Home რუბრიკები პოლიტიკა “ყველაფრის მკადრებლის” სინდრომი _ მიზეზი გოჩა აფრასიძისთვის მოწყობილი მედიატერორისა

“ყველაფრის მკადრებლის” სინდრომი _ მიზეზი გოჩა აფრასიძისთვის მოწყობილი მედიატერორისა

ნაციონალური მოძრაობისმიერ ჩადენილ უამრავ დანაშაულთაგან ერთერთი საზარელიააფრასიძეების საქმე”. სწორედ აფრასიძეების ოჯახის შემთხვევით გადარჩენილ წევრს, გოჩა აფრასიძეს, მოუწყო პროვოკაცია წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროშიტვ პირველისჟურნალისტმა, ვინმე ნინი ელიკაშვილმა, რომელიც კატეგორიულად მოითხოვს აფრასიძის დაპატიმრებას. ბუნებრივია, ძალადობის წინააღმდეგნი ვართ, მაგრამ, თუ ელიკაშვილმა არ იცის, რა უბედურება დაატრიალა სააკაშვილის ხელისუფლებამ აფრასიძეების ოჯახში, სვანეთში მაინც არ ყოფილა?! ნუთუ არ უნახავს მესტიამდე მისასვლელ გზაზე გადამწვარი სოფელი ეცერი, რომლის დანახვაც გულგრილს ვერავის ვერ დატოვებს?! წალკაში მომხდარ ინციდენტზე, ხელისუფლებისა და საზოგადოების ინერტულობაზე უფლებადამცველები ნანა კაკაბაძე და ირმა ჭკადუა გვესაუბრებიან.

“სწორედ ასეთი ჟურნალისტების დაუსჯელობამ მოიტანა ის, რაც წალკაში მოხდა”

ნანა კაკაბაძე, ადამიანის უფლებათა დამცველი:

_ თავდაპირველად ვიტყვი, რომ დღეს ყველამ და ყველაფერმა დაკარგა სახე. საზოგადოებამაც დაკარგა ის სახე, რომლითაც მსოფლიოში გამოვირჩეოდით. ქვეყანაში სახე დაკარგეს ჟურნალისტებმაც. ნამდვილი ჟურნალისტიკა აღარ არსებობს, ის გადაიქცა ზონდერჯგუფად პოლიტიკური პარტიის ხელში და ეს პარტია არისნაციონალური მოძრაობადა მისი სატელიტები. ეს ჟურნალისტები მოწყვეტილნი არიან რეალობას. ისინი იქცნენ ადამიანის უფლების დამრღვევებად, პროვოკატორებად, ყალბი ინფორმაციის გამავრცელებლებად. სახელმწიფოს არ აქვს არანაირი შესაძლებლობა, რომ პასუხი მოსთხოვოს, რადგან ე.წ. ევროპული სტანდარტებით ეს ჟურნალისტის საქმიანობის შეზღუდვას ნიშნავს. ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან სახელმწიფომ მიკერძოებული ჟურნალისტი უნდა განასხვავოს.

სწორედ ასეთი ჟურნალისტების დაუსჯელობამ მოიტანა ის, რაც წალკაში მოხდა.

დავიწყოთ იქიდან, რა უქნეს აფრასიძეებს და ვინ არის გოჩა აფრასიძე, რომლის დაპატიმრებასაც ითხოვენ დღეს ვიღაც “ჟურნალისტი” და მისი უფროსობა.

ამ ადამიანმა, რომელმაც, წესით, უნდა იცოდეს, რა უქნა სააკაშვილის რეჟიმმა აფრასიძეების ოჯახს და როგორი გამწარებული კაცია გოჩა აფრასიძე, მოაწყო პროვოკაცია, მაგრამ ხომ ყველამ ვიცით, რომ ეს ჟურნალისტი არის იმ ძალის წარმომადგენელი, რომელმაც აფრასიძეების ოჯახი ამოჟუჟა. გოჩა აფრასიძემ იცის, ვინ არის ის და კარგად ახსოვს, როგორც წაუკიდა ცეცხლი გია ბარამიძემ სახლს, რომელშიც ცოცხალი კაცი იმყოფებოდა

დღევანდელი ხელისუფლებაა დამნაშავე იმაში, რაც მოხდა, რადგან, ნაცვლად იმისა, რომ დაესაჯა “აფრასიძეების საქმის” დამნაშავეები, ხელი დააფარა და შედეგიც აშკარაა. ჟურნალისტმა კარგად იცოდა, ვინ იყო გოჩა აფრასიძე, ის შეგნებულად წავიდა პროვოკაცაზე, ითავხედა. დავუშვათ, არ იცოდა, ვინ იყო აფრასიძე, მერე მაინც ხომ გაიგო, ვინ იყო ის კაცი, მორიდებოდა და არ ეყვირა, დააპატიმრეთო.

_ აფრასიძეები, რა თქმა უნდა, იყვნენ ეჭვმიტანილები, მაგრამ დაპატიმრების ფორმა ხომ არსებობს, არსებობს სამართალი, რომელიც არ გავრცელდა ამ ოჯახზე

_ აფრასიძეები თავიანთ სახლში დახოცეს და ამის გამო არავის არ აქვს ბრალი წაყენებული. ამ ეპიზოდში ბრალი არ წაუყენებიათ არც სააკაშვილისთვის, რომელმაც ტელეეთერში მისცა აღიარებითი ჩვენება, როდესაც განაცხადა, რომ მისი ბრძანებით განხორციელდა ამ ოჯახზე თავდასხმა; ბრალი არ წაუყენებიათ არც ბარამიძისთვის, რომელმაც დავალება შეასრულა.

სამწუხაროა, რომ ხელისუფლებისგან ვერ მოვისმინე წალკაში მომხდარ ინციდენტზე კომენტარი, რომელშიც იტყოდნენ, რომ ჟურნალისტი არ იყო მართალი. გოჩა აფრასიძე არ შეხებია ჟურნალისტს, არც კამერა დაუმტვრევია, უბრალოდ, გაღიზიანდა ნაციონალების ტელევიზიის დანახვაზე. აფექტის მდგომარეობაში მყოფი ადამიანის ქმედებას კი კანონი ითვალისწინებს. საქართველოში მოქმედი ბევრი ჟურნალისტი და მათი დამკვეთები არიან ფაშისტები და ამას ხელს აფარებს ხელისუფლება.

ის, რაც აფრასიძეებს დამართეს, საშინელებაა. ამის ამსახველი კადრები არსებობს და ვიცით, რომ შემზარავია. ამ შემზარავი ქმედების ავტორი კი დღესაც ილტვის ხელისუფლებაში დასაბრუნებლად _ ამაზე მეტი ცინიზმი გაგონილა?!

_ აფრასიძეების საქმის ადვოკატი ირმა ჭკადუაა და ის დღესაც იბრძვის სამართლიანობის აღსადგენად

_ კარგი იქნება, თუკი ირმა მოითხოვს აფრასიძეების საქმის მოსმენას პარლამენტში, შესაბამისი კომიტეტების თანდასწრებით. ამით ხელისუფლების .. წაყრუებასაც პასუხი გაეცემა და, რაც მთავარია, კიდევ ერთხელ შევახსენებთ საზოგადოებას, რა ჩაიდინანაციონალურმა მოძრაობამ”.

ჟურნალისტის ეს საქციელი ხელისუფლების უსუსურობამ, უმოქმედობამ და წაყრუებამ გამოიწვია.

_ ხელისუფლებას დავალებული აქვს, ჟურნალისტებს არ შეეხონ, განსაკუთრებით, .. ოპოზიციის ჟურნალისტებს

_ დავალება დასავლეთიდან მოდის. ნეტავ, დასავლეთი თავის თავს მიხედავდეს. თვითონ იმდენი პრობლემა აქვთ, თავზე ემხობათ ყველაფერი, გასაკუთრებით ამერიკას. მათი პრობლემები მალე გახდება ნათელი, მაგრამ მე ის მადარდებს, რა მორჩილებაა ასეთი ჩვენს ქვეყანაში, რომ ხმა ვერ ამოგვიღია?! ჩვენთან აღარ არსებობს სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც მთლიანად შეისრუტა წინა ხელისუფლებამ. 2003 წლის გადარტიალების შემდეგ საზოგადეობის უდიდესი ნაწილი იქცა კრიმინალური ხელისუფლების ნაწილად, ასევე თავის ნაწილად აქციეს ჟურნალისტები, არასამთავრობოები და, თქვენ წარმოიდგინეთ, ომბუდსმენიც, რომელიც ნეიტრალური უნდა იყოს. ჩვენ დღეს ვუყურებთ სახალხო დამცველს, რომელიც პოლიტიკური იარაღია ნაციონალების ხელში. თუკი სამოქალაქო საზოგადოება არ გააქტიურდება, არაფერი არ გვეშველება. სწორედ სამოქალაქო საზოგადოების უნდა ეშინოდეს ხელისუფლებასაც და ე.წ. ოპოზიციასაც. დიდი როლი გვაკისრია და ეს როლი შესასრულებელია. სამწუხაროდ, მესამე სექტორი ქვეყანაში აღარ არსებობს.

აფრასიძეების მრავალწევრიან, მრავალშვილიან ოჯახს 12 ვერტმფრენით დაესხნენ თავს, ოპერაციაში 800 ადამიანი მონაწილეობდა

ირმა ჭკადუა, აფრასიძეების ადვოკატი:

_ სამწუხაროდ, ძალიან დიდხანს გაგრძელდა აფრასიძეების საქმის გამოძიება, თუმცა გარკვეული ნაბიჯები გადადგმულია, ჩატარებულია გვამების ექსჰუმაცია, რითაც დადასტურდა, რომ ომეხ აფრასიძე ახლო მანძილიდან არის დახვრეტილი და, საერთოდაც, საზოგადოებამ კარგად იცის ამ ოჯახის მიმართ ჩადენილი დანაშაულის წვრილმანი დეტალებიც კი, რადგან ყველაფერი კამერების წინ ხდებოდა. ყველამ იცის, სახლში ცოცხლად რომ დაწვეს ოჯახის ერთი წევრი, ხოლო გოჩა აფრასიძე ახლო მანძილიდან დანით დაჭრეს.

აფრასიძეების საქმის მოთავეები იყვნენ იმჟამინდელი ძალოვანები ზურაბ ადეიშვილი, ვანო მერაბიშვილი, გია ბარამიძე, რა თქმა უნდა, პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებით.

აფრასიძეების მრავალწევრიან, მრავალშვილიან ოჯახს 12 ვერტმფრენით დაესხნენ თავს, ოპერაციაში 800 ადამიანი მონაწილეობდა. ძალიან ცუდია, რომ ამ დანაშაულის გამოძიება სრულფასოვნად არ ჩატარებულა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სააკაშვილმა ტელეეთერში ისაუბრა, რომ მან გასცა აფრასიძეებძე თავდასხმის ბრძანება.

გამოძიება გრძელდება და იმედია, ლოგიკურ დასკვნამდე მივა. გოჩა და დოდო აფრასიძეები დაზარალებულად არიან ცნობილნი, ჩვენ ხელახლა მივმართეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს და რამდენიმე დღეა, რაც საქმე წარმოებაშია მიღებული.

2004 წლიდან აფრასიძეების ოჯახის გადარჩენილი წევრები თავშესაფრის გარეშე დარჩნენ, ისინი წალკის ადმინისტრაციის მიტოვებულ შენობაში ცხოვრობენ. სწორედ იქ მოხდა ჟურნალისტებსა და გოჩა აფრასიძეს შორის შეხლაშემოხლა. გარკვეულმა ჯგუფებმა, რომლებიც ვიცით, რომ წინა ხელისუფლების მხარდამჭერები არიან, გადაწყვიტეს, აფრასიძეებს წაართვან ის საცხოვრებელიც კი, რომელშიც ამჟამად თავს აფარებენ, გამოასახლონ. გოჩა აფრასიძეს პროვოკაცია მოუწყვეს ისევ; კაცს, რომელსაც მამა და ძმა თვალწინ დაუხოცეს; კაცს, რომლისთვისაც სახელმწიფოს არანაირი კომპენსაცია არ მიუცია. აფრასიძეები არ წუწუნებენ, იციან, მიცვალებულებს ვერავინ გააცოცხლებს, მაგრამ სამართლიანობის აღდგენის იმედი ჯერ კიდევ აქვთ.

აფრასიძეების გახმაურებული საქმე, ადრე თუ გვიან, დასრულდება. კანონმდებლობაში არის მუხლი, რომლის მიხედვით ასეთ საქმეებს ხანდაზმულობის ვადა არ ეხება. ჩვენ არ ვჩერდებით, განსაკუთრებით ქალბატონი დოდო, რომელიც ამბობს, _ არ მინდა, ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს საბრძოლველი დავუტოვო; არ მინდა, ცოდვა ჩავადენინოო. ამიტომ ითხოვს კატეგორიულად დამნაშავეების დაპატიმრებას. ძალიან ძნელია, თავი შეიკავო, როცა დამნაშავე ქუჩაში გადაგეყრება. არც ისაა ლამაზი, როცა ჟურნალისტი ბინაში შემოგეჭრება და პროვოკაციას მოგიწყობს. ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ პასუხისმგებლობის განცდა.

_ ხომ არ ფიქრობთ, რომ პარლამენტში, შესაბამის კომიტეტებში მოხდეს აფრასიძეების საქმის მოსმენა?

_ როდესაც აფრასიძეების ოჯახს თავს დაესხნენ, თითქმის ყველა ჟურნალისტი სოლიდარული იყო, ყველა აშუქებდა ამ საქმის დეტალებს, არ მეგულება ადამიანი ამ ქვეყანაში, რომელმაც ეს საზარელი ამბავი არ იცის.

აფრასიძეების ოჯახზე თავდასხმის ამბავი იცის იმ ჟურნალისტმაც და იციან იმ ტელევიზიის თანამშრომლებმაც, მაგრამ მაინც ითხოვენ გოჩა აფრასიძის დაპატიმრებას. ისინი ძალიან ცუდი ფორმით აშუქებდნენ მომხდარს, ეს დაუშვებელია. გოჩა აფრასიძე დააპატიმრეს და ათიათასლარიანი გირაოს გადახდის სანაცვლოდ შეუძლია გათავისუფლდეს, მაგრამ ამ თანხის გადახდის საშუალება მის ოჯახს არ აქვს.

თუკი საჭირო შეიქნა, პარლამენტშიც მოვითხოვთ საქმის განხილვას, მაგრამ ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდება, როდესაც ოჯახი გადაწყვეტს.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here