Home ახალი ამბები მსოფლიო ყაზახეთის ინოვაციური გეგმები გაეროში

ყაზახეთის ინოვაციური გეგმები გაეროში

ნაზარბაევი

ერთი წელია, რაც ყაზახეთი პლანეტის საკვანძო ორგანოს _ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს წევრია. 2018 წლის იანვარში იგი ერთი თვით უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს, ყაზახეთს ეძლევა შესაძლებლობა, აუცილებლობის შემთხვევაში მოიწვიოს საგანგებო სხდომები, ჩაატაროს თათბირები. მარტივად რომ ვთქვათ, ყაზახეთს გაუჩნდა შანსი, გააძლიეროს ქვეყნის ხმა გაეროში, გახმიანოს ქვეყნის ინიციატივები უმაღლეს დონეზე.

გაეროს თავმჯდომარეობისას ყაზახეთისთვის მთავარი საკითხი იქნება უსაფრთხოების საბჭოს მიერ დოკუმენტის მიღება ცენტრალური აზიისა და ავღანეთის მიმართ (თუმცა მისი ფორმატი ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის). უნდა აღინიშნოს, რომ ყაზახეთი პირველი და დღეისთვის ერთადერთი ქვეყანაა აღნიშნული რეგიონიდან, რომელსაც ერგო პატივი, დაიკავოს თანამდებობა გაეროს უსაფრთხოების საბჭოში. ამ სერიოზული პასუხისმგებლობის გათვალისწინებითა და ცენტრალური აზიის ლიდერის როლის მორგებით ყაზახეთი სწორედ ამ პოზიციიდან წამოაყენებს არა მხოლოდ ყაზახეთის პრობლემატიკასთან დაკავშირებულ, არამედ რეგიონულ და გლობალურ ინიციატივებსაც.

ცენტრალურ აზიაში პრობლემათა სიის სათავეში დგას ავღანეთის თემატიკა, ავღანეთში ვითარების რეგულირების საკითხები _ დაწყებული კონტრტერორისტული მოქმედებებით, დამთავრებული ჰუმანიტარული ასპექტის გაძლიერებით. სწორედ ჰუმანიტარულ ასპექტს დაუთმობს ყაზახეთი ავღანეთის სტრატეგიის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იმის გათვალისწინებით, რომ სიტუაციის ნორმალიზების წინანდელი მეთოდები უეფექტო აღმოჩნდა: სამხედრო ოპერაციები, რომლებიც დამარცხებული კონტინგენტის გაყვანით მთავრდება, ასევე, ავღანეთის ეკონომიკაში ასტრონომიული თანხების გადარიცხვები, რომლებიც ძლიერი კორუფციის პირობებში ადრესატამდე არ აღწევს.

უნდა გვახსოვდეს, რომ სამოქალაქო ომი ავღანეთში, თითქმის 40 წელია, გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში გაიზარდა თაობები, რომლებსაც, ომის გარდა, სხვა ცხოვრება არ უნახავთ და იარაღის გარეშე არსებობა ვერ წარმოუდგენიათ. მათთვის საომარი მოქმედებები სამსახურის ტოლფასია. ამიტომ, იმისათვის, რომ ავღანეთში ომი შევაჩეროთ და ნორმალური ცხოვრება დავამყაროთ, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, აღვზარდოთ ახალი თაობა, რომელსაც ეცოდინება ცხოვრება ომის გარეშე. ამ მიზნით ყაზახეთმა ჯერ კიდევ 7 წლის წინათ ყაზახეთის უმაღლეს სასწავლებლებში ავღანელი სტუდენტებისთვის უფასო სწავლების პროგრამა აამოქმედა. სტუდენტების ნაწილი სწავლის დასრულების შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და წარმატებით მუშაობს ინჟინრებად, დიპლომატებად, ექიმებად. ეს პოზიტიური გამოცდილება საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებას იმსახურებს. უსაფრთხოების საბჭოს წევრის პოზიციიდან ყაზახეთს, აგრეთვე, აქვს შანსი, ავღანეთის კრიზისის მოგვარების საქმეში გაეროს სხვა წევრების ყურადღება გაამახვილოს სწორედ ჰუმანიტარულ ასპექტზე. რა თქმა უნდა, ცენტრალური აზიის მტკივნეული საკითხების დიდი სია მხოლოდ ავღანეთით არ შემოიფარგლება. აქ უამრავი პრობლემაა: სასურსათო, წყლისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების, აგრეთვე, დღემდე დაუდგენელია საზღვრების საკითხები. ყველა აღნიშნულ პუნქტზე ყაზახეთს აქვს გადაწყვეტის თავისი რეცეპტი. აქედან გამომდინარე, ცენტრალური აზიის პრობლემატიკაზე თითოეული დოკუმენტის შემუშავებისა და მისი მიღების მცდელობა, ინიცირებული გაეროს უსაფრთხოების საბჭოს დონეზე, რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. რაც შეეხება ყაზახეთის გლობალურ ინიციატივებს, დღეს ეს ინიციატივები აქტუალურია, როგორც არასდროს. არსებულ პირობებში, როდესაც საერთაშორისო ტერორიზმმა კატასტროფული მასშტაბები მიიღო, წაშალა ყველა საზღვარი, როცა ტერაქტი შეიძლება მოხდეს პლანეტის ნებისმიერ წერტილში, ამ გამოწვევას ყველამ ერთად უნდა ვუპასუხოთ გაეროს ეგიდით გლობალური ანტიტერორისტული კოალიციის შექმნით. ასეთი კოალიციის შექმნის ინიციატივით ნურსულთან ნაზარბაევი ჯერ კიდევ 2015 წელს გამოვიდა. აღნიშნული ინიციატივის თანახმად, ქვეყნებმა ერთმანეთის წინააღმდეგ სამხედრო პოტენციალი კი არ უნდა გაზარდონ, არამედ გაერთიანდნენ საერთო საფრთხის წინააღმდეგ, სამხედრო პოტენციალი კი აღმშენებლობის გეგმებზე მიმართონ. ყაზახეთი სთავაზობს გაეროს წევრ ქვეყნებს, თავდაცვის ბიუჯეტიდან 1%-ის გადარიცხვას სპეციალურ ფონდში, რომელიც დააფინანსებს ბრძოლას სიღატაკესთან, შიმშილსა და კლიმატის ცვლილებებთან.

რაც შეეხება კლიმატის ცვლილებებს, ოკეანეში ნაგვის უზარმაზარი კუნძულებია; ქალაქები, რომლებიც მომწამვლელ გამონაბოლქვში იგუდებიან, ცუნამი და მიწისძვრები _ ეს აღარ არის კადრები ფანტასტიკური ფილმიდან აპოკალიფსური სცენარით, დღეს ეს რეალობაა. პლანეტის ეკოლოგიური დეგრადაციის შესაჩერებლად აუცილებელია “მწვანე ტექნოლოგიების” მასობრივად დანერგვა. სწორედ ამიტომ ასტანაში საერთაშორისო გამოფენა EXPO-2017-ის ჩატარების დროს ყაზახეთმა აირჩია თემა “მომავლის ენერგია”, ხოლო გამოფენის ჩატარების შემდეგ მწვანე ტექნოლოგიების განვითარებისა და ინვესტიციური პროექტების შექმნის ინიცირება მოახდინა, რაც ქვეყნებს გამოცდილების გაზიარების, აგრეთვე, ერთმანეთის ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს.

უნდა აღინიშნოს, რომ ყაზახეთს, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს არამუდმივი წევრის სტატუსით შეუძლია შესთავაზოს საერთაშორისო თანამეგობრობას წინადადებები პრობლემების რეალურად გადასაწყვეტად, სიტუაციის გასაუმჯობესებლად არა მხოლოდ ცენტრალური აზიის რომელიმე რეგიონში, არამედ მსოფლიოში. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ ინიციატივებს შეისმენენ.

შოთა ბათიაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here