Home სხვადასხვა დაიჯესტი შეძლებს თუ არა ევროპა ეპიდემიის გადატანას?

შეძლებს თუ არა ევროპა ეპიდემიის გადატანას?

945
შეძლებს თუ არა ევროპა ეპიდემიის გადატანას?

სოლიდარობა ევროკავშირულად: მაროდიორობა სახელმწიფო დონეზე

ევროკავშირმა, პირველად თავის ისტორიაში, შეაჩერა სტაბილურობისა და ზრდის პაქტის მოქმედება. ეს არის ევროს ზონის საბაზისო დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ორ მთავარ ფინანსურ მოთხოვნას ევროკავშირის წევრების მიმართ: 1. სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი არ უნდა აღემატებოდეს მშპის 3%-; 2. სახელმწიფო ვალი უნდა იყოს მშპის 60%-ზე ნაკლები. ევროკავშირის ეკონომიკისა და ფინანსების საბჭომ ასეთ რადიკალურ ზომას მიმართა კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული პანდემიის მძიმე შედეგების პროგნოზის გამო ევროკავშირის ეკონომიკისთვის.

ამ მომენტისთვის ევროკომისია 2020 წელს ეკონომიკის 1-პროცენტიან დაცემას ელოდება, მაგრამ, ინსაიდერების ხელთ არსებული ინფორმაციით, ბრიუსელში უფრო პირქუშ სცენარსაც განიხილავენ, რომელიც 2,5-პროცენტიან კლებას ითვალისწინებს, აგრეთვე, უმუშევრობის დონის მკვეთრად მატებას. მეტიც, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ეს შეფასებაც შეიძლება ძალიან ოპტიმისტური იყოს, რადგან არავინ იცის, როდემდე გაგრძელდება საკარანტინო და შემზღუდავი ზომები.

აშკარაა, რომ ეკონომიკისა და სოციალური სფეროს მხარდასაჭერად სახელმწიფოებს მოუწევთ ახალი უზარმაზარი ვალების აღება, რომლის გამოც შეაჩერეს ევროპისთვის საერთო ფინანსური მოთხოვნების მოქმედება.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ფინანსურ მოთხოვნებს, დიდი ხანია, არ იცავენ ამ გაერთიანების წევრები; განსაკუთრებით იმ მოთხოვნას, რომელიც ეხება სახელმწიფო ვალს. 2008-2009 წლების მსოფლიო კრიზისისას რამდენიმე ევროპულმა სახელმწიფომ (ძირითადად, სამხრეთ ევროპის) მიაფურთხა საბიუჯეტო დისციპლინას და ტრილიონები დახარჯა თავისი საბანკო სექტორის გადასარჩენად, რამაც დაკრედიტების უკონტროლო მატება გამოიწვია და დეფოლტის წინაშე დააყენა იტალია, ესპანეთი, ირლანდია და სხვა ქვეყნები, ყველაზე ძალიან კი საბერძნეთს გაუჭირდა.

ამის მიუხედავად, ევროკავშირს ადრე არასოდეს გადაუხვევია თავისი წესებისგან. ამჟამინდელი გადაწყვეტილება კი მიუთითებს, რა პირქუშია, ევრობიუროკრატების აზრით, პერსპექტივა, თუმცა ახლა დროება ისეთია, რომ ბრიუსელის გადაწყვეტილება გამოიყურება არა როგორც მძიმე პერიოდის დაძლევის ნება, არამედ, როგორც საკუთარი უსუსურობის ოფიციალური აღიარება და ევროპის ერთობის უმძიმეს კრიზისში ყოფნის კიდევ ერთი დასტური. ეპიდემიამ წარმოაჩინა ევრობიუროკრატიის აბსოლუტური უუნარობა, ეფექტიანად იმოქმედონ კრიტიკულ ვითარებაში. სრული პასუხისმგებლობა ეროვნულ მთავრობებს დააწვათ მხრებზე. ზოგიერთი მთავრობის, კერძოდ, იტალიის, თავდაპირველმა იმედმა, რომ ევროკავშირი დაეხმარებოდა, აუცილებელი ზომების მიღება დააგვიანა და ვითარება გაამწვავა.

შეძლებს თუ არა ევროპა ეპიდემიის გადატანას?

მეტიც: სახელმწიფოების მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა გამოიწვია კონფლიქტები, მათ შორის, ძალიან სკანდალურიც. დასავლური პრესა სავსეა ურთიერთსაყვედურებითა და წყენის დაუფარავად გამოხატვის ფაქტებით, რომლებიც ბევრს არასოდეს დაავიწყდება. ეკონომიკური კრიზისი მხოლოდ ჯიბეს ურტყამს და აქ, შესაძლოა, სხვადასხვა მიდგომა ევროპული სოლიდარობის მიმართ, რომლის შესახებაც ბევრს ლაპარაკობდნენ ბოლო ათწლეულში. ეპიდემიის პერიოდში მაღალ ჰუმანურ იდეებზე უარის მყისიერად თქმა კი, გულწრფელობის თვალსაზრისით, ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს.

ბოლო კვირებში მსოფლიომ ბევრი რამ ნახა: იტალიის თხოვნის იგნორირება სამედიცინო მოწყობილობებისა და დაცვის ინდივიდუალური საშუალებების მიწოდების შესახებ; ევროპელთა უარი, თავიანთი თავისუფალი სამედიცინო სიმძლავრეები მეზობლებისთვის გაეზიარებინათ; უმკაცრესი აკრძალვა სამედიცინო დამცავი საშუალებებისა და სახარჯი მასალების გატანაზე; იმ ტვირთების დაკავებაც კი, რომლებიც სხვა სახელმწიფოებს ეკუთვნოდათ.

აქ ყველაზე სკანდალურად მოიქცნენ ჩეხები, რომლებსაც ხელში ჩაუვარდათ ჩინეთიდან ჰუმანიტარული დახმარების სახით იტალიაში გაგზავნილი 680 ათასი ნიღაბი და 28 ათასი რესპირატორი. ჩეხებმა ეს ყველაფერი გაინაწილეს. ამის გამო ისეთი ამბავი ატყდა, რომ ჩეხეთის ხელისუფლება იძულებული შეიქნა, ბოდიში მოეხადა და იტალიელებისთვის ნაწილობრივ მაინც აენაზღაურებინა დანაკარგი.

სხვათა შორის, მეზობლების აღმაშფოთებელ საქციელზე ჩივის, პრაქტიკულად, ყველა, თვით შვეიცარიაც კი, რომელიც არ შედის ევროკავშირში.

ბოლო დღეებში ვითარება ცოტა გაუმჯობესდა, კერძოდ, გერმანიამ დაიწყო დაავადებულთა მიღება იტალიიდან და საფრანგეთის ელზასიდან. როგორც ჩანს, ევროპული სახელმწიფოების ხელმძღვანელობის შეგნებამდე დავიდა ის, რომ მათი საქციელი ძალიან არაკეთილსინდისიერია ეს განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ იტალიას ე.წ. არაცივილიზებული ქვეყნები ეხმარებიან.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრ ლუიჯი დი მაიოს აეროდრომზე ყოფნისას გადაღებულ ვიდეორგოლს, რომელშიც ასახულია, როგორ ცლიან რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავებს, რომლებმაც იტალიაში ეპიდემიასთან ბრძოლისთვის საჭირო მოწყობილობები, მედიკამენტები ჩაიტანეს და სამხედრო ექიმებიც ჩაიყვანეს, “ფეისბუკში” 4 მლნ ნახვა ჰქონდა. იტალიელთა დაახლოებით 100 ათასი კომენტარიდან უმრავლესობაში იტალიის მეზობლები, ევროკავშირი და ე.წ. ევროპული სოლიდარობა ძალიან ცუდი სიტყვებით იყო მოხსენიებული.

ასე რომ, ახალი ზომები და გადაწყვეტილებები ბევრს ვერაფერს შეცვლის შექმნილ რეალობაში. ბოლო კვირებში გაირკვა, რომ ერთიანი ევროპა, უბრალოდ, არ არსებობს არც ემოციურად, არც ინსტიტუციურად.

გასაკვირი არ არის, რომ ევროპელები სვამენ კითხვას _ რა აზრი აქვს სისტემას, რომელიც ბევრი ქვეყნისთვის აწესებს ერთობლივ წესებსა და ნორმებს, ხელმძღვანელობს მათ, მოითხოვს უამრავ ფინანსებს საკუთარი თავის შესანახავად, მაგრამ მწვავე საკითხების გადაწყვეტისას უსარგებლო და უმწეოა?

ჩნდება კითხვა: ხომ არ გაგრძელდება ეპიდემია იმდენ ხანს, რომ ევროპა მიხვდეს, რომ მას ევროკავშირი სულაც არ სჭირდება?

ria.ruზე გამოქვეყნებული ირინა ალკსნისის წერილის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here