Home რუბრიკები პოლიტიკა შენც კახი?! 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კალაძე სააკაშვილს ხოტბას ასხამდა!

შენც კახი?! 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კალაძე სააკაშვილს ხოტბას ასხამდა!

4115
ივანიშვილი-კალაძე

ვერ გეტყვით, დაწყევლილია საქართველო თუ სხვა რამ გვჭირს, მაგრამ ფაქტია: 2012 წელს არჩევნები გვქონდა, 2013 წელსაც არჩევნები იყო, 2014-შიც ჩავატარეთ არჩევნები, მერე ერთი წელი ამოვისუნთქეთ და 2016-შიც არჩევნები დაგვიდგა.

ახლა 2017-ია და ისევ საარჩევნო რეჟიმი, გაისადაც არჩევნები გველის და პოლიტიკოსებს კიდევ უკვირთ, რატომ დაიღალა ხალხი არჩევანის გაკეთებით. არადა, რეალურად ხალხი არჩევნებით კი არ დაიღალა, ის ვერ გაუგია, ვის მისცეს ხმა, ვის ენდოს, რატომ ენდოს?! ამომრჩევლის მეხსიერებას პოლიტიკოსები არად აგდებენ და მხოლოდ პარტიულ ნომრებს იცვლიან, პლაკატებზე კი ერთი და იგივე სახე ჩანს.

“მე მაშინ პატარა ბიჭუნა ვიყავი, სამტრედიაში ვიზრდებოდი და ვუყურებდი, როგორი ცუდი იყო ჩვენი ქვეყანა. ახლა კი ბრმა უნდა იყო, რომ ვერ დაინახო განვითარება და არ მესმის იმ ადამიანების, ვისაც ჩვენ ვეზიზღებით”. ვის ეკუთვნის ეს სიტყვები? _ ვის და თბილისის მერობის კანდიდატს, მოქმედი ხელისუფლების ერთ-ერთ ლიდერ კახა კალაძეს. პატარა ბიჭუნას ისტორია კალაძემ მაშინ გაიხსენა, როცა ნახევარ საქართველოზე მეტი მიხეილ სააკაშვილს უკიჟინებდა გადადგომას, მაგრამ იმხანად კახა მიშას მხარეს იყო, გვმოძღვრავდა, _ სააკაშვილს დავუდგეთ გვერდითო და მის ერთადერთ შეცდომად სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამოუძიებლობა მიაჩნდა. სიმართლე გითხრათ, მე ვერ ვიხსენებ და იქნებ თქვენ გამახსენოთ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მიიყვანეს გირგვლიანის საქმის ძიება ბოლომდე და დასაჯეს დამატებით ვინმე თუ დედის რძესავით შეირგო მელნიკოვმაც, ახალაიამაც, დგებუაძემაც და დონაძემაც სანდროს სისხლი? მხოლოდ სანდროსი? ირინა ენუქიძეც წინა რეჟიმის მსხვერპლი რომ არის, ფაქტია. მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კახა აღარ იყო სამტრედიელი პატარა ბიჭუნა, პოლიტიკოსი გახდა, პოლიტიკოსი, რომელსაც დაავიწყდა საარჩევნო დაპირებების უმრავლესობა, ზუსტად ისე, როგორც ბიძინა ივანიშვილს. კახას კიდევ დავუბრუნდებით, მანამდე კი ბატონ ბიძინაზე ვთქვათ.

ბილ კლინტონს ამერიკელებმა თავის დროზე მხარი იმიტომ დაუჭირეს, სიმპათიური იყო და ამის გამო აპატიეს მონიკა ლევინსკისთან რომანის გაბმაო. კლინტონისგან განსხვავებით, ივანიშვილი სიმპათიურობის გამო არ აურჩევია ერსა და ბერს, მხოლოდ ივანიშვილისა და მისი სამტრედიელი ბიჭუნას გამო არ წასულა ქართველი ერი სამსხვერპლოზე. ხომ ყველამ იცოდა, რომ, თუ ნავსი არ გატყდებოდა, ნაციონალების შურისძიება იმაზე მკაცრი იქნებოდა, ვიდრე კადაფს მოექცნენ ლიბიაში. ხალხმა გარისკა, დაიჯერა, რომ ათასი საწარმო აშენდებოდა, ენერგოტარიფები განახევრდებოდა; დაიჯერა სოფლის მეურნეობაში ჩადებული მიალირდების და ბოლოს, სულ ბოლოს მიხვდა, რომ “უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია”.

და მაინც, რა იყო 2012 წლის დაპირებების კასკადი _ გაუთვლელი და დაუთვლელი პროექტები თუ ფიქრი იმისა, რომ ბოლომდე გამწარებული, ნაცემ-ნაგვემი, სულში ჩაფურთხებული და გაუპატიურებული ერი ყველა დაპირებას მიიღებდა, ოღონდ კი ნაციონალების უღელი გადაეგდო? გადაეგდო იმისთვის, რომ მეოთხე, საოცარ წელიწადს ახლიდან დაედგა უღელი, ოღონდ სახეშეცვლილი, სახელშეცვლილი და იმავე ადამიანებისგან აეტანა დაცინვა, ცემა, გვემა, სულში ჩაფურთხება… გაუპატიურებამდეც არ არის შორს, გვერწმუნეთ. არ არის შორს, რადგანქართული ოცნებისქურქში გახვეულმა ნაციონალებმა თვითმმართველობის არჩევნებზე უკვე ყოფილი ზონდერები წამოწიეს, ისევ მათ ჩაუგდეს ხელში ძალაუფლება, კანდიდატებად დაასახელეს, “ვლასტიდაუბრუნეს და ისინიც ჩუმად, ქირქილით იმუქრებიან, _ გვაცადეთ, 2012 წელს ყელში ახლა ამოგადენთო. ხუთი წლის თავზე, სიმბოლურად ხუთი წლის თავზე, ნაციონალებს რევანშის შანსი აქვთ და ამ შანსს ბოლომდე გამოიყენებენ, თავგადადებულებს თავებს დააყრევინებენ და განმკითხავი არავინ იქნება _ სამტრედიაში გაზრდილ ბიჭუნას 2012 წლის აქტივისთვის არ სცალია, სოლოლაკელკლინტონსკი

“დღესვე შეიძლება ენერგოტარიფების განახევრება, დღესვე შეიძლება, ღირსეული საარსებო მინიმუმის დადგენა და ამ მინიმუმზე პენსიის გათანაბრება. პენსია უნდა იყოს, სულ ცოტა, 220 ლარი და ამას დამატებული ყველა ის დანამატი, რომლებიც ნაციონალებმა მოხსნეს. საერთო ჯამში, პენსია 250-დან 300 ლარამდე უნდა იყოს და ჩვენ ამას გავაკეთებთ”, _ ეს წინასაარჩევნოდ ბიძინა ივანივილმა თქვა.

რეალურად კი ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პენსია კი არ გაიზარდა, შემცირდა, რადგან 2012 წელს დაბალი პენსიითა და მაშინდელი კურსით 88 დოლარის შეძენა შეიძლებოდა, ახლანდელი გაზრდილი პენსიითა და მიმდინარე კურსით კი მხოლოდ 73 დოლარის შეძენაა შესაძლებელი. რაც შეეხება ერთერთ დაპირებას, ღირსეულ სამსახურსა და ათას (ჰო, ათას!) საწარმოს, ღიმილის მომგვრელიც აღარ არის. ივანიშვილის გათვლით, თითო მუნიციპალიტეტში დაახლოებით 15 საწარმო უნდა აშენებულიყო, ანუ იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე კომუნისტების პერიოდში იყო, და ეს დავიჯერეთ. ჰო, დავიჯერეთ იმიტომ, რომ აღარ შეგვეძლო ძველი რეჟიმის ატანა; აღარ შეგვეძლო ის, რასაც წინა ხელისუფლება ერს უშვრებოდა, მაგრამ, ისევ ის ხალხი რომ ბრუნდება, უფრო სწორად, რომ აბრუნებენ, ვინ არის იმის გარანტი, რომ ანალოგიურს არ ჩაიდენენ? ვინ მოგვცემს ამის პირობას? სამტრედიაში გაზრდილი ბიჭუნა თუ მილიარდერი?

ისევ საარჩევნო რეჟიმში ვართ და ისევ ვისმენთ დაპირებებს. მართალია, ივანიშვილი აღარაფერს გვპირდება (რაც შეიძლებოდა ადამიანის ფანტაზიას გასწვდომოდა, უკვე დაგვპირდა), მაგრამ სხვები გვპირდებიან. ისინი, ვინც ერზე ძალადობდა, დღეს ისევ ხელისუფლებაში არიან და უფრო დაბალი ეშელონები მოჰყავთ, მოჰყავთ დაპირებით, რომ საოცრებებს იზამენ და ეს მაშინ, როცა მათი საოცრებები ნანახი გვაქვს, განცდილიც გვაქვს საკუთარ თავზე და ახლა იძულებულნი ვართ, ისევ ერთად ჩავატაროთ საკუთარ თავზე ექსპერიმენტი, ისევ ერთად მივცეთ ხმა იმას, რაზეც უარი ვთქვით ხუთი (ისევ ხუთი) წლის წინათ და დაველოდოთ, როდის გამოგვიყვანენ წირვას. სამტრედიაში გაზრდილი ბიჭუნა კი სიცოცხლით სავსე ქალაქს გვპირდება და უნდა დავუჯეროთ. უნდა დავუჯეროთ იმის მიუხედავად, რომ ჯერ კიდევ წლების წინათ, როცა ხელისუფლებაში არ იყო, მაგრამ მხარს უჭერდა სააკაშვილს, სიცოცხლით სავსე ახალგაზრდის დაკვლა (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) აწუხებდა თურმე და მერე, როცა “ძლიერი ამა ქვეყნისა” გახდა, აღარ შეაწუხა. არადა, ის ახალგაზრდაც ხომ იმ ქალაქში დადიოდა, ახლა რომ სიცოცხლით სავსე უნდა გახდეს თურმე?!

ამომრჩეველი, არჩევნებიდან არჩევნებამდე კი არა, დაპირებიდან დაპირებამდე ცხოვრობს და პოლიტიკოსებმაც ზუსტად იციან, რომ მათ მოკლე მეხსიერება აქვთ. ზუსტად იციან, რომ აღარ ახსოვთ არც გასული წლები, არც ის, რომ თავის დროზე სწორედ ისინი დასცინოდნენ, სწორედ ისინი ატყუებდნენ, სწორედ ისინი ჰპირდებოდნენ “მთვარეზე კოოპერატივს” და საბოლოოდ პირში ჩალაგამოვლებული ტოვებდნენ. მაგრამ ბოლო ხუთ წელიწადში ჩალაც ისე გაძვირდა, ამ საარჩევნოდ მაგასაც აღარ გამოგვავლებენ.

დაიჯერებთ თუ არა ქოცნაცდაპირებებს, თქვენი საქმეა, მაგრამ ფაქტია, რომ არც კომუნისტების მმართველობის პერიოდში გაზრდილი ბიჭუნები, არც დამოუკიდებლობის წლებში დაბადებულები და არც ძალიან ადრე დაბადებულები სიმართლეს არ გვეუბნებიან. ისინიც არჩევნებიდან არჩევნებამდე ცხოვრობენ, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მოკლე მეხსიერება არ აქვთ და ძალიან კარგად ახსოვთ, რაზე წამოეგო ყველაზე კარგად ამომრჩეველი ბოლო წელს და ახალ ანკესზე ისევ ძველ სატყუარას ამაგრებენ.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here