Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე ყველაზე ჭკვიანი ძაღლები

ყველაზე ჭკვიანი ძაღლები

3212
ყველაზე ჭკვიანი ძაღლები

ვანკუვერის (კანადა) უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორმა სტენლი კორენმა გამოსცა წიგნიძაღლების ინტელექტი”, რომელიც მალე იქცა ბესტსელერად. ეს წიგნი 16-ჯერ გამოიცა და 26 ენაზე ითარგმნა. სტენლი კორენი თავის წიგნში განიხილავს ძაღლის ინტელექტის სამ ასპექტს: ინსტინქტურ ინტელექტს, დამჯერობის ინტელექტსა და ადაპტაციის ინტელექტს. ინსტინქტური ინტელექტი ძაღლს აძლევს საშუალებას, შეასრულოს გენეტიკურად გადაცემული ფუნქციები, მაგალითად, მწყემსის ან დამცველის. ადაპტირებული ინტელექტი ვლინდება საკუთარი ძალებით ამოცანების შესრულებისას. დამჯერობის ინტელექტი _ ეს არის ძაღლის უნარი სწავლებისადმი, შეასრულოს ადამიანის ბრძანებები. სწორედ დამჯერობის ინტელექტი დაედო საფუძვლად ყველაზე ჭკვიანი ძაღლების სარეიტინგო სიას:

ბორდერ კოლი
ბორდერ კოლი
  1. ბორდერ კოლი

სარეიტინგო სიაში პირველია არც ისე დიდი, მაგრამ დაუჯერებლად ძლიერი და ამტანი ძაღლი სქელი ბეწვითა და ჭკვიანი თვალებით. შოტლანდიისა და ინგლისის საგრაფო ნორტუმბერლენდის მკაცრ მთიან პირობებში ბორდერ კოლმა გამოავლინა დაუჯერებელი უნარი სწავლისადმი და, რაც მთავარია, სურვილი, აეთვისებინა და ზუსტად შეესრულებინა ახალი ბრძანებები. ცხვრის დიდი ფარის მართვამ ამ ძაღლს განუვითარა არა მხოლოდ უშიშრობა, არამედ ანალიზისა და საუკეთესო გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარები. ბორდერ კოლის ჯიშის გაწვრთნილი ძაღლები აუქციონებზე იყიდება და საკმაოდ ძვირი ღირს, მათ შორის რეკორდსმენია ძაღლი სახელად მეგი, რომელიც ინგლისურმა კინოლოგიურმა ორგანიზაციამ 24 ათას დოლარად შეიძინა.

პუდელი
პუდელი
  1. პუდელი

ეს ხუჭუჭა ძაღლი სამართლიანად ითვლება ჭკვიანად და სარეიტინგო სიაში მეორე ადგილი უკავია. ძაღლის ეს ჯიში ათასწლეულების განმავლობაში ცხოვრობდა ადამიანის გვერდით და მას ნადირობაში ეხმარებოდა. ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში პუდელებს ფრინველებზე სანადიროდ იყენებდნენ. ისინი ნადირობისას თავიანთ მაღალ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს ავლენდნენ. დროთა განმავლობაში პუდელებმა დაკარგეს მონადირის ფუნქციები, მაგრამ შეინარჩუნეს მაღალი ინტელექტი. უკვე მრავალი წელია, პუდელები ცირკის არენაზე გამოდიან და ყოველ ჯერზე ამტკიცებენ, რომ ძალიან ჭკვიანი და მოხერხებული არიან. კინოლოგთა აზრით, პუდელს შეუძლია 50-დან 100-მდე სიტყვის გარჩევა და აქვს ადაპტაციის შესანიშნავი უნარი.

გერმანული ნაგაზი
გერმანული ნაგაზი
  1. გერმანული ნაგაზი

გერმანული ნაგაზი ტყუილუბრალოდ არ ითვლება მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ჯიშად. ეს არის ძლიერი და ამტანი ცხოველი, რომლის წინაპრებიც იყვნენ ინდური მგლები. გერმანული ნაგაზები გამოირჩევიან არა მხოლოდ შესანიშნავი დაცვითი თვისებებით, არამედ მაღალი ინტელექტითაც, რომელიც საშუალებას აძლევთ, შეასრულონ სხვადასხვა დავალება და ამოცანა. გერმანულ ნაგაზებს შეხვდებით, პრაქტიკულად, ყველა სამსახურში, რომლებშიც ბრძანების შესრულებისას საჭიროა შეუპოვრობა, გონებამახვილობა, ორიენტაციის უნარი, ამტანობა და თვითმსხვერპლშეწირვაც კი. პოლიციელები, მეხანძრეები, მებაჟეები, მაშველები თავიანთი ოთხფეზა მეგობრის გამო მადლიერნი უნდა იყვნენ როტმისტრ მაქს ფონ შტეფანიცის, რომელმაც XIX საუკუნის ბოლოს გამოიყვანა ეს შესანიშნავი ჯიში. აღსანიშნავია, რომ გამარჯვების აღლუმზე, რომელიც 1945 წელს გაიმართა მოსკოვში, სტალინის შინელისგან დამზადებულ (ეს განკარგულება თვითონ სტალინმა გასცა) ბალიშზე დაწვენილი მოჰყავდათ ლეგენდარული გერმანული ნაგაზი ჯულბარსი, რომელმაც დიდ სამამულო ომში 7 ათასი ნაღმი გააუვნებლა.

ოქროსფერი რეტრივერი
ოქროსფერი რეტრივერი
  1. ოქროსფერი რეტრივერი

მაღალი ინტელექტისა და დამყოლი ხასიათის გამო ოქროსფერ რეტრივერს შეიძლება ვუწოდოთ ძაღლების სამყაროს “პროფესორი” _ დიდი და ბანჯგვლიანი ძაღლი კეთილგანწყობილია ადამიანის მიმართ და სიამოვნებით მეურვეობს და იცავს ბავშვებს. ოქროსფერი რეტრივერების სამშობლო შოტლანდიაა. ინგლისელები ძაღლის ამ ჯიშს ნადირობისას იყენებდნენ _ მისი ამოცანა იყო მოეძებნა მოკლული ფრინველი და პატრონისთვის მიეტანა. ოქროსფერ რეტრივერს შეუძლია, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება, შესანიშნავად გაერკვეს ადგილმდებარეობაში, ზუსტად შეასრულოს დასახული ამოცანა _ ეს ყველაფერი მის მაღალ ინტელექტზე მიუთითებს. ბოლო ხანს ოქროსფერ რეტრივერებს სოციალური რეაბილიტაციის თერაპევტებად იყენებენ. მკვლევართა აზრით, სპეციალურად გაწვრთნილ ძაღლებთან ურთიერთობა ადამიანებს ფსიქიკური პრობლემების მოგვარებაში ეხმარება.

დობერმანი
დობერმანი
  1. დობერმანი

სარეიტინგო სიაში მეხუთეა მძლავრი და ელეგანტური დობერმანი. სახელი მას დაარქვეს გერმანელი კარლ ფრიდრიხ დობერმანის პატივსაცემად, რომელმაც XIX საუკუნის ბოლოს შექმნა იდეალური სამსახურებრივი ძაღლი. პოლიციელად მუშაობისას დობერმანი ოცნებობდა ოთხფეხა მეგობარზე, რომელსაც ექნებოდა არა მხოლოდ დაცვითი უნარ-ჩვევები, არამედ მაღალი ინტელექტიც, რომელიც მას დაეხმარებოდა, სწრაფად შეესრულებინა პატრონის ბრძანებები და, თუ ის ახლოს არ იქნებოდა, მიეღო სწორი გადაწყვეტილებები. დობერმანი კარგად აანალიზებს და აკონტროლებს მის გარშემო შექმნილ ვითარებას, სწრაფად ითვისებს, რასაც ასწავლიან და აქვს კარგი ყნოსვა.

შელტი
შელტი
  1. შელტი

ეს სიმპათიური ნაგაზი შოტლანდიის კუნძულებზე გამოიყვანეს _ შოტლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ჩრდილოეთის ზღვის საზღვართან. რბილბეწვიანი შელტი ერთგული, მშვიდი, მაგრამ საჭირო მომენტში აქტიური და მკაცრია. შედარებით მომცრო ტანის შელტებს უამრავ მოვალეობას აკისრებდნენ. ეს ნაგაზები ეხმარებოდნენ პატრონებს ცხვრის ფარის მწყემსვაში, დარაჯობდნენ ფერმებს, ებრძოდნენ პატარა მტაცებლებს, რომლებიც ცდილობდნენ, თავს დასხმოდნენ შინაურ ფრინველებს, მიჰყვებოდნენ პატრონებს შორეულ მოგზაურობაში. მიუხედავად იმისა, რომ შელტიმ დროთა განმავლობაში დაკარგა მწყემსის მოვალეობა, მაინც ადამიანების ერთგულ დამხმარედ დარჩა.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

1 COMMENT

  1. ჩიხუახუა ძაღლების რომელ კატეგორიას ეკუთვნის? ალბათ, ოჯახის წევრების მიმართ ყველაზე მეტად მოსიყვარულე და მოალერსე, ხოლო სხვათა მიმართ ძალიან ბრაზიანი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here