Home რუბრიკები პოლიტიკა შევარდნაძეები, სააკაშვილები, ივანიშვილები მიდიან და მოდიან _ ქართული მიწა კი ქართველ ერს...

შევარდნაძეები, სააკაშვილები, ივანიშვილები მიდიან და მოდიან _ ქართული მიწა კი ქართველ ერს უნდა დარჩეს!

“გაჩუქებული საქართველოს აღარ დაუბრუნდება. ის ივანიშვილის საკუთრება ხდება და მის შვილებს, შვილიშვილებს გადაეცემა”

ედუარდ შევარდნაძე

გასული კვირის საკითხებიდან ერთმა მიიპყრო ჩემი ყურადღება და არა მხოლოდ ჩემი, არამედ ყველასი, ვინც ქვეყნის კეთილდღეობასა და მომავალზე არა ზერელედ, არამედ სერიოზულად ფიქრობს. მხოლოდ ფიქრი არ უშველის ამ ქვეყანას, საქმეა გასაკეთებელიო, _ იტყვის მავანი, მაგრამ როგორ და რა გზით, ამაზე დუმილს არჩევს, ვინაიდან არსებული პოლიტიკური სისტემის შესაცვლელად საზოგადოებას ძალა არ ჰყოფნის. გარდა ამისა, პერმანენტული იმედგაცრუებაც თრგუნავს, განვლილი 25 წლის განმავლობაში რომ იწვნია.

მოსახლეობას განსაკუთრებული იმედგაცრუება დაეუფლა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც გამარჯვებულმა გულწრფელად იფიქრა, _ მორჩა საშინელება, წყვდიადი, ახლა იწყება აღორძინება, წარმატებული ცხოვრება და სიკეთეო. ხალხი საარაკო მომავლის იმედს ამყარებდა ლამის ეროვნულ გმირად, ურჩხულის კლანჭებიდან გამომხსნელად შერაცხილ ბიძინა ივანიშვილზე.

ხალხმა დაიჯერა ივანიშვილის მიერ წარმოდგენილი ეტაპობრივი განვითარების მოდელი, რომლის მიხედვით, “ოცნების” მმართველობის მე-4 წელი საყოველთაო ბედნიერებისა და დოვლათის მომტანი უნდა ყოფილიყო.

ხალხი ვერაფრით დაიჯერებდა, რომ სააკაშვილის დამმარცხებელი ცოტათი მაინც არ გაირჯებოდა ქვეყნის სასიკეთოდ. ხალხი 4 წლის განმავლობაში ჯიუტად უმტკიცებდა საკუთარ თავს, რომ ქვეყანაში დიდი აღმშენებლობა მიდის და მილიარდერის მიერ დანაპირები კარგი ცხოვრება უდავოდ მოვა. მხოლოდ მე-4 წლის ბოლოს დაინახეს (ცხადია, არა ყველამ), რომ დაპირებული კარგი ცხოვრება ისეთივე ტყუილი იყო, როგორც წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი მილიონი სამუშაო ადგილი. დაინახა და იფიქრა ვითარების შეცვლაზე, მაგრამ როგორ?

განვლილი 4 წლის განმავლობაში მმართველმა “ოცნებამ” არა მხოლოდ პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში განიმტკიცა პოზიციები, არამედ სასამართლო სისტემაში, ადგილობრივ მმართველობაში, მედიაში _ ყველგან, რასაც ხელისუფლება, ძალაუფლება ჰქვია. ესეც არ იკმარა და კონსტიტუციასაც მიადგა _ მოჭრა საკუთარ თარგზე, მიუხედავად ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან წამოსული კრიტიკისა.

მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

ბოლო 25 წლის განმავლობაში სრული თავისუფლება მიიღო ე.წ. ბიზნესმა, საბანკო სისტემამ. ხელისუფლებამ მათ კონტროლზე უარი თქვა, როგორც საბაზრო ეკონომიკისთვის მიუღებელზე. უფრო მეტიც, ისე ჩაეხუტა მათ, როგორც სიამის ტყუპი. სხვა არც იყო მოსალოდნელი ივანიშვილის ხელისუფლებისგან. ცნობილი გამოთქმა “ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევს” ისე ამოქმედდა, უკეთესს რომ ვერ ინატრებდა ვერც ერთი ქვეყნის ბიზნესმენი.

დემოკრატიის პირველი წყარო _ ხალხი, როგორც ყოველთვის, ბოლო 25 წლის განმავლობაში თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მას მხოლოდ არჩევნების წინ ტრაფარეტულად იხენებენ ქვეყნის 200-ზე მეტი პარტიის წარმომადგენლები საჯარო გამოსვლისას საკუთარი სიტყვისთვის მოჩვენებითი ელფერის მისაცემად.

ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე ყველა პარტია, განსაკუთრებით “ქართული ოცნება”, დროს არ კარგავს და ხალხს ხვდება ისე, როგორც წინა ადგილობრივი არჩევნების დროს; ისევ ჰპირდება კარგ ცხოვრებას, არჩევნებიდან არჩევნებამდე მოუგვარებელი პრობლემების გადაწყვეტას.

პრობლემებიც იგივეა, რაც წინა არჩევნების დროს _ უწყლობა, უგზოობა, დაუსაქმებლობა, მაღალი კომუნალური გადასახადები, უმწეოთა დახმარების გაუქმება, გაძვირებული მედიკამენტები და ა.შ. რომელი ერთი ჩამოვთვალო…

წლების განმავლობაში გადაუწყვეტელ პრობლემებს ახალი ემატება და, საერთო ჯამში, იმდენი იყრის თავს, რომ, საქართველოს მწირი ბიუჯეტი კი არა, აშშ-ის ბიუჯეტიც ვერ გაწვდება. ასე იცის ხელისუფლების მიერ დაპირების გადავადებამ.

ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

მე-5 წელიწადია, ივანიშვილის მეთაურობით ვცხოვრობთ, უფრო სწორად მის მიერ შერჩეული ხელისუფლების, მაგრამ ასატანი ცხოვრების ნიშანწყალი არ ჩანს. ისევ გაუსაძლისი ყოფა, იმედგაცრუებული ხალხის ხმამაღალი წუწუნი, უკმაყოფილება, ისეთი, როგორიც იყო სააკაშვილის მმართველობის პერიოდში. ყოველივე ამას ემატება მამამარჩენლის დაუოკებელი სიხარბე, მომხვეჭელობა, სახელმწიფოს ხარჯზე საკუთარი ქონების გაზრდა, საზოგადო, საქვეყნო საქმის უგულებელყოფა.

მხოლოდ გონგამოცლილი ადამიანი თუ შეძლებდა, ისედაც მის წინააღმდეგ განრისხებული ხალხის კიდევ უფრო განრისხებას სახელმწიფოს მიწების პირად საკუთრებაში გადაფორმებით.

არჩევნების წინ არც ივანიშვილი და არც მისი მოჯამაგირე ხელისუფლება ასეთ რამეს არ უნდა აკეთებდნენ, მაგრამ აკეთებენ, ვინაიდან 100%-ით არიან დარწმუნებული გამარჯვებაში. რატომ, რა აძლევს მათ თავდაჯერების საფუძველს? _ ადმინისტრაციული რესურსი, ხალხის მოსყიდვა, დაშინება, დაპირებები, სურსათისა და პროდუქტების ჩამორიგება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების ისეთი შედეგების გამოცხადება, როგორიც ივანიშვილსა და მის მოჯამაგირეებს სურთ

ასეთია ჩვენი სანაქებო დემოკრატია. საინტერესოა, როგორ შეაფასებს საქართველოში აკრედიტებული აშშ-ის საელჩო ივანიშვილისთვის, ყოველგვარი საფასურის გარეშე, პუშკინის სკვერისა და ვითომ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიების გადაცემას.

საქართველოს უძრავი ქონების, მათ შორის, მიწის კერძო პირისთვის ერთ ლარად გადაცემა, კარგა ხანია, პოპულარულია და ამით არა მხოლოდ “ოცნების” ხელისუფლებაა გამორჩეული, არამედ სააკაშვილის ხელისუფლებაც, რომელიც ერთი ხელის მოსმით, ერთ ლარად გასცემდა სახელმწიფოს კუთვნილ შენობა-ნაგებობებს, ნოყიერ სასოფლო-სამეურნეო მიწებს.

ასე აღმოჩნდა სააკაშვილის მამის, დედის, ნაცნობების, უცხოელების საკუთრებაში მიწის ნაკვეთები, სახლები, სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებების შენობა-ნაგებობები. ის-ის იყო ვიფიქრეთ, სააკაშვილის აღვირახსნილობას წერტილი დაესმებოდა, რომ წინამორბედის საქმიანობა ივანიშვილმა განაგრძო.

გულუბრყვილო ხალხი ვერასდროს იფიქრებდა, რომ მილიარდერი ივანიშვილი უსასყიდლოდ მიიერთებდა მიწას, პირიქით _ ეგონა, რომ ივანიშვილი თავის საკუთრებაში არსებულ მიწას სახელმწიფოს აჩუქებდა. აი, რას ამბობენ “ივანიშვილები”: პუშკინის სკვერის ქვეშ სამსართულიან ავტოპარკინგს აკეთებს და ამისთვის სჭირდება ეს ტერიტორიაო.

სამსართულიანი პარკინგის გაკეთება მიწისქვეშა კომუნიკაციებით გადატვირთულ ადგილას, ხუმრობა საქმე არ არის. დარწმუნებული ვარ, მშენებლობის საკითხი არც გეოლოგებთან და არც სხვა დარგის სპეციალისტებთან არ იქნება შეთანხმებული. შედეგი კი იქნება სავალალო, ისეთი, როგორიც ე.წ. დეზერტირების ბაზრის დანგრევას მოჰყვა სააკაშვილის მმართველობისას _ ვიღაცას მოუნდა ბაზრის ტერიტორიაზე მაღლივი შენობის აშენება. დაანგრიეს ბაზარი და ის-ის იყო მშენებლობის დაწყებას აპირებდნენ, მეტროპოლიტენის გვირაბმა შეუშალა ხელი.

ნაბაზრალის ადგილას მტვერსა და ჭუჭყში განთავსდა სტიქიური ბაზარი. მისი არსებობა კარგა ხანს გაგრძელდა და ბოლოს ქალაქის მერიამ ისევ ბაზარი ააშენა _ ყოვლად უსახური, მოუხერხებელი, ისეთი გამოუსადეგარი, მოვაჭრეს რომ არ იზიდავს. აფსუს, ძველი, ისტორიული ბაზრის შენობავ?!

პუშკინის სკვერი ხელოვნების მუზეუმის შენობას ესაზღვრება, ასევე ისტორიულს, შესანიშნავ ნაგებობას. ამ შენობაში იყო სასულიერო სემინარია, სადაც სტალინი სწავლობდა. შენობა, კარგა ხანია, ითხოვს საძირკვლის გამაგრებას, კაპიტალურ რემონტს და ისეთად გადაკეთებას, იქ არსებული უნიკალური ექსპონატების შესაფერისი რომ იყოს.

ერის კულტურის საგანძურია გამოფენილი ამ მუზეუმში, ერთობ შეუფერებელ შენობაში მუზეუმისთვის. პარკინგის მშენებლობისას მიწის რყევა და სამშენებლო სამუშაოები უდავოდ იმოქმედებს მუზეუმის ისედაც მორყეულ საძირკველსა და კედლებზე. იფიქრა ვინმემ ამაზე?!

ისე კი, სასტუმრო, რომელსაც ივანიშვილი აშენებს “ცეკავშირის” შენობის ადგილას, ცხადია, უცხოელებზეა გათვლილი, მათზე, ვინც ქართული კულტურისა და ისტორიის გასაცნობად იქვე მდებარე მუზეუმში შეივლის. შეივლის და რა დახვდება? _ მუზეუმისთვის შეუფერებელი ვითარება.

დარწმუნებული ვარ, ივანიშვილს არასდროს შეუხედავს ამ მუზეუმში, არც “ივანიშვილებს”, თორემ ეს მუზეუმი ასეთ დღეში არ იქნებოდა. და, თუ შეუხედავთ და ასეთ დღეშია, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ არც მუზეუმი აინტერესებთ და არც ქართული ისტორიისა და კულტურის გაეგებათ რამე.

მილიარდერი, რომელიც მილიონებს ყრის სასტუმროს მშენებლობაში, თეთრსაც არ იმეტებს, რომ ერის კულტურის ამსახველი მუზეუმი ნორმალურად მუშაობდეს.

პუშკინის სკვერი და მისი შემოგარენი დედაქალაქის გულია. მისი გაყიდვა კერძო პირზე დაუშვებელია. ეს უნდა ესმოდეს, როგორც ქალაქის მესვეურებს, ისე ხელისუფლებას, რაც მთავარია ივანიშვილს. ეს ის ადგილია, რომელიც ფულზე არ უნდა გაიყიდოს ან გადაეცეს კერძო პირს საჩუქრად, რაც უნდა დიდი დამსახურება ჰქონდეს მას ქვეყნის წინაშე.

ივანიშვილს ქვეყნის წინაშე მხოლოდ ის “დამსახურება” აქვს, რომ ძუძუმწოვარა ბავშვივით მოატყუა მთელი ერი.

საქართველოს ხელისუფლება, საზოგადოების ნაწილი დაბეჯითებით აცხადებს, რომ, დღეს თუ არა, ხვალ უდავოდ ვიქნებით ნატოსა და ევროკავშირის წევრები. მითხრას ვინმემ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან ან აშშდან, აქვს თუ არა უფლება მათი ქვეყნის მეთაურს, ასე ჰაიჰარად, ერთ ლარად ან თუნდაც მილიონ დოლარად, აჩუქოს ან მიჰყიდოს ქვეყნის დედაქალაქის გული რომელიმე მილიარდერს?

ვერც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში ვერ ნახავთ ისეთ მაგალითებს, როგორიც იყო სააკაშვილის მიერ ერთ ლარად მიწის, უძრავი ქონების ჩუქება საკუთარი ოჯახის წევრებსა და ახლობლებზე ან “ოცნების” ხელისუფლების მიერ ივანიშვილისთვის მიწის ჩუქება თბილისში, აჭარაში, გურიასა და სხვაგან. ესოდენ ფეოდალური დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნისა და ხალხისადმი არის თუ არა დასაგმობი? არის თუ არა ასეთი ხელისუფლება ნატოსა და ევროკავშირში მისაღები?

მაგრამ არა, აქ აკრედიტებულ ელჩებს, ისევე, როგორც მათ ხელისუფლებას, მსგავსი საკითხები, დაკავშირებული ერის კულტურასთან, თვითშეგნებასთან, საზოგადოებრივ აზროვნებასთან და პასუხისმგებლობის განვითარებასთან, არ აწუხებთ. ის, რაც მათ უნდათ საქართველოსგან, მარტივია _ რუსეთის წინააღმდეგ მწვავე, ცილისმწამებლური განცხადებები, რუსეთისთვის მსოფლიოში ცუდი იმიჯის შექმნა. შევარდნაძეები, სააკაშვილები, ივანიშვილები მოდიან და მიდიან. უკვდავი არავინ არის. მართალია ის ხალხი, რომელიც ამბობს, ივანიშვილი ამ მიწას სამარეში ხომ არ წაიღებს _ გაალამაზებს, გააშენებს და ისევ საქართველოს დარჩებაო? _ არა! გაჩუქებული საქართველოს აღარ დაუბრუნდება. ის ივანიშვილის საკუთრება ხდება და მის შვილებს, შვილიშვილებს გადაეცემა. ხეები, რომლებიც ივანიშვილმა თავის ბაღჩაში გადაიტანა, ქვეყნისა და ხალხისთვის დაიკარგა.

ზემომოყვანილი სავალალო მაგალითები მომავალშიც გაგრძელდება და, თუ ამ აღვირახსნილობას კანონით არ დაესვა წერტილი, ქართველ ხალხს მალე საცალფეხო ბილიკიც აღარ დარჩება გასავლელად. კანონია საჭირო აღნიშნულის აღსაკვეთად, მაგრამ ასეთ კანონს ეს ხელისუფლება არ მიიღებს, ისევე, როგორც მომავალში სხვა ხელისუფლება, ვინაიდან ქვეყნის ხარჯზე ახლობლებისა და საკუთარი თავის დაკმაყოფილება მასაც მოუნდება.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here