Home რუბრიკები საზოგადოება შვრიის მოვლა-მოყვანის აგროტექნოლოგია

შვრიის მოვლა-მოყვანის აგროტექნოლოგია

3712
შვრია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და გაზეთსაქართველო და მსოფლიოსერთობლივი პროექტი

რუბრიკას უძღვება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი.

შვრია (ლათ. Avena) _ ბალახოვანი მცენარეა მარცვლოვანთა ოჯახისა. შვრიის ფესვთა სისტემა ფუნჯაა, ფოთოლი _ ხაზური, ყვავილი _ საგველა, ნაყოფი _ მარცვალა. პოლიმორფული გვარია, აერთიანებს 70-მდე სახეობას, რომელთა შორის არის ერთწლოვანი, მრავალწლოვანი, კულტურული და ველური მცენარეები.

გავრცელება

შვრია ეკუთვნის ძველი კულტურების რიცხვს, მაგრამ მისი მოყვანა ხორბალთან, ქერსა და ფეტვთან შედარებით გვიან დაიწყეს. შვრია ევროპული ქვეყნებისთვის უფრო ადრე იყო ცნობილი, რადგან ჩრდილოეთის ქვეყნები ტენით უფრო მდიდარია. გავრცელებულია, პრაქტიკულად, ყველა ქვეყანაში. დიდ ფართობებზე ითესება გერმანიაში, ნორვეგიაში, შოტლანდიაში, აშშ-ში, რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსიაში და სხვ.

პურეულის მსოფლიო წარმოებაში შვრიის სათესი ფართობი მეექვსე-მეხუთე ადგილზეა. საქართველოში შვრიის ფართობი უმნიშვნელოა და იგი, ძირითადად, ჯავახეთის ზეგანზე, ქართლისა და კახეთის რაიონებში მოჰყავთ. შვრიის საშუალო მოსავლიანობა 1.5-2,0 ტონამდეა ჰექტარზე, მაგრამ მოვლა-მოყვანის ღონისძიებების დროულად და ხარისხიანად ჩატარებისას შესაძლებელია 4-5 ტონამდე მარცვლის მიღება ჰექტარზე.

შვრიის გამოყენება

ბოლო ათ წელიწადში შვრიის კულტურისადმი ინტერესი გაიზარდა, მისი, როგორც სასურსათე, საწარმოო და სამკურნალო თვისებების მქონე მცენარისა, რომლის საკვებ ღირებულებასაც მის მარცვალში შემავალი ცილები (9,0-19,5%), სახამებელი (40-56%) და ცხიმები (4-6%) განსაზღვრავს.

ეს მცენარე ასევე შეიცავს ამინომჟავებს, მათ შორის გლუტამინის მჟავას, მდიდარია E, PP, B1, B2, B3, B6 და სხვა ვიტამინებით. მარცვალი შეიცავს უჯრედისს, თუთიას, მანგანუმს, რკინასა და ალკალოიდებს. მარცვალი გამოიყენება ბურღულეულის, ხოლო ხორბალთან ნარევში საკონდიტრო ნაწარმის დასამზადებლად. შვრიის ქიმიური შენაერთები უმაღლესი ხარისხისაა და იგი ძვირფასი პროდუქტია, რომლის მონელებაც ადვილია.

შვრიიდან დამზადებული პროდუქტები მნიშვნელოვანია დიეტურ და ბავშვთა კვებაში. მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა შვრიის ფქვილზე, ბურღულსა და ყავაზე, ყველა ეს პროდუქტი ხასიათდება ანტიალერგიულობით.

გასაოცარია შვრიის სამკურნალო თვისებები, რომელზეც ჰიპოკრატეც მიუთითებდა. შვრიას აქვს აღდგენითი ეფექტი, გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ, ფილტვის დაავადებებისას, ოპერაციის შემდეგ ორგანიზმის გასაძლიერებლად. გამოიყენება, აგრეთვე, ღვიძლის სამკურნალოდ, ალერგიული დაავადებებისას, აღადგენს გულის რიტმს, აწესრიგებს ნერვულ სისტემას.

შვრიის წყალხსნარი გამოიყენება შარდმდენად და თირკმელების დაავადებების სამკურნალოდ. მწვანე შვრია გამოიყენება ორგანიზმის გასაწმენდად, დაღლილობის, უძილობის, არასაკმარისი მადის დროს. შვრიას აქვს სკლეროზის საწინააღმდეგო ეფექტი.

შვრია კარგი საკვებია შინაური ცხოველებისა და ფრინველებისთვის. შვრიის ჩალა და ბზე კვებითი ღირებულებით უფრო ძვირფასია, ვიდრე სხვა კულტურების იგივე ანარჩენები. პარკოსან ბალახებთან ნარევი შვრია კარგია მწვანე საკვებად და თივად.

შვრიას ხშირად თესავენ ცერცველასთან ნარევში. ცერცველა-შვრიის ნარევი საუკეთესოა დაკავებულ ანეულზე დასათესად. იგი იძლევა დიდი რაოდენობის მაღალხარიხოვან მწვანე საკვებს ან თივას და ადრე ათავისუფლებს მინდორს საშემოდგომო კულტურებისთვის ნიადაგის მოსამზადებლად.

შვრიის ბიოლოგიური თავისებურებები და გარემო პირობები

შვრია თვითგამანაყოფიერებელი მცენარეა, მაგრამ მის ნიშან-თვისებებს ფართო ცვალებადობა ახასიათებს. შვრიის თესლი, კილებით არის დაფარული, ამის გამო მის გაღივებას შედარებით მეტი დრო და წყალი სჭირდება.

შვრია სითბოსადმი არ არის მომთხოვნი, იგი ზომიერი ჰავის მცენარეა. აღმოცენებიდან ყვავილედის გამოტანამდე შედარებით გრილი ამინდით კმაყოფილდება.

გაზაფხულის სუსხს კარგად იტანს. მისი ფუნჯა ფესვთა სისტემა 120 სანტიმეტრ სიღრმეზე ჩადის ნიადაგში და აღმონაცენი ადვილად იტანს 7-8 გრადუს ყინვას. ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურა აღმოცენების შემდგომ პირველ ოთხ კვირაში 10-120ჩ-ია. ტენით საკმარის პირობებში კარგად ვითარდება და ნაკლებად ზიანდება მავნებლებით. მაღალი ტემპერატურის მიმართ უფრო მეტად მგრძნობიარეა, ვიდრე ხორბალი და ქერი.

შვრია ნიადაგისადმი უფრო ნაკლებმომთხოვნია, ვიდრე სხვა საგაზაფხულო პურეული, რაც გამოწვეულია კარგი ფესვთა სისტემით და მაღალი შეთვისების უნარით. იზრდება ქვიშნარ, თიხნარ და ტორფიან ნიადაგებზე. შვრია დადებითად რეაგირებს ნიადაგის ნაყოფიერებაზე. ერთი ტონა მარცვლის საწარმოებლად შვრია, საშუალოდ, მოიხმარს 30 კილოგრამ აზოტს, 13 კილოგრამ ფოსფორს და 26 კილოგრამ კალიუმს. მათ შორის ყველაზე ეფექტიანია აზოტი. საკვები ნივთიერებების მიმართ მოთხოვნა შვრიას ყველაზე მაღალი აქვს აღერებიდან მარცვლის სიმწიფემდე.

კარგი მოსავალი მიიღება შავ მიწებზე საკმარისი ტენიანობისას. სხვა კულტურებზე უკეთესად ცხოველმყოფელობს მჟავე ნიადაგებზე. მშრალ ქვიშიან ნიადაგებზე წყლის ნაკლებობა იწვევს წვრილთესლიანობას, ცუდ ამოვსებულობას, გადიდებულ კილიანობასა და ფხიანობას. შვრიის ბიოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, მაღალი მოსავლის მისაღებად მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია სპეციფიკურია.

შვრია რეალურად ყოველთვის ავადდება სოკოვანი დაავადებით (ჟანგა, გუდაფშუტა), ამიტომ თესლის შეწამვლა აუცილებელია.

მაღალი მოსავლის მიღების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა მაღალხარისხიანი თესლის თესვა. სათესლედ მხოლოდ მსხვილი მარცვლები უნდა გამოვიყენოთ.

შვრიის საგაზაფხულო ბუნება და დაბალი ტემპერატურისადმი გამძლეობა საშუალებას იძლევა, ვთესოთ, როგორც შემოდგომაზე, ისე გაზაფხულზე. ბოლო წლებში ხშირია შემთხვევა, როდესაც შემოდგომის ნათესი, კლიმატური პირობების გამო, სამეურნეო მნიშვნელობას კარგავს, ასეთ შემთხვევაში შვრიის გამოყენება ყველაზე კარგი საშუალებაა.

ამ თავისებურების გათვალისწინებით საშემოდგომო თესვა ემთხვევა საშემოდგომო ხორბლის თესვის პერიოდს; საგაზაფხულო თესვა, შესაძლებელია, ჩატარდეს ადრე გაზაფხულზე, დაზიანებული საშემოდგომო ნათესების გადასათესად ან საგაზაფხულო თავთავიანების თესვის პერიოდში.

შვრიის სახეობები

შვრია გამოირჩევა სახეობათა მრავალფეროვნებით, რომელთა შორის არის მრავალწლოვანი და ერთწლოვანი, კულტურული და ველური ფორმების 70-მდე სახეობა. პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს 11 სახეობას, რომელთაგან საქართველოში გავრცელებულია ორი სახეობა: კულტურული შვრია (Aventa sativa L.), ხასიათდება გვალვაგამძლეობით და მლაშე ნიადაგებისადმი შემგუებლობით, და ველური შვრია _ შვრიუკა (Aventa Fatua L.), ასარევლიანებს პურეულის ნათესებსა და მინდვრის კულტურებს.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

ოთარ ლიპარტელიანი,

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრკორესპონდენტი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

ცოტნე სამადაშვილი,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

ნანა ჩხუტიაშვილი,

ზეინაბ სალარიძე,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here