Home რუბრიკები სპორტი შერეული საბრძოლო ხელოვნების ორთაბრძოლები _ შექმნისა და განვითარების ისტორია

შერეული საბრძოლო ხელოვნების ორთაბრძოლები _ შექმნისა და განვითარების ისტორია

კანძი ინიკოსა და მუჰამედ ალის ორთაბრძოლა

MMA თანამედროვე შერეული საბრძოლო ხელოვნების ორთაბრძოლებია. MMA ასე იშიფრება: მიხედ მარტიალ არტს _ შერეული საბრძოლო ხელოვნებები. MMA- სპორტსმენები უნივერსალური მებრძოლები არიან. მათ შეუძლიათ დაარტყან ერთმანეთს ხელებით, როგორც კრივში; ფეხებით _ როგორც კარატეში; იჭიდაონ, როგორც სამბისტებმა ან ძიუდოისტებმა. ეს ყველაფერი ძალიან მიმზიდველი სანახაობაა.

ტექნიკა და სტილი

ორთაბრძოლები მიმდინარეობს სრული კონტაქტით. მოწინააღმდეგეებს შეუძლიათ, დაარტყან ერთმანეთს ხელებითა და ფეხებით, იჭიდაონ დგომში ან პარტერში. წარმატების მისაღწევად სპორტსმენები სწავლობენ სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნების ილეთებს.

“დარტყმების რეჟიმში” მებრძოლები იყენებენ კრივის, კარატეს, მუაი-ტაისა და კიკბოქსინგის ილეთებს, ჭიდაობისას კი თავისუფალი, ბერძნულ-რომაული ჭიდაობის, ძიუდოსა და სამბოს ილეთებს.

ოქტაგონი
ოქტაგონი

MMA- შექმნის ისტორია

თანამედროვე შერეული ორთაბრძოლების სტილის შექმნა რამდენიმე მოვლენამ განაპირობა. ისტორიული მიმართულებები ყოველთვის ცალკე ვითარდებოდა, მაგრამ ზოგჯერ ესა თუ ის ილეთი ერთი სახეობიდან მეორეში გადაჰქონდათ და ზოგიერთი საბრძოლო ხელოვნება მხოლოდ XX საუკუნის ბოლოს გაერთიანდა.

ძველბერძნული პანკრატიონი პირველი ცნობილი შერეული ორთაბრძოლებია. შერეული ორთაბრძოლები იმართებოდა ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 700-500 წლის წინათ ოლიმპიურ თამაშებზე. მათ პანკრატიონს უწოდებდნენ. გლადიატორების ბრძოლების ეპოქაში პანკრატიონმა პოპულარობა დაკარგა, რადგან გლადიატორების ბრძოლას კონკურენციას ვერ უწევდა სისასტიკისა და სანახაობრიობის მხრივ.

XXI საუკუნის ბოლოს ევროპაში შეიქმნა საბრძოლო ხელოვნების რამდენიმე დამოუკიდებელი სკოლა. ამ სკოლების წარმომადგენლები ერთმანეთს იწვევდნენ საბრძოლველად. იმხანად უჩვეულო იყო, რომ მაგალითად, მოკრივე ებრძოდა მოჭიდავეს.

MMA-ს განვითარების ისტორიაში დიდი წვლილი შეიტანეს ძმებმა გრეისებმა და მათმა მასწავლებელმა, იაპონელმა ოსტატმა მიცუიო მაედამ.

XX საუკუნის დააწყისში მაედა ჩავიდა ბრაზილიაში, იქ გაიცნო გასტონ გრეისი და მის შვილებს საბრძოლო ხელოვნება შეასწავლა. ბიჭებმა, როცა წამოიზარდნენ, თავიანთი სკოლა გახსნეს. ასე გაჩნდა ბრაზილიაში 1925 წელს ჯიუ-ჯიცუ. ძმები გრეისების აღზრდილები დროთა განმავლობაში სხვა სკოლების მოსწავლეებს დაუპირისპირდნენ. მათ შორის ორთაბრძოლები თითქმის წესების გარეშე მიმდინარეობდა, თუმცა გარკვეული შეზღუდვები მაინც იყო. ამ ორთაბრძოლებს სახელიც შესაბამისი ჰქონდა ვალე-ტუდო, რაც პორტუგალიურიდან ასე ითარგმნებოდა _ ყველაფერი ნებადართულია.

გიგა ჭიკაძე
გიგა ჭიკაძე

ყველაზე გახმაურებული შერეული ორთაბრძოლა XX საუკუნეში

ეს იყო იაპონელ მებრძოლ კანძი ინოკისა და ამერიკელ მოკრივე მოჰამედ ალს შორის ორთაბრძოლა, რომელიც 1976 წლის 26 ივნისს გაიმართა და ფრედ დასრულდა. ამ შეხვედრამ დიდი გავლენა იქონია MMA-ს განვითარებაზე _ ინოკი მიახლოების საშუალებას არ აძლევდა ალის და ცდილობდა, ლოუ-კიკებით ფეხებში დარტყმებით წაექცია. ბრძოლაში გამარჯვებული არ გამოვლენილა, მაგრამ ალი კინაღამ გამოეთხოვა კრივს _ ბევრი ლოუ-კიკის მიღების გამო ორი თრომბი წარმოექმნა.

ბრუს ლი და მისი ჯით კუნდო

გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს ბრუს ლიმ შექმნა საბრძოლო ხელოვნების სისტემა ჯით კუ-ნდო. კონცეფცია ეფუძნებოდა სპორტსმენის უნარს, ებრძოლა ნებისმიერი სტილის მეტოქესთან.

საბჭოთა სამბო და ხელჩართული ორთაბრძოლები

ორთაბრძოლების ეს მიმართულებები, ილეთების არსენალის მიხედვით, ყველაზე მეტად ჰგავს თანამედროვე MMA-ს. ეს სისტემები საბჭოთა არმიაში შეიმუშავეს სპეციალური დანიშნულების რაზმების მებრძოლებისთვის და დიდი გავლენა იქონია MMA-ს განვითარებაზე _ სამბოს ტექნიკასა და ილეთებს დღესაც იყენებენ თანამედროვე მებრძოლები.

MMA საბოლოოდ ჩამოყალიბდა XX საუკუნის 90-იან წლებში. შერეული ორთაბრძოლების პირველი ორგანიზაციები შეიქმნა ბრაზილიაში, იაპონიასა და აშშ-ში.

რომან დოლიძე
რომან დოლიძე

1993 წელს აშშ-ში გაიმართა შეჯიბრება (Ultimate Fighting Championship_ აბსოლუტური მებრძოლების ჩამპიონატი). ჩემპიონის ტიტულისთვის სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლები იბრძოდნენ. გაიმარჯვა როის გრეისმა _ ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუს წარმომადგენელმა. UFC-ს პირველ ბრძოლებს მხოლოდ სანახაობისთვის აწყობდნენ. შემდეგ კი გადაწყვიტეს, პლანეტის უძლიერესი მებრძოლი გამოევლინათ, მაგრამ დევიზმა “წესი არ არსებობს” შეჯიბრებას ნეგატიური გამოხმაურება მოუტანა _ ორთაბრძოლები გააკრიტიკეს და აკრძალეს აშშ-ის რამდენიმე შტატში. ამის გამო ტელევიზიებმაც დაკარგეს ამ ორთაბრძოლებისადმი ინტერესი.

UFC გაკოტრების პირას იყო, მაგრამ ის კომპანია Zuffa LLC-მ გამოისყიდა 2 მლნ დოლარად და 2001 წელს ორთაბრძოლები განახლდა.

ამჟამად MMA სწრაფად ვითარდება _ იქმნება ახალი სკოლები და ორგანიზაციები, მოიმატა შეჯიბრებებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვის რაოდენობამ, ორთაბრძოლებს აჩვენებენ ტელევიზიები. იგეგმება, რომ სპორტის ეს სახეობა შეიტანონ ოლიმპიური თამაშების პროგრამაში.

MMA- წესები: ბრძოლები, ოქტაგონი, კატეგორიები და ეკიპირება

MMA _ ეს არის ორთაბრძოლა, რომელშიც დაშვებულია დარტყმები ხელებითა და ფეხით, ხელის ჩაჭიდება და გდება, აგრეთვე, მახრჩობელა ილეთები. სერიოზული ტრავმებისა და ლეტალური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად დაწესებულია შეზღუდვები. აკრძალულია:

* დარტყმა თავით;

* დარტყმა კეფაში, საზარდულსა და ტრაქეაზე;

* თვალებზე თითის დაჭერა;

* კბენა;

* დაკაწვრა;

* მეტოქის გადაგდება რინგის გარეთ;

* ფეხით ცემა მეტოქისა, რომელსაც წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლია.

ბრძოლა შედგება რამდენიმე 5-წუთიანი რაუნდისგან; რაუნდებს შორის შესვენება 1 წუთია; რაუნდების რაოდენობა განისაზღვრება ორთაბრძოლის სტატუსის მიხედვით:

* საჩემპიონო ბრძოლა _ 5 რაუნდი;

* სხვა ბრძოლებში _ არა უმეტეს 3 რაუნდისა.

ბრძოლის შედეგი შეიძლება იყოს რამდენიმე:

* ნებაყოფლობითი დანებება;

* ნოკაუტი;

* ტექნიკური ნოკაუტი;

* ქულების დათვლის მიხედვით;

* ფრე;

* ტექნიკური გადაწვეტილება.

ოქტოგონი. ორთაბრძოლები იმართება სპეციალურ 8-კუთხიან და რკინის ბადით შემოსაზღვრულ მოედანზე, შესაბამისი დამცავი საშუალებებით.

სპორტსმენების კატეგორიები:

* მძიმე კატეგორიაში მონაწილეობენ: მამაკაცები 93-120კგ-მდე;

* ნახევრად მძიმე: მამაკაცები 84-93 კგ;

* საშუალო: მამაკაცები 77-84 კგ;

* ნახევრად საშუალო: მამაკაცები 70-77 კგ;

* მსუბუქი: მამაკაცები 66-70 კგ;

* ნახევრად მსუბუქი: მამაკაცები და ქალები 61-66 კგ;

* მჩატე: მამაკაცები და ქალები 57-61 კგ;

* უმჩატესი: მამაკაცები და ქალები 53-57კგ;

* მინიმალური: მხოლოდ ქალები 48-53 კგ.

ეკიპირება შედგება:

* სპეციალური შორტებისგან, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს MMA-ს სტანდარტებს;

* ხელთათმანებისგან, რომლებიც არ ფარავს თითებს;

* დამცავი ბინტისგან;

* საზარდულის ბანდაჟისგან;

* კბილების დამცავი საშუალებისგან.

ამჟამად MMA-ს UFC-ს ჩემპიონი მძიმე წონაში არის წარმოშობით ხორვატი ამერიკელი სტიპე მიოჩიჩი. ცნობილი ქართველი მებრძოლები არიან: გიგა ჭიკაძე, მერაბ დვალიშვილი, გურამ მესტვირიშვილი, რომან დოლიძე, ლევან მაყაშვილი, ილია თოფურია, ლიანა ჯოჯუა.

გურამ გუგენაშვილი, რომელმაც 2010 წელს ჩემპიონობა მოიპოვა მძიმე წონაში, ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here