ოცდამეთვრამეტე გამოშვება
საქა ისტორიული სოფელი იყო. აღმოსავლეთით და სამხრეთით მდებარე იმპერიები მას გურჯოს უწოდებდნენ, ჩრდილოეთით მოსაზღვრე იმპერია გრუზოთი მოიხსენიებდა, ხოლო სადღაც, ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით მდებარე იმპერიაში ჯორჯო შეარქვეს. მოკლედ, ცხოვრობდა ხალხი ამ ოთხსახელიან სოფელში თავიანთი სოფლური ყოფითა და წვრილმანი პრობლემებით. განსაკუთრებით და გამორჩევით არაფერი აწუხებდათ, ყოველ შემთხვევაში, იქამდე, სანამ ერთი უცხო და უცნაური არსება გამოჩნდებოდა, რომელიც ადამიანისა და მაიმუნის ნაჯვარს ჰგავდა. ზორბა და ახმახი იყო, უსაშველოდ გრძელ მკლავებსა და ფეხებს სიარულისას ისე აქნევდა, თითქოს კიდურების ნაცვლად სხეულზე მსუბუქი მუთაქები აქვს მიბმული, რომლებსაც ქარი უფრიალებსო. ბრაზობდა თუ უხაროდა, ზედა ოთხი კბილი მუდმივად უჩანდა, ემოციებს კი, ორივე შემთხვევაში, ბავშვური, მაგრამ მეტისმეტად უსიამოვნო ჭყლოპინით გამოხატავდა. როგორც გაირკვა, სახელიც უცნაური ჰქონდა _ შა.
_ მე აქ დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ მერე სწავლა-განათლების მისაღებად დიდ ქვეყნებში ვიყავი წასული, ახლა ისევ დავბრუნდი და თქვენთან ერთად უნდა ვიცხოვრო, _ გამოუცხადა შამ სოფლის ბოლოს წყაროსთან შეკრებილ ხალხს.
_ კი ბატონო, იცხოვრე, ვინ გიშლის, _ მშვიდად შეხვდა ხალხი ამ უცნაურ არსებას, თუმცა ვერავინ გაიხსენა, ვინ იყო ან ვის ოჯახშია დაბადებული და გაზრდილი.
თავდაპირველად განსაკუთრებული ეფექტი არავისზე მოუხდენია, ამიტომ იგი მხოლოდ იმ გაუგებრობად ჩათვალეს, რომელზეც ყურადღების გამახვილება არ ღირდა და მალე მიივიწყეს კიდეც. ერთ მშვენიერ დღეს კი მასთან ერთად ზომით მასზე პატარა, მაგრამ მისი მსგავსი ათიოდე არსება რომ იხილეს, შეცბნენ.
_ ჩვენ აქაური, დამყაყებული წესები უნდა შევცვალოთ, დემოკრატია უნდა დავამყაროთ და ახლებურად ცხოვრება უნდა გასწავლოთ, _ ამცნეს მათ სოფელს, _ ხომ გინდათ?
_ ჩვენ ჩვენი წესებით ცხოვრება გვსურს, თქვენ ვისი ტიკი-ტომრები ხართ?! _ მიუგო მათ უმრავლესობამ, მაგრამ მაშინვე გამოჩნდა რამდენიმე ადამიანი, რომლებმაც ერთხმად იყვირეს:
_ გვინდა დემოკრატია, გვინდა ახალი ცხოვრება!
სოფლის უმრავლესობამ იმ რამდენიმეს მაშინ კი ჩააკმენდინა ხმა, მაგრამ, უცნაურმა არსებებმა ადამიანების მოსყიდვა და გადმობირება დაიწყეს.
ისინი თანდათან მრავლდებოდნენ და ძლიერდებოდნენ. სოფლის მცხოვრებთა იმ ნაწილიდან, რომლებიც სოფლის თავკაცების შიშით ღია მხარდაჭერას ვერ ბედავდნენ, ბევრი მათთან ჩუმად მიდიოდა და თანამშრომლობას იწყებდა. უტიფარი და აგრესიულები იყვნენ, თანასოფლელებისგან წინააღმდეგობას როდესაც აწყდებოდნენ, დემოკრატიის სახელით ძალადობაზე გადადიოდნენ. სოფლის უმრავლესობა მათი წინააღმდეგი იყო, მაგრამ თავხედობისა და ორგანიზებული ძალის წინაშე იძულებული ხდებოდნენ, უკან დაეხიათ. შას მიმდევრები სოფლის საერთო ცხოვრებით არ ცხოვრობდნენ, არ მუშაობდნენ, ეკლესიაში არ დადიოდნენ და მღვდლებს ბნელეთის მოციქულებად აცხადებდნენ. მხოლოდ რევოლუციის მზადებით იყვნენ დაკავებულნი, რასაც არც მალავდნენ. ხალხს უკვირდა, თუ საიდან ჰქონდათ ფული, რომლის ხარჯვაშიც ხელგაშლილები იყვნენ. ჭორი დაირხა, ვიღაც ზემდიდარი კაცი აფინანსებს, რომელიც ჩვენი სოფლიდან ყოფილა წასული, ახლა კი მეზობელ იმპერიაში ცხოვრობსო.
მერე, როდესაც უფრო მოღონიერდნენ და შეიარაღდნენ კიდეც, სოფლის მამასახლისის კანცელარია შტურმით აიღეს, შა მამასახლისად დააყენეს და მართვის სადავეები მთლიანად მას გადასცეს. შეშფოდნენ სოფლელები, მაგრამ გვიანღა იყო. შა, იმის მიუხედავად, რომ ზედა ოთხი კბილი ყოველთვის უჩანდა, ძველებურად აღარ იცინოდა. მან მოსვლის დღიდანვე დაიწყო სოფლის იმ მოსახლეობის დაპატიმრება, რომელიც ახალი წესებით ცხოვრების მოწინააღმდეგე იყო. შეშინდა ბევრი და თავის გადარჩენა შას განდიდებითა და მის მიმართ უზომო ლიქვნის გამოვლენით სცადა. ასეთ შემთხვევებში მოლბებოდა ცოტათი და მუდამ გადმოყრილი ზედა ოთხი კბილით ხალხზე დადებითი გავლენის მოხდენას ცდილობდა. უცნაურ და უგუნურ ადამიანებს რა დალევს ქვეყანაზე, ზოგიერთმა შეიყვარა კიდეც ეს უფორმო ახმახი, რომელიც, როგორც თვითონ ამბობდა, ხალხზე ზრუნვაში ათენ–აღამებდა. მხარდამჭერები როცა მოიმრავლა, რომლებსაც წინამძღოლებად ტანით მასზე პატარა, მაგრამ ფორმით მისი მსგავსი არსებები დაუნიშნა, მის მიერ მოფიქრებული მმართველობის წესები აამოქმედა. სოფლის მოსახლეობის თითქმის ნახევარი ხომ დაპატიმრებული ჰყავდა, რომლებსაც სულში აფურთხებდა, აუპატიურებდა, აწამებდა და მისი მსგავსი არსებების პირით მუდმივად ემუქრებოდა, _ სულს ამოგხდით, თქვე ნაძირლებო! _ მეორე ნახევარს ღალა დააკისრა. ახალგაზრდა ქალები მძევლებად აიყვანა და, მისგან მოწონებულები, მორიგეობით მიჰყავდათ კანცელარიაში, სადაც გაუთავებელ ორგიებს მართავდა. სოფელში ვინმე მდიდარი თუ იყო, ქონება ჩამოართვა; ღარიბები უფრო გააღატაკა და, საბოლოოდ, მთელი სოფელი ისე გაამწარა, როგორც ისტორიულ მაოხართ გაუმწარებიათ საუკუნეთა განმავლობაში.
ჩადენილი ახალი დანაშაულის შესახებ როდესაც მოახსენებდნენ, ტუჩებს აწკლაპუნებდა და ბნედიანივით იმეორებდა.
_ ციხეში, ყველანი ციხეში!
სადმე ბუნტისა და ჯანყის სუნს თუ იკრავდა, ყვირილს მორთავდა:
_ ადგილზე მოკალით, მოსპეთ, გაანადგურეთ, მე მაგ ხალხისთვის ტყვიები არ მენანება!
ადამიანის მოკვლა არად მიაჩნდათ, უმთავრეს ამოცანად რეჟიმის გაძლიერება იყო გამოცხადებული.
მერე იმ იმპერიის სიახლოვეს, სოფელ საქას გრუზოს რომ უწოდებდა, საკუთარი სოფლის ერთ-ერთ უბანს, ურჩობის გამო ომი გამოუცხადა. ჩრდილოეთის იმპერიამ ომში გახვეული უბნის მოსახლეობა დაიცვა და, საბოლოო ჯამში, ეს ვითარება მისი ინტერესების დასაკმაყოფილებლად გამოიყენა. შა ორ დღეში სასტიკად დაამარცხა და მის მიერ დარბეული უბანი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა.
საქას გამწარებულმა მოსახლეობამ ამბოხი მოაწყო და შას თავიდან მოცილება გადაწყვიტა. მან მომხრეებისგან შედგენილი სპეციალური დანიშნულების რაზმი გამოიყვანა, რომელსაც სათავეში ტანით მასზე პატარა, მაგრამ ფორმით მისი მსგავსი არსებები ჩაუყენა და აჯანყებულები სისხლში აბანავა.
შამ საბოლოოდ დააშინა და დაიმონა ხალხი.
ეს ამბავი, ალბათ, დიდხანს გაგრძელდებოდა, სოფელში ჩია ტანის მეორე უცხო კაცი რომ არ გამოჩენილიყო. ის კაციც საქას მკვიდრი აღმოჩნდა, რომელიც შასავით ადრე წასულიყო დიდ იმპერიაში, იქ უზარმაზარი ფული ეშოვა და ახლა მშობლიურ სოფელში საცხოვრებლად დაბრუნებულიყო. ეს სწორედ ის კაცი იყო, საქაში ეჭვი რომ დადიოდა, შას დამფინანსებელი და წამქეზებელიაო.
_ მე გაგათავისუფლებთ შასგან, _ ჰპირდებოდა ეს კაცი სოფელს, მაგრამ შორს დაიჭირა ხალხმა. _ მენდეთ, _ ეუბნებოდა იგი ხალხს, _ მე თუ ამირჩევთ, ისეთ დემოკრატიას ავაშენებ, ევროპაც კი გაოცდება. იაფი ფული, იაფი ცხოვრება, სხვა რაღა გინდათ, ოცნებებს აგიხდენთ, ოცნებებს…
_ შას ვერავინ მოერევა, _ უმწეოდ ასავსავებდა ხალხი ხელებს, მაგრამ გატყდნენ ბოლოს, ან როგორ არ უნდა გამტყდარიყვნენ ისეთი კაცის წინაშე, რომელსაც აქაური სახელი _ ივანე ერქვა და ისეთი გულღია ღიმილი ჰქონდა, თითქოს ირგვლივ სიყვარულსა და სიკეთეს აფრქვევსო.
აირჩია ხალხმა წინამძღოლად ივანე.
გამოაგდო ივანემ სოფლის კანცელარიიდან შა, მაგრამ არ დააპატიმრა. გადაიხვეწა შა საზღვარგარეთ და გაუთავებლად დაძრწოდა უცხო ქვეყნებში. ძალაუფლება და სისხლი სწყუროდა უსაზღვროდ, მაგრამ სხვაგან ვინ მისცემდა ძალაუფლებას, საქაზე ფიქრობდა დღედაღამ. რას არ ფიქრობდა და რას არ იგონებდა ივანეს გასანადგურებლად, მაგრამ ვერ უხერხებდა ვერაფერს, დიდი ფულის პატრონი იყო ივანე და ძალიან დიდი გავლენაც ჰქონდა უდიდეს და უძლიერეს იმპერიებში. ძლიერი და მრავარიცხოვანი დაცვაც ჰყავდა. მოიფიქრა ბოლოს ასეთი ხერხი შამ: საკუთარ ხალხს ბრძოლისთვის თავი დაანებებინა და ივანესთვის ერთგულების ფიცი მიაცემინა. არ იყო ადვილად მოსატყუებელი კაცი ივანე, მაგრამ მომხრე-მოწინააღმდეგეებად გახლეჩილი სოფლის გამთლიანება ეწადა გულით, რადგან ორ კატეგორიას ვერ იტანდა ბავშვობიდანვე _ მოწინააღმდეგეებსა და მოწილეებს. მხურვალედ სურდა, მისი ერთგული ყოფილიყო მთელი სოფელი. იფიქრა, მივცემ ამ ხალხს ბოროტებისგან თავის დაღწევისა და დაშვებული შეცდომის გამოსწორების საშუალებას და არ მიღალატებენო. დაიყენა ისინი გვერდით, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ სიკეთეზე სიკეთით ეპასუხა, ისარგებლა შას ხალხმა ივანეს რბილი ხასიათითა და მიმტევებლობით. დაიწყეს ივანესთვის ძირის გამოთხრა, პარალელურად კი _ ფულის კეთება და კერძო სასახლეების მშენებლობა. დარჩნენ საქაში მცხოვრებნი მშივრები და მოტყუებულნი.
მოახლოვდა ახალი არჩევნები.
ხალხმა იფიქრა, ივანე უნდა გადავირჩიოთო.
_ მაგას დიდი ფული აქვს, ვერ მოვერევით, _ ეჭვი გამოთქვა უმრავლესობამ.
_ მაგას მარტო შა მოერევა, _ შემოაგდეს შას ემისრებმა ხალხში იდეა.
_ მართალია, _ აიტაცა ხალხმა იდეა.
_ შა გვიშველის!
_ შა გადაგვარჩენს! _ ისმოდა ყველა მხრიდან.
_ რას შვებით, ხალხო, თავს იღუპავთ? _ გაოცდა ივანე, _ მწამებლისა და სისხლის მსმელის მობრუნება გინდათ?!
_ არ გვინდა, არ გვინდა! _ გამოიდო თავი ერთმა ნაწილმა.
_ გვინდა, გვინდა! _ იყვირა მეორე ნაწილმა, _ ოღონდ შენ მოგვცილდი შენი ტყუილი დაპირებებით და ხელისუფლებაში თუნდაც შა მოვიდეს, _ ჯიუტობდნენ ისინი.
_ სად არის სამუშაო ადგილები?!
_ სად არის გაიაფებული ცხოვრება?!
_ სად არის ოცნებების ასრულება?! _ აყრიდნენ შეკითხვებს ყველა მხრიდან.
მოვიდა არჩევნების დღეც.
დაიძრა ივანეს ხალხი ორგანიზებულად საარჩევნო ოლქისკენ. ისე ჩანდა, თითქოს მთელი სოფელი ერთად მოდიოდა. გაუნელებელი სიხარულით აღევსო ივანეს გული, როგორც იქნა, გაერთიანდა ხალხი მის ირგვლივ. ამიერიდან უბატონოდ ხმას ვერავინ გასცემდა, შეურაცხყოფის მიყენებას ვერავინ აკადრებდა. ერთიან, დიდ ბიზნესად აქცევდა საქას, სადაც ყველაფერს თვითონ გააკონტროლებდა. მარიხუანას პლანტაციები რა სახსენებელია, აკრძალული, მაგრამ ყველაზე მომგებიანი ბიზნესები აყვავდება საქაში. იმდენი კაპიტალი დაგროვდება, რომ ცოტა ხანში მსოფლიოს წამყვანი ოლიგარქები და მილიარდერები მოწიწებით დახრიან თავს მის წინაშე. გაახსენდა ვიღაცათა ნათქვამი, _ საქა პატარაა, იქ სუპერბიზნესს ვერ აამუშავებო. დიდ იმპერიებში საქმიანობას ურჩევდნენ, მაგრამ…
_ გენიალური გადაწყვეტილება მივიღე, გენიალური, _ ფიქრობდა და ხარობდა გამარჯვებაში უკვე დარწმუნებული ივანე. სიტყვას “გენიალური” ისე წარმოთქვამდა, რომ მახვილს “ე” ხმოვანზე სვამდა და რაღაცნაირად, არაქართულად გამოსდიოდა, _ გეეენიალური, გეეენიალური… თუმცა, ეს რა ხდება, ეს რა უბედურებაა?! ივანეს რომ ეგონა, მთელი სოფელი ჩემთვის ხმის მოსაცემად დაიძრაო, თურმე ცდებოდა. ეს მხოლოდ ნახევარი სოფელი ყოფილა. აგერ, მეორე ნახევარი დაიძრა სხვა მხრიდან, შას მომხრენი არიან, შას დროშებს მოაფრიალებენ და “შა მაგარიაო”, გაჰყვირიან. _ ბიჭოს, ეს რაა? _ გულმა რეჩხი უყო ივანეს, _ თვითონ შა მოუძღვის ხალხს, შა ჩამოსულა, ბიჭოს! როგორ გაბედა, როგორ გაბედა? _ უკვირს, _ ვანანებ, ციხეში ჩავალპობ!
ადიდებულ მდინარესავით მოედინება ხალხი, შა მოუძღვის, შა მართავს, შა ასულდგმულებს ამ მღვრიე ტალღას. სხეულზე მიბმული მუთაქებივით უთავბოლოდ მოაქნევს უაზროდ გრძელსა და მსუქან კიდურებს, ოთხი კბილი გადმოუგდია, ქშინავს და ახლო–ახლოს ჩამჯდარ თვალებს ავად აელვებს. გამარჯვებაში ეჭვიც აღარ ეპარება. იმათზე ეცინება, დიდ იმპერიებში დარჩენას ვინც ურჩევდა.
_ გენიალური გადაწყვეტილება მივიღე, გენიალური, _ ხმამაღლა ფიქრობს. დარწმუნებულია, რომ მთლად დასავლეთის ან ჩრდილოეთის იმპერიად თუ ვერა, შედარებით პატარა იმპერიად მაინც აქცევს მშობლიურ საქას: “ერთი ბალისტიკური რაკეტა რომ ჩამაგდებინა ხელში, ნამდვილ იმპერატორად გადავიქცევი, დასავლეთისა და ჩრდილოეთის იმპერიებს რომ ჰყავთ, ისეთ იმპერატორად. მერე რა, თუ პატარაა საქა, ერთი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტაც კი მას მოწინავე იმპერიათა რიგში ჩააყენებს. იმასაც ხომ აქვს მნიშვნელობა, ვის ხელშია ბირთვული იარაღის მართვის პულტი. ის წითელი ღილაკი რომ მომცა თუნდაც ერთი დღით, თუნდაც ერთი საათით, ვნახავდი, ვინ გახდებოდა მსოფლიოს მბრძანებელი…”
ორი მხრიდან მიადგა ერთმანეთს ორად გაყოფილი სოფელი. საარჩევნო ოლქთან მისული ორივე მხარე გრძნობს, რომ ეს აღარ არის არჩევნები. ეს უკვე ომია, სამკვდრო–სასიცოცხლო ომი. ერთმანეთის მეზობლები, მეგობრები და მოყვრები ავი თვალებით ზომავენ ერთმანეთს და ერთმანეთის სისხლის საღვრელად ემზადებიან.
ივანემ თავის მომხრეებს მიმართა:
_ სმენა იყოს!
ხალხი ორივე მხარეს გაისუსა.
_ შა, _ მიმართა მან მთავარ მოწინააღმდეგეს, _ შენ მოარული ბოროტება ხარ და ხალხისთვის დიდი უბედურება მოგაქვს!
_ შენ მოღალატე და ჩრდილოეთის იმპერიის ემისარი ხარ! _ ოთხი კბილიდან ტყვიასავით ესროლა პასუხი შამ.
_ მადროვე, მადროვე, _ შეაჩერა ივანემ. _ რაღაც თუ არ ვიღონეთ, დღეს აქ დიდი სისხლი დაიღვრება, საქა დაიღუპება. მე ორთაბრძოლას გთავაზობ. მე და შენ სამკვდრო-სასიცოცხლოდ შევებათ ერთმანეთს და, რომელიც ცოცხალი დარჩება, გამარჯვებულიც ის იქნება. თანახმა ხარ?
შას მომხრეებმა სიცილ-ხარხარი დაიწყეს.
_ შენ მიწვევ ორთაბრძოლაში? _ შა ისეთი გაკვირვებული იყო, რომ ოთხის ნაცვლად ექვსი კბილი გამოუჩნდა.
_ დიახ, დიახ, მე გიწვევ. რა გაგიკვირდა?
_ რომ გადაგყლაპო, ღიპზეც არ შემეტყობი, _ თქვა და ცხენივით აჭიხვინდა. იცინოდა, მისი ჭკუით.
_ იარაღის არჩევაც შენთვის დამითმია, _ დაამცირა ივანემ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა თვალწინ.
_ ხალხმა გადაწყვიტოს! _ მიუგდო შამ.
ორივე მხარეს თათბირი გაიმართა და ორივე მხარემ გადაწყვიტა, რომ მასობრივ სისხლისღვრას ლიდერთა ორთაბრძოლა სჯობს. მართალია, ერთ-ერთი დაიღუპება, მაგრამ დამარცხებული მხარე გამარჯვებულ ლიდერს თავის ლიდერადაც აღიარებს და სოფელი დაწყნარდება.
ბრძოლის იარაღზეც შეთანხმდნენ _ ქართული ორლესული.
მედიატორი, მსაჯი, არბიტრი, ასეთი რამე საჭირო არ იყო, ვინაიდან აქ არ არსებობდა რამე წესი, რომლის დაცვაც მებრძოლებს მოეთხოვებოდათ. აქ მხოლოდ ერთი წესი არსებობდა _ ვინ ვის? ხოლო როგორ და რანაირად, ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, მნიშვნელობა მხოლოდ შედეგს ჰქონდა, რომელიც სადღაც, ბრძოლის რომელიღაც ეტაპზე, აუცილებლად დადგებოდა.
მებრძოლებს ხელში ქართული ორლესული ხანჯლები მიაჩეჩეს და სხვადასხვა მხრიდან წრეში შეაგდეს…
აქ დასრულდა ყოველგვარი წესის მოქმედება, დარჩა მხოლოდ სიკვდილ-სიცოცხლის წესი.
შამ წვეტიანი იარაღი ხელში ჩაბღუჯა და ტანკივით დაიძრა მოწინააღმდეგისკენ. მას თმენის უნარი არ ჰქონდა, სულწასული იყო და იმავე წამს უნდოდა, გამარჯვება ეზეიმა. ორიოდე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ახმახი ტანისთვის შეუფერებელი ისეთი გრძელი კამარა შეჰკრა, რომ ივანეს ლამის თავზე დაახტა. ერთი მოქნევა და მოწინააღმდეგეს გულს გაუპობდა, მაგრამ სწორედ იმ წამს, როდესაც ივანე ბასრი სატევარით უნდა განგმირულიყო, მან კატასავით ისკუპა, თვალის დახამხამებაში ახმახს ფეხებშუა გაუძვრა და ზურგიდან მოექცა. შას მიერ მოქნეულმა ფოლადმა ჰაერში გაიელვა. ამაოდ მოქნეული იარაღი ხელიდან რომ არ გავარდნოდა, ზედმეტად წაიხარა წინ, თავი ვეღარ შეიკავა და მიწაზე გაიშხლართა, მაგრამ ორლესული შეინარჩუნა. ივანემ ერთხელ კიდევ ისკუპა მიწაზე გაშხლართული გოლიათისთვის მომაკვდინებელი დარტყმის მისაყენებლად, მაგრამ იგი სწრაფად ამოტრიალდა და კამარაშეკრულ ივანეს გრძელი ორლესული ჰაერში დაახვედრა. ცოტაც და ივანე მუცლით დაეშვებოდა მის წინაშე საბედისწეროდ აღმართულ წვერწამახულ ფოლადზე. ჩახედა ივანემ სიკვდილს თვალებში, მაგრამ სულ ბოლო წამს, როცა ყველაფერი უნდა დასრულებულიყო, შეფართხალდა ჰაერშივე, იცვალა მიმართულება ოდნავ, აირიდა სატევარი, მაგრამ მარცხენა მკლავი, იდაყვს ზემოთ, ისე ჩამოახია ორივე პირით ბასრ რკინაზე, რომ შადრევანივით იფეთქა სისხლმა. არც გაუგია ივანეს, რომ დაიჭრა. მკერდზე დაახტა გოლიათს და წვრილცხვირიანი ფეხსაცმელი მაჯაზე ამოჰკრა. გააგდებინა ირაღი და გულზე გადააჯდა. ზედ მარცხენა მკერდზე დაადო ორლესულის წვერი. ქშინავდა და დორბლი სდიოდა ახმახს, არაქათი აღარ ჰქონდა, სიკვდილი ეჯდა მკერდზე ივანეს სახით.
_ მაპატიე, _ ამოიხრიალა, _ მაპატიე, ნუ მომკლავ…
_ მე მოგიყვანე ხელისუფლებაში, მამასახლისად გაქციე, გაფინანსებდი, გარანტად გედექი. რატომ მიღალატე?
_ მაპატიე, _ სახეზე სიმწრის ოფლი ასკდებოდა და უზარმაზარი სხეული ციებიანივით უცახცახებდა, _ მე რომ მომკლა, ამით შენს თავსაც გამოუტან განაჩენს, ამიტომაც უნდა მაპატიო, _ უმატა ცახცახს.
_ მე და შენ კიდევ დიდხანს შეგვეძლო ერთად გვემართა ჩვენი სოფელი, მაგრამ შენ ყველაფერი მოინდომე და ამით ყველაფერი გააფუჭე. იმდენად გააფუჭე, რომ პატიების შესაძლებლობაც აღარ დამიტოვე. ამ ვითარებაში პატიებაც საკუთარი თავისთვის გამოტანილი განაჩენი გამოვა. ასე, რომ…
ივანემ წამით მაღლა შემართა ბასრი ორლესული და მთელი ძალით დაუშვა შას მკერდზე.
_ ააააააჰ! _ ერთხმად ამოიგმინა ხალხმა.
შამ უკანასკნელად ამოიქშინა და თვალები გაუშტერდა.
ივანე მძიმედ წამოდგა. ჩამქრალი მზერა ირგვლივ მიმოატარა, რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ერთბაშად იგრძნო, რომ ძალა ეცლებოდა. ხალხს გაკვირვებული მზერა შეავლო. ახლა, როდესაც სასტიკ ორთაბრძოლაში მოსისხლე მტერი გაანადგურა; ახლა, როდესაც სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლა მოგებულია, იმის ნაცვლად, რომ ენერგიის მოზღვავება ეგრძნო, ძალაგამოცლილი იდგა შას უსიცოცხლო სხეულთან. უცებ ისიც იგრძნო, რომ ძალასთან ერთად ბრძოლის, ლიდერობის, ბიზნესპროექტების განხორციელების სურვილიც გაუქრა. უცნაური შეკითხვა აეკვიატა: ნუთუ შა მმატებდა ენერგიას და მის გარეშე აღარაფერს წარმოვადგენ?!
სასოწარკვეთილი მიაჩერდა ხალხს, რომელიც ემოციებს აფრქვევდა, ყვიროდა და გუგუნებდა.
_ მხსნელს გაუმარჯოს!
_ ივანეს გაუმარჯოს!
წამიერად თითქოს გაიხარა კიდეც, სული გაუნათა იმის შეგრძნებამ, რომ ხალხი მთლიანად მის გვერდით იდგა და მას მიჰყვებოდა, მაგრამ სისხლისგან დაწრეტილს, სიტყვის ამოსათქმელად ძალა აღარ ეყო, დაბარბაცდა, წელში მოიხარა და ჯერ კიდევ თბილ ცხედარზე ისე რბილად დაეშვა, თითქოს სპილოს ლეშს ბუზი დააფრინდაო.
ამ დროს სოფლის ეკლესიის ზარმა ჩამოჰკრა.
_ წავიდეთ, ვილოცოთ! _ ხმამაღლა დაიძახა ვიღაცამ.
შეტრიალდა გაერთიანებული ხალხი ეკლესიისკენ. წუთის წინ ერთმანეთთან სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებულნი, პირჯვრის წერით, უხმოდ მიაბიჯებდნენ ერთმანეთის მხარდამხარ.
ეკლესიის ზარის გუგუნი თანდათან ძლიერდებოდა და ახლოვდებოდა…