Home ახალი ამბები საქართველო ყველას თვალში რომ ეჩხირება და ვერავინ ამჩნევს

ყველას თვალში რომ ეჩხირება და ვერავინ ამჩნევს

1206
ყველას თვალში რომ ეჩხირება და ვერავინ ამჩნევს

ეს უბედური ქალი, წლებია, ქუჩაშია დღე და ღამე. სულიერი ავადმყოფია. უსახლკარო. კაცმა არ იცის, რით არსებობს, რა აცოცხლებს.

ერთი დრო იყო, ვარაზის ხევის თავში, ომში დაღუპული მებრძოლების მემორიალის მარადიულ ცეცხლთან მიფიცხებულს გადაუტანია ზამთარი. იქიდან რომ გააგდეს, საზოგადოებრივი მაუწყებლისკენ გადაინაცვლა: კოსტავას ქუჩაზე ტელევიზიის, პოლიციისა და ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი კორპუსის წინ შენიშნავთ, ცელოფნის ბოღჩებით დატვირთული რომ დაბორიალობს; ხშირად სანაგვეებშია თავჩარგული და მონდომებით “ამდიდრებს” ახალი ნარჩენებით საკუთარ “ავლადიდებას”.

ან სძინავს პარაპეტზე წამოწოლილს.

ან “სადილობს”.

ან… უხერხულია იმის თქმაც კი, რასაც აკეთებს.

საცოდავია, მაგრამ, სიმართლე თუ გინდათ, ინფექციის პოტენციური გავრცელების “მოარული კერაა”: ხუთი მეტრის რადიუსში ჰაერი მის გარშემო მოწამლულია, დაუბანლობით გაშავებულია, ძონძები აცვია და, როგორც ჩანს, ჰორმონული მოშლილობით არის დაავადებული _ აბურძგვნილ თმა-წვერით პირ-სახე სრულად აქვს დაფარული.

კოსტავას ქუჩის ეს მონაკვეთი ყოველდღიურად სტუდენტებით, ბავშვებით (ზოოპარკში რომ მიჰყავთ ახალგაზრდა მშობლებს) არის გადატვირთული.

ძვირფასო, პატივცემულო, ხალხის კეთილდღეობაზე გადამკვდარო და ადამიანის უფლებების დამცველო არასამთავრობოებო, სად ხართ? ასეთი “ჭუჭყიანი” ფაქტებით არ იბინძურებთ მოვლილ და ფაფუკ ხელებს? იმიტომ ხომ არა, რომ თქვენი დამფინანსებლები ამისთვის ფულს არ გიხდიან?

მოლაყბენი!

კატებისა და ძაღლების დამცველები გვყავს, არასამთავროებიც თავზესაყრელია, ახალგაზრდა იურისტების ასოციაცია ხომ გაფეტიშებულია და ასეთი ბოგანოსთვის, გაუბედურებული ავადმყოფისთვის ვერავინ მოიცალა.

მერიას ყველა ხელს ახოცავს, და რამდენიც გინდა უსაყვედურე, ვერ იგრძნობენ იქაური მოღვაწენი.

საქართველოში იყო ასეთი ტრადიცია: სულიერ ავადმყოფს სოფელი ინახავდა.

იყო! ინახავდა!

დღესაც ვინახავთ, როგორც ხედავთ…

ზერო ბომჟელი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here