რომელი ფაქტორები აქცევს ევროპას ეკონომიკურ გიგანტად და, ამასთანავე, პოლიტიკურ ჯუჯად? როგორ შეიძლება ევროკავშირმა დაძლიოს ეს დილემა? იმის გასარკვევად, შეუძლია თუ არა ევროპას, თავი დააღწიოს აშშ–ის მეურვეობას და იქცეს დამოუკიდებელ მოთამაშედ, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, დავაზუსტოთ, რომ საუბარია ევროკავშირზე მის ამჟამინდელ კონფიგურაციაში, პლუს ბრიტანეთზე, რომელმაც ცოტა ხნის წინათ დატოვა ევროკავშირი, მაგრამ ზეგავლენას ახდენს ევროპული სასაქონლო ექსპორტის სიდიდეზე.
ევროპა ყოველთვის იყო მსოფლიო პოლიტიკის ცენტრი და, მისი პოტენციალის თვალსაზრისით, ყველაზე ძლიერი რეგიონი, მაგრამ ისტორიული დაქსაქსულობა ხელს უშლიდა ამ პოტენციალის გამოყენებაში. ევროპის ბირთვის შესახებ, რომელიც შედგება ექვსი ქვეყნისგან (გერმანია, ნიდერლანდები, საფრანგეთი, იტალია, ბრიტანეთი, ბელგია), შეგვიძლია ვთქვათ, რომ არა მხოლოდ გერმანია, არამედ თითოეული მათგანი სხვადასხვა ხარისხით არის ეკონომიკური გიგანტი და პოლიტიკური ჯუჯაც. ეს მახასიათებელი ასევე ეხება ევროკავშირსაც, რომელსაც დამფუძნებლებმა გადასცეს საერთო ეკონომიკური სიძლიერე და ინდივიდუალური პოლიტიკური სისუსტე.
სინამდვილეში ევროპის პოტენციალი, თუნდაც ევროკავშირის სახით, საკმაოდ დიდია აშშ–ის ჩრდილიდან გასასვლელად. კრიზისის მიუხედავად, ევროკავშირის საგარეო სავაჭრო ბალანსი დადებით სალდომდეა დასული, ექსპორტ–იმპორტის მაჩვენებლები კი ყველაზე მაღალია მსოფლიოში.
ევროკავშირი აკონტროლებს საქონლით საერთაშორისო ვაჭრობის 1/3-ს, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან შედარებით (NAFTA) უპირატესობა აქვს: 33,4% და 32,6% _ ეს ევროკავშირის წილია მსოფლიო სასაქონლო ექსპორტსა და იმპორტში 13,7%-ისა და 18,3% -ის წინააღმდეგ NAFTA-ს ანალოგიური მაჩვენებლების წინააღმდეგ, სადაც სავაჭრო ბალანსი, დიდი ხანია, შემცირდა უარყოფით სალდომდე, თანაც აშშ-ის ბლოკის ლიდერი კვლავ ინარჩუნებს საგარეო ვაჭრობის ქრონიკულ დეფიციტს. საგარეო სავაჭრო კავშირების განვითარების თვალსაზრისით, ევროკავშირის მაჩვენებლები ამერიკის შეერთებული შტატებისაზე უკეთესია. სწორედ ესაა აშშ–ის დაინტერესების ერთ–ერთი მიზეზი, ჩართოს ევროკავშირი რუსეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკაში _ სურვილი, შეანელოს თავისი პოტენციური კონკურენტის ეკონომიკური განვითარების ტემპი. ევროკავშირის შემადგენლობიდან დიდი ბრიტანეთის გასვლისას, მისი მთლიანი ექსპორტის მაჩვენებელი 7,5-8,5%-ით შემცირდა და შეადგენს 31%-ს, მაგრამ დიდი ბრიტანეთის გარეშეც კი ევროკავშირი შეინარჩუნებს წამყვან პოზიციას სასაქონლო ექსპორტში.
ევროკავშირის ექსპორტი 2019-2020 წლებში წილების მიხედვით ასე გამოიყურებოდა: აშშ _ 22%, დიდი ბრიტანეთი _ 13%, ჩინეთი _ 10,5% და 11%, შვეიცარია _ 7,44%, რუსეთი _ 4,09%, თურქეთი _ 3,65%, იაპონია_ 2,76%, ნორვეგია _ 2,5%, სამხრეთი კორეა _ 2,34%, კანადა _ 1,73%, ანუ აშშ რჩება ევროკავშირის პროდუქციის გაყიდვის მთავარ ბაზრად, რომელსაც ამჟამად ალტერნატივა არ აქვს. ევროკავშირის ექსპორტი აშშ–ში 400 მლრდ დოლარს, ხოლო ჩინეთში 230 მლრდ დოლარს შეადგენს. ესაა ამერიკის შეერთებულ შტატებზე ევროპის დამოკიდებულების ეკონომიკური მიზეზი.
ევროკავშირის ეკონომიკური პოტენციალი ქმნის შესყიდვისუნარიანობის დიდ მოცულობას ევროპული ბაზრისთვის. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2018 წელს ევროკავშირის მშპ-ს მოცულობამ 18.4 ტრილიონი დოლარი შეადგინა (აშშ-ში _ 19.4 ტრილიონი დოლარი), მაგრამ PPP-ის (მსყიდველუნარიანობის პარიტეტი) გაანგარიშებით, ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტი შეადგენს 21.1 ტრილიონ დოლარს, ანუ მსოფლიო მშპ-ის 26,6%-ს, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატებისა _ 19,5 ტრილიონ დოლარს, ანუ 15,3%-ს. ევროკავშირის მოსახლეობა 512,6 მილიონზე მეტი ადამიანია, რაც 1,6-ჯერ მეტია აშშ-ის მოსახლეობაზე, მაგრამ ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მოცულობით, ევროკავშირი ოდნავ ჩამორჩება აშშ-ს _ 41.1 ათასი დოლარი 59.6 ათასი დოლარის წინააღმდეგ.
ამრიგად, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკური და დემოგრაფიული პოტენციალის შედარებისას შეიძლება ითქვას, რომ, თუ ევროპა პოლიტიკურად კონსოლიდირებული იქნება, მას შეეძლება, თავი დააღწიოს აშშ–ის მეურვეობას და გახდეს გლობალური ძალის დამოუკიდებელი ცენტრი, რომლის პროეცირებაც მის ინტერესებში შემავალ ნებისმიერ რეგიონშია შესაძლებელი, მაგრამ პოლიტიკურად გაყოფილი ევროპა, საკუთარი გლობალური ფინანსური ინსტიტუტების, ელიტის კონსოლიდაციის მექანიზმების არარსებობისა და ამერიკის შეერთებულ შტატებზე სამხედრო დამოკიდებულების გამო, ახლო მომავალში ვერ მოახერხებს ვაშინგტონის დიქტატისგან გათავისუფლებას. ასეთი კონსოლიდაციისთვის ევროპას, უპირველეს ყოვლისა, სჭირდება ბრიტანეთის პოლიტიკური იზოლაცია, ხოლო მისი ჩართულობა ევროპის ეკონომიკაში ამას შეუძლებელს ხდის. ბრიტანეთის საკითხის გადაწყვეტის გარეშე ევროპის სუვერენიტეტი შეუძლებელია.
ევროპის ისტორია მისი სახელმწიფოების ეროვნული ელიტების მტრობაა. ერთიანი ევროპული პროექტის შეუძლებლობა საშუალებას არ აძლევს გერმანულ–ფრანგულ–იტალიურ ბლოკს, შეძლოს ბრიტანეთის იზოლირება მის კუნძულზე. ჰიტლერი ნაპოლეონის შემდეგ ერთადერთი იყო, ვინც მჭიდროდ მიუახლოვდა ინგლისის იზოლაციისა და ევროპის კონსოლიდაციის საკითხის გადაწყვეტას გერმანიის ეგიდით.
თუმცა “გლობალური გერმანიის” პროექტს არ ჰქონდა ფინანსური შემადგენელი, იგი ეყრდნობოდა დოლარს (გერმანიის სამხედრო კრედიტები ამერიკის შეერთებული შტატებისგან, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იყო გერმანული მარკის სტაბილიზაცია, ჰიპერინფლაციის შეჩერება და ეკონომიკური აღმასვლის დაწყება), აგრეთვე, გერმანული და ანგლო-ამერიკული ფინანსური და ინდუსტრიული ხელმძღვანელობის კავშირებს ჰოლანდიისა და შვეიცარიის მონაწილეობით. აშშ-მა აქ წამყვანი როლი ითამაშა და ამიტომაც სუვერენული გერმანული ფინანსური პროექტის არარსებობამ არ მისცა რეალიზების საშუალება ევროპის ოკუპაციის კვალდაკვალ.ჰიტლერი ფინანსური საკითხის გადაწყვეტას გერმანიის სამხედრო გამარჯვების შემდეგ აპირებდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, რადგან კოლონიები, რომლებიდანაც შესაძლებელი იყო რესურსების ამოქაჩვა გაჭიანურებული ომისთვის, ეკუთვნოდა ინგლისს, საფრანგეთსა და აშშ–ს. რუმინეთის ნავთობის საბადოები და ჩეხეთის ქარხნები საკმარისი არ აღმოჩნდა. გერმანია ეკონომიკურად სუსტი იყო გლობალური დომინაციისთვის და ეს სისუსტე ვერ კომპენსირდებოდა სამხედრო საშუალებებით.
ისტორიამ აჩვენა, რომ შეუძლებელია ევროპის კონსოლიდაცია ერთი რომელიმე ევროპული ქვეყნის სიძლიერეზე დაყრდნობით, რადგან ბრიტანეთი ეყრდნობა ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერებას. ინგლისის დამარცხებისა და შეერთებული შტატებისგან გამოყოფის გარეშე ევროპული ინტეგრაციის ცენტრის წარმოქმნა არარეალურია. ნებისმიერი ევროპელი ინტეგრატორი ომის მდგომარეობაში აღმოჩნდება ორ ან სამ ფრონტზე. და რუსეთი მხარს დაუჭერს ამას, რადგან ვითარება, როდესაც ერთი სახელმწიფო დომინირებს ევროპაში (არ აქვს მნიშვნელობა, ინგლისი, გერმანია თუ საფრანგეთი) საპირწონეებისა და შემაკავებლების გარეშე, რუსეთისთვის მიუღებელია. შედეგად, ევროპის ინტეგრაცია გაგრძელდა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით. ევროს ფინანსური სიძლიერე დამოკიდებულია აშშ-ის დოლარსა და მის საერთაშორისო ინსტიტუტებზე, ხოლო მსოფლიო ვაჭრობა, რომელიც ევროპას ეკონომიკურ გიგანტად აქცევს, ხორციელდება ზღვით და კონტროლდება შეერთებული შტატების მიერ. სწორედ ეს წარმოაჩენს ევროპას პოლიტიკურ ჯუჯად.
ევროპისთვის სახმელეთო ალტერნატივა შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩინეთი და შეერთებული შტატები ამოწურავენ თავიანთი დაპირისპირების პოტენციალს და ცხადი იქნება, რამდენად წარმოიქმნება ევროპისთვის ამერიკული ბაზრისა და სამხედრო “ქოლგის” ალტერნატივა. ბოლო ხანებამდე ევროპა თავს არიდებდა სამხედრო ხარჯების გაზრდას და ამას შეერთებულ შტატებს აკისრებდა.
ჩინეთი და რუსეთი ევროკავშირისა და აშშ-ის გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეები არიან, რაც უბიძგებს ევროკავშირს შეერთებულ შტატებთან ალიანსისკენ. აშშ-თან დაპირისპირება უფრო მეტად ასუსტებს ევროკავშირს, ვიდრე აძლიერებს, ვინაიდან ევროკავშირს ჯერ კიდევ არ შეუძლია, შეავსოს ამერიკული ძალის ვაკუუმი ერთიანი პოლიტიკური და სამხედრო ინსტიტუტების არარსებობის გამო. ევროპის პოლიტიკური ელიტა აშშ-მა ჩამოაყალიბა მეორე მსოფლიო ომის შედეგად და ევროპაში ნებისმიერი ანტიამერიკანიზმი მარგინალიზებული იქნება.ამრიგად, მიუხედავად ევროპის პოტენციური მზადყოფნისა, თავი დააღწიოს აშშ–ის მეურვეობას, ეს არ მოხდება ევროპაში ანგლო–ამერიკული ბლოკის კრახისა და ევროპული ბიზნესის უნარის გარეშე, ალტერნატივა გამოუძებნოს ამერიკულ ბაზარს. რუსეთისა და გერმანიის ბუნებრივი აირის პროექტები აახლოებს ამ შესაძლებლობას, მაგრამ გერმანიასაც კი არ შეუძლია პროამერიკული ლობის იზოლირება საკუთარ თავში.
სანამ ევროპა ემზადება რუსეთთან საბრძოლველად (თუნდაც ნატოს სახით, აშშ-ის ხელით), ის ვერ მიაღწევს სუვერენიტეტს. თუკი სუბიექტობა შესაძლებელი იქნება ევროკავშირში, მაშინ მხოლოდ გერმანია უხელმძღვანელებს ასეთ მოძრაობას. ეს კი ნიშნავს, რომ მისი მთავარი მტრები უნდა იყვნენ არა რუსეთი და ჩინეთი, არამედ ინგლისი და საფრანგეთი. აღმოსავლეთში ეს იქნება პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, ჩეხეთი და უკრაინა, ანუ ანგლო-ამერიკელთა ყველა ამჟამინდელი ვასალი, რომელთა ელიტაც სენიორების კრახს პირად კრახად აღიქვამს. სანამ გერმანია წყვეტს ჰიტლერის პრობლემას: ვინ არის მისი მთავარი მტერი _ რუსეთი თუ ინგლისი, და მიდრეკილია ინგლისთან ალიანსისკენ რუსეთის წინააღმდეგ, ევროპა ვერ იქნება სუვერენული და კონსოლიდირებული ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე. რუსეთისგან მომავალი საფრთხე ერთადერთი საშუალებაა, ევროპა აშშ-მა დაიმორჩილოს.
დაქუცმაცებულ ევროპას სჭირდება აშშ–ის არბიტრაჟი, რადგან დამოუკიდებლად კონსოლიდაციის უნარი არ შესწევს. რუსეთს ამით რომ არ ესარგებლა, ევროპამ სუვერენიტეტი აშშ–ს დაუთმო. ევროპის ამჟამინდელი ამბივალენტურობა არის მისივე პოლიტიკური სისუსტის წყარო. შეუძლებელია, დარჩე მრავალვექტორულად მსოფლიოს დაპირისპირებულ ბანაკებად დაყოფის ეპოქაში და ევროპა ირჩევს აშშ–ის ბანაკს. მასთან ერთად აღდგება და მასთან ერთად დაიღუპება. რუსული მილსადენების მეშვეობით ამერიკულ და ჩინურ სკამებს შორის წონასწორობის დაცვის მცდელობა ევროპას, შესაძლოა, ძალიან ძვირი დაუჯდეს.
russtrat.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ნინო ბერიძემ