“ჩიხში კი არ უნდა შევიდეთ, არამედ ქუჩები ვეძებოთ, თანაც _ ქუჩები ორმხრივი მოძრაობით!” _ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2 ივნისს პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე. “ვერც ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა მსოფლიოში ვერ გადაწყდება რუსეთის მონაწილეობის გარეშე.
ჩვენ აუცილებლად უნდა უზრუნველვყოთ ერთობლივი ქმედებები, იმიტომ, რომ, თუ ამისთვის აუცილებელ პირობებს არ შევქმნით, უმნიშვნელოვანეს საკითხებში წინ ვერ წავიწევთ. თუ არ იქნება ღია და გულწრფელი დიალოგი, თუნდაც ზოგჯერ უსიამოვნო მომენტების თანხლებით, მაგრამ ორივე მხარის მიმართ მომთხოვნი, ჩვენ ვერასოდეს წავიწევთ წინ ვერც სირიის და ვერც უკრაინის პრობლემაში”, _ განაცხადა ემანუელ მაკრონმა 2017 წლის 29 მაისს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შედეგების შეჯამებისას.
საფრანგეთის პრეზიდენტის ნათქვამს შეიძლება დავუმატოთ, რომ რუსეთის გარეშე შეუძლებელია წინ წაწევა საქართველოს პრობლემების მოგვარების საქმეშიც, თუმცა საქართველოს ხელისუფლებას რატომღაც მიაჩნია, რომ შეძლებს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის და, აგრეთვე, საქართველოს ნატოში შესვლის საკითხის მოგვარებას რუსეთის ფედერაციასთან დიალოგისა და მასთან ერთობლივი მოქმედების გარეშე.
რა არის ამ შეცდომის მიზეზი? მეზობელმა აზერბაიჯანმა ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვის შემდეგ არ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან _ სომხეთის სტრატეგიულ პარტნიორთან, არ დაიწყო მშველელის ძებნა ნატოსა და ევროკავშირში, როგორც საქართველომ. მაშასადამე, კავკასიის რეგიონში მსგავსი მეთოდით პრობლემის მოგვარების პრეცედენტი არ არსებობს.
საკითხისადმი საქართველოს ხელისუფლებისთვის ასეთი მიდგომის საფუძველი იქნებ ქართველი ხალხის ნებაა? ისევ _ არა! იმიტომ, რომ თუნდაც ამერიკული ინსტიტუტების _ აი–რაი–სა და ენ–დი–აის _ სოციალური გამოკითხვებისა და 2008 წლის პლებისციტის გაყალბებული შედეგების მიხედვით, ნატოში საქართველოს შესვლის მოწინააღმდეგეთა რაოდენობა 30%-ის ფარგლებში მერყეობს და მეტიც იქნებოდა, სოციალური გამოკითხვები და პლებისციტი აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში რომ ჩატარებულიყო, იმ რეგიონებში, რომლებსაც აშშ და ევროპა საქართველოს ტერიტორიად აღიარებს.
რეალურად ნატოში საქართველოს გაერთიანების წინააღმდეგი და რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის მომხრე მოსახლეობის, სულ ცოტა, 57%-ია (აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარეშე) _ დაახლოებით ამდენმა ამომრჩეველმა მისცა ხმა “ქართულ ოცნებას” 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. მათ ნატო რომ ნდომებოდათ, აირჩევდნენ “ნაციონალურ მოძრაობას”, რომლის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ევროატლანტიკური კურსის ცოცხალი განსახიერებაა.
თუმცა რა განსხვავებაა, რამდენი პროცენტია “მომხრე” და რამდენი _ “წინააღმდეგი”? განა ციფრების უკან ცოცხალი ადამიანები არ დგანან, რომელთა უფლებებს პატივი უნდა ვცეთ?! განა დასავლური დემოკრატიისა და ლიბერალური ღირებულებების ქვაკუთხედად ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, ყოველი ინდივიდის ინტერესების დაცვის პრინციპი არ არის გამოცხადებული, განსხვავებით სოციალისტური მორალისგან, რომელიც უპირატესად უმრავლესობის უფლებების პრევალირებას მიიჩნევდა?
“არც ერთი გამარჯვება და მიღწევა არ ღირს თუნდაც ერთი ადამიანის ცრემლად!” _ ამ სიტყვებით დაიწყო მოღვაწეობა პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილმა და სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმი დაგმო. საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები _ აშშ, ნატო და ევროკავშირი კი გამუდმებით ახსენებენ ქართველებს, რომ სწორედ ნებისმიერი უმცირესობის უფლებების დაცვა, თავისუფალ მედიასთან ერთად, არის საზოგადოების სიმწიფის, სახელმწიფოს დასავლურ სტანდარტებთან შესაბამისობის მთავარი მაჩვენებელი, რომლის გარეშეც ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის წევრობა გამორიცხულია, იმიტომ, რომ ნატო მხოლოდ სამხედრო ბლოკი და M-240 ტყვიამფრქვევები კი არ არის, რომლებითაც გასულ კვირას ქართულ არმიაში კალაშნიკოვის ტყვიამფრქვევები შეცვალეს, არამედ “ღირებულებათა სისტემა”. ღირებულებათა სისტემა, რომელიც, ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების დაცვასთან ერთად, არ კრძალავს სარაკეტო დარტყმებს იუგოსლავიისა და ავღანეთისათვის, ლიბიისთვის, ერაყისა და სირიისთვის; რომელიც ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერების მეუღლეებთან ერთად ლუქსემბურგის მამათმავალი პრემიერის “ცოლის” გადაღებას იწონებს. ეს არის ღირებულებათა სისტემა, რომელიც საქართველოს პრემიერმინისტრისთვის, რომელმაც 9300 კილომეტრი იფრინა ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტთან შესახვედრად, ოვალურ კაბინეტში სკამის შეთავაზებასაც არ გულისხმობს. საინტერესოა, უნდა მოითმინოს თუ არა ქართველმა, თუკი მას უხეშად ჰკრავს ხელს მეორე ქვეყნის პრეზიდენტი, როგორც ტრამპმა ჰკრა ხელი ჩერნოგორიის პრეზიდენტს უნდა? მოითმინოს იმიტომ, რომ მისი ქვეყანა ეს-ესაა ნატოში მიიღეს? უნდა მოითმინოს თუ არა ქართველმა, თუ სახალხოდ შემოულაწუნებს ევროკომისიის თავმჯდომარე, როგორც ჟან-კლოდ იუნკერი მოექცა უნგრეთის პრემიერმინისტრს? შეგვეფერება თუ არა ჩვენ ეს “ღირებულებათა სისტემა”? შეეფერება თუ არა ის კავკასიის ტრადიციებს, ღირებულებათა ქართულ სისტემას? _ არა, ეწინააღმდეგება! და ამიტომ გამუდმებით ეჯახება წინააღმდეგობას ქართველებისა, რომლებიც დაჟინებით მოითხოვენ საქართველოს კონსტიტუციაში სხვადასხვა ჩანაწერის გაკეთებას: ოჯახის, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის შესახებ; უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის აკრძალვის შესახებ; დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების დღის ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადების შესახებ და სხვ.
და სასაცილოა, როცა “დასავლური ერთიანობით” გვაცდუნებენ _ აქაოდა, საქართველო ერთიან ევროპულ ოჯახში ბრუნდება და მას ნატოს წესდების მე-5 მუხლი დაიცავს, რომელიც კოლექტიურ უსაფრთხოებას ეხებაო. უკაცრავად, მაგრამ როდის იყო ევროპა ერთიანი ოჯახი?! ისტორიის განმავლობაში ინგლისელები ფრანგებს ეომებოდნენ, ფრანგები და ინგლისელები _ გერმანელებს და პირიქით, პირველი და მეორე მსოფლიო ომების გახსენებაც კი საკმარისია. დღეს კი დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირში გაერთიანება ძლივს მოასწრო, რომ ბრექსიტით კარი “გაიჯახუნა” და “ოჯახიდან” წავიდა… რაც შეეხება ნატოს, ტრამპის არჩევის შემდეგ იმ ორგანიზაციის ბედი, რომლის დამფუძნებელი, ხელმძღვანელი და სპონსორი ამერიკის შეერთებული შტატებია, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლებას სურს, კონსტიტუციაში ჩაწეროს, რომ “საქართველოს ისტორიული მისწრაფება არის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლა”.
ამას ლოგიკურ ახსნას, ალბათ, ვერავინ მოუძებნის, მაგრამ ახლახან, მაისის მეორე ნახევარში მომხდარი ორი მოვლენა ახსნასაც არ საჭიროებს: საქართველოს, პრაქტიკულად, განუცხადეს, რომ ნატოში არ მიიღებენ, სანამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ ცნობს, ან სანამ რუსეთი უკან არ წაიღებს ამ რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას, ვინაიდან ალიანსის ხელმძღვანელობა არ აპირებს, საქართველოს გამო დაარღვიოს ნატოს წესდების მე-5 პარაგრაფი, რომელიც ტერიტორიული პრობლემების მქონე ქვეყნების მიღებას კრძალავს.
პირველი მოვლენა: 6-18 მაისს ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო სტრუქტურების უფლებამოსილი წარმომადგენლები _ ამიერკავკასიაში ევროკავშირის წარმომადგენელი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარე ევროკავშირისგან, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარე ეუთოსგან და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარე გაეროსგან _ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩავიდნენ, თანაც, არა საქართველოს, არამედ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან, რაც, “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, დანაშაულია და ისჯება ჯარიმით 3 ათას დოლარამდე ან პატიმრობით 4 წლამდე ვადით. შეხვედრებისას მაღალი რანგის ევროპელი დიპლომატები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელებს “კოლეგას”, “პრეზიდენტს”, “მინისტრს” უწოდებდნენ, ულოცავდნენ “წარმატებით ჩატარებულ არჩევნებში გამარჯვებას”, რომლის შედეგადაც დაიკავეს ეს “მეტად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო თანამდებობები” და მადლობას უხდიდნენ საქართველოსთან “კარგად კეთილმოწყობილი საზღვრის დათვალიერების შესაძლებლობისთვის”. გარდა ამისა, დაჰპირდნენ, რომ აიძულებდნენ “ქართულ მხარეს”, აფხაზურ და ოსურ მხარეებთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულებაზე მოეწერა ხელი. მიუხედავად იმისა, რომ ევროპელ დიპლომატთა წარმომადგენლობითმა დელეგაციამ მშვენივრად იცის, რომ საქართველოს მიერ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ნებისმიერ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა მათ აღიარებას ნიშნავს საერთაშორისო სამართლის სრულუფლებიან სუბიექტებად _ მისგან განცალკევებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად.
მეორე მოვლენა: 26-29 მაისს თბილისში ჩატარდა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია, რომელმაც წარმოაჩინა, რომ საქართველო უწინდებურად შორს არის ნატოსგან, როგორც სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, რომელიც ჯერ გვპირდებოდა, რომ საქართველოს მალე მისცემდნენ “მაპს”, შემდეგ კი განაცხადა, რომ საქართველოს “მაპზე” მეტი” მისცეს, ბოლოს კი _ საქართველომ “ოქროს ბარათი” მოიპოვაო. გასულ კვირას საქართველოს კიდევ ერთხელ გაუმეორეს, რომ კიდევ ბევრი მუშაობა სჭირდება “მაპ”-ის მისაღებად, თანაც ვადა ისევ არ დაუზუსტებიათ.
და კიდევ _ იმისათვის, რომ საქართველო ნატოში ალიანსის მე-5 პარაგრაფის დაურღვევლად მიიღონ, თბილისში 29 მაისის სხდომაზე მიღებულ დეკლარაციაში “საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ” ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ მოუწოდა რუსეთს, “გააუქმოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და თავისი შეიარაღებული ძალები ამ ტერიტორიებიდან გაიყვანოს”, ანუ ყველაფერი ისევ რუსეთზეა დამოკიდებული _ აი საქართველოს ევროატლანტიკური “მეგობრების” “ღირებულებათა სისტემა”!
და, იმის ნაცვლად, რომ რუსეთის ფედერაციასთან დიალოგი დაეწყო, მეოცნებე საპარლამენტო უმრავლესობამ პირადი მტრობა გვერდზე გადადო და საპარლამენტო ნაცუმცირესობასთან გაერთიანდა “რუსეთის ინტერვენციის” წინააღმდეგ, რითაც ხელები გაუხსნა რუსეთს, რომ საქართველოს ნაცვალგების პრინციპით მოექცეს, როგორც არამეგობრულ სახელმწიფოს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ, შექმნილი სიტუაცია რომ შეაფასა, 27 მაისს ქართველ ემიგრანტებს მოუწოდა, სამშობლოში არ დაბრუნდნენ და უცხოეთში დარჩნენ.
არნო ხიდირბეგიშვილი,
“საქინფორმის” მთავარი რედაქტორი