Home რუბრიკები საზოგადოება შვრიის მოვლა-მოყვანის აგროტექნოლოგია

შვრიის მოვლა-მოყვანის აგროტექნოლოგია

4864
შვრია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და გაზეთსაქართველო და მსოფლიოსერთობლივი პროექტი

რუბრიკას უძღვება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი.

პერსპექტიული ჯიში

ყოფილ საბჭოთა კავშირში მეცნიერების მიერ გამოყვანილი და დანერგილი იყო შვრიის 50 ჯიში, მათ შორის, საქართველოში 2 ჯიში _ სოვეტსკიდაჩერნოგორსკი”.

ფერმერულ მეურნეობებსა და კერძო ნაკვეთებზე შვრიის მოყვანას ხელს უშლის გავრცელებული ჯიშების დაბალი მოსავლიანობა, ჩაწოლისადმი მიდრეკილება, მარცვლის ცვენა და გაზაფხულზე თესლის დეფიციტი. ამ პრობლემის მოსაგვარებლად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში 2014 წლიდან დაიწყო შვრიის სასელექციო მასალის შესწავლა.

შესწავლის შედეგად გამორჩეული და გამრავლებულია პერსპექტიული ჯიშიარგო”, რომელიც ხასიათდება მაღალი მოსავლიანობით, ხარისხით, ჩაწოლისადმი გამძლეობით, დაავადებებისა და მავნებლებისადმი იმუნიტეტით, მდგრადია მარცვლის ჩაცვენისადმი და შეუძლია კარგი მოსავლის მოცემა.

თესლის მომზადება და თესვა

თესლი უნდა გაიწმინდოს მარცვალსაწმენდი მანქანით; შეიწამლოს სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების საწინააღმდეგო გრანოზანით (1-2 კილოგრამი ტონაზე) ან ვიტავაქსით (3.0-3.5 კილოგრამი ტონა თესლზე) სველი წესით 10 ლიტრი წყალი 1 ტონა თესლზე. თესლი უნდა შეიწამლოს დათესვამდე 2-3 დღით ადრე. გუდაფშუტით დაავადებისას უნდა ჩატარდეს ნახევრადმშრალი შეწამვლა ფორმალინით _ 80 ლიტრ წყალში 39 ლიტრი. თესლი იყრება იატაკზე ან ბრეზენტზე 30 სანტიმეტრი სისქით და კარგად ურევენ ნიჩბით. შემდეგ ხდება თესლის გროვად დაყრა, ბრეზენტის გადაფარება და 5 დღის შემდეგ დათესვა. შვრია უნდა დაითესოს ადრე გაზაფხულზე. საქართველოში შვრიის თესვის ყველაზე კარგი პერიოდი 1 მარტიდან 15 მარტამდეა. თესვა უნდა ჩატარდეს ვიწრო მწკრივებად ან ჯვარედინად.

მწვანე საკვებად თესვისას საჭიროა, 240-250კგ/ჰა მარცვალი დაითესოს ვიწრო მწკრივებად. სამარცვლე შვრიის თესვის ნორმაა 180-220კგ/ჰა. მარცვალი უნდა აკმაყოფილებდეს დაწესებულ მოთხოვნებს თესლის სისუფთავესა და გაღივების უნარზე.

შვრიის თესლის ჩათესვის სიღრმე, ნიადაგის კონკრეტულ მდგომარეობაზე დამოკიდებულებით, მერყეობს 4-6 სმ-ის ფარგლებში. ქარისმიერი ეროზიის ზონაში თესვა წარმოებს 1-2 სმ-ით უფრო ღრმად. თესვა უფრო ღრმად წარმოებს, ასევე, მსუბუქ და მშრალ ნიადაგებში.

შვრია სწრაფად მზარდი მცენარეა, უხვი ამონაყრით. ერთ ჰექტარზე ორ ტონამდე მწვანე მასას იძლევა, მწვანე საკვებად და სენაჟად გამოყენების გარდა, იყენებენ თივადაც, თუმცა ხარისხით ბალახის თივას ჩამოუვარდება.

თესლბრუნვაში შვრიის მოთავსება შესაძლებელია ყველა კულტურის შემდეგ. უკეთესია სათოხნი კულტურებისგან გათავისუფლებული მინდორი. დაუშვებელია ზედიზედ თესვა. შვრია კარგი წინამორბედია სათოხნი კულტურებისთვის, ტოვებს სუფთა ნიადაგს.

შვრიისთვის სასურველია ნიადაგის მზრალად მოხვნა, გაზაფხულზე ხნულის გაფხვიერება, დაფარცხვა. თესვისწინა დამუშავება და სხვა აგროღონისძიებები იმავე ვადებში იმავე წესით სრულდება, როგორც საგაზაფხულო ხორბალისა და ქერის შემთხვევაში. შვრიის სავეგეტაციო პერიოდი გრძელდება 80-120 დღეს.

ნათესის მოვლა

თესვის შემდეგ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ნათესის მოვლას. მნიშვნელოვანია ნათესების დაცვა სხვადასხვა სარეველა მცენარეებისაგან. ნათესის დაფარცხვა უნდა ჩატარდეს ბარტყობის ფაზაში, ნათესის გარდიგარდმო. ამით მცირდება ნათესის დასარევლიანება. ერთლებნიანი ერთწლიანი და ორლებნიანი სარეველების წინააღმდეგ უნდა გამოვიყენოთჰერბიციდი დიალინი 1.75-2.25 ლიტრი ჰექტარზე. ღიჭას, გვირილისა და წიწმატურას საწინააღმდეგოდ _ ლონტრელი 0.16-0.66 ლიტრი ჰექტარზე.

განოყიერება

შვრიის მოსავალზე დიდ გავლენას ახდენს სასუქები. მინერალური სასუქები შვრიის მარცვლის მოსავალს მნიშვნელოვნად ზრდის. ფოსფორ-კალიუმიანი სასუქების დოზების განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს აღნიშნული ელემენტების შემცველობა ნიადაგში. ძირითადი საკვები ელემენტების საშუალო დოზები მერყეობს შემდეგ ფარგლებში: აზოტი (მოქმედი ნივთიერება) _ 90-120 კგ/ჰა-ზე; ფოსფორი _ 90-120 კგ/ჰა-ზე; კალიუმი – 60-90 კგ/ჰა-ზე;

ურწყავ, ტენით ნაკლებად უზრუნველყოფილ მიწებზე რეკომენდებულია სამივე საკვები ელემენტის მთლიანი დოზის შეტანა ხვნის წინ ან ნიადაგის თესვის წინა დამუშავებისას.

სარწყავით უზრუნველყოფის პირობებში მიზანშეწონილია ფოსფორ-კალიუმიანი სასუქების მთლიანი დოზისა და აზოტიანი სასუქის დოზის 1/3-ის გამოყენება ხვნის ან თესვის წინ, ხოლო 2/3-ის გამოკვებაში შეტანა აღერების დაწყებამდე.

მოსავლის აღება

შვრიის მოსავალის აღება მეტად რთულია, რადგან საგველაზე მარცვლები არათანაბრად მწიფდება. ჯერ მწიფდება საგველას მაღლა კილებში, ხოლო, 6-8 დღის შემდეგ _ ქვედა კილებში. მოსავლის აღების დაგვიანება იწვევს მსხვილი მარცვლების დაცვენას. მოსავლის აღება ადრე ან დაგვიანებით საზიანოა, რადგან ნამჯა გვიან მწიფდება, ვიდრე მარცვალი. კომბაინით აღებისას ის ობდება და საკვებად უსარგებლო ხდება. მოსავალი აღებული უნდა იქნას დაღვარვის წესით, როცა ზედა თავთუნების მარცვალი მიაღწევს სრულ სიმწიფეს, ხოლო ქვედა _ სანთლის სიმწიფეს. კარგად გაშრობის შემდეგ მიიღება მშრალი მარცვალი მინიმალური მექანიკური დაზიანებებით. შვრია უნდა ავიღოთ სრული სიმწიფის ფაზაში კომბაინით 3-4 დღე-ღამეში. მარცვლის დამტვრევის თავიდან აცილების მიზნით დოლის ბრუნვის სიხშირე უნდა შემცირდეს 900-1000 ბრუნვამდე წუთში. იმ შემთხვევაში, თუ კომბაინით მოსავლის აღებისას მარცვლის ტენიანობა იქნება 20 % მარცვალი გაწმენდამდე უნდა გაშრეს. შესანახად გადადებული მარცვლის ტენიანობა არ უნდა აღემატებოდეს 12-15 %-ს. მარცვალი შენახული უნდა იქნას მშრალ ადგილზე 2.0-2.5 სანტიმეტრი სიმაღლის ფენად.

შვრიის კულტურის პოპულარიზაცია

შვრიის კულტურის პოპულარიზაციის საქმეში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მარცვლის გადამამუშავებელი საწარმოების ჩართვას. კულტურის კომერციალიზაცია ხელს შეუწყობს ფერმერთა დაინტერესებას და მკვეთრად გაზრდის შვრიის ფართობს. შვრიის საგაზაფხულო ბუნება და დაბალი ტემპერატურისადმი გამძლეობა საშუალებას მოგვცემს, ვთესოთ, როგორც შემოდგომაზე, ისე გაზაფხულზე.

ბოლო წლებში ხშირია შემთხვევა, როდესაც შემოდგომის (სხვა მცენარეთა) ნათესი, კლიმატური პირობების გამო სამეურნეო მნიშვნელობას კარგავს, ასეთ შემთხვევაში შვრიის გამოყენება ყველაზე კარგი საშუალებაა. შესაძლებელია გამეჩხერებული ნათესის გადათესვაც და იმავე ფართობზე შვრიის საზაფხულო თესვაც. სხვა თავთავიან მარცვლოვანთა თესლბრუნვაში შვრიის თესვა უარყოფით შედეგს არ იძლევა.

შვრია მრავალმხრივი მოხმარების საუკეთესო საკვები, სასურსათე, სამკურნალო კულტურაა, რომელსაც შეუძლია, ფერმერებს დაეხმაროს სამუშაო დროის რაციონალურად გამოყენებაში, მოსავლის დაზღვევასა და მოგების გარანტირებულ მიღებაში.

ოთარ ლიპარტელიანი,

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრკორესპონდენტი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

ცოტნე სამადაშვილი,

 სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

ნანა ჩხუტიაშვილი,

ზეინაბ სალარიძე,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here