Home რუბრიკები ეკონომიკა ყოფილი დეპუტატების შესანახად 4,5 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება

ყოფილი დეპუტატების შესანახად 4,5 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება

2415

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2016 წლის მარტის მდგომარეობით, სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები საქართველოს პარლამენტის 677 ყოფილი წევრია. სოციალური მომსახურების სააგენტო აღნიშნავს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კომპენსაციის მიმღებთა რაოდენობა და საჭირო თანხების ოდენობა კიდევ  უფრო გაიზარდა.


დღევანდელი პარლამენტარის მინიმალური ხელფასი 3 790 ლარს შეადგენს. ეს  მაშინ, თუ კანონმდებელი არც პარლამენტის თავმჯდომარეა, არც თავმჯდომარის მოადგილე, არც მაჟორიტარი და  არც უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერი. თანამდებობის შესაბამისად, ხელფასი დანამატთან ერთად  3 905-დან 5 905 ლარამდე იზრდება.

სადეპუტატო ვადის დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრს ენიშნება კომპენსაცია – 560 ლარი, ანუ ის, რასაც ჩვენ პენსიას ვეძახით. ამ თანხას საპენსიო ასაკიდან 60-65 წელს მიღწეული ყოფილი დეპუტატი იღებს, ხოლო თუკი მას აქვს 25-წლიანი სამუშაო სტაჟი, პენსია უფრო ახალგაზრდასაც ენიშნება. მაგალითად, 45 წლის ყოფილი დეპუტატი, რომელსაც 25-წლიანი მუშაობის სტაჟი აქვს 560 ლარის პენსიას იღებს (დასაქმების შემთხვევაში საპენსიო ანაზღაურება უჩერდება).

„ახალი საქართველოს”  წევრი თეონა ჭალიძე  ბიუჯეტიდან  ყოფილი პარლამენტარების დაფინანსებაზე საუბრობს. მისი განცხადებით, ყოფილი დეპუტატების შესანახად ყოველწლიურად  4,5 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება!

“ამჟამად გვყავს 712 ყოფილი პარლამენტარი. ბოლო 1 წლის განმავლობაში, ყოფილმა დეპუტატებმა  4 601 157  ლარი, ფაქტობრივად,  არაფერში მიიღეს. აღნიშნული თანხა, საქართველოს ბიუჯეტიდან იმიტომ გავიდა, რომ ყოფილ პარლამენტარებს კომპენსაცია მიეღოთ.

გამოვდივარ ინიციატივით, გადაიხედოს კანონი და კომპენსაცია მიიღონ მხოლოდ იმ ყოფილმა პარლამენტარებმა, რომლებსაც სხვა შემოსავალი არ აქვთ. გაუგებარია რატომ უნდა იხარჯებოდეს ამხელა ფული, ყოფილ პარლამენტარებზს, რომლებსაც აქვთ ბიზნესი და ფლობენ მილიონობით ლარის ქონებას. დღეს ქვეყანაში უამრავი სოციალური პრობლემაა. 126 570 სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ბავშვია, ჯამში  445 555 სოციალურად დაუცველი გვყავს და 40000-მდე ოჯახს შეჩერებული აქვს საარსებო შემწეობა.

ქვეყანაში 39000-ზე მეტი მოქალაქე უფასო სასადილოს საჭმელს ჭამს და მხოლოდ თბილისში, 7030 მოქალაქეზე მეტი  ერთ წელზე მეტია ელოდება უფასო სასადილოს სიაში ჩასმას. მოსახლეობის 60 პროცენტი ვალით ჭამს და უბნის მაღაზიებში ნისიების რვეულებია გადავსებული – ბიუჯეტიდან მილიონები კი ყოფილ პარლამენტარებს მიაქვთ, რომლებიც არაფრის მაქნისები არიან”, – განაცხადა ჭალიძემ.

,,საქართველო და მსოფლო“ პოლიტოლოგებს სოსო ცისკარივილს,  გია ხუხაშვილსა  და ყოფილ პარლამენტარ პეტრე მამრაძეს დაუკავშირდა იმის გასარკვევად თუ რას ფიქრობენ არსებული კანონის გადახედვაზე!

სოსო ცისკარიშვილი:

როგორ ფიქრობთ,  კომპენსაცია  უნდა გაიცეს თუ არა   მხოლოდ  იმ  ყოფილ პარლამენტარების მიმართ, რომლებსაც დამატებითი შემოსავალები  არ გააჩნიათ?

– რასაკვირველია, კომპენსაცია არ უნდა გაიცეს იმ  პარლამენტარების მიმართ, რომლებსაც საკმარისი შემოსავალი გააჩნიათ. ჰუმანურად მიმაჩნია, რომ  გარდაცვლილი პარლამენტარის მეუღლეს  წვდომა აქვს სწორედ ასეთ პენსიებზე. მათ სახელზე გადადის ქმრის ანაზღაურება.  ასე, რომ შეშფოთება სასაფუძვლიანია და გამოსავალი მარტივი.

-რაში მდგომარეობს გამოსავალი?

– სწორედ იმაში, რომ ყოფილმა დეპუტატებმა ყოველწლიურად წარადგინონ საკუთარი ქონებრივი დეკლარაცია. გარდა ამისა, შესამცირებელია დეპუტატების რაოდენობა, 150 კაციანი პარლამენტი ფუფუნებაა საქართველოსთვის. გადახედეთ  რა უჯდება პარლამენტს თბილისიდან ქუთაისში ყოველდღიური მოძრაობა, საგანგაშო მაჩვენებელია, თანხა ოთხ მილიონს ბევრად აღემატება.

გია ხუხაშვილი:

– პოლიტიკა სფეროა, რომელიც დეპუტატობის დატოვების შემდეგ გარკვეულ რისკებს შეიცავს, ამიტომ პრობლემური  შეიძლება იყოს მათთვის სამსახურის შოვნა. ყოველივე ამის გათვალისწინებით,  დეპუტატებს რაღაც კომპენსაცია რომ ეძლევათ ლოგიკურია. რამდენი უნდა იყოს ეს კომპენსაცია და რა ვითარებაში სოციალური ვითარებიდან გამომდინარე უნდა იზომებოდეს. ის, რომ დეპუტატებს ეძლეოდეთ ჩვეულებრივ მოქალაქეებზე 10-ჯერ მეტი თანხა არ მიმაჩნია სამართლიანად.

პეტრე მამრაძე:

– მე ვიყავი პარლამენტის წევრი  და მაქვს პენსია 560 ლარი, ეს არის სასაცილო თანხა, იმასთან შედარებით, რაც აქვთ პარლამენტის წევრებს სხვა ქვეყნებში. პირობები ასეთია: საკმარისია პარლამენტის წევრმა დაიწყოს მუშაობა, რა თქმა უნდა, საბიუჯეტო ორგანიზაციებში მას ან მთლიანად ჩამოეჭრება თანხა ან თუ მისცეს ხელფასი, რომელიც 560 ლარზე ნაკლებია, სიტყვაზე 400 ლარი, მაშინ პენსიიდან დაუმატებენ სხვაობას 160 ლარს. იმაზე ლაპარაკი, რომ მთავრობა ბევრს ხარჯავს ყოფილი პარლამენტარების  პენსიის გაცემაზე არ არის მართებული.

შეადარეთ, ახალმა ხელისუფლებამ ,,ქართულმა ოცნებამ“ რომ არაფერი ვთქვათ ძველ მთავრობაზე, ამ წლებში  რამდენი დახარჯა სრულიად გაუმართლებლად მანქანების განახლებაზე, რამდენი დახარჯა პრემიებზე. ეს ძალიან დიდი თანხაა და ამ თანხებისთვის ვალებიც კი აუღიათ, აი ეს საგანგაშო.

 

ეკა ზარნაძე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here