Home რუბრიკები პოლიტიკა ყველაფერი ახდა: რაზე აფრთხილებდა პუტინი დასავლეთს 15 წლის წინათ

ყველაფერი ახდა: რაზე აფრთხილებდა პუტინი დასავლეთს 15 წლის წინათ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დასავლეთის აგრესიულ ზრახვებსა და მსოფლიოს დამორჩილების მცდელობაზე 15 წლის წინათ მიუთითა მიუნხენში გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაზე, მაგრამ დასავლეთი თავისას მაინც არ იშლის _ ნატო კვლავ ცდილობს აღმოსავლეთით გაფართოებას, გაეროს წესდება ფარატინა ქაღალდად იქცა, კოსმოსი _ ბრძოლის ველად. როგორ იცვლებოდა ძალთა ბალანსი გაეცანით მასალაში.

აშშის ალტერნატივა

2008 წლის 10 თებერვალს მიუნხენის კონფერენციაზე ვლადიმერ პუტინის გამოსვლამ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები რუსეთის ლიდერს გაქვავებული სახეებით უყურებდნენ _ კარგა ხნის განმავლობაში მათთან ასე არავის უსაუბრია. დაბნეული ჩანდა დასავლური მასმედიაც. გამოქვეყნებული წერილების საერთო ტონალობა იმხანად ასეთი იყო: ის თავს რის უფლებას აძლევს?

პუტინმა აშშ საკუთარი ინტერესების სხვა ქვეყნებისთვის თავის მოხვევაში დაადანაშაულა, ნატოს უსაყვედურა, რომ დაარღვია პირობა და აღმოსავლეთით კვლავ გაფართოვდა, შემდეგ კი განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია დასავლეთის მცდელობები, შექმნას ერთპოლუსიანი მსოფლიო. მისი აზრით, საერთაშორისო ურთიერთობების მსგავს სისტემას საერთო არაფერი აქვს დემოკრატიასა და სხვადასხვა კულტურის თანაარსებობასთან. რუსეთის ლიდერმა იწინასწარმეტყველა ძალთა ახალი ცენტრების გაჩენა, რომლებიც დაუპირისპირდებოდნენ ცივი ომის შემდეგ ჩამოყალიბებულ მსოფლიო წესრიგს.

“იმხანად მან მომავალი იწინასწარმეტყველა, _ მიაჩნია გეოპოლიტიკური პრობლემების აკადემიის ვიცეპრეზიდენტს, კონსტანტინე სოკოლოვს, _ ამჟამად მსოფლიო წესრიგს განსაზღვრავს ძალთა შეფარდება რუსეთი-ჩინეთი-აშშ-ის სამეულში. 15 წლის განმავლობაში მოსკოვმა და პეკინმა მნიშვნელოვნად გააძლიერეს თავიანთი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალი. ეს საკამათო არ არის. უფრო მეტიც, ყალიბდება მოკავშირეების ახალი სტრუქტურა, კოლექტიური დასავლეთის ალტერნატივა. ესენია: თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაცია, ბრიჩსი (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთი აფრიკა) და სხვა გაერთიანებები.

ვაშინგტონის პოლიტიკა პირდაპირ უბიძგებს მოსკოვსა და პეკინს სამხედრ პოლიტიკურ ბლოკში გაერთიანებისკენ”.

ახალი სტატუსი

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ 2007 წელს რუსეთს მოკავშირე, ფაქტობრივად, არ ჰყოლია; არც ისეთი ქვეყანა ყოფილა, რომელიც მოსკოვს მფარველად მიიჩნევდა. დღეს კი ვითარება შეცვლილია. სირიის არაბთა რესპუბლიკამ, რომელმაც 2015 წელს სამხედრო დახმარება სთხოვა რუსეთს, მსოფლიოს აჩვენა, რომ პლანეტაზე არსებობს დაცვის სხვა სისტემაც გარდა იმისა, რომელსაც თავს გვახვევენ ამერიკელები. თანაც ის გაცილებით ეფექტიანად მოქმედებს.

“მოსკოვმა შეძლო, შეეთავაზებინა უნიკალური პროდუქტი _ უსაფრთხოების ექსპორტი, _ განაგრძობს სოკოლოვი, _ და ლაპარაკია არა მხოლოდ სირიაზე. რუსი სამხედრო სპეციალისტები მუშაობენ ლიბიასა და აფრიკის სხვა ქვეყნებში, ვენესუელაში, თანამშრომლობის სიგნალს იძლევა არგენტინა. ევროპაშიც კი მოიძებნება ქვეყნები, რომლებიც მოსკოვთან თანამშრომლობენ. ამის ნათელი მაგალითია უნგრეთი. მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში რუსეთი “ცივ ომში” დამარცხებული სახელმწიფოდან მსოფლიოს ერთ-ერთ ზესახელმწიფოდ გადაიქცა”.

ახალ დიპლომატიურ რანგში მოსკოვი პირველად გამოვიდა 2013 წელს, როცა ამერიკელები მზად იყვნენ, სირიისთვის გამანადგურებელი დარტყმა მიეყენებინათ. საბაბი _ არაფრით დადასტურებული ინფორმაცია დამასკოს მიერ ოპოზიციის დასათრგუნავად ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ.

კრემლმა დაარწმუნა დასავლეთი, საერთაშორისო ძალებით გაეკონტროლებინათ და გაენადგურებინათ საბრძოლო მომწამლავი ნივთიერებების მარაგები. ინტერვენცია თავიდან იქნა აცილებული, მაგრამ ნატოს ქვეყნები შემდეგ მაინც ჩაებნენ სირიის სამოქალაქო ომში.

სამხედრო რენესანსი

შეიცვალა რუსეთის სამხედრო პოზიციაც. მიუნხენში სიტყვით გამოსვლიდან ნახევარ წელიწადში პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შეთანხმებაში მონაწილეობის შეჩერების შესახებ. ეს დოკუმენტი განსაზღვრავდა სამხედრო ქვედანაყოფების, დაჯავშნილი ტექნიკისა და სხვა შეიარაღების რაოდენობას, რომლის განლაგებაც შეეძლო მოსკოვს დასავლეთ საზღვრებთან და ნატოს _ აღმოსავლეთ საზღვრებთან, მაგრამ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ინტეგრაციამ დაარღვია ძალთა ბალანსი და აღნიშნული შეთანხმება ფარატინა ქაღალდად აქცია.

“შეთანხმებამ ძალა დაკარგა ნატოში ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის ყოფილი მოკავშირეების მიღების შემდეგ, _ ამბობს სამხედრო ექსპერტი ალექსეი ლეონკოვი. _ სარკისებრი პასუხისთვის რუსეთს თავისი შეიარაღებული ძალების 2,5-ჯერ გაზრდა და დიდძალი თანხის დახარჯვა დასჭირდებოდა. ამას ეკონომიკა ვერ გაუძლებდა, ამიტომ გადაწყვიტეს, შეეცვალათ სამხედრო დოქტრინა. აქცენტი გააკეთეს მაღალი სიზუსტის იარაღზე, რომელსაც შეუძლია დაარტყას შორს, სწრაფად და ზუსტად”.

2008 წელს აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა მიხეილ სააკაშვილს უბიძგეს, შეეტია ცხინვალისთვის. ომის პირველ საათებში ქართული მხარის მიერ დაწყებული საარტილერიო შეტევის შედეგად 15 რუსი მშვიდობისმყოფელი დაიღუპა. ისინი ცხინვალში გაეროს სამშვიდობო მანდატით იმყოფებოდნენ. რუსეთმა ამას 58-ე არმიის დარტყმით უპასუხა და 5 დღეში აიძულა საქართველო, მშვიდობა დაეცვა, როცა სრულიად გაანადგურა მისი სამხედრო-სამრეწველო პოტენციალი. ამ სამხედრო ოპერაციამ ბევრი პრობლემა წარმოაჩინა: ურთიერთქმედების სუსტი ორგანიზება, თანამედროვე შეიარაღებისა და გაწვრთნილი პირადი შემადგენლობის დეფიციტი, აგრეთვე, მოძველებული ტაქტიკა. 5-დღიანი ომი იყო მასშტაბური სამხედრო რეფორმის ჩატარების საწყისი წერტილი.

“კრემლში აცნობიერებდნენ, რომ აშშ-ისა და ნატოს მთავარი კოზირი თვითმფრინავები და უპილოტო საფრენი აპარატებია, რომლებიც მათ ბევრი ჰყავთ. სწორედ ამის გათვალისწინებით დაიწყეს მოდერნიზაცია. 15 წლის განმავლობაში საზღვრებზე შეიქმნა მთლიანი რადიოლოკაციური ველი _ დღეს ვერც ერთი უცხო თვითმფრინავი შეუმჩნევლად ვერ შეაღწევს რუსეთის ტერიტორიაზე. ამასთანავე, ნულიდან შეიქმნა ჯარების მართვის ავტომატიზებელი სისტემა”.

ეს სისტემა ავსებს საჯარისო შენაერთების საერთო ბრძოლების თანამედროვე კონცეფციას და ჯარებს შესაძლებლობას ალევს, ელვისებურად შეასრულოს ამოცანები. ეს სისტემა გამოსცადეს სირიაში და მისი შესაძლებლობები სრული მასშტაბით წარმოჩნდა სწავლებაზედასავლეთი-2021”, როცა 14 პოლიგონზე ერთდროულად ატარებდა წვრთნას 200 ათასი სამხედრო მოსამსახურე. პოსტსაბჭოთა პერიოდისთვის ეს აბსოლუტური რეკორდია. სერიოზულად განახლდა ჯავშნიანი ტექნიკის, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები და ბომბდამშენი ავიაციის პარკი. გაფართოვდა ბირთვული ტრიადის შესაძლებლობები. 15 წლის განმავლობაში დაიწყო მეხუთე თაობის გამანადგურებლის _ Су-57-ის სერიული წარმოება. ამას გარდა, მოსკოვი მნიშვნელოვნად უსწრებს ვაშინგტონს ჰიპერბგერითი შეიარაღების სფეროში.

ისტორიული უფლება

ზემოჩამოთვლილი ნაბიჯების უმრავლესობა იძულებითი იყო: თუ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი 2007 წელს გეოპოლიტიკური წარმონაქმნი იყო, ახლა მან სრულად დაიბრუნა სამხედრო ბლოკის სტატუსი. 2014 წლის გაზაფხულზე, რუსეთის მიერ ყირიმის მიერთების შემდეგ, ნატოს ქვეყნებმა კონსოლიდაცია დაიწყეს და მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფები განალაგეს.

“ამერიკელებმა გააერთიანეს მოკავშირეები საერთო მტრის წინააღმდეგ, _ ამბობს კონსტანტინე სოკოლოვი, _ აშშ-ის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ევროპაში გადმოისროლეს, რუსეთის საზღვრებთან. და ეს ხდება ანტირუსული ისტერიკის ფონზე. ნატო სახიფათო და ძალიან მჭიდრო მოწინააღმდეგეა, მაგრამ რუსეთის არმია დღეს ის არ არის, რაც ადრე იყო”.

მიუნხენში პუტინის გამოსვლის შემდეგ დასავლური მედიასაშუალებები წერდნენ: რუსეთის პრეზიდენტმა, რომელსაც საპრეზიდენტო ვადა 2008 წელს ეწურებოდა, ანტიამერიკულ რიტორიკას ქულების ჩასაწერად მიმართა”, მაგრამ დრომ ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა. აშშისა და ევროკავშირის სანქციების მიუხედავად, რუსეთი დამოუკიდებელ მოთამაშედ რჩება საერთაშორისო არენაზე. რადგან, როგორც პუტინმა აღნიშნა, “ეს რუსეთის ისტორიული უფლებაა!”

ria.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here