Home რუბრიკები სპორტი ყველაზე ღონიერი მსოფლიოში

ყველაზე ღონიერი მსოფლიოში

560
ლაშა ტალახაძე

ქართველ ძალოსანს შეუძლია, მსოფლიოში პირველმა ორჭიდში ასწიოს 500 კგ ორჭიდში. ამას, ალბათ, ტოკიოს ოლიმპიადაზე შეეცდება.

ლაშა ტალახაძე და მისი მწვრთნელი  ავთანდილ გახოკიძე
ლაშა ტალახაძე და მისი მწვრთნელი ავთანდილ გახოკიძე

ძალოსნობაში ევროპის 2021 წლის ჩემპიონატი, რომელიც ცოტა ხნის წინათ მოსკოვში გაიმართა, სახელოვანი ქართველი ძალოსნის, ლაშა ტალახაძის, კიდევ ერთი გამარჯვებით დასრულდა. 11 აპრილს, ჩემპიონატის ბოლო დღეს, ქართველმა ძალოსანმა, რომელიც უმძიმეს კატეგრიაში (109 +კგ) გამოდის, თავის უამრავ ტიტულს კიდევ ერთი მიუმატა _ ევროპის ჩემპიონის.

პირველ მოძრაობაში _ ატაცში _ ლაშა ტალახაძემ 222-კილოგრამიანი შტანგა (!) ასწია და 2 კგ-ით გააუმჯობესა თავისივე მსოფლიო რეკორდი. აკვრაში ქართველმა სპორტსმენმა 263 კგ ასწია და, ჯამში, მესამე ოქროს მედალი მოიპოვა ატაცში, აკვრასა და ორჭიდში.

ავთანდილ გახოკიძე, ლაშა ტალახაძე და გიორგი ასანიძე
ავთანდილ გახოკიძე, ლაშა ტალახაძე და გიორგი ასანიძე

რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების (2016 წ.) ჩემპიონი, ბოლო წლებია, ყოველთვის იმარჯვებდა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე და, რაც მთავარია, სასტარტო წონასთან ყოველთვის მაშინ მიდიოდა, როცა ყველა მეტოქეს უკვე დასრულებული ჰქონდა ასპარეზობა.

ლაშა ტალახაძე 1993 წლის 2 ოქტომბერს დაიბადა საჩხერეში. ლაშა, ისევე, როგორც ბევრი ქართველი ბიჭი, ჯერ ფეხბურთით იყო გატაცებული, შემდეგ _ კალათბურთით, ჭიდაობით… ძალოსნობაში შემთხვევით არ მისულა _ მამამისი კობა ტალახაძე თავის დროზე შტანგისტი იყო და მძიმე წონაში გამოდიოდა. “ლაშას პირველი მწვრთნელი მამა იყო, შემდეგ მოიყვანა ჩემთან. იმხანად ლაშას შედეგი ატაცში 130 კგ იყო, აკვრაში _ 135. ნახევარი წლის შემდეგ ვალენსიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის მან, შესაბამისად, 152 და 187 კგ აჩვენა და თავისი პირველი ტიტული მოიგო. ერთი წლის შემდეგ ბუქარესტში გაიმეორა წარმატება, მაგრამ აწეული სიმძიმეების ჯამი 52 კგ-ით მეტი იყო.

ლაშა ტალახაძე

საიდან აქვს ასეთი ძალა? მამისგან დაჰყვა, ბაბუისგან. ოჯახში ყველა დიდი და ღონიერი იყო, მაგრამ მაინც მთავარი ხასიათია. თუ მტკიცე ხასიათი არ გაქვს ვერაფერს მიაღწევ. მუდმივად წინ რომ იარო და განვითარდე, ბევრი უნდა იშრომო ჩვენ ასეთი რეჟიმი გვაქვს: ადგომა 8 საათზე, ვარჯიში თერთმეტზე, შემდეგ ძილი, 16 საათზე კვლავ ვარჯიში. და ასე ყოველდღე. გამოსასვლელ დღეებში კი უნდა დაისვენო. თვლიან, რომ ქართველებს არ უყვართ თავგამოდებით შრომა. ჩვენი წევრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე თვითონ იყო ოლიმპიური ჩემპიონი და შესანიშნავად იცის, რამდენი უნდა იშრომო, მწვერვალს რომ მიაღწიო. ნაკრებში დისციპლინა მაღალ დონეზეა და ყველა 100 პროცენტით იხარჯება. ლაშამ აქეთიქით რომ ირბინოს, ასეთი შედეგები არ ექნება. და ვის სჭირდები, თუ შედეგი არ გაქვს? სპორტსმენი თავის თავს ქმნის არა ფოტოსესიებსა და რესტორნებში, არამედ დარბაზში. მძიმეწონოსანი ძალოსნის საუკეთესო მეგობრები შტანგის გრიფი და დისკოებია

ლაშა ტალახაძე და მკლავმჭიდელი ლევან საგინაშვილი
ლაშა ტალახაძე და მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილი

ჩემი ოცნებაა, ლაშამ ორჭიდში 500 კგ დაძლიოს, ის ამ შედეგამდე არც ისე შორსაა. ვარჯიშებზე მან უკვე ასწია 227 ატაცით და 267 კგ აკვრით, მაგრამ ის ასწევს 500 კგ-ს, ალბათ, ტოკიოს ოლიმპიადაზე… ლაშას ხილვა თავისი დროშის ქვეშ არაერთ სახელმწიფოს სურდა, ჰონორარის სახით მილიონებზე იყო საუბარი, კონკრეტულად, 5 მლნზე, მაგრამ ლაშა ქართველია, ის უყვარს ხალხს, ბავშვებს სურთ, მას დაემსგავსონ, და განა შეიძლება მათ უღალატო?” _ ეს არის ამონარიდები ვრცელი ინტერვიუდან, რომელიც ლაშა ტალახაძის მწვრთნელს, ავთანდილ გახოკიძეს, ჩამოართვა ბელარუსულმა სპორტულმა გამოცემა pressball.by-მ.

28 წლის ათლეტი, ოლიმპიური, მსოფლიოს ოთხგზისა და ევროპის 5-გზის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე უკვე ლეგენდად იქცა და მისგან კვლავაც გამარჯვებას ელის სრულიად საქართველო.

ლაშა ტალახაძე მეუღლესა და შვილებთან
ლაშა ტალახაძე მეუღლესა და შვილებთან

პირადი ცხოვრება

ლაშა ტალახაძე 2018 წელს დაოჯახდა, მისი მეუღლეა ანა დემურია. წყვილს 2 შვილი ჰყავს _ მარიამი და ელენე.

მიღწევები:

* ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი _ 2016 წ.;

* ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი _ 2015, 2017, 2018, 2019 წწ.;

* ევროპის 5-გზის ჩემპიონი _ 2016, 2017, 2018, 2019, 2021 წწ.;

* არის სამი მსოფლიო რეკორდის მფლობელი 109 კგ წონით კატეგორიაში _ ატაცში, აკვრაში და ორჭიდში.;

* ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ორჯერ _ 2017 და 2018 წლებში დასახელებული იყო წლის საუკეთესო მძიმეწონოსან ძალოსნად.

არის ღირსებისა და ბრწყინვალების ორდენების კავალერი.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here