პარადოქსია, მაგრამ ფაქტი: საქართველოში არაერთი კანონია, რომლებიც ფურცელზეა დაწერილი, მაგრამ აღსრულება ვერ ხერხდება. მაგალითისთვის, კონკურენციის სააგენტოს დასახელებაც კმარა, რომელიც ჩვეულებრივი სახელმწიფო ორგანოა, წესითა და რიგით, ბაზარზე ფასების მატება და მონოპოლია უნდა აკონტროლოს, მაგრამ, აბა, დაძაბეთ გონება და გაიხსენეთ, კონკურენციის სააგენტომ სად რა გამოავლინა და როდის წარმოადგინა ხმაურიანი წლიური ანგარიში. ეგ კი არა, ერთადერთი, რაც გვახსოვს, პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის დავალებაა, გაარკვიეთ ბაზარზე პურის ფასმა რატომ მოიმატაო და დასკვნა რვა თვის შემდეგ გამოქვეყნდა, როცა აღარც ბახტაძე იყო პრემიერი და ხალხიც ლამის მთელი წლის განმავლობაში იხდიდა ფასნამატს. დასკვნაში კი ეწერა, საერთაშორისო ბაზარზე მოიმატა ფასმა, შემოტანაც გაძვირდა და ამიტომ გაგვიძვირესო. ამას მოუნდნენ რვა თვეს და ჩვენ იმხანად ბახტაძის განცხადებიდან ერთ კვირაში დავწერეთ ზუსტად იგივე.
ამ ყველაფერს იმიტომ გიყვებით, რომ პარლამენტი ახალ კანონპროექტზე მუშაობს, რომელიც… მხოლოდ ფურცელზე იქნება და რომლის აღსრულებაც ვერ მოხდება. ამ კანონის მიხედვით, ბინების, პროდუქტებისა და წამლების ფასის თვითღირებულებაზე 20%-ზე მეტით მომატება აიკრძალება. როგორც საკანონმდებლო წინადადებაში ვკითხულობთ, ბიზნესმენები, სურვილისამებრ, ხელოვნურად ზრდიან ფასს პროდუქციაზე, ეს კი საზიანოა როგორც სახელმწიფოსთვის, ისე საზოგადოების მატერიალური მდგომარეობისთვის. შესაბამისად, სახელმწიფომ კანონით უნდა დაარეგულიროს ჯანსაღი საკვები პროდუქტების, მედიკამენტებისა და სამშენებლო ბიზნესის ფასები. სახელმწიფო რეგულაციების შედეგად, ბიზნესს უფლება აღარ ექნება, პროდუქციას ფასი თვითღირებულებაზე 20%-ზე მეტით მოუმატოს. ფურცელზე დაწერილი ისე ჩანს, უკეთესს ვერ ინატრებს ადამიანი, მაგრამ მოდით, განვიხილოთ და ვთქვათ: რატომ ვერ იმუშავებს ეს კანონი, თუ მას ასე დაამტკიცებენ. არადა, პროექტის განხილვა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში უკვე მიმდინარეობს.
ვინც სამშენებლო ბიზნესში ოდნავ მაინც არის ჩახედული, დაგვეთანხმება, რომ კვადარტული მეტრის მშენებლობა (კორპუსის შენებისას), დღევანდელი ფასებითაც კი, დიდი-დიდი, 220 დოლარი ჯდება. ვთქვათ, ვიღაცამ ვერ იპოვა იაფი მუშახელი ან იაფი არმატურა და ცემენტი და კვადრატულის აშენება დაუჯდა 250 დოლარი. გამოდის, რომ უკვე აშენებულ კორპუსში კვადრატული მეტრი ფართობის ფასი არ უნდა იყოს 300 დოლარზე მეტი და არ აქვს მნიშვნელობა, ეს ახალაშენებული კორპუსი ვაკეში დგას თუ რუსთავის გასასვლელში, ერთი ფასი უნდა ჰქონდეს ყველგან. უკვე სისულელე გამოდის, რადგან, რუსთავს თავი რომ დავანებოთ, ახალი კორპუსი, მაგალითად, გორშიც შენდება, მარნეულშიც და ხაშურშიც. ჰოდა, კვადრატული მეტრი ფართობი ხაშურშიც 300 დოლარი რომ ეღირება და თბილისშიც, სად იყიდის მომხმარებელი _ ვაკეში თუ მარნეულის ბაზართან?
მეორე მაგალითი: ერთი კილოგრამი რქაწითელის ფასი ჩაბარებისას ერთი ლარი იყო. ორი კილოგრამი ყურძნისგან ერთი ლიტრი ღვინო მარტივად გამოდის, სუფთა წვენი, კარგი ღვინო და მისი 1 ლიტრის ფასი 2,50 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. არადა, ამ ფასად კარგ ღვინოს ფიზიკურად ვერ იშოვი და არც მეღვინეები გაყიდიან.
სანამ ამ კანონის განხილვას დაიწყებდნენ, არავის გამოუთქვამს პრეტენზია გაძვირებულ ტრანსპორტსა და დასუფთავების გადასახადზე. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასმა ასი პროცენტით მოიმატა და, ამ კანონს როცა მიიღებენ, კალაძეს აიძულებენ, გააიაფოს ტრანსპორტიც და დასუფთავებაც. თუ ეს კალაძის გადაწყვეტილებას არ ეხება? და ყოველდღიურად რომ ძვირდება პროდუქტი და 20% კი არა, ლამის 200 და 300% აქვს დამატებული, ხმას რატომ არავინ იღებს? მიზეზი მოსახლეობის ნიჰილიზმია, პოლიტიკური ნიჰილიზმი, რომელიც ჯერ წინა ხელისუფლებამ შეჰყარა ხალხს და საუცხოოდ დაასრულა “ქართულმა ოცნებამ”. გაიხსენეთ, რამდენი საპროტესტო აქცია გაიმართა თუნდაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ახლა ის გაიხსენეთ, რომელი აქცია იყო აპოლიტიკური, ანუ როდის გააპროტესტა მოსახლეობამ პროდუქტების გაძვირება და გამოცხადებული შიმშილი? არასდროს! და ეს იმიტომ, რომ ადამიანები ამაში აზრს ვერ ხედავენ. სწორედ ეს არის პოლიტიკური ნიჰილიზმი და აქციებზე მხოლოდ კონკრეტული პარტიების მხარდამჭერები გამოდიან იმის იმედად, რომ ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში, აქციაზე დგომა და დროშის ფრიალი სამსახურად დაუფასდებათ. ე.ი., ყველა თავის მომავალზე ფიქრობს, ყველას თავისი პრობლემა აქვს, ყველა საკუთარ მაცივარს უყურებს და საერთო საქმე ნაკლებად ანაღვლებთ. ვერ და არ იცლიან ადამიანები ერთმანეთისთვის, აქციაზე გასულებიც ხშირად იქ დგომის ნაცვლად ფულს იღებენ და ესეც ერთგვარი სამსახურია. აქციის შემდეგ გათოშილი მამა ან დედა იქ მიღებული 20 თუ 30 ლარით ერთი ვახშმის სამყოფ პროდუქტს მიიტანს შინ.
გონება დავძაბეთ, მმართველი გუნდის წინასაარჩევნო პროგრამაც კიდევ ერთხელ წავიკითხეთ და იქ ვერსად ვნახეთ პუნქტი, რომელიც არჩევნების დასრულებიდან ორ თვეში რაიმეს გაძვირება–გაორმაგებას გვპირდებოდა. ახლა ვიღაც იტყვის, არ დაგვპირდნენ და ისე შეასრულესო, მაგრამ რატომ არის, რომ ეს დაუპირებელის შესრულება მოსახლეობის ჯიბეზე ყოველთვის უარყოფითად აისახება და არასოდეს არის ერისთვის სასარგებლო? ან ის დაპირებები, რომლებიც ძალიან ლამაზად ჩანს და უამრავ სიკეთეს გვპირდება, რატომ არ სრულდება, რატომ? ერთხელ მაინც, არჩევნებიდან მეორე, მესამე და მეოთხე თვეს ამომრჩეველს მოუთხოვია დაპირების შესრულება? ვინმეს უთქვამს, ხალხო, ქუჩაში გავიდეთ, ხელისუფლება რომ ავირჩიეთ, რასაც დაგვპირდა, არ ასრულებსო? არა და ესეც იმიტომ, რომ ტყუილებსაც მივეჩვიეთ, ვიცით, რომ წინასაარჩევნოდ ყველა გვატყუებს და შეგუებულები ვართ, არც ერთი დაპირება, უბრალოდ, არ შესრულდება. მაშინ, რატომ ვაძლევთ ხმას ამა თუ იმ პარტიას? ხელისუფლების შემთხვევაში მარტივი ასახსნელია _ ადმინისტრაციული რესურსი აქტიურად მუშაობს, ვიღაცას სამსახურის დაკარგვა არ სურს და იმ ვიღაცას ოჯახის წევრებიც ჰყავს, სამეზობლო ჰყავს, ზოგს სთხოვს, ზოგს თანხას უხდის. ოპოზიციის შემთხვევაში კი უფრო მარტივად არის საქმე _ დაუსაქმებელ ადამიანს დასაქმებას ჰპირდებიან და ისინიც, მომავალი სამუშაოს პერსპექტივით, დარბიან, წვალობენ, ხმებს აგროვებენ. ბოლოს კი მოგებული ხელისუფლებაც რჩება, ოპოზიციაც და მხოლოდ ხალხია მოტყუებული. ოპოზიცია ხელებს შლის, ვერ გავიმარჯვე და როგორ დაგასაქმოო, ხელისუფლება კი დასაქმებულს თითს უქნევს, რაც გაქვს, შეირგე და მეტს ნუ მთხოვო.
დაჩმორებულია ხალხი, დაბეჩავებული, “საშოვარზე გადაგებული ყოფილი ერი”, რომელსაც ყველა გზა უკვე კუჭზე გაჰყავს, რადგან, თუ თვითონ იტანს შიმშილს, შვილები ვერ იტანენ, მოხუცი მშობლები ვერ იტანენ, ის მშობლები, რომლებმაც ასევე წვალებით ზარდეს შვილები და ახლა მათხოვრულ პენსიაზე არიან _ წამლებსა და პროდუქტებზე ფასები ყოველდღიურად მატულობს და პენსია, უბრალოდ, ვერ ეწევა. ახლა კიდევ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაძვირებაც დაემატა. დამისახელეთ თქვენ გარშემო პენსიონერი, რომელიც წლიურ აბონემენტში 250 ლარს გადაიხდის ერთიანად და მთელ წელს უფასოდ იმგზავრებს.
სად არის გამოსავალი? ხელისუფლებას თუ ნამდვილად სურს, ახალი კანონი მიიღოს და 20%-იანი ფასნამატი აკონტროლოს, უწინარესად, ბანკებიდან დაიწყოს. ჰო, საფინანსო ორგანიზაციებიდან, რომლებიც სესხს 40-დან 50%-მდე გასცემენ. ეს ჩამოწიონ 20%-მდე, ოღონდ ისე კი არა, ოპერატორი რომ გირეკავს და გეუბნება, სესხი დაგიმტკიცდათ “ეფექტური” 17%-დანო და საბოლოოდ ეს “ეფექტური” 49% რომ გამოდის, ნამდვილად 20%-ზე დასვან. აღრიცხონ (ეს ყველაზე მარტივია) შემოტანილი მედიკამენტების ფასი საერთაშორისო ბაზარზე და, მაგალითად, სოდის აბების ერთი კოლოფი ევროპაში (გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთში, ავსტრიაში) 2 ევრო რომ ღირს, ჩვენთან 120 ლარად არ გააყიდინონ. მედიკამენტების კონტროლი მართლაც იოლია და ფასების რეგულირებაც მარტივად შეიძლება. ანალოგიურის გაკეთება შეიძლება შემოტანილ საკვებ პროდუქტებზე. იტალიური მაკარონის შეკვრა იტალიაში, დახლზე 80 ცენტი რომ ღირს და ჩვენთან _ 8 ლარი, ეგ აკონტროლონ. მაგრამ არც ამ საქმიდან გამოვა არაფერი, რადგან ფარმაცევტულ ბიზნესშიც და პროდუქტების შემოტანის სქემაშიც სწორედ ის ადამიანები ან მათი ოჯახის წევრები არიან, რომლებმაც ეს კანონი უნდა მიიღოს და როგორ გგონიათ, ხალხის საკეთილდღეოდ ისინი თავს შეიწუხებენ და ფულს დაკარგავენ? რა თქმა უნდა, არა და ეს კანონი თუ “დაჩაქუჩდება”, მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხს დაანახვონ, თქვენზე ვზრუნავთო და ამ კანონის ძალით კონკურენტებს ებრძოლონ, მხოლოდ ერთეულებზე გაავრცელონ და იმაზე დიდ მონოპოლისტებად იქცნენ, ვიდრე არიან.
ახალ წელსაც მოგილოცავდით, მაგრამ ახალი წელი სიხარულთან, ხვავთან, ბარაქასთან ასოცირდება და ვერ ვხედავ, მოსახლეობის 80%-ზე მეტს ან სიხარული ეტყობოდეს, ან ხვავი და ბარაქა ჰქონდეს, ამიტომ მარტივად გეტყვით _ 2022-ში შევხვდებით, მეგობრებო!
ბესო ბარბაქაძე