Home ახალი ამბები საქართველო შავი ჭირიდან კორონავირუსამდე, ანუ ხევსურთა თვითდამარხვის უანალოგო ისტორია

შავი ჭირიდან კორონავირუსამდე, ანუ ხევსურთა თვითდამარხვის უანალოგო ისტორია

შავი ჭირიდან კორონავირუსამდე, ანუ ხევსურთა თვითდამარხვის უანალოგო ისტორია

ხევსურეთში თვითდამარხვა შავი ჭირის ეპიდემიისა კაცობრიობისთვის უცნობი ფენომენია და მას ანალოგი არ მოეძებნება. ეს იყო შთამომავლობის გადარჩენის ინსტინქტი, მთლიანად რომ არ ამოწყვეტილიყვნენ

გიამბობთ საშინელ მოვლენაზე, რომელმაც თავის დროზე 60 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საუბარია შავი ჭირის ეპიდემიაზე, რომელიც მეთოთხმეტე საუკუნეში მძვინვარებდა, როცა მედიცინა უძლური იყო მის წინააღმდეგ ბრძოლაში.

გობის უდაბნოში (მონღოლეთი) წარმოშობილმა დაავადებამ ჯერ ჩინეთი და ინდოეთი მოიცვა, მერე კი მონღოლთა ჯარებთან ერთად ევროპაშიც შეაღწია. მისთვის დამახასიათებელი სიმპტომები იყო ოფლიანობა, ციებ-ცხელება, კანკალი, ძლიერი ტკივილები, მაგრამ მთავარი და ყველაზე საზარელი ნიშანი, რომლითაც შავი ჭირის ამოცნობა შეიძლებოდა, ჩირქმდინარე წყლულები, ე.წ. ბუბონები იყო.

“შავმა სიკვდილმა” რამდენიმე წელიწადში ევროპის მეოთხედი გაანადგურა. საერთო ჯამში კი, 20 წელიწადში 60 მილიონამდე ადამიანი იმსხვერპლა.

“შავი სიკვდილის” გამომწვევი ბაქტერია მხოლოდ 1894 წელს აღმოაჩინა ფრანგმა ბაქტერიოლოგმა ალექსანდრე იერსენმა. ამ ბაქტერიას ერსინია პესტის ეწოდა. ოთხი წლის შემდეგ კიდევ ერთმა პოლ-ლუი სიმონმა მიაკვლია მღრღნელების რწყილის როლს შავი ჭირის გავრცელებაში. მაშინვე შეიმუშავეს ვაქცინა, რომელსაც დიდი წარმატება არ მოჰყოლია, რადგან, როგორც გაირკვა, ეს არ იყო მხოლოდ ბნელი შუა საუკუნეების პრობლემა. აღმოაჩინეს, აგრეთვე, ამ სნეულების ახალი ფორმები, რომლებიც მკურნალობას არ ექვემდებარება. დიახ, სანამ ძირითადი ჰიგიენური ნორმები არ იქნება დაცული, შავი ჭირი კაცობრიობისთვის საშიში რჩება.

საქართველოში შავ ჭირს ჟამიანობა უწოდეს. ეპიდემია საქართველოში ოქროს ურდოს შემოჰყვა. ჟამიანობას ბაგრატ V-ის ცოლი, დედოფალი ელენე ემსხვერპლა. დაუმარხავი მიცვალებულებით აივსო ქუჩები. გვამებთან მიკარებას ჯანმრთელი ადამიანები ვერ ბედავდნენ, ამიტომ ტოვებდნენ საცხოვრებელ ადგილებს და გარბოდნენ. წყალსაც ვერ ეკარებოდნენ, რადგან ისიც ინფიცირებული იყო. ანატორი შატილიდან ორ კილომეტრში მდებარეობს და ცნობილია თავისი აკლდამებით. ანატორში შავი ჭირით დაავადებულები თავისი ნებით ტოვებდნენ სახლ-კარს და აკლდამებში სიკვდილს ელოდნენ. როდესაც აკლდამა ავადმყოფებით გაივსებოდა, კარს შიგნიდან ამოლესავდნენ. ასეთი თვითდამარხვა შავი ჭირის ეპიდემიისას კაცობრიობისთვის უცნობი ფენომენია. ეს იყო შთამომავლობის გადარჩენის ინსტინქტი, რომ მთლიანად არ ამოწყვეტილიყვნენ. დასნეულებული მოსახლეობა საძვალეებისკენ თავისი ნებით მიდიოდა, რათა ჯანმრთელი ადამიანები საფრთხისგან დაეცვათ. შედიოდნენ აკლდამაში და აღსასრულს უცდიდნენ. ევროპაში კი სულ სხვა ვითარება სუფევდა. უფრო სტიქიურად მოქმედებდნენ. თუ სახლში ვირუსით ერთი ადამიანი მაინც იყო დაავადებული, მოსახლეობა ასეთი სახლის კარებსა და ფანჯრებს გარედან ქოლავდა ისე, რომ ოჯახის სხვა წევრებსაც არ აძლევდა საშუალებას, გარეთ გამოსულიყვნენ. ჩვენში კი სრულიად განსხვავებულად იქცეოდნენ _ საკუთარ სიცოცხლეს წირავდნენ სხვათა გადასარჩენად.

კორონავირუსის გავრცელებისგან ღმერთმა დაგვიფაროს, ისევე, როგორც შავი და სხვა მრავალი ჭირისგან. ეს ისტორიაც მხოლოდ იმიტომ გიამბეთ, რომ მეტი ვიცოდეთ ჩვენი წინაპრების შესახებ, რომლებმაც კაცობრიობას უნიკალური თავგანწირვის მაგალითი შესთავაზეს. იმედია, მიბაძვა არ დაგვჭირდება, მაგრამ ცოტა რომ ვიამაყოთ, ამით არაფერი დაშავდება…

თამაზ ჩიქვანაია

sputnik-georgia.com

(იბეჭდება მცირე შემოკლებით)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here