მასალა, რომელსაც დღეს გთავაზობთ, თვალსაჩინო სახელმწიფო მოღვაწეებისთვის, მეცნიერი–იურისტებისთვის ჩამორთმეული ერთგვარი კოლექტიური ინტერვიუა, უფრო ზუსტად, ამონარიდები სამართალმცოდნეების საუბრებიდან. მათი დებულებები და განმარტებები ვიქტიმოლოგიის თეორიასა და პრაქტიკაზეა აქცენტირებული. სტატიის ბოლოს მიწერილი სახელი და გვარი კი მხოლოდ იმის მაჩვენებელია, რომ “ავტორს” ერგო ამ ნააზრევის გაერთიანების პატივი ამ შემთხვევაში.
თორემ რესპონდენტებს სამეცნიერო სტატიებისა და ნაშრომების გამოცემა, ტელე და საგაზეთო ინტერვიუები არ აკლიათ.
გვარ-სახელით არავინაა მოხსენიებული, რადგან ადრინდელი თუ ამჟამინდელი თანამდებობა თუ მდგომარეობა, საერთაშორისო იურიდიული კომისიების წევრობა და ა.შ. უზღუდავს ნებისმიერ მიმდინარე დავებში არათუ მონაწილეობას, არამედ მათ შესახებ დამოკიდებულების საჯაროდ გამოთქმას.
სასამართლოს განაჩენის დადგომამდე და მას შემდგომაც.
სხვები ად ჰოკ მოსამართლეებად რჩებიან (ლათინურად ნიშნავს _ “სპეციალურად ამისთვის”, “განსაკთრებული შემთხვევისთვის” განკუთვნილს, სათადარიგო მოსამართლეობას) და ამის გამო ექვემდებარებიან “ამკრძალავ” მოთხოვნებს.
მოკლედ, მიიღეთ, რაც არის და როგორც არის.
პირველი, რაც მათი პასუხებიდან შევიტყვე, არის ის, რომ ობივატელის დონეზე და იურისტების წრეებში გავრცელებულ ლეგენდას, რომ ცნობილმა რუსმა ადვოკატმა პლევაკომ (ქართულ ვარიანტში ლუარსაბ ანდრონიკაშვილმა), ბატონის მკვლელი მეეზოვე გაამართლა, სიმართლეს არ შეეფერება.
ეს ყოფილა ძველი რომაული არაკი.
ყოველ დილით შეურაცხყოფდა ბატონი მონას, დასცინოდა, _ კუზიანი ხარო… ბოლოს და ბოლოს, მონამ ვეღარ მოითმინა და მოკლა პატრონი.
იმ ლეგენდარულმა რომაელმა ადვოკატმა დამცველის სიტყვა ასე დაიწყო:
_ უფალო მოსამართლენო, _ და გაჩერდა.
მეოცეჯერ რომ იგივე გაიმეორა, ჩაქუჩი ესროლეს.
_ ბატონებო, უფალოს რომ გიწოდებდით, ის ვერ მოითმინეთ და აღშფოთდით, კუზიანებოო, რომ დამეძახა, ხომ მომკლავდითო!
მოსამართლეებმა გაამართლეს მონა.
ახლა კი რა არის ვიქტიმოლოგია. ეს არის იურისპუდენციის ძალიან საინტერესო მიმართულება, რომელიც ძირითადად განვითარდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ და წარმოგვიდგება, როგორც კრიმინოლოგიის განშტოება.
სიტყვასიტყვით კი ნიშნავს მსხვერპლოლოგიას _ მოძღვრებას დანაშაულის მსხვერპლის შესახებ. მეცნიერული მიმდინარეობაა, რომელიც სწავლობს საკუთრივ დანაშაულის მსხვერპლის როლს მის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გენეზისსა და ეტიოლოგიაში, რა წვლილი მიუძღვის ამ დანაშაულში.
სერიოზული მიმართულებაა, რომელიც ემყარება სოციოლოგიურ გამოკვლევებს, რომელთა მიხედვით, ძალადობრივი დანაშაულის საერთო რაოდენობის ერთი მეოთხედი განეკუთვნება ისეთ შემთხვევებს, როცა მსხვერპლმა აქტიურად შეუწყო ხელი მის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენას. იმიტომ კი არა, რომ მას ეს სურდა, არამედ იმიტომ, რომ იგი თვითონ გახდა ერთ-ერთი აუცილებელი პირობა და მიზეზი იმისა, რომ აგრესია განვითარებულიყო მის წინააღმდეგ.
ამის მაგალითი ძალიან ბევრია. მთელი ის ნაწილი სისხლის სამართლის კოდექსის, რომელიც უკავშირდება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებას ან აფექტით ჩადენილ დანაშაულს, ვიქტიმური შემთხვევებია.
ვიქტიმობა ნიშნავს, რომ არიან ადამიანები, რომლებშიც მომძლავრებულია ვიღაცის მსხვერპლად ქცევისკენ მიდრეკილება.
კლასიკურ მაგალითად გამოდგება ბერტოლდ ბრეხტის ეპიკური პიესის “კავკასიური ცარცის წრის” ერთი სცენა.
მთავარი გმირი აზდაკი მოსამართლე “ლოთი, მექრთამე და ჯიბგირია”, მაგრამ, იურიდიული შედევრების ავტორიც გახლავთ. ეს აზდაკი განიხილავს “დაზარალებული” ახალგაზრდა ქალის საჩივარს, რომელსაც ქართულ ვარიანტში ჰქვია ჟუჟუნა, აზდაკი კი ძალიან ღრმა დეკოლტიდან საყოველთაო სახილველად გამოფენილი გულმკერდის გამო ჯუჯუნას (ძუძუნას) ეძახის. ქალი ჩივის, რომ იგი მეჯინიბემ გააუპატიურა. აზდაკი არკვევს დანაშაულის გარემოებებს და ეკითხება ძალადობის მსხვერპლს, _ როგორ და რანაირად მოხდაო.
მივედიო საჯინიბოში.
მერე, მერეო?
მერე რატომღაც დავიხარეო.
როგორო?
ასეო, და დაიხრება მოსამართლის წინაშე ისე, როგორც იქ, საჯინიბოში ახალგაზრდა მეჯინიბის თვალწინ. დაიხარა და _ მტრისას: ცალკე შიშველი მკერდი გამოუჩნდა, ცალკე სხეულის ის ნაწილი, რომელსაც სარცხვენელი ჰქვია (და რომლის “პირველყოფილი” სახელწოდების ხსენებას დღევანდელ მასმედიაში არავინ ერიდება).
მერე, მერეო?
მერე, თქვენ წარმოიდგინეთ, მეჯინიბემ ჩემზე ძალა იხმარაო.
ბევრი არ უფიქრია აზდაკს და გამოაცხადა განაჩენი: ჟუჟუნამ გააუპატიურა მეჯინიბე!
ახლა არაძალადობის ცხოვრებისეულ მაგალითს წარმოგიდგენთ.
საბჭოთა კავშირის დროა. გერმანელი პროფესორი შრედერი ნათლისღების ყინვების დღეებში მოსკოვში სამართალმცოდნეების რომელიღაც კონფერენციაზე ჩამოდის. აეროპორტში ძვირფას ქურქს მოპარავენ. საპირფარეშოში ამ მძიმე და კოჭებამდე სიგრძის ქურქით შესვლა არაკომფორტული იყო. გაიხადა და საპირფარეშოს კართან ჩემოდანზე დადო.
რომ გამოვიდა, ქურქი აღარ დახვდა.
რატომ მოიქეცი ასეო, რომ ჰკითხეს, უპასუხა, რომ გერმანიაში ყოველთვის ასე აკეთებდა.
მაგრამ ის აეროპორტი საბჭოთა კავშირში იყო, ისეთ სახელმწიფოში, რომლის მოდელს მარქსმა პროლეტარიატის დიქტატურა უწოდა.
უპოვარი პროლეტარები ქურქს შეარჩენდნენ წყეულ კაპიტალისტს?!
ე.ი. პროფესორმა (დაზარალებულმა) თვითონ შექმნა დანაშაულის ჩადენის წინაპირობა.
გავაფართოოთ ვიქტიმოლოგიის “სამოქმედო არეალი”.
პროფესორი შნაიდერი ვიქტიმოლოგიის საფუძვლებზე საუბრისას განმარტავს, რომ ვიქტიმურობის ნიშანი შეიძლება ზოგიერთ ერსაც აღმოაჩნდეს. ამ შეხედულებას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. მაგალითად, თავად შნაიდერი კატეგორიულად არ იზიარებს რადიკალურად განწყობილი ავტორების მოსაზრებას ებრაელი ერის ვიქტიმურობაზე, თუმცა იმოწმებს, როგორც საილუსტრაციო მასალას.
ამავე ასპექტით ზოგჯერ სომხებსაც მოიხსენიებენ და არგუმენტად ასახელებენ ტრაგიკულ ისტორიულ ფაქტს თურქეთში, სადაც ისინი მოგვევლინენ არა მხოლოდ ვიქტიმურებად, არამედ თვითონაც ხოცავდნენ სხვებს.
პიკანტური თემაა, მაგრამ მოიხსენიებენ იმიტომ, რომ არსებობს.
გავიმეოროთ: ვიქტიმოლოგია არის მეცნიერება მსხვერპლის შესახებ; ვიქტიმურობა _ ადამიანის მიდრეკილება მსხვერპლად გახდომისკენ, მისი ფარგლები და მასშტაბები _ ინდივიდური და კოლექტიური.
არიან ისეთი ადამიანები, ლუარსაბ ანდრონიკაშვილს თუ დავესესხებით, ისეთი ფიზიონომიებით, რომ სამ დღეშიც ვერ მიმოაფურთხებო სრულად (ие орлюещъ). ამ ვიქტიმურ გამოწვევას რომ არ აჰყვეთ, ნებისყოფის სრული მობილიზება დაგჭირდებათ.
ეს, ეტყობა, ადამიანის ნებელობის ჩარჩოებში ვერ ჯდება და “ბუნებისგან ნაბოძებ ვიქტიმურობად” უნდა ჩავთვალოთ.
შავი იუმორია.
აქვე დგება ვიქტიმური პროფილაქტიკის საკითხი, რაც ნიშნავს: თუ შევძლებთ საკუთრივ მსხვერპლის მხრიდან ვიქტიმურობის გამოხატვის შემცირებას, დანაშაულის საერთო რაოდენობა 25 პროცენტით შემცირდება. ასე მიაჩნიათ ანალიტიკოსებს.
იციან ეს თემიდას მსახურებმა? გამოძიება და სასამართლო აქცევს კი ყურადღებას ვიქტიმურობის პრობლემას?
როგორც ამბობენ, იციან, რადგან კანონი შესაბამისი მუხლებით აიძულებთ, რომ იცოდნენ და ითვალისწინებდნენ.
მაგრამ გონიერი საზოგადოება სიმართლის თქმას გაურბის, ეშინია ბრბოსი. არადა, აქ დასმული შეკითხვები ლეგიტიმურად ჩნდება. კლასიკოსი იურისტები ამბობენ, რომ არ შეიძლება განსაჯო შემთხვევა, თუ არ გეცოდინება მისი ეტიოლოგია და გენეზისი.
ამას გარდა: მომავალ იურისტებს ასწავლიან, რომ სამოქალაქო სამართალში არსებობს ისეთი მცნება, როგორიცაა ე.წ. შერეული ბრალეულობისა და შერეული პასუხისმგებლობის პრინციპები. შეიძლება, ადამიანმა ავტოავარია მოახდინოს, მაგრამ ამ ავარიის მიზეზი შეიძლება ნაწილობრივ იყოს დაზარალებულის (მსხვერპლის) ბრალი _ ისიც არღვევდა წესს. ეს კი გავლენას ახდენს დეტერმინაციის ხარისხზე _ ავტომანქანის საჭესთან მსხდომი შეზღუდული იყო თავისუფალ არჩევანში; ბრალის ხარისხსა და პასუხისმგებლობის ხარისხზე.
ვიქტიმურობა თავისთავად უზნეობას არ ნიშნავს, მთავარია მისი, როგორც მიზეზობრივი ფაქტორის, წარმოჩენა.
დაბოლოს: საზოგადოებრივმა აზრმა უნდა იმოქმედოს თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე?
ამ შეკითხვის პასუხად ასეთი სახელდახელო ლექცია მოვისმინე:
საზოგადოებრივმა აზრმა დადებითად უნდა იმოქმედოს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ნორმალური საზოგადოება. თუ საზოგადოება არის ბრბო, მაშინ ზემოქმედება უარყოფითია, სამართლისა და ჭეშმარიტების საზიანოა.
სასამართლო ხელისუფლება წარმოიშვა ორი სხვა, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების საპირწონედ. ის ორი პოლიტიკური ხელისუფლება საზოგადოების აზრზეა დამოკიდებული. ხალხმა იცის, რა სურს _ უნდა, რომ იყოს ბედნიერი, “კაი სვას და კაი ჭამოს”. მაგრამ რა არის საჭირო იმისთვის, რომ ეს სურვილი რეალობად იქცეს, არ უწყის. ხალხს არ გამოუგონებია ბორბალი, ცეცხლი, არ გამოუგონებია ინტერნეტი, ხალხმა ქრისტე გოლგოთაზე წამებით სიკვდილისთვის გაიმეტა…
ამიტომ ხალხს ვერ ენდობი. ამიტომ შეიქმნა მესამე ხელისუფლება, ხალხის ლეგიტიმაციით აღჭურვილი ხელისუფლება. ეს არის (უნდა იყოს) სათანადოდ გაწვრთნილი, პროფესიულად მომზადებული და არა მხოლოდ ხალხის მიერ ფორმირებული სასამართლო ხელისუფლება.
უცხოეთში მართლმსახურების რაინდთაგან შემდგარი კომისია წყვეტს, ვინ უნდა იყოს მოსამართლე. ჩვენთან, რომ იკითხო, ყველა და ყველაფერი ხალხმა უნდა აირჩიოს. მაგრამ თავისთავად, უკიდეგანო დემოკრატიამ მხოლოდ ქაოსი შეიძლება გამოიწვიოს, ამიტომ ამ საკითხში ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო.
მაგალითად, შემოიტანეს ნაფიც მსაჯულთა სულელური სასამართლო, რომელმაც ოდესღაც დადებითი როლი შეასრულა, მაგრამ შემდეგ გადაიქცა თავისი თავისთვის დაბრკოლებად. “მიშაია სულელი შეეცადა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტიის დამკვიდრებას საქართველოში ამერიკელების გულის მოსაგებად”.
ასი საერთაშორისო სასამართლო არსებობს მსოფლიოში. ასი! მათგან არცერთი არ იყენებს ნაფიც მსაჯულებს. რატომ? ვერ იპოვეს? არა, რა თქმა უნდა! არ იყენებენ ამ ინსტიტუტს იმიტომ, რომ არ ვარგა!
“ჩნდება კითხვები”, _ ეს წინადადება ყოველ წამს ისმის ტელეეკრანებიდან. იურისპუდენციის დიდოსტატებიც იყენებენ ამ მოარულ შტამპს და კითხულობენ: რატომ უნდა ასწავლიდეს მათ სამშობლოს სიყვარულს ოთო კახიძე და ეკრანიდან უკითხავდეს ლექციებს დაბრძენებულთა თაობას?!
თუ მოუნდა, კიდეც შეაგინებს!
იმიტომ, რომ ეს დემოკრატიულია.
დემოკრატიულობა მიზანი არ არის, საშუალებაა. თუ მართლა ასეთი მიზნით ვხელმძღვანელობთ, გავიდეთ ქუჩაში და დავიძახოთ, ვინ ხართ ქირურგი, მოდით და ოპერაცია გამიკეთეთ! თუ დემოკრატიულობაა მთავარი, გადააღებინეთ კინოფილმი ქუჩის მიერ შერჩეულ კანდიდატს.
გაწვდება ვითომ ამ საქმეს?!
საქართველო აღმოჩნდა ერთადერთი ქვეყანა, რომელშიც იურისტი აცხადებს, რომ არ სურს თავისი იურიდიული საქმის გაკეთება. სხვისთვის დამითმიაო _ ნაფიცი მსაჯულებისთვის.
არც ერთ სხვა პროფესიის წარმომადგენელს არ უკადრებია ასეთი რამ, თვითკრიტიკულად აღნიშნეს განსწავლულმა იურისტებმა.
არმაზ სანებლიძე
P.S. სამართალმცოდნეებმა ისიც თქვეს, რომ საქართველოში ყველაფერი კეთდება ფუნქციების გადანაცვლებით. ორგანოებს, ანუ საკუთარი სხეულის ნაწილებსაც არადანიშნულებისამებრ იყენებენო. ასეა?
ა.ს.