შეამცირებს თუ არა ნარკოდამოკიდებულთა რაოდენობას კანონის გამკაცრება

    კანონი მკაცრდება. ამ დროს კი მაღაზიაში შეგიძლია იყიდო თესლი და მოიყვანო მარიხუანა, რომლის შენახვა-მოხმარებისთვის ციხეში ჩაგსვამენ

    არაერთხელ დაგვიწერია, რომ აუცილებელი იყო ქართული კანონმდებლობის  შეცვლა და  დასავლეთის მიერ  თავსმოხვეული  ნარკოლიბერალიზაციის  გაუქმება. ვარაუდი, რომ ნარკოლიბერალიზაციის შემდეგ ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანების რაოდენობა შემცირდებოდა, თავიდანვე აბსურდული ჩანდა, მაგრამ ევროპა თუ ამერიკა გვიმტკიცებდნენ, შედეგს ნახავთ, ნარკომანების რაოდენობა შემცირდებაო.  მეტიც, კატეგორიულად მოგვთხოვეს, ეს ადამიანები,  ნარკომანებად კი არა, წამალდამოკიდებულ პირებად მოგვეხსენიებინა, ხოლო გამსაღებლებისთვის, „ბარიგა“ კი არა,  ნარკოტიკების დილერი თუ მენეჯერი გვეწოდებინა…

    სამწუხაროდ, ყველაზე ცუდი ვარაუდი გამართლდა – ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობამ არნახულად მოიმატა, შემცირდა  მომხმარებელთა წლოვანება და, რაც მთავარია, სამართალდამცველები  ნარკოტიკების ათეულობით გამსაღებელს აკავებდნენ და აკავებენ, სასურველი შედეგი კი ისევ არ არის.

    საბედნიეროდ, ხელისუფლება მიხვდა, რომ რაღაც უნდა შეეცვალა და ამ მიმართულებით კანონი მკაცრდება. რაღა თქმა უნდა, გამკაცრება უკვე გააკრიტიკეს ოპოზიციამ და დასავლეთმა, მაგრამ ხელისუფლება უკან დახევას არ აპირებს და კანონი აუცილებლად გამკაცრდება, მაგრამ…

    ის, რასაც ახლა დავწერთ, ძალიან ბევრს არ მოეწონება, მაგრამ, ჩვენი აზრით, ეს არის სიმართლე და მწარე რეალობა, რომელიც უნდა მივიღოთ. პირველ რიგში, გვაინტერესებს, რა ბედი ეწევა იმ მაღაზიებს, რომლებშიც ნარკოტიკების (კონკრეტულად მარიხუანის) მოხმარებისთვის საჭირო ატრიბუტები იყიდება. ეს მაღაზიები დღემდე უპრობლემოდ მუშაობენ და ყველაფერს ყიდიან, რაც ნარკოტიკებს უკავშირდება, მათ შორის იყიდება მარიხუანის თესლი. რა გამოდის? კანონი მკაცრდება და ამ დროს მაღაზიაში შეგიძლია იყიდო თესლი და  მოიყვანო მარიხუანა, რომლის შენახვა-მოხმარებისთვის ციხეში ჩაგსვამენ…  ალოგიკური ჩანს ეს ყველაფერი, მაგრამ, სავარაუდოდ, ამასაც მოევლება და ის, რასაც არ თუ ვერ მოევლება, ყველაზე მტკივნეული თემაა.

    „ჩვენ შევჯერდით, რომ სისხლის სამართლის კოდექსში სასჯელის სახით შევიდეს სავალდებულო მკურნალობა, თუმცა ეს იქნება განსაკუთრებულ შემთხვევაში და ეს იქნება სისხლის სამართლებრივი სასჯელის კატეგორია. ეს არ იქნება ადმინისტრაციული სახდელი, ეს იქნება სისხლის სამართლის ნორმაში გაწერილი სასჯელი. შესაძლებელია, ამ დისკრეციის განხორციელებას  საფუძვლად დაედოს საქმეში არსებულ მასალებთან ერთად ნარკოლოგიურის ექსპერტიზის დასკვნა და მოსამართლემ გადაწყვიტყოს, ამ კონკრეტული ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვის თვალსაზრისით არამხოლოდ კერძო პრევენცია, არამედ ზოგადი პრევენციისთვისაც იყოს კარგი ამ სასჯელის დანიშვნა სხვა სასჯელთან ერთად“, – განაცხადა კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ.

    სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდებით, რას ნიშნავს კანონში ჩანაწერი „ნარკოლოგიურის ექსპერტიზის დასკვნა და მოსამართლემ გადაწყვიტყოს, ამ კონკრეტული ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვის თვალსაზრისით არამხოლოდ კერძო პრევენცია, არამედ ზოგადი პრევენციისთვისაც იყოს კარგი ამ სასჯელის დანიშვნა სხვა სასჯელთან ერთად“. ანუ, ექსპერტიზამ უნდა თქვას,  აქტიური მომხმარებელია თუ არა  კონკრეტული ადამიანი და უნდა იმკურნალოს თუ არა?! მოდი, ჯერ საერთაშორისო სტატისტიკას გადავხედოთ და ვნახოთ, რომ იძულებითი მკურნალობის შემდეგ ნარკოტიკებზე საბოლოოდ უარი მხოლოდ 2%-მა თქვა, დანარჩენმა კი  ნარკოტიკის მოხმარება კვლავ განაგრძო.  გამოდის, რომ ასიდან მხოლოდ ორი ადამიანი ანებებს თავს საბოლოოდ ნარკოტიკს. ახლა ისევ საერთაშორისო სტატისტიკა მოვიშველიოთ და ვთქვათ, რომ ერთი ადამიანის მკურნალობა,  სულ ცოტა, 70 ათასი ევრო ჯდება, ანუ ასი კაცის მკურნალობა  7 მილიონი ევრო დაგვიჯდება და მათგან მხოლოდ ორი თუ განიკურნება და აღარ მიიღებს ნარკოტიკს, გამოვა, რომ ერთი ადამიანის განკურნებაზე 3,5 მლნ ევროს დავხარჯავთ...  იმის გათვალისწინებით, რომ 70 ათასი ევროს გადახდისა და მკურნალობის სურვილი არავის ექნება, ეს ყველაფერი სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს. ვიღაცას 70 ათასიც რომ ჰქონდეს და სურვილიც, მკურნალობას სახელმწიფოს გარეშეც  მოახერხებს. ჰოდა, ახლა  გვაინტერესებს, გადასახადების გადამხდელ რამდენ ადამიანს  სურს, რომ მის მიერ გადახდილი გადასახადებიდან თანხა სწორედ ამ მიმართულებაზე  დაიხარჯოს. სტატისტიკით  როგორი შედეგი გვექნება, უკვე მოგახსენეთ. ახლა  ვიღაც იტყვის, რომ იძულებით მკურნალობას ბევრს არ დაუნიშნავენ, მაგრამ, მოდი, ისევ სტატისტიკა მოვიშველიოთ და დავიანგარიშოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ნარკოდამოკიდებულთა  2%-ს მაინც უმკურნალებენ, წელიწადში, 100 ადამიანი კი არა, გაცილებით მეტი გამოვა. ჰო, სამწუხაროდ, ნარკოდამოკიდებულ ადამიანთა რაოდენობა იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე სტატისტიკით ჩანს, და ეს ნარკოლიბერალიზაციამ მოგვიტანა.

    იმაშიც დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ადამიანთა  უმრავლესობა წინააღმდეგი იქნება,  კოლოსალური თანხები დაიხარჯოს ნარკომანების მკურნალობაზე.  შედეგზე რომ ვიყოთ ორიენტირებულნი და  დარწმუნებულნი ვიყოთ, ეს  ადამიანები განიკურნებიან, ხმას არავინ ამოიღებდა, მაგრამ 2% ძალიან მცირე რაოდენობაა, მცირეა ქართული რეალობისთვის და ყველამ, ვისაც ოდესმე ჰქონია შეხება ნარკომანებთან, ზუსტად იცის, რომ მათი გამოსწორება, უბრალოდ, ილუზიაა.  ვიღაც იტყვის,  გამოსავალი არ ყოფილაო, მაგრამ ნურას უკაცრავად, არის და გაცილებით მარტივი. კანონის გამკაცრების შემდეგ არაერთი ნარკოდამოკიდებული ადამიანი მოხვდება გისოსებს მიღმა. სწორედ ამ მიმართულებით უნდა იყოს კანონი უმკაცრესი და ნარკოტიკებზე დამოკიდებული პირები, თავზე ხელის გადასმის ნაცვლად, ციხეში  გაუშვას. ციხეში ნარკოტიკებზე წვდომა შეუძლებელი იქნება და ამ პირებს, ბევრი წელი  კი არა, 18-დან 24 თვემდე  პატიმრობა უნდა მიუსაჯონ. ეს პერიოდი სავსებით საკმარისია ორგანიზმის გასაწმენდად და მკურნალობაც ბევრი  არ  დაგვიჯდება. რაც შეეხება ე.წ. ლომკის მოხსნას, არსებობს  „მეტადონის პროგრამა“, რომელიც გარეთ არ მუშაობს სათანადოდ, თორემ,  ციხეში შედეგიანად  რომ ავამუშაოთ, სავსებით შესაძლებელია. საწყის ექვს თვეში მეტადონის პროგრამიდან დაკავებულების ჩახსნა მარტივად იქნება შესაძლებელი და დარჩენილი პერიოდი  სხეულიდან ნარკოტიკების სრულად გამოდევნას მოხმარდება.  ეს სქემა მუშაობს საზღვარგარეთ და, რაც მთავარია, ეს სქემა  კარგად მუშაობდა ნაციონალების მმართველობის პერიოდში. ჰო, იმხანად მეტადონის პროგრამაც ცალ ფეხზე ეკიდათ და ყველაფერი დანარჩენიც. შეაგდებდნენ ნარკოტიკებზე დამოკიდებულ ადამიანებს გისოსებს მიღმა, საუკეთესო შემთხვევაში  მისცემდნენ 8 წელს და  არ აინტერესებდათ, ჰქონდა თუ არა „ლომკა“. და ადამიანები იკურნებოდნენ, სრულად სუფთავდებოდა ორგანიზმი ნარკოტიკისგან, თუმცა, კიდევ გავიმეორებთ: იმხანად  სასჯელები არარეალური და შეუსაბამო იყო, ამიტომ ვამბობთ, 18-დან 24 თვემდე პატიმრობა  სავსებით საკმარისია. გლდანის ციხის ჯალათი, მისი დირექტორყოფილი, დღემდე ძებნილი ალექსანდრე მუხაძე, იგივე „ქილერა“ ხომ გახსოვთ? ჰოდა, მან თავისი ძმაც კი დააჭერინა და 18 თვის განმავლობაში ჰყავდა გლდანის ციხეში მხოლოდ იმის გამო, რომ ის წამალდამოკიდებული აღარ ყოფილიყო. რა თქმა უნდა, მუხაძის ძმას არ შეხებია არც ცემა-ტყეპა და არც გაუპატიურების მუქარა, მაგრამ საპყრობილეში იჯდა და… პრაქტიკულად, მკურნალობდა. ჰოდა, როცა ციხის დირექტორი (ჯალათი) თავის ძმას იმეტებდა გლდანის ჯოჯოხეთისთვის, მარტივი მისახვედრია, რომ ერთადერთ გამოსავლად სწორედ ეს მიაჩნდა, თორემ უმარტივესი იქნებოდა, რომელიმე ბიზნესმენისთვის  დაერეკა და სამკურნალო ფული ეთხოვა,  თანხას კი ზუსტად იმდენ ხანში მიიღებდა, რამდენიც ანგარიშიდან ანგარიშზე გადარიცხვას   დასჭირდებოდა.

    სამწუხაროდ, შეიძლება ბევრმა ვერ გაიგოს, რასაც ვგულისხმობთ და რაც გვინდა. ჩვენ გვსურს, ქვეყანა ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანების გარეშე,  რომ ნარკოტიკების გამსაღებლები უმკაცრესად ისჯებოდნენ (მაგალითად, სამუდამო პატიმრობით და პირველი 25 წელი შეწყალების უფლების გარეშე); გვინდა, რომ  ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა ძალიან შემცირდეს და, რაც მთავარია, შემცირდეს არასრულწლოვანთა, მათ შორის ბოლო წლებში გოგონების უპრეცედენტოდ გაზრდილი  რაოდენობა.  ისიც გვგონია, რომ არასრულწლოვანთა შორის ამ კატეგორიის დანაშაულის მატება ისევ ლიბერალური კანონის ბრალია, აქაოდა, მშობელს არ აქვს უფლება, ბავშვს გაუბრაზდეს, დაუყვიროსო… სამწუხაროდ, სწორედ ოჯახური ძალადობის ბრალდებით იხდის სასჯელს დღეს პატიმართა ნახევარზე მეტი და საშველიც თითქოს არ ჩანს. არ უნდა ჰქონდეს ბავშვს იმის განცდა, რომ, თუ არასწორად მოიქცევა, მშობელი ვერაფერს ეტყვის, პატრულში დარეკავს და მამას ან დედას დაიჭერენ. აი, ეს მუხლიც თუ გადაიხედება, არ იქნება ურიგო.

    ლევან გაბაშვილი

                                                                                                                  

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here