დროა, ყველას შევახსენოთ, აქ არავინ არის სკოლის მოწაფე, გამოცდები არავის ჩასაბარებელი არ აქვს, ქართველ ხალხს საკმარისად აქვს თავისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ყველანაირი გამოცდა ჩაბარებული, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დასავლეთში კრიტიკას ხვდებიან „გაბუტული პოზით“, არადა თუკი რაიმე არის ევროპული ღირებულება და ევროპული წესი, ეს არის კრიტიკის მოსმენა“.
„ვფიქრობ, მოვიდა მომენტი, როცა უნდა დავიწყოთ ახსნა რას ნიშნავს სინამდვილეში ევროპული ღირებულებები. სამწუხაროდ, უკვე ძალიან შეეგუა ზოგიერთი ჯგუფი თუ პოლიტიკოსი, რომ ქართველებს ჭკუა ასწავლოს რა არის ღირებულება და რა არა. ახსენებენ ევროპულ ღირებულებას ისე, თითქოს, არსებობდეს უფრო დაბალი ქართული ღირებულება. ამიტომ ვფიქრობ, რომ დროა, ყველას შევახსენოთ, რომ აქ არავინ არის სკოლის მოწაფე, გამოცდები არავის ჩასაბარებელი არ აქვს, ქართველ ხალხს საკმარისად აქვს თავისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ყველანაირი გამოცდა ჩაბარებული. ამიტომ შევახსენებ ყველას ევროპაში, მათ შორის ზოგიერთ ევროკომისარს, რომ თუკი რაიმე არის ევროპული ღირებულება და ევროპული წესი, ეს არის კრიტიკის მოსმენა, ატანა და კრიტიკაზე პასუხი. ჩვენ რასაც ვხედავთ არის, რომ კრიტიკას ხშირად ხვდებიან გაბუტული პოზით, თითქოს ეს არის თავდასხმა, შეურაცხყოფა და ა.შ. ეს ჩვეულებრივი მეთოდია, რომ თავიდან აირიდონ კრიტიკა და „გაღმა შედავებისავით“ რაღაც გაბუტულ პოზაში ჩადგნენ, ანტიევროპული უწოდონ რაღაც საკითხებს. ჩვენ ვსაუბრობთ ყოველთვის ფაქტებით, კონკრეტული ფაქტებით, როცა ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდება ექსტრემისტული ჯგუფები, როცა ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდება პროპაგანდა. ყველა ამ საკითხზე გვაქვს მტკიცებულება და ფაქტი. ყოველ ჯერზე ვასახელებთ მტკიცებულებას და ფაქტს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, საქართველოში აკრედიტებული ელჩების ნაწილი თავიდან ბოლომდე ჩართულია შიდა პოლიტიკაში, ვენის კონვენციის დარღვევით.
„როგორც ჩანს შეხსენებაა საჭირო, რომ ვენის კონვენციის 41-ე მუხლი, „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ მოიცავს ორ საკითხს: ადგილსამყოფელ ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატების იმუნიტეტი და პრივილეგიები და ამ პრივილეგიების საპირწონედ, ქვეყანაში აკრედიტებულ დიპლომატებს ეკრძალებათ ქვეყნის საშინაო საკითხებში ჩარევა. დღეს ჩვენ ვხედავთ ზოგიერთი ქვეყნის ელჩი ჩვეულებრივად კონფლიქტშია ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან. ზოგ შემთხვევაში, ვხედავთ, რომ მათ პერსონალურ ზიზღშიც კია გადაზრდილი ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება, როცა მათ კომენტარებს ვუსმენთ. როცა დიპლომატი დაკავებულია ხელისუფლების მიმართ თავდასხმებით, თავდასხმებით ადგილსამყოფელ ქვეყანაში ხალხის მიმართ, როცა დიპლომატს აქვს შექმნილი თავისი ვიწრო წრე, რომელსაც ის ფულს უხდის და ის მიაჩნია ხალხად და სხვას ხალხად არ მიიჩნევს, ის გადის დიპლომატიური პროფესიული ეთიკის სტანდარტებიდან და ხდება ჩვეულებრივი პოლიტიკოსი.
ზოგიერთი დიპლომატი საქართველოსი, ელჩი თუ საელჩოს სხვა თანამშრომელი ჩვეულებრივ, რიგით ქართველ პოლიტიკოსადაა ქცეული და პირდაპირ აკოპირებს რადიკალური ოპოზიციის გზავნილებს თუ ქცევის წესსა და სტანდარტებს. თუ ამ ნაბიჯზე მიდიან, ხდებიან ადგილობრივი პოლიტიკოსები, აიტანონ ის პოლიტიკური კრიტიკის სტანდარტი, რომელიც საქართველოში არსებობს, რომელიც, სხვათა შორის, მათივე დაფინანსებით არის დამკვიდრებული, ცუდ სტანდარტს როცა ვგულისხმობთ. არ ჩაერიონ საშინაო საქმეებში… კაციშვილს არ ახსოვს, იმდენი ელჩია საქართველოში. ის ელჩები, რომლებიც ქართველ ხალხზე თავდასხმით არიან დაკავებულები, აიტანონ კრიტიკა.
ჩემი ფუნქციაა ვამხილო და შევარცხვინო ის დიპლომატები, რომლებიც თავს ეძახიან ევროპელებს, რომლებსაც მართლაც ევროკავშირის პასპორტი უდევთ ჯიბეში, მაგრამ არაფერი ევროპული ღირებულებისა მათ ამგვარ ქცევაში არაა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.