რჩეულმა ადამიანებმა უკვე იციან, რა მოხდება მომავალ კვირას აშშ–ის ადმინისტრაციის მიერ მოწვეულ “სამიტზე დემოკრატიისთვის”. უფრო სწორად, ეს რჩეულები თითქმის პირადად კარნახობენ ჯო ბაიდენს დეტალებს, როგორ უნდა ჩაატაროს ეს სამიტი. აბა, მხოლოდ სიტყვით გამოსვლებით ხომ არ შემოიფარგლებიან?! ღონისძიების არსი, მათი აზრით, უნდა იყოს ის, რომ დემოკრატიულმა ქვეყნებმა იქ უნდა დადონ პაქტი დეზინფორმაციის წინააღმდეგ.
ნაცნობი თემაა, მასზე ამ დღეებში იყო საუბარი ასპენის ინსტიტუტის მოხსენების მაგალითზე, რომ ინტერნეტი, სოციალური ქსელები და სხვა საინფორმაციო გარემო მოულოდნელად გადატვირთული აღმოჩნდა მონაცემებითა და მოსაზრებებით, რომლებიც არასგზით არ ემთხვევა ნამდვილი დემოკრატების _ იმავე ბაიდენისა და მისი პარტიის წევრების, აგრეთვე, მათი ევროპელი თანამოაზრეების ორთოდოქსიას. ლიბერალები ფიქრობდნენ, რომ ინტერნეტი იქნებოდა მათი უმძლავრესი იარაღი სრულიად მსოფლიოს ან თუნდაც დასავლეთის იდეურად გასათანაბრებლად, მაგრამ უცებ აღმოჩნდა, რომ ამ პროცედურის ოპონენტები წარმოუდგენლად ძლიერი არიან და იმავე რესურსებსა და პლატფორმებს, თქვენ წარმოიდგინეთ, წინააღმდეგობის გასაწევად იყენებენ.
ასპენის ინსტიტუტის (ჰუმანიტარული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტი, არასამთავრობო ორგანიზაცია, დაარსებულია 1949 წელს _ ნ.ბ.) მოხსენებაში ნათქვამია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ საინფორმაციო ველზე კიდევ უფრო მკაცრი ცენზურის დაწესებით ლაგამი უნდა ამოსდოს განსხვავებულად მოაზროვნეებს აშშ-ში. ახლახან კი ჟურნალ Fორეიგნ Aფფაირს-ში გამოჩნდა სტატია, რომელშიც საუბარი დაახლოებით იიმავე საკითხზეა, მაგრამ უფრო ფართოდ: “დემოკრატიის სამიტის” ყველა მონაწილემ ანალოგიურის გაკეთების ვალდებულება უნდა აიღოს.
ამ ახალი სტატიის ავტორი (ნინა იანკოვიჩი, სხვა სტატუსებთან ერთად, უკრაინის მთავრობის ყოფილი მრჩეველი) თავის რისხვას ძირითადად მიმართავს გარე მტრების _ რუსეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ, რადგან მიაჩნია, რომ ამ ქვეყნებმა ისწავლეს გავლენის გავრცელება არჩევნებზე მთელ მსოფლიოში და დასავლეთში ამჟამად მიმდინარე იდეოლოგიური რევოლუციის ნებისმიერ ოპონენტზე. მაგრამ ის აღიარებს, რომ დასავლურ საზოგადოებებშიც ბევრია იმ იდეოლოგიის მოწინააღმდეგე, რომელსაც დემიოკრატიის რადიკალები უკვე რამდენიმე წელია ნერგავენ.
ამ გამოწვევაზე პასუხი, მისი აზრით, არის “ალიანსი ინტერნეტის მომავლისთვის”. ინტერნეტი უნდა იყოს თავისუფალი. ანუ თავისუფალი ყველა და ყველანაირი რესპუბლიკელისგან, პოპულისტის, პატრიოტის, საზოგადად, ნამდვილი დემოკრატებისთვის უსიამო თვალსაზრისის მომხრეებისგან. ეს მოითხოვს ერთიან წესებსა და ტექნიკურ გადაწყვეტილებებს სამიტის ყველა მონაწილისთვის, მაგალითად, თუ “არასწორი” ადამიანი (ან მთელი საიტი) აიკრაძალება ერთ ქსელში, მას აღარ უნდა ჰქონდეს ფიზიკური შესაძლებლობა, გადაინაცვლოს სხვა ქსელებსა თუ პლატფორმაზე.
მაგალითი, რომელიც ავტორს მოჰყავს, “დიდებულია”: ესაა “სკრიპალების მოწამვლის” ისტორია. კერძოდ: როცა ლონდონის ერთგულმა მოკავშირეებმა მიიღეს შეტყობინება, რომ, რუსების გარდა, ამას ვერავინ გააკეთებდა, შეუმოწმებლად და დაუყოვნებლად დაიწყეს რუსი დიპლომატების გაძევება და სანქციების დაწესება. აბა, როგორ: თუკი დაპატენტებული დემოკრატები რაიმეს ამტკიცებენ, მაშასადამე, ეს სიმართლეა.
“დემოკრატიის სამიტზე” მიწვეულია დემოკრატიის თვალსაზრისით ყველა საეჭვო სახელმწიფო”, _ აფრთხილებს სტატიის ავტორი. ესენია ბრაზილია, ფილიპინები, ინდოეთი და ა.შ. ასე რომ, თუკი მიწვევის ღირსად ჩათვალეს, მაშინ სამიტის შემდგომ ისინი ვალდებულნი არიან, შეესაბამებოდნენ “კიბერჰიგიენის” სტანდარტებს. დიახაც, საკუთარი ქვეყნის შიგნითაც _ და, საერთოდაც, რა “შიგნით” და “გარეთ” ცნებებზეა ლაპარაკი საინფორმაციო სივრცეში? ამასთანავე, ეს კიბერჰიგიენა ძალიან დაეხმარება უკრაინის მსგავსი უცხოური ავტორიტარიზმის მსხვერპლთ.
თავი დავანებოთ იმას, ვინ განსაზღვრავს, კონკრეტულად სახელმწიფოთა მთელი ჯგუფის მასშტაბით რისი დაწერა და თქმა შეიძლება და რისი _ არა ამ კარგად ორგანიზებულ საინფორმაციო საკონცენტრაციო ბანაკში. გასაგებია, რომ ასეთი ადამიანები არამხოლოდ გამოჩნდებიან ასპარეზზე, არამედ, დიდი ხანია, არიან და იბრძვიან არა მხოლოდ იმისთვის, რომ ლაპარაკი ყველას შეუძლია, არამედ იმისთვისაც, როგორ ილაპარაკონ, ანუ რა სიტყვებით. და აი, ცინცხალი მაგალითი ერთ-ერთი ძალიან არასწორი და არადემოკრატიული ადამიანის, მრავალი წიგნისა და სტატიის ავტორის, ამერიკელი როდ დრეიერის მასალიდან.
ის ორუელისა და საკუთარი წიგნებიდან მოყვანილი ციტატებით ყვება, რა ინსტრუქციებს უგზავნიან ევროკავშირის შტაბ-ბინის ბიუროკრატები თავიანთ მოხელეებს. იქ საუბარიც არ არის იმაზე, რომ ამ მოხელეებმა გააკრიტიკონ, მაგალითად, ევროპაში აფრიკელი მიგრანტების უკონტროლო შედინება ან ჰომოსექსუალთა ქორწინება და ა.შ. იქ ნაკარნახევია კონკრეტული სიტყვები, რომლებითაც ყველა მითითებული (და სხვა მრავალი) ფენომენი უნდა იქნეს მხარდაჭერილი, თანაც, ეს უნდა გაკეთდეს ნებისმიერ კომპანიასა და ნებისმიერ სიტუაციაში.
დარიგებული ინსტრუქციები დაყოფილია სამ გრაფად: თემა, არასწორი სიტყვები, სწორი სიტყვები. პირველი გრაფა: არ გამოიყენოთ სიტყვა “ევროპელები” ევროპაში მცხოვრები ადამიანების აღწერისას, რადგან ყველა მათგანი არ არის ევროკავშირის მოქალაქე. მეორე გრაფა: “დღეს ყველა ევროპელი დაცულია ახალი წესებით” (ამის თქმა არ შეიძლება). მესამე გრაფა: “დღეს ევროკავშირში მცხოვრები ყველა ადამიანი დაცულია ახალი წესებით” _ აი ეს შეიძლება.
ასევე, იქ არ შეიძლება ლაპარაკი გასული საუკუნის სამეცნიერო ფანტასტი მწერლების ოცნებაზე _ მარსის კოლონიზაციაზე, საუბარი შეიძლება მხოლოდ მარსზე დასახლებაზე; იმიტომ, რომ ვინმე აფრიკელი შეიძლება განაწყენდეს სიტყვაზე “კოლონიზაცია”. ასევე ვერ იტყვი “შობა”-ს, შეიძლება თქვა “დღესასწაულები”, ვერ იტყვი “აზიელი”, უნდა თქვა “ვიზიტორები იაპონიიდან” და სხვა ქვეყნებიდან. როგორ უნდა ილაპარაკო ლესბოსელებსა თუ ჰერმაფროდიტებზე, ისედაც გასაგებია. იქ ყველაფერი ძალიან დაწვრილებით წერია, დოკუმენტი ხომ დიდია და არც ერთადერთი. ასეთი ინსტრუქციები, დიდი ხანია, ვრცელდება წერილობითიც და ზეპირადაც, ხოლო მათ, ვისაც ინსტრუქციების შესრულება არ სურს, გააძევებენ, თუმცა არა ყველა პროფესიიდან, ასეთ ადამიანებს ფიზიკურად მუშაობის ნებას რთავენ (ჯერჯერობით).
რუსეთშიც მიმდინარეობს ფასეულობებისა და იდეების სასტიკი ბრძოლა და, თუ ვინმე ამბობს, მაგალითად, რომ არ ესმის გამარჯვების დღის აღნიშვნის აუცილებლობის, მას კარგა გვარიანად ხვდება. ის ხომ ჯერ მაინც გამოთქვამს მოსაზრებას და მისი სიტყვები ზოგჯერ უზარმაზარ აუდიტორიამდე აღწევს. ხოლო დემოკრატების მიერ შემოთავაზებული ტოტალური ცენზურა ინტერნეტისათვის (და, საზოგადოდ, ცხოვრებისთვის), როდ დრეიერის სიტყვებით, ესაა, როდესაც “მალე აღარ იარსებებს არც ერთი ევროპელი, რომელსაც ჯერ კიდევ ემახსოვრება მეტყველებისა და წერის ძველი ხერხები, დარჩება მხოლოდ გაყალბებული საშუალებები, რომლებიც ანადგურებს ოჯახის, ეკლესიისა და ერის კონცეფციას”.
ვფიქრობ, ჩვენთვის სასარგებლო იქნება ამ “დემოკრატიის სამიტის” სრულად პირდაპირ ეთერში გადმოცემა, რომლის შემდეგ საშინელებათა ფილმები საჭირო აღარ იქნება.
ria.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნინო ბერიძემ