Home რუბრიკები სპორტი “ღმერთის ხელი” ზეცაში აფრინდა

“ღმერთის ხელი” ზეცაში აფრინდა

864
“ღმერთის ხელი” ზეცაში აფრინდა

მარადონას გამორჩეული ციტატები ფეხბურთზე, ნარკოტიკებზე, რომის პაპსა და პუტინზე

2020 წლის 25 ნოემბერს გული გაუჩერდა ფეხბურთის ლეგენდას, მსოფლიოში სახელგანთქმულ ფეხბურთელსა და მწვრთნელს, არგენტინელ დიეგო არმანდო მარადონას, რომელსაც ამა წლის 30 ოქტომბერს შეუსრულდა 60 წელი. მსოფლიოში უპოპულარესი ფეხბურთელის კარიერასა და ცხოვრებას ჩვენმა გაზეთმა 2018 წელს ვრცელი წერილი მიუძღვნა (იხ. “საქართველო და მსოფლიო” #42 (466), 21-27 ნოემბერი, 2018 .). ახლა კი გთავაზობთ მის ყველაზე ფრთიან გამონათქვამებს ცხოვრებაზე, ფეხბურთზე, ნარკოტიკებზე, რელიგიაზე, პუტინზე და სიკვდილზეც კი.

დიეგო მარადონამ სახელი გაითქვა იტალიის “ნაპოლში” თამაშით, მაგრამ არგენტინის ნაკრების მაისურით მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონობა (1986 წ.) და ვიცეჩემპიონობა (1990 წ.). მისი ცხოვრება ია-ვარდით მოფენილი არ ყოფილა. მიუხედავად ბრწყინვალე საფეხბურთო კარიერისა, ის იტანჯებოდა ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებისგან, მკურნალობდა ფსიქიატრიულში და ხშირად ხვდებოდა სკანდალებში. მარადონა ყოველთვის გამოირჩეოდა მწვავე გამონათქვამებით და ყოველთვის ამბობდა იმას, რასაც ფიქრობდა.

აი, მისი ყველაზე ფრთიანი ფრაზები:

ცხოვრებაზე არგენტინაში

* “მე ვარ ფეხბურთელი, რომელსაც ბედნიერება მოაქვს ადამიანებისთვის”;

* “ამ ყველაფრისთვის რომ მიმეღწია, მთელი ცხოვრება მძიმე სამუშაოს ვასრულებდი. თუ ამ ფაქტს ვინმე უარყოფს, შეუძლია, უკანალზე მაკოცოს”;

* “მე შემიძლია, ვიყო თეთრი ან შავი, მაგრამ ნაცრისფერი _ არასოდეს”;

* “არგენტინა _ ეს მე ვარ”.

მარადონა

ფეხბურთზე

მარადონას ყველაზე მეტი გამონათქვამი აქვს ფეხბურთზე, სპორტულ კარიერაზე და ეს არ არის გასაკვირი, რადგან ფეხბურთმა მოუტანა დიდება.

* “ფეხბურთი სიამოვნებისა და სიხარულის თამაშია, მოთამაშეებმა სტრესი არ უნდა გამოსცადონ. სტრესი _ ეს არის მათთვის, ვინც მთელი ცხოვრება სამუშაო მაგიდას უზის”;

* “თუკი ეს ხელი იყო, მაშინ ეს ღვთის ხელი იყო”, _ თქვა მარადონამ თავის ისტორიულ გოლზე ინგლისის ნაკრების კარში 1986 წლის ჩემპიონატზე;

* “აზრი არ აქვს კამათს, ვინ არის უკეთესი _ მე თუ პელე, ნებისმიერი იტყვის, რომ მარადონა უკეთესია”;

* “მწვრთნელები ვერასოდეს მოიგებენ მატჩს, ვინც უნდა იყოს ის, გინდ მარადონა, გინდ მენოტი, გინდაც ბილარდო, ნამდვილი გამარჯვებულები მხოლოდ ფეხბურთელები არიან”.

მარადონა და მესი
მარადონა და მესი

ფეხბურთელებზე

* “ათასობით ისეთი ბიჭი, როგორიც არის ბექჰემი, .. მესამე სამყაროს მტვრიან ქუჩებში თამაშობს”;

* “ობამა უფრო უპასუხებს შენს ზარს, ვიდრე მესი”;

* “რონალდუმ თქვა, რომ საუკეთესოა ისტორიაში, გადაეცით, ხალხს ნუ აცინებს”.

მარადონას მიერ ხელით გატანილი გოლი ინგლისელთა კარში
მარადონას მიერ ხელით გატანილი გოლი ინგლისელთა კარში

ნარკოტიკებზე

ბრწყინვალე სპორტული კარიერის მიუხედავად, მარადონა მოიხმარდა ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს, ზოგჯერ მატჩზეც კი მისულა გაბრუებული. მკურნალობდა, რათა თავი დაეღწია ნარკოტიკებზე დამოკიდებულებისგან.

* “ნარკოტიკის პირველად გასინჯვის შემდეგ მალე ხვდები, რასთან მოგიწევს ბრძოლა ყოველდღიურად. ნარკოტიკი იწვევს ეიფორიას, თითქოს ახლახან მოიგე ჩემპიონატი. და აი უკვე ფიქრობ: რა მნიშვნელობა აქვს, რა მოხდება ხვალ, დღეს ხომ ჩემპიონი ვარ!”

* “მე ყველაფერი გავაფუჭე, რაც მქონდა. ახლა უკვე მინდა, ოჯახური ცხოვრებით დავტკბე!”

* “ფსიქიატრიულ კლინიკაში, სადაც ვმკურნალობდი, ერთი თავს ნაპოლეონად მიიჩნევდა, მეორე _ სანმარტინად. მე კი არავინ მიჯერებდა, რომ მარადონა ვიყავი”.

მარადონა ოჯახთან ერთად
მარადონა ოჯახთან ერთად

ოჯახზე

სამწუხაროდ, ნარკოტიების, ალკოჰოლისა და ე.წ. მსუბუქი ცხოვრებისადმი სიყვარულმა დაღი დაასვა მარადონას პირად ცხოვრებას.

* “ნარკოტიკების გამო ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამოვტოვე _ ჩემი ქალიშვილების აღზრდა, ამას თავს ვერასდროს მივუტევებ”;

* “მე ვაღიარებ მხოლოდ ორ შვილს _ დალმასა და ჯანინს. დანარჩენები ჩემი ფულისა და შეცდომების შედეგია”;

* “დედაჩემს მიაჩნია, რომ საუკეთესო ვარ. მე კი არასოდეს ვეკამათები დედას”.

მარადონა და ვლადიმერ პუტინი
მარადონა და ვლადიმერ პუტინი

რელიგიაზე

მარადონას არასოდეს დაუმალავს, რომ თავგადაკლული ქრისტიანია და ღმერთი ეხმარებოდა კარიერაში, მაგრამ ის უარყოფითად იყო განწყობილი ეკლესიის ხელმძღვანელების მიმართ.

* “ღმერთმა კარგად თამაშის ნიჭი მომმადლა. აი რატომ ვიწერ პირჯვარს ყოველი თამაშის წინ, მოედანზე გასვლისას. ვფიქრობ, თუ ასე არ მოვიქცევი, მას ვუღალატებ”;

* “ვატიკანი ჩემთვის სრული სიცრუეა!”

* “დიახ, მე გავილაშქრე რომის პაპის წინააღმდეგ, ჩავედი ვატიკანში და დავინახე ოქროს სახურავი. და შემომესმა პაპის ლაპარაკი ღარიბი ბავშვების დახმარებაზემაგრამ, ეშმაკმა დალახვროს, გაყიდე სახურავი, რაღაც გააკეთე!”

პოლიტიკოსებსა და პუტინის სიყვარულზე

დიეგო მარადონა არასოდეს ყოფილა პოლიტიკოსი და ამას ხსნიდა იმით, რომ არ შეუძლია მოჰპაროს რიგით ადამიანებს.

* “ჩემს ქვეყანაში პოლიტიკოსები მდიდრდებიან, ადამიანები კი მათგან არაფერს იღებენ. ჩემთვის ბევრჯერ შემოუთავაზებიათ პოლიტიკაში წასვლა, მაგრამ ყოველთვის უარს ვამბობდი; იმიტომ, რომ არ შემიძლია, ხალხს მოვპარო”;

* “მსოფლიოში პოლიტიკოსები არჩევნებში ფულით იმარჯვებენ. ფიდელმა კი ყველა დაამარცხა შაშხანით, იმიტომ, რომ მაგარია! მე მიყვარს კუბა!”

* “ვლადიმერ პუტინი ჩემი კერპია. სახლში, კედლებზე ჩამოკიდებული მაქვს ფოტოგრაფიები. გვერდიგვერდ კიდია პუტინისა და ფიდელის ფოტოები”.

და თავის სიკვდილზე

“თუ მოვკვდები, კვლავ გამოვჩნდები ამქვეყნად, როგორც დიეგო არმანდო მარადონა. მე ვარ ფეხბურთელი, რომელსაც ბედნიერება მოაქვს ადამიანებისთვის და ეს ჩემთვის საკმარისზე მეტია”.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

P.S. ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, 80 წლის პელემ, როცა მარადონას სიკვდილის შესახებ შეიტყო, განაცხადა: “ერთხელაც იქნება, მე და შენ ზეცაში ვითამაშებთ!”

კიდევ ერთმა არგენტინელმა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ კი განაცხადა: “ძალიან სამწუხაროდ ყველა არგენტინელისა და სრულიად მსოფლიოსთვის, მარადონა ტოვებს ჩვენს სამყაროს, მაგრამ ის სულ არ მიდის, რადგან მუდამ იქნება ჩვენ გვერდით”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here