 ათასი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, დაიტბორა სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწები. უშუალოდ წყალდიდობის შემდეგ დაიწყო აუტანელი სიცხე და მალარიის ეპიდემია, რომელმაც 250 ათასამდე ადამიანი შეიწირა. ბრინჯის დაავადებამ მოსავლის ორი მესამედი გაანადგურა, სურსათის ფასმა 1011%-ით მოიმატა.

ბენგალიაში ნამდვილი აპოკალიფსი დაიწყო. მშიერი ადამიანები ცდილობდნენ, სურსათის სამხედრო საწყობებში შეჭრილიყვნენ. არმია მათ არტილერიითა და ავიაციით იგერიებდა. 1943 წლის მარტიდან ივლისამდე ამ უპერცედენტობრძოლაში” 300 ათასამდე(!) ადამიანი დაიღუპა. თვითმხილველები იხსენებდნენ, რომ შიმშილისგან მომაკვდავი ლტოლვილები ჭამდნენ ერთმანეთს, ჭამდნენ საკუთარ სახსრებს, მასობრივი ფსიქოზით შეპყრობილი ათასობით ადამიანი უფსკრულში ხტებოდა და .. ბრიტანელი მკვლევარები მიიჩნევენ, რომ დაღუპულთა რაოდენობამ, ეპიდემიის მსხვერპლთა გამოკლებით, 2,1 მილიონს მიაღწია, ინდოელები თვლიან, რომ მაშინ 3-4 მილიონი ადამიანი დაიღუპა.

ამდენი საბედისწერო შეცდომის დაშვების შემდეგ ინდოეთის ვიცემეფემ ვიქტორ ჰოუპმა მიმართა კოლონიების საქმეთა მდივანს _ ლეო ემერის და ბენგალიიდან ბრინჯის გატანის შეწყვეტა, ამასთანავე, დახმარების აღმოჩენა მოითხოვა. ამ უკანასკნელმა უინსტონ ჩერჩილს შესთავაზა, ინდოეთში ავსტრალიიდან და ახალი ზელანდიიდან ხორბლის შეტანა დაეწყოთ. არსებობს ჩერჩილის პასუხის ორი ვერსია. ერთ-ერთის თანახმად, მან თქვა: “მაინც ბაჭიებივით გამრავლდებიან”, ხოლო მეორის თანახმად, ჩაილაპარაკა: “განდი ხომ ჯანმრთელად ჰყავთ?”

შესაძლოა, პრემიერს არც არაფერი უთქვამს, მაგრამ ფაქტია, რომ ხორბალი ინგლისში გააგზავნეს და არა ინდოეთში.

ბოლო ათწლეულებში ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა არ არსებობს გარანტია, რომ მსგავსი დანაშაულის ტოლფასი შეცდომების სერია მომავალში არ განმეორდება. კვების ნაკლებობის პრობლემა პლანეტის მოსახლეობის 11%-ს ეხება და აზია-აფრიკის დემოგრაფიული აფეთქების, აგრეთვე, ომების გავრცელების გამო, ეს მაჩვენებელი ახლო მომავალში, სავარაუდოდ, გაიზრდება.

ევროპის, ისევე, როგორც საქართველოს, მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ყველაფერი, რაც საზღვრებს მიღმა ხდება, სხვისი პრობლემაა. არადა, იმ შემთხვევაში, თუ სირიელების, სუდანელებისა და სხვების პრობლემები ადგილზევე არ მოგვარდება, რაც, უპირველესად, ჰუმანიტარული დახმარების ჯეროვან ორგანიზებასა და სამშვიდობო პროცესის ქმედით ხელშეწყობას გულისხმობს, ბენგალიის 1943 წლის მოვლენები შეიძლება გლობალური მასშტაბით განმეორდეს _ ლტოლვილების უზარმაზარი არმია ისევ მოაწვება “გლობალური ჩრდილოეთის” ქვეყნების საზღვრებს, თანაც ისე, რომ მას ვერც მავთულხლართი და ვერც ტყვიამფრქვევი შეაჩერებს. ასე რომ, ლტოლვილების პრობლემა “შეშვება-არშეშვების” ჭრილში როდი უნდა განიხილებოდეს, ომთან და სიღარიბესთან ბრძოლის გარეშე მისი გადაწყვეტა შეუძლებელი ჩანს.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here