Home რუბრიკები საზოგადოება შვილს ასწავლეთ კარგისა და ცუდის გარჩევა, მიაჩვიეთ, რაც შეიძლება ნაკლები საიდუმლო ჰქონდეს...

შვილს ასწავლეთ კარგისა და ცუდის გარჩევა, მიაჩვიეთ, რაც შეიძლება ნაკლები საიდუმლო ჰქონდეს მშობლისგან

შვილს ასწავლეთ კარგისა და ცუდის გარჩევა, მიაჩვიეთ, რაც შეიძლება ნაკლები საიდუმლო ჰქონდეს მშობლისგან

საქართველო მორიგმა ტრაგედიამ შეძრა. 23 წლის თამარ ბაჩალეიშვილი, რომელსაც სამართალდამცველები და მთელი საქართველო ეძებდა, თეთრიწყაროში, ტყეში, საკუთარ მანქანაში იპოვეს გარდაცვლილი. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ექსპერტიზა ვერ ამბობს გარდაცვალების ზუსტ მიზეზს, რადგან მაღალი ტემპერატურის გამო რბილი ქსოვილები დაშლილია. მაგრამ, თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით, მაინც გვგონია, რომ სიკვდილის რეალური მიზეზი დადგინდება, ოღონდ საამისოდ სახელმწიფომ ძალა და რესურსი არ უნდა დაიშუროს. მით უმეტეს, რომ ყველაზე მეტი კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც გაირკვა, ბაჩალეიშვილი სად მუშაობდა.

კომპიუტერული ტექნოლოგიები _ ეს ერთი შეხედვით მარტივი დასახელება რეალურად ძალიან ბუნდოვანია. ბუნდოვანია ისიც, რომ კომპანია, რომელშიც თამარ ბაჩალეიშვილი უშაობდა, ეკუთვნის ამერიკაში მცხოვრებ პირს, რომელიც ადასტურებს, რომ, როგორც თამარს, ისე სხვებს საიდუმლო ინფორმაციასთან წვდომის შესაძლებლობა ჰქონდათ. დავიწყოთ იმით, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილ კომპანიას საიდუმლო ინფორმაციასთან წვდომის უფლება აქვს და ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს. ეს მოქალაქე რუსეთის ფედერაციიდან რომ ყოფილიყო, სულ სხვა გამოხმაურება ექნებოდა და გვერწმუნეთ, განცხადებას ელჩებიც გააკეთებდნენ: რუსეთი საქართველოს საშინაო საქმეებში ერევა, საიდუმლო ინფორმაციებს იპარავსო. ახლა კი, როცა საქმე ამერიკის მოქალაქესთან გვაქვს, ვითომც არაფერი, მერე რა, რომ ვიღაც ამერიკელი საიდუმლო ინფორმაციებს ფლობს?! ეს ცალკე საუბრის თემაა, ახლა კი ის ვთქვათ, რაც ყველაზე დამაფიქრებელია. ბაჩალეიშვილის მშობლებმა განაცხადეს, რომ ზუსტად არ იცოდნენ, სად მუშაობდა მათი შვილი და რას საქმიანობდა. როცა ამის შესახებ ეკითხებოდნენ, თამარი ბუნდოვან პასუხს სცემდა და არაფერს აკონკრეტებდა. უფრო მეტიც, დედამ ისიც თქვა, როცა ვაკეში ვიყავით ერთად, შვილს ვთხოვე, ის შენობა დამანახვე, სადაც მუშაობო, მაგრამ უარი მითხრა, რა მნიშვნელობა აქვს, რომელი შენობააო.

რა გამოდის? 23 წლის გოგო ყოველდღიურად გადიოდა შინიდან, მიდიოდა სამსახურში და მშობლებმა არ იცოდნენ, რას საქმიანობდა მათი შვილი. ეს მხოლოდ მშობლის პრობლემა არ არის. აი, რატომღაც გვგონია, რომ მშობელს, დედას ან მამას, რომ დაეძალებინა, მკაცრად რომ მოეთხოვა სამუშაოს დასახელება, ოფისში მისვლა და ეს ამბავი გახმაურებულიყო, ყველა ის არასამთავრობო, რომელიც ვითომ დამოუკიდებელ თაობას გვიზრდის, ერთხმად აჯანყდებოდა, აქციებს მოაწყობდა, სასამართლოში გაიქცეოდა და თამუნას მშობლებს ჯვარზე გააკრავდა: როგორ გაბედეთ და შვილს მოსთხოვეთ იმ ადგილის დასახელება, სადაც მუშაობსო. ეს ძალიან დიდი პრობლემაა და, რაც მეტი დრო გადის, უფრო ღრმავდება.

მარტივ მაგალითს მოგიყვანთ: ჩემს ბავშვობაში სვირინგი (სიტყვა “ტატუ” მერე შემოვიდა, მანამდე “სვირინგი” და “ნაკოლკა” იყო) ან ჯარიდან ჩამოსულ ბიჭებს ჰქონდათ, ან იმ ადამიანებს, რომლებმაც ციხე გამოიარეს. არ ითვლებოდა სვირინგი მაინცდამაინც კარგ ტონად, მაგრამ მერე ვისაც არ დაეზარა, სადამდეც ფანტაზიამ გასაქანი მისცა, ის დაიხატა სხეულის სხვადასხვა ადგილას და, რაც მთავარია, ცნობილი ადამიანები დღემდე სიამოვნებით პოზირებენ ფოტოაპარატების წინ მოსვირინგებული ინტიმური ადგილების გამოსაფენად. ჰოდა, თქვენმა, ჩვენმა შვილებმა რომ გადაწყვიტონ, სხეულის ნებისმიერ ნაწილზე სვირინგი გაიკეთონ, უფლება არ გაქვთ, შეეწინააღმდეგოთ, იმიტომ, რომ ეს ბავშვის არჩევანია და შესაძლებელია, ერთ მშვენიერ დღეს შვილს სხეულზე ადგილიც აღარ დარჩეს უსვირინგოდ. და ამას უნდა შეეგუოთ, უნდა შეეგუოთ ცხვირში საყურეს, ბიჭების გახვრეტილ ყურებს, უცნაურად აჭრილ თუ შეღებილ თმას. მშობელს პროტესტის უფლება არ აქვს. ვაითუ, შვილი რომელიმე არასამთავრობოსთან მივიდეს და რიგითი მშობლიდან მოძალადე დედად ან მამად ზუსტად იმდენ ხანში იქცევით, რამდენიც თქვენამდე მოსვლას დასჭირდება ტელევიზიებსა და არასამთავრობოებს. მერე საქმეში ფსიქოლოგები ჩაერევიან და, შესაძლოა, ნერვებმოშლილს ისეთი რამ წამოგცდეთ, ბავშვის აღზრდა საერთოდ აგიკრძალონ და შვილი წაგართვან.

ანალოგიური რამ ხდება სკოლებშიც. მაჩვენეთ ერთი ადამიანი მაინც, უფროსი თაობის, რომლისთვისაც მასწავლებელს სკოლაში არ დაუყვირია იმ 10 თუ 11 წლის განმავლობაში; ყური არ აუწევია. მაგრამ ახლა ასე არ ხდება. საკმარისია, მასწავლებელმა ხმას აუწიოს და მოსწავლეები ერთმანეთს ასწრებენ მანდატურის ოთახში მისვლას, იქ განცხადების დაწერას და მერე ერევა ეთიკის კომისია, სოციალური სამსახური, სახელმწიფო თავისი რესურსით და, თუ დამტკიცდა, რომ მასწავლებელმა ხმას აუწია (არაფერს ვამბობთ ხელით შეხებაზე), სამსახურს დაკარგავს. აი, ფიზიკურად თუ შეეხო მოსწავლეს, შეიძლება პასუხისგებაშიც კი მისცენ. საინტერესოა, რომ, თუ პირიქით მოხდება, ანუ თუ მოწავლე უყვირებს მასწავლებელს ან ფიზიკურად შეეხება, მას არც სკოლიდან რიცხავენ, არც სასჯელს უსჯიან, უბრალოდ, ამბობენ, რომ რთული ბავშვია და მერე რამდენიმე ადამიანი დაზეპირებული და ევროპაამერიკაში აპრობირებული ფრაზებით ცდილობს, ბავშვს ჭკუა ასწავლოს, რაც, როგორც წესი, უშედეგოდ სრულდება. ძაღლიც კი, თუ მიხვდა, რომ პატრონი ერიდება და მასზე ძლიერი არ არის, თავნებობს, არ ემორჩილება, საჭირო მომენტში უღრენს და დარწმუნებულია, რომ შიშის გამო მას არაფერს ეტყვიან. ასეა მოზარდის ფსიქოლოგიაც, როცა ხვდება, რომ მასწავლებელს მისი ეშინია, არ უჯერებს, თავნებობს და რეალურად მასწავლებელს მოსწავლის კი არა, სამსახურის დაკარგვის ეშინია, ამიტომ ითმენს, ბევრ რამეს მიუტევებს მოსწავლეს, ისეთ რამესაც, რასაც, წესით, არ უნდა მიუტევებდეს. სკოლაგამოვლილი თაობა აღარ არის ისეთი, როგორიც ადრე იყო. ახლანდელი თაობა ცოტა თავხედი, ცოტა თავნება, უფროსების აზრის მოსმენის სურვილის არმქონეა. სკოლადამთავრებულ ბავშვს (ჰო, ბავშვს) სჯერა, რომ დიდია, რომ დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი და საბოლოოდ ვიღებთ იმას, რომ მშობლები შვილებს ვერ ცნობენ, არ იციან, რა უჭირთ, რა ულხინთ, რა უხარიათ. გაუგებრობებიც აქედან იწყება და…

თუ გახსოვთ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ევროპა-ამერიკისკენ პირველი ფანჯარა რომ გაიჭრა, ხშირად მოისმენდით: იცი, ბავშვი სკოლას რომ ამთავრებს ამერიკაში და ევროპაში, შინიდან მიდის, მშობლებს აღარ უჯერებს, ცალკე ცხოვრობს. ეს მაშინ წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა. ვერც იმას ვხვდებოდით, რატომ უნდა დაურეკო დედას ან მამას და ითხოვო სტუმრად მისვლის ნებართვა ან პირიქით. ანუ, ის, რაც არ მოგვწონდა, რაც წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა, გუგულის კვერცხივით ისე ჩაგვიდეს გონებაში, ვერც კი მივხვდით და ახლა უმრავლესობას ეს სწორად მიაჩნია. სწორად მიაჩნია ისიც, რომ ბავშვმა ტრანსპორტში უფროსს ადგილი არ უნდა დაუთმოს; რომ არ არის აუცილებელი, უფროსების პატივისცემა, მათი აზრის მოსმენა, მერე რა, რომ გამოცდილება მეტი აქვთ. თავზე გადაგვახიესდედა ენადა ნელნელა აასრულეს მოწოდება, რომ პირველკლასელმააი იასნაცვლადაი მეუნდა გაითავისოს.

ერთი შეხედვით ისე გამოდის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა მშობლებზე უკეთ იციან, რა სჭირდება შვილს. ისე თავგამოდებით საუბრობენ ხოლმე ბავშვების მომავალზე, თითქოს მშობლებზე მეტად უყვართ და რომ ჰკითხოთ, ამის მტკიცებასაც დაგვიწყებენ. დღეს კი აკრიტიკებენ საბჭოთა განათლების სისტემას, მაგრამ ვაღიაროთ, რომ ის სისტემა სწავლის დონითაც, ერის განსწავლულობითაც, პროფესიონალიზმითაც დღევანდელ განათლების სისტემაზე ათი თავით მაღლა იდგა. ამის ნათელი მაგალითი კი თუნდაც ის სამი ექიმია, რომლებმაც საქმით დაუმტკიცეს მსოფლიოს თავიანთი სიძლიერე.

ამიტომ ბევრი ესაუბრეთ შვილებს, ბევრი დრო გაატარეთ მათთან, ასწავლეთ კარგისა და ცუდის გარჩევა; მიაჩვიეთ, რაც შეიძლება ნაკლები საიდუმლო ჰქონდეს თქვენგან, რადგან მშობელს შვილისთვის კარგი კი არა, ყოველთვის საუკეთესო უნდა; იცოდეთ, სად მუშაობს და რას აკეთებს თქვენი შვილი; იცოდეთ მისი სამეგობრო წრე; არასრულწლოვანი შვილები ღამით არ გაუშვათ გარეთ მარტო; დაინტერესდით ნებისმიერი მათი პრობლემით და არ იფიქროთ იმაზე, რომ გამოხტება შემდეგ ვიღაც არასამთავრობო და პასუხს მოგთხოვთ. თქვენ მართალი, უწინარესად, საკუთარი თავისა და შვილების წინაშე უნდა იყოთ. სხვაგვარად ბოლოს ხელში შვილი კი არა, უცხო ადამიანი შეგრჩებათ, რომლის შესახებ არაფერი არ გეცოდინებათ.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here