Home რუბრიკები ისტორია ღმერთმა ნუ დაგაბეროთ

ღმერთმა ნუ დაგაბეროთ

2443
ილია ჭავჭავაძე

ორი საუკუნის წინათ საახალწლოდ დიდი ილია წერდა, რომ ღმერთმა, რაც წყალობა იყო, უკვე მოიღო ჩვენზე და დანარჩენი თქვენ იცით და თქვენმა კაცობამო. ილიას ტკივილიანი რიტორიკული შეკითხვებირა გითხრათ? რით გაგახაროთ?” დღესაც აქტუალურია _ პრობლემა, რომელიც იყო XIX საუკუნეში, კვლავ დგას. ქართველი ერი, ისევე, როგორც უწინ, ახლაც მძიმე დღეშია _ ცრუ დაპირებები, სიყალბე, შური, მოძმის მტრობა, ღალატი, გაუტანლობა

თითქოს თავისუფალ, დამოუკიდებელ და დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, მაგრამ ჩვენი თავი ჩვენ გვეკუთვნის?

რაზე იზრდებოდნენ ჩვენი წინაპრები და რაზე იზრდება მომავალი თაობა?…

რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

ილიას დარად ჩვენც ვისურვოთ, რომ მომავალ თაობებს თვალი აეხილოთ, ყურებიდან ბამბა გამოეცალოთ, ფუტკრისგან ისწავლონდროთა შესაფერი სამამაცო ზნენი”, რათა მათ მაინც აღარ თქვან: რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

და თქვან, რომ აშენდა და გაძლიერდა ქვეყანა, რომ ჩვენისთანა ბედნიერი ერი მართლაც არსად არ არის.

ვისურვოთ, რომღვთის წყალობასთან ერთად წყალობა მოიღოს ჩვენზე ჩვენმა მხნეობამაც, ჩვენმა გამრჯელობამაც და ფრთაასხმულმა სიყვარულმა ქვეყნისამ, დღესაქამომდე უქმი ქართველი საქმიან კაცად გარდაჰქმნას მისის ქვეყნის სასიხარულოდ და სასიქადულოდ.

ღმერთო, გვისმინე ეს ვედრება, ეს ნატვრა, მოგვეც ძალღონე საქმის ქმნისა, და ჩვენი მარჯვენა, ჩვენი ჭკუა და გონება, ჩვენი გული მოგვახმარებინე ჩვენის ქვეყნის გასაღონიერებლად, გასაძლიერებლად. ღმერთო, მოუმართე ხელი ყოველ იმას, ვინც თავის საკუთარ ბედნიერებად ჰხადის მთელის ქართველობის ბედნიერებას და ამ პატიოსან წადილით განდიდებული და გაძლიერებული გამოვა სამოქმედო მოედანზე და თავგანწირულობით მხნედ მებრძოლი საქმის ბურთს გაიტანს და ნავალი გზა, მისგან თელილი, ბრწყინვალე კვალს დასტოვებს შემდეგთა სამაგალითოდ და მადლობით მოსახსენებლად”.

დამდეგ ახალ წელს გილოცავ, ჩვენო მკითხველო და აქვე ილიას წინასაახალწლო პუბლიკაციასღმერთმა ნუ დაგაბეროთშემოგთავაზებთ, რომლის საახალწლო განწყობა და უკეთესი ხვალინდელი დღის იმედი, მინდა, თქვენც გადმოგედოს.

მრავალ ახალ წელს! იცოცხლეთ, ღმერთმა ნუ დაგაბეროთ!

“წავიდა ძველი წელიწადი – ეგ უგემური, უმადური, უმადლო, ილაჯ-გაწყვეტილი და პირგამშრალი ბებრუცანა. გუშინ ღამის თორმეტს საათზედ ანდერძი ავუგევით და ჩავაბარეთ მის გაუმაძღარს პატრონს, რომელსაც არც თავი აქვს, არც ბოლო, და საუკუნოება ჰქვიან. ნეტა რა პირით შეეყრება მაგ ულმობელს პატრონს ეგ პირშავი, პირუტყვი წელიწადი? რა ანგარიშებს დაულაგებს, დავთრებს რა მაცდურობით გადაუშლის, სასწორის უღელს როგორ ასწევს და დასწევს? ეს ძველი წელიწადი ჩვენგან, კაცთაგან, ისე გაცუღლუტებული იყო, რომ არა მგონია, თავის უტყუარ გამკითხავის წინაშე თავისი ოინბაზობა დაიშალოს, ერთს-ორს მალაყს მაინც გადავა. ხოლო მისი პატრონი საუკუნოება, თუმცა გაუმაძღარია და ბევრად-ბევრი მაგისთანა წელიწადი გადაუყლაპავს, და როგორც ვეშაპს წვეთი, ისე ადვილად მოუნელებია, მაგრამ რომის პაპსავით შეუცდომელი გამკითხავია, და თუ უწინდელ დიამბეგსავით დაუქრთამებელი არ არის, მაინც უანგაროა. რაც უნდა მალაყებს გადავიდეს, იგი გამკითხავი თავის უანგაროს, უტყუარს და პირმოუფერებელს მსჯავრს დასდევს. ამ მსჯავრს არც აპელაცია აქვს, არც კასაცია, თუმცა-კი ამეებში გავარჯიშებული, გაწურთვნილი და ადვოკატებისაგან გაცუღლუტებული ძველი წელიწადი თავისას ეცდება, რომ ერთიც მოახერხოს და მეორეც. მაგრამ ამაოდ-კი: განაჩენი საუკუნოებისა დაურღვეველი და შეუცვლელია.

საზარელი სახე ჰქონდა ამ მიცვალებულს ბებერსა: კბილები ჩამტვრეული, პირის-სახის კანი მეშსავით შემხმარი, დამჭკნარ ლეღვსავით დანაოჭებული, წელწახრილი, ხელ-ფეხ-გაშეშებული, თვალებ-ჩაცვივნული, უსულო, უგულო, უსისხლო და უსიცოცხლო. შემეზარა, თვალი მოვარიდე, ზურგი შევუქციე, პირი მზის ამოსვლისაკენა ვქენი და რა დავინახე? პატარა ოქროს-თმიანმა, თურაშაულ ვაშლსავით წითურმა, ჩაბურთებულმა, ჩასუქებულმა, ახლად დაბადებულმა ბავშვმა შემომცინა თავის უმანკოებით სავსე მშვენიერ ღიმილითა. ზურგთ უკან ძველია, თვალ-წინ ახალი, იქ სიკვდილია, აქ _ სიცოცხლე, იქ გახრწნილებაა, აქ _ აღყვავება, იქ მზე ჰშლის, ალპობს და ჰხრწნის, აქ _ ჰბადავს, ჰზრდის და აკოკრებს, იქ მომწყდარია წყარო ცხორებისა, აქ _ დუღს და ჩუხჩუხებს, იქ სამარეა, აქ _ აკვანი.

წავიდა ნავარდზედ ჩემი გულის თქმა, როგორც გათამამებული მიმინო, და ვსთქვი გულში: ამ ახლად-შობილის აკვანს ნეტა რა-რიგი ბედი დაარწევს-მეთქი?

ვაი თუ!.. მაგრამ რა ვაი თუ? დღეს ახალი წელიწადია და შავი ფიქრი შორს ჩვენგან. ახალი წელიწადია, მაგრამ როგორ მოგილოცოთ ეს პირველი დღე ახალის წელისა, _ არ ვიცი. ჩვენს ძველს ჩვეულებას რომ ავყვეთ, უნდა შაქრისყინული მოგართოთ და მოგახსენოთ: “ღმერთმა ასე ტკბილად დაგაბეროთ”. მე თუ მკითხავთ, ამის თქმა ვერ მეჭაშნიკება. არ ვიცი, სხვა რას იტყვის და მეკი ეგ წყევლა მგონია და არა დალოცვა. ნეტა რა სანატრელია სიბერე? სიბერე ყველა ჭირზედ უფრო ძნელი ჭირია. სხვა ჭირი ან მოვა, ან არა, სათუო საქმეა. სიბერეს კი სად გაექცევა ადამიანი? დღეს იქნება თუ ხვალე, უსათუოდ მოცოცდება თავისთავად და ჩვენდა დაუკითხავად იასაულად ჩაგვიდგება ტანში. ვერც ვერავინ გადაუდგება წინ, ვერც ვერავინ გადაურჩება. ეს ერთი. მეორე ისა, რომ სხვა ჭირს, თვინიერ მამულების გამიჯვნის ჭირისა, რაც უნდა იყოს, როგორმე მოევლება, თუ კაცი არ გაბრიყვდა და ჩვენებურ ექიმებს არ ჩაუვარდა ხელში, სიბერეს კი წამალი არა აქვს. სიბერე დროთაბრუნვისისპოლნიტელნი ლისტია”. დროთაბრუნვა კიდევ ჩვენს საადგილმამულო ბანკზედ უფრო ულმობელი, უფრო შეუბრალებელი მოვახშეა. რაც უნდა ძვირფას ღერბიან ქაღალდზედ საჩივარი დასწეროთ, მაგისპოლნიტელნი ლისტსვერავინ გააუქმებს! სიკვდილის ბოქაულს, სულთამხუთავს, ხელთ უპყრია აღსასრულებლად.

ღმერთმანი, ზოგიერთებსავით დაჰქრთამავ, ხახას ჩაულბობ და უკან გააბრუნებ! მოვა კარებს დაგიკაკუნებთ, თუ არ გაუღეთ, ისე შემოგეპარებათ, რომ ვერც-კი გაიგოთ. ვერავინ ვერ წაუვა ხელიდამ, თუნდა მთელი რაც მარშლებია, სულ წამოგესარჩლონ.

პრიკაზის ვალი შეიძლება გაპატიონ, შეიძლება საადგილ-მამულო ბანკი იმისთანა ბანკად გადაიქცეს, რომელსაც ჩვენი სანატრელი სახელი ჰქვიან: “ავიღე და აღარ მოგეციო”; შეიძლება სომეხმა გუთანს მოჰკიდოს ხელი და ქართველმა – დუქანს; შეიძლება ქართველი კაცი ისე დაჭკვიანდეს, რომ ადვილად ასაღებს ვალს ძნელად შეჰბედოს და ხვალინდელი ქათამი დღევანდელს კვერცხს ამჯობინოს. შეიძლება ქართველი კაცი ისე გამოკეთდეს, რომ არამც-თუ ძმამ ძმას უმტროს და აბეზღოს, არამედ სხვის მტრობაც შეეზაროს; შეიძლება ჩვენმა ქალებმა ქართული ლაპარაკი აღარ ითაკილონ, იქნება რაღაცა დაისწავლონ, იქნება დაისწავლონ კიდეც და ძერა-დედობის სათამაშოდ მოწყობილი ტიურნიურები, როგორც იყოს, ცრემლის ფრქვევით და ვაი-ვაგლახით დასთმონ; შეიძლება ქართველმა კაცმა სასკოლო ფული, თავის შვილების გასაზრდელად, ჭაპან-წყვეტით როგორც იქნება გამოიმეტოს; შეიძლება ქართული ლიტერატურა ისე გამოკეთდეს, რომ ლანძღვა და თრევა ლიტერატურად კი არა, უკადრისობად ჩაითვალოს და გაუპატიურება ადამიანისა უწვრთნელობაში ჩამოერთვას გამაუპატიურებელს; შეიძლება ჩვენი მტკვარი დოდ იქცეს, გორის ციხე _ ჯამად, იალბუზი _ ჯამში ჩაყრილ მჭადად, მცხეთის ხიდი _ კოვზად და ისეთი მუცელიც ჰქონდეს კაცს, რომ ყოველივე ეს ერთ სადილადაც არა ჰყოფნიდეს, _ გლეხური სიმღერისა არ იყოს; შეიძლება _ ზღვა დაშრეს, ქვიშა გამოჩნდეს, თევზი მთასვლიდეს სიარულითა, ვირი ბჭედ იჯდეს, ჯორი შვილს ზრდიდეს, მგელი თავს ადგეს ჭიანურითა (ძველი სიმღერაა).

ყოველივე ეს შესაძლოა, მხოლოდ ოთხი რამ არის ყოვლად შეუძლებელი: ერთი _ ვალში ჩავარდნილ ქართველ კაცის ვალიდამ გამოსვლა, მეორე _ ქართველ ლიტერატორის კუჭმაძღარობა, მესამე _ აქაურის ექიმებისაგან კაცის მორჩენა და მეოთხე _ დროთა-ბრუნვის “ისპოლნიტელნი ლისტის” გაუქმება და თავიდამ აცდენა. სიბერე, ბატონებო, რაც გინდათ სთქვით, სენია, და სენი ტკბილი იყოს, თუნდა მწარე, ორივ ღმერთმა დასწყევლოს. სხვისა არ ვიცი და მე-კი ღმერთმა თავის-დღეში ნუ დამაბეროს. ღმერთმა ცხოველმყოფელი სიჭაბუკე არ მომაკლოს, არ მომიშალოს, ვინემ პირში სული მიდგა, ანუ ვინემ შევესწრებოდე იმისთანა ქართველის კაცის ნახვას, რომ მოძმესათვის არ ემტროს, სხვის სიკეთე არ შეშურვებიდეს და ვალი თავისდღეში არ აეღოს და, თუ აეღოს, გადაეხადნოს.

ბევრი წყალი ჩაივლის მინამდის, მართალია, მაგრამ სიცოცხლე არავის მოსჭარბდება. მეც დიდის ხნით სიცოცხლე მინდა თქვენთვისაც და ჩემთვისაცა. მართალია, არც იმისთანის ნატვრა უნდა, რაც უიმისოდაც არ აგვცდება, და არც იმისთანისა, რასაც თითონ ბუნება უარყოფს და არ გვითმობს. სიჭაბუკე ბუნებითად წარმავალია, მოკლე ხნით მოსული სტუმარია, დილით მოვა და საღამოთი მიდის და, როგორ შეიძლება ადამიანს სამუდამოდ შეჰრჩესო, მეტყვიან? მართალი ბრძანებაა. სიჭაბუკე მოკლე ხნის სტუმარია. ხოლო ვიკითხოთ: ვისთვის და რისთვის? მარტო ხორცისათვის. დროთა-ბრუნვა მარტო ხორცს ერჩის, ხორცსა სძლევს. ხორცს მაგისათვის არც ფარი აქვს, არც ხმალი. ადამიანი ხატებაა ღვთაებისა განა ხორცითა? ადამიანს ხორცის გარდა ერთი რამ სხვა მოჰმადლებია, რომლითაც იგი ადამიანობს ვით კერძო ღვთისა. ის ერთი – სული და გულია, უჭკნობლობის ნიჭით და ღონით დალოცვილი. ეგ ღვთაებრივი ნიჭი, როგორც ყოველივე ღვთაებრივი, დროთა მბრძანებელია და არა ყმა. შესაძლოა, ხორცი დაბერდეს, დაუძლურდეს, სული და გული-კი ისე ჰყვაოდეს, ზეგარდმო მადლით შუქმოფენილი და მრავალფერად გადაშლილი, თუკი ადამიანი საკადრისად უპატრონებს, ადამიანურად მოუვლის, ხორცის მბრძანებლად გახდის და ხორცს არ გაალახვინებს. მე ვსთქვი – ეგ ნიჭია-მეთქი და ნიჭს ზრდა, წრთვნა, გახსნა და გაშლა უნდა. ყოველი ცოტად თუ ბევრად სხვაზედ აღმატებული კაცი არ შეიძლება ამ გზას ასცდენოდეს, და ამიტომაც მოხდება, რომ ხორცით დაბერებულს სული და გული ჭაბუკისა შერჩება ხოლმე საფლავის კარამდინა. უკეთესნი და უდიდესნი კაცნი ქვეყნიერობაზედ ამისთანანი ყოფილან. საქმე ის არის, ხორცთან ერთად არ დაგიბერდეს სული და გული, სულით და გულით ყოველთვის ჭაბუკი იყო, და მაშინ ფარიც ხელთ გექნება მოსაგერად და ხმალიც სატევრად.

ეხლა-კი შემიძლიან ჩემებურად მოგილოცოთ ახალი წელიწადი: მაშ, ღმერთმა თქვენც თავის-დღეში ნუ დაგაბეროთ, ღმერთმა ყოვლად შემძლებელი, ცხოველმყოფელი სიჭაბუკე არ მოგაკლოთ, არ მოგიშალოთ, ვინემ ცოცხალ ხართ. “ვინემ ცოცხალ ვართ, ეგრე ვქნათ, ვახაროთ ჩვენსა იასა, მოვკვდებით, გაუხარდება სამარის კარსა ჭიასა” (ფშაური ლექსია _ რედ.).

მაინც ვშიშობ, ვაი თუ ეს დალოცვა მიწყინოთ-მეთქი. უწინდელს ისე შევჩვეულვართ, რომ მეც თითონ ტანში ჟრუანტელი მივლის, როცა ვამბობ: ღმერთმა ნუ დამაბეროს-მეთქი. ეს ამისთანა თქმა წყევლად არის ჩვენში მიღებული. ჩვენმა მოხუცებულმა დედაბერმა რომ გამიგონოს, ღვთის გმობად ჩამომართმევს, მომვარდება, პირზედ ხელს ამაფარებს და მეტყვის: “ნუ, ნუ, შვილო, ეგრე თავს ნუ გამოიმეტებ, შენ გენაცვალოს ჩემი თავი. ნუ აწყენინებ ღმერთსა, ნუ იწყევლი თავსაო”. ლამის გული გადამიდგეს და ამ დედაბერს მიემხროს! რა ძნელი ყოფილა ჩვეულება.

მე რომ თვითოეულთან ცალკე მქონდეს ამ შემთხვევაში საქმე, იქნება დედაბერს დაეძლია და მე ჩვენის ძველის ჩვეულებისამებრ მოვქცეულიყავ და ეს ახალი დალოცვა თუ მოლოცვა არ შემომეღო. მე სახეში მყევხართ ყველანი ერთად. ყველანი ერთად ხომ ერია, ქვეყანაა. ნუთუ ერს ან ქვეყანას მოუხდება ესეთი დალოცვა: ღმერთმა ტკბილად დაგაბეროსო? ღმერთმა ნუ ქნას! ერის სიბერე ერის აღგვაა დედამიწის ზურგიდამ. შორს ჩვენგან სიბერე! ერს ერთი სული, ერთი გული აქვს, ხოლო ხორცი იმდენი, რამდენიც ცალკე ადამიანია. როგორც ყველასი ერთად და ერთს დროს დაბერება არ შეიძლება, ისეც ერისა. ივანე ბერდება და მიდის, პეტრე იბადება და მოდის, და ერი-კი ისევ ერია, ერთ-სულ, ერთ-გულ. ერი თავისის სულით და გულით იმ ტურფა საბაღნაროსა ჰგავს, საცა, რუსთაველის სიტყვით, ერთი მიდის და მის მაგიერ სხვა მოდის, თითონ ბაღნარი-კი არის და არის მუდამ მწვანე, მუდამ დაუჭკნობელი, მუდამ ყვავილოვანი, ია-ზამბახ-ვარდ-გაშლილი, როგორც ჩვენი ძველი პოეტი ბესიკი იტყოდა.

მართალია, ხან ცა მოუღრუბლებს ხოლმე და მშვიდობიანი, მორცხვი, კდემითმოსილი ია ნაღვლიანად თავს ჩაჰკიდებს, ყელმოღერებული და თავმომწონე ზამბახი წელში გადიხრება, ეშხით ცეცხლმოდებული არშიყი ვარდი აღარ აკვნესებს თავის ბუჩქებში ტრფიალებით დამთვრალს და გახელებულს ბულბულსა, მაგრამ ბაღნარი მაინც ბაღნარია, მაინც ჰყვავის, მაინც ფშვენს, მაინც სიცოცხლის ძარღვი დაუღალავად უცემს სიცოცხლისათვისვე და ემზადება კარგის დღისთვის, სხვა უკეთეს დროისთვის. აბა, ახლა მაშინ ნახეთ ერი, როცა ფირუზის ფრად გადაწმენდილი ცა, უღრუბლო და შუქმოფენილი, თავის უშველებელ ფრთებს ზედ გადმოაშლის ხოლმე, როგორც ფრინველი თავის ბღარტებს; მაშინ ნახეთ ის ტურფა საბაღნარო, რომელსაც მე სული და გული ერისა დავარქვი, რა ყვავილების კონას შეჰკრავს! ნუთუ გინდათ, ეს სული და გული დაგვიბერდეს!

ღმერთმა ნუ ქნას.

მაშ, გაუმარჯოს დაუჭკნობელს სიჭაბუკესა, აწ და მარადის!

31 დეკემბერი, 1885 ., ტფილისი”.

დაიბეჭდა გაზეთივერიაში”, 1886 ., 1

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here