მახსოვს, მოსწავლეობის პერიოდში ჩვენს სკოლას გურიაში დიდი პოეტი გიორგი ლეონიძე ეწვია. მარანში სოფლის თავკაცებმა ღია ცის ქვეშ მოსაფერებელი საღამო გაუმართეს მგოსანს. მან ხავერდოვანი ბოხი ხმით საკუთარი ლექსი “ვუმღერ სამშობლოს” მგზნებარედ წაიკითხა. “სამშობლო ჩემი გულის ფეთქვაა, სამშობლო ჩემი ლექსის სახელი” _ ეს ორი სტრიქონი ჩემში ოქროს ზარივით აგუგუნდა და ამ ჯადოსნური სიტყვების მუხტი სულში დღემდე არ განელებულა. რამდენ გენიოსს, პატრიოტს, უბრალო თუ ბრალიან ადამიანს სიცოცხლე შეუწირავს მამულისთვის. ხუმრობა ხომ არ არის, საუკუნეების განმავლობაში მგლებივით აღრენილი ამდენი მტრის გარემოცვაში დაიცვა სანუკვარი ქვეყანა და აურაცხელი დაღვრილი სისხლის ფასად შემოუნახო იგი შთამომავლობას თავისი ზნე–ჩვეულებებით, ბრწყინვალებითა და თვითმყოფადობით.
დროის ღვთაებას სამი ათეული წელიწადი თოვლივით შემოადნა ხელზე, მაგრამ მეხსიერებაში დღემდე ერთი მომენტიც არ ტივტივებს ისეთი, დიდებული წინაპრების სულებს რომ გაახარებდა. ოცდაათი წლის განმავლობაში შეცდომას შეცდომაზე ვუშვებთ და ქვეყანა ვერ დაგვიცავს უზარმაზარი იმპერიის ნგრევით გამოწვეული მტვერ-ღორღისაგან. იმ რესპუბლიკებს შორის, რომლებიც ამაოების წნეხში მოჰყვნენ, ყველაზე მეტად ჩვენ დავზარალდით და უღიმღამოდ ვაგრძელებთ ჩანჩალს ჯერ კიდევ შეუცნობელი, ურიცხვი ფათერაკებით შენიღბული მომავლისკენ. მედროვეთა გაუთავებელმა კინკლაობამ და ქიშპობამ ოცდაათი წელიწადი უხამსობის ქარს გაატანა. ბოროტების მიერ გაიყიდა ყველაფერი, რაც არ იყო გასაყიდი. კომუნისტების მიერ ასე თუ ისე შეკოწიწებული ეკონომიკა მთლიანად ჩამოიშალა. ველურმა კაპიტალიზმმა სასტიკი დაღი დაასვა ისედაც ღდინგაცლილ საქართველოს. საბჭოთა სისტემის ნგრევის ცუნამიში მოჰყვნენ სხვა რესპუბლიკებიც, მაგრამ ბევრმა მათგანმა მემკვიდრეობით მიღებული ცხოვრებიდან სწორი დასკვნები გამოიტანა და სასარგებლო დაწესებულებები შეინარჩუნა შემდგომი მოდერნიზაციისთვის. ჩვენ თავიდანვე დავასამარეთ სამამულო პროდუქციის წარმოება. მილიარდობით თანხებით, რომლებიც ეროვნული ეკონომიკის აღორძინებას უნდა მოხმარებოდა, სხვა ქვეყნები გავამდიდრეთ. მერე ზვიად გამსახურდიას ერთი წელიც არ ვადროვეთ პრეზიდენტობა. ბოროტი ძალის გამოყენებით უარვყავით მოსახლეობის არჩევანი და ქვეყანაში დავნერგეთ დაუსჯელობის სინდრომის ისეთი მიუტევებელი აქტი, რომელიც შინაურ “ურაპატრიოტებს” ახლაც აქეზებს უღირსი საქციელის ჩასადენად ძალის გამოყენებით ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. იმხანად მოსახლეობა გონზე რომ მოსულიყო და ძალადობა დაუყოვნებლივ დაეგმო, შეცდომების ჯაჭვი ასე არ გაგრძელდებოდა.
პოლიტიკურ არენაზე კიტოვანის, იოსელიანის, სიგუას, შევარდნაძის, სააკაშვილის, ბოლოს ივანიშვილის საქმიანობამ ამიერკავკასიის ლიდერი უბადრუკ ქვეყნად აქცია. ამდენ ჭიდილ–ქიშპობაში ხელფეხგაშეშებული საქართველო ყველას ხელწამოსაკრავი შეიქნა. ვითომ “მეგობრული” ძალების ხუშტურებით მართული ქვეყანა წინ კუს ნაბიჯებით მიემართება და ვინ იცის, გზაზე რამდენი სატყუარაბალახგადაფარებული ორმოა ამოთხრილი. ოცდაათმა უიმედო წელიწადმა ადამიანებში დანერგა ნიჰილიზმი. მოსახლეობის ნაწილი საზღვარგარეთ გადაიხვეწა და უცხოელებს გზა გაუხსნა ჩვენი ღვთაებრივი ედემის დასაპატრონებლად. უცხოელებზე წინდაუხედავადაა გასხვისებული სახელმწფოსთვის უმნიშვნელოვანესი ქონება: მიწა და სტრატეგიული ობიექტები. საქართველოში არ კონტროლდება, რამდენი უცხოელი შემოემატა ქვეყანას, რომლებმაც შესაძლოა, მომავალში შექმნან ეთნობრივი დასახლებები და დროთა განმავლობაში გარკვეული პრეტენზიებიც გაუჩნდეთ. ამის მომსწრენი ისტორიულად არაერთხელ გავმხდარვართ. თითქმის ხელიდანაა გაშვებული აფხაზეთის, სამაჩაბლოს დაბრუნების ძაფი, რომელიც, სასწაული თუ არ მოხდა, აგერ–აგერ გაწყდება. არ გვაქვს ქვეყნის დემოგრაფიული ხსნის პერსპექტივა. დღემდე არ გვაქვს ქვეყნის სტრატეგიული განვითარების მეცნიერულად განჭვრეტილ-დასაბუთებული გეგმა და პრიორიტეტული მიმართულებები. მიამიტებივით ვიჯერებთ უცხოეთიდან წამოსულ ფუტურო დაპირებებს და პრობლემების კოჰორტაში ერთი სფეროც არაა სრულყოფილად თანამედროვე დონეზე გადაწყვეტილი. მსოფლიოს დაწესებულებებიდან გრანტებად თუ სესხებად გამოყოფილი მილიარდობით დოლარი თუ ევრო მხოლოდ მავანთა ჯიბეს მოხმარდა. სწორი დასკვნების გამოსატანად და მომავლისკენ იმედიანი ნაბიჯების გადასადგმელად ბოლო სამ ათასწლეულში დაშვებულ შეცდომებს არავინ იკვლევს და აანალიზებს ძირფესვიანად. ჭოგრიტის ვარდისფერ ლინზაში მაცქერალ მედროვეებს, რომლებიც თავს ქვეყნის პატრონებად თვლიან, ჰგონიათ, რომ საქართველო იფურჩქნება, შარავანდედით იმოსება და მომავლისკენ სწორი გზით მიდის, ან კიდევ, საერთოდ, ფეხებზე ჰკიდიათ ქვეყანა და მისი მომავალი. ყოველივე ამას უდრტვინველად ითმენს გაბითურებული ხალხი, რომელსაც ეკუთვნის ეს ქვეყანა. მთელ მსოფლიოსთან ერთად კორონავირუსმა საქართველოც განსაცდელში ჩააყენა, რასაც ეკონომიკის რღვევა მოჰყვა. იმ დროს, როცა ერის ერთობაა საჭირო, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლაა გაჩაღებული. ოღონდ თავიანთი ხუშტურები აისრულონ და დასნებოვნებული ქვეყნის ბედი ყველას ფეხებზე ჰკიდია. ხელისუფლების სათავეებისკენ სწრაფვა იმ დონეზეა ასული, ქვეყანას ლამის გული გაუსკდეს და მივიწყების სარეცელს მიეჯაჭვოს.
სასურველი შედეგის ვერმიღწევის გამო ოპოზიციამ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა და პარლამენტში არშესვლით ქვეყანას მსოფლიოს წინაშე სახელი შეუბღალა. არჩევნების ხელახლა ჩატარების მოთხოვნა ოპოზიციისთვის დღემდე წარმოადგენს აუცილებლად აღსასრულებელ პრიორიტეტს. ნახევარ წელიწადზე მეტია, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებმა, უცხოელი დიპლომატების მედიატორობითაც კი, სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. დაპირისპირებულ მხარეთა გასაგონად ხმამაღლა უნდა ითქვას: თქვენ სამშობლო რომ გიყვარდეთ, უცხოელების ჩართვა მოლაპარაკებებში არ დაგჭირდებოდათ. ერთი მამული გაქვთ, ერთი გენისანი ხართ, რამ გაგაუცხოვათ ასე, მშობლიურ ენაზე ქრონიკულად რომ ვერ ახერხებთ შეთანხმებას და თანამდებობის მისაღებად არაფერს თაკილობთ? ხელისუფლებაში წლობით არ იყავით და ახლაც არ ხართ? თქვენმა ნამოღვაწარმა რით გააბრწყინა საქართველო? ამდენი გაღარიბებულ–დაუძლურებელი ადამიანის ცოდვა ვის აწევს კისერზე თუ არა თქვენ? სახალხო დოვლათის მითვისება და თვითკმაყოფილებით განცხრომა სხვათა ტანჯვა–ვაების ფონზე არ არის ღირსების გამოხატულება. ძველ და ახალ სახელმწიფო მოხელეებს რატომ გგონიათ, რომ მართვის სათავეებთან მხოლოდ თქვენ უნდა იყოთ საიქიოს კარის შეღებამდე? როცა როლს უღიმღამოდ ასრულებთ და ხალხი ტაშს არ გიკრავთ, ნუთუ ასე ძნელია ამაოების სცენიდან წასვლა? მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო მიმართულებით მგლებივით რომ იმზირებით, ცოტა განზეც გაიხედეთ, უკან მიიხედეთ და დაინახეთ, რა უმწეო მდგომარეობაშია თქვენ მიერ ველურად გათელილი, ტერიტორიაწართმეული, უკიდურესად მოწყენილი ქვეყანა. წლების განმავლობაში ასე უმოწყალოდ რომ უბღვერთ და უღრენთ ერთმანეთს, ქვის ხანის გამოქვაბულში ბინადარ, წინ ტყავისნაგლეჯაფარებულ ადამიანებად ხომ არ გესახებათ თავი? მიმოიხედეთ ირგვლივ, ოცდამეერთე საუკუნეა, ოცდამეერთე და მსოფლიოში ისეთი პროგრამებია შექმნილი, ხალხი გალაქტიკაში გასეირნებაზე ფიქრობს. როდის უნდა შევიგნოთ ყველამ, რომ, ბოლოს და ბოლოს, აღმაშენებლის, რუსთაველის, თამარის, ილიას ქვეყნის შთამომავალნი ვართ და ღირსეულად უნდა ვიმოქმედოთ?
საქართველოში არჩევნებზე დაახლოებით 40-45 მილიონი ლარი იხარჯება ხალხის ხაზინიდან. არ მესმის, თითქმის ყოველ ორ წელიწადში ერთხელ რატომ უნდა იხარჯებოდეს ამდენი ფული. ქვეყნისთვის უკეთესი არ იქნებოდა, ოპოზიცია პარლამენტში შესულიყო თავის დროზე და იქ ებრძოლა ყველა პრობლემის გადასაწყვეტად? დარჩენილ სამ-ნახევარ წელიწადს, სახელმწიფოებრივი აზროვნების ერთგულებით მოიპოვეთ, ბატონებო, ხალხის ნდობა, 2024 წლის არჩევნებზე განახლებულ-განწმენდილი შემადგენლობით, რეალურ-პროგრესული პროგრამით წარსდექით ხალხის წინაშე და, თუ მოქალაქეთა უმრავლესობა საჭიროდ ჩათვლის თქვენს დაბრუნებას ხელისუფლებაში, წინ ვერაფერი გადაგეღობებათ. მოქმედების მეორე ვარიანტიც არ იქნება ურიგო: “ქართული ოცნება” დათანხმდეს რიგგარეშე არჩევნებს და იგი უნდა ჩატარდეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად, სახელმწიფო თანხების დაზოგვის მიზნით. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობა ამ გაერთიანებულ არჩევნებში სიბრძნეს გამოიჩენს და საღი აზრი გაიმარჯვებს. ახალ პარლამენტში მეტი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი შევა. ხალხი წარმავალთ უარით გაისტურებს, ვინც სანდოა, ქვეყნის მართვის საჭეს მას ჩააბარებს. სხვა მოსაზრებებიც საჯაროდ მინდა განვაცხადო: საქართველოს პარლამენტი, დიდი-დიდი, 125 დეპუტატისგან უნდა შედგებოდეს. საქართველოს ძილისგუდა, ბუზების მთვლელი და მწვადიყლაპია დეპუტატები არ სჭირდება. დეპუტატისთვის განსაზღვრული უნდა იქნას ასაკი: 30-დან 75 წლამდე. არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციულად 2%-იანი ბარიერით. არჩევნებში მონაწილეობის უფლება უნდა ჰქონდეთ იმ პარტიებს, რომლებსაც ჰყავთ არანაკლებ 60000 მხარდამჭერი და ისინი ფუნქციონირებენ, სულ ცოტა, ორი წლის განმავლობაში. ამას ელემენტარული არითმეტიკა გვეუბნება: თუ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს ორი მილიონი ადამიანი და პარტიას ხმას მისცემს, სულ ცოტა, 50 ათასი მხარდამჭერი, იგი გადალახავს 2-პროცენტიან ბარიერს. არჩევნებში მონაწილე პარტიებმა უნდა წარმოადგინონ დეპუტატობის კანდიდატების სია ავტობიოგრაფიებით, იმ რაოდენობით, რომ გამარჯვების შემთხვევაში დააკომპლექტონ პარლამენტი მინიჭებული ხმების შესაბამისად. პიროვნება დეპუტატად ზედიზედ ორჯერ შეიძლება იქნას არჩეული. უშუალოდ პარტიას არჩევნებში ზედიზედ მონაწილეობა უნდა შეეძლოს მხოლოდ ორჯერ. ამ იდეას კანონის სახე რომ ჰქონოდა, საქართველოს პარლამენტი მრავალ ფათერაკს ასცდებოდა. უნდა დადგინდეს დეპუტატის მოღვაწეობის სარგებლიანობის კოეფიციენტი და მის მიხედვით შეფასდეს პარლამენტარის საქმიანობა. არჩევნებში მონაწილე პარტიების პროგრამები უნდა გამოიცეს ერთ წიგნად, რათა ამომრჩეველმა თავისუფლად შეძლოს მათი შედარება. უნდა აიკრძალოს დეპუტატობის კანდიდატების დიდი ზომის სურათებისა და პანოების გამოკვრა-გამოფენა ქალაქებსა თუ სოფლებში. უმჯობესი იქნებოდა, სურათებსა და პანოებზე დახარჯული თანხები მოხმარდეს სახელმწიფოსათვის გაცილებით სარგებლიან საქმეებს. ყველა პარტიისთვის სატელევიზიო არხებში რეკლამებს უნდა დაეთმოს თანაბარი დრო. სასურველია, ქვეყანაში ხმის მიცემა სავალდებულო გახდეს. უნდა დაკანონდეს სხდომებზე დეპუტატის დასწრების წესრიგი და მასზე დაწესდეს მკაცრი კონტროლი. პარლამენტის თავმჯდომარედ დეპუტატებისგან უნდა აირჩეს ერთ–ერთი რამდენიმე კანდიდატისგან, რაც გამორიცხავს ნეპოტიზმსა და ძმაბიჭობას არჩევანში. დეპუტატს, რომელიც სამუშაოზე არასაპატიო მიზეზით თვეში ორჯერ არ გამოცხადდება, არ უნდა დაერიცხოს იმ თვის ხელფასი. ბოიკოტის გამოცხადებაც კი სხდომებზე დასწრებისგან არ ათავისუფლებს დეპუტატებს. ისე, ბოიკოტის წარმოშობა მოკამათე ძალთა უკულტურობაზე მიუთითებს. თუ არასაპატიო გაცდენებს მასობრივი სახე ექნება, დეპუტატს უნდა შეუწყდეს სტატუსი. პარლამენტის თავმჯდომარემ ორ კვარტალში ერთხელ ხალხს უნდა ჩააბაროს ანგარიში პარლამენტის საქმიანობაზე. ამავე მეთოდით პარლამენტის ტრიბუნა უნდა დაეთმოს საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლებს (მეცნიერს, მწერალს, სხვა პროფესიის ადამიანს). პარლამეტში არსებული კომიტეტების, ფრაქციების თავმჯდომარეების საკონტაქტო ტელეფონების ნომრები უნდა იყოს გასაჯაროებული. საყოველთაოდ ცნობილია, მთავრობასა და პარლამენტში მოკალათებული ბევრი ადამიანი, გამდიდრების ცდუნებას აყოლილი, სახელმწიფოებრივ თანამდებობას სათავისოდ იყენებს. უპრიანი იქნებოდა, ვთქვათ, კვარტალში ერთხელ, ლატარიის წესით შერჩეული რომელიმე მაღალჩინოსანი სიცრუის დეტექტორზე თუ შემოწმდებოდა სიმართლის დასადგენად. ეს პროცესი ბევრ სახელმწიფო მოხელეს ჩააფიქრებდა მომავალში და არაერთ არასახარბიელო საქმეზე ააღებინებდა ხელს. საქართველოში უნდა არსებობდეს უმაღლესი სპეციალური სასწავლებელი, რომელშიც პოლიტიკისადმი მიდრეკილი, უმაღლეს დამთავრებული, წარჩინებული ახალგაზრდები გაივლიან კურსებს ფილოსოფიაში, ეკონომიკაში, იურისდიქციაში, სწორად მეტყველების ხელოვნებაში… შეისწავლიან სახელმწიფოებრივი აზროვნების, ქვეყნის მსახურების თავისებურებების საფუძვლებს.
რუსთაველის პროსპექტი თბილისის გულია. მას ბევრი სიხარულიც ახსოვს და მწუხარებაც. ქართველი ხალხის გარკვეულმა ნაწილმა ათწლეულების განმავლობაში იგი მიტინგებისა და საჯარო თავყრილობების სარბიელად აქცია. იმაზე პოპულარული, ბრძენი და ღირსეული მამულიშვილი, ვიდრე რუსთაველია, საქართველოს არ ჰყავს. რუსთაველის პროსპექტი (გამზირი) არაა ღირსი, რომ ამდენი ცოდვის, უწმაწური სიტყვების, გაუთავებელი კინკლაობა-ჭიდილის, არაჰიგიენური კარვების სარბიელად დარჩეს მომავალში. ყოველი ქართველის მოვალეობაა, იგი ისეთ პროსპექტად აქციოს, რომელზეც სულ იზეიმებს შოთასვე აფორიზმი “გული მისცეს გულისათვის, სიყვარული _ გზად და ხიდად”. მოდით, ბატონებო, პატივი ვცეთ საკუთარ თავს, დედაქალაქის მცხოვრებლებს, სტუმრებს, ტურისტებს და რუსთაველის პროსპექტი ზეიმის ცენტრად ვაქციოთ. ავკრძალოთ მასზე ამღვრეული მიტინგების ჩატარება, ერთხელ და სამუდამოდ მიტინგების ადგილი სხვაგან გამოვნახოთ და პროსპექტს ბუნებრივი მშვენიერება დავუბრუნოთ. მას ფერადი ყვავილები, კაშკაშა, ციმციმა ნათურები, ცისკენ მსრბოლი ბუშტები უფრო დაამშვენებს, ვიდრე კარვები და ეგზალტირებულ–გაბრაზებული ხალხის აყალმაყალი. პროსპექტზე მდებარე პარლამენტის შენობა წიგნიერი, შორსმჭვრეტელი, პატრიოტი, ღირსეული, წესიერი დეპუტატებით უნდა სუნთქავდეს. დეპუტატობა ყველაზე დიდი საპასუხისმგებლო სახალხო მოვალეობაა. თუ მოაზროვნე ხარ და ხალხის ბედი გაღელვებს, სხდომათა დარბაზში მდგარი სავარძლის საჯდომ-საზურგეს ტკიპასავით კი არ უნდა მიეკრა და ფეხი-ფეხზე არხეინად გადანასკვულმა ნეტარებას კი არ უნდა მიეცე, არამედ, ილიასი არ იყოს, საკუთარ თავს უნდა ჰკითხო: “მე დღეს ვის რა ვარგე?”. არაფერია იმაზე ამაზრზენი, პიროვნული სარგებლისთვის სხვის ადგილს რომ იკავებ, მერე უცვლელობა-უძლეველობის გრძნობა რომ გეუფლება და საბოლოოდ კარგავ ადამიანურ სახეს. წელიწადში ერთ სასარგებლო წინადადებას რომ ვერ დადებს კანონიერების პინაზე, ისეთ დეპუტატს რა უნდა პარლამენტში? მოდით, დავაწესოთ ასეთი კანონზომიერება: პენსიასა და საარსებო მინიმუმზე მივაბათ დეპუტატის ხელფასი. უფრო სამართლიანი და დემოკრატიული არ იქნება, დეპუტატმა პენსიაზე, ვთქვათ, ათჯერ მეტი ხელფასი რომ მიიღოს და შეირგოს? გინდათ, მოგემატოთ ხელფასი? მიიღეთ ნაღდი, ჭეშმარიტი, ეფექტიანი კანონები. ააღორძინეთ ქვეყნის ეკონომიკა. პროპორციულად ხელფასიც მოგემატებათ და სიამაყის განცდაც არ დაგივიწყებთ. ნუთუ არ ფიქრობთ იმაზე, როცა პენსიაზე გახვალთ, მაშინაც ხალხის პატივისცემა რომ შეინარჩუნოთ?
დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც გარე ძალების პულსის ძგერაზეა დამოკიდებული ყველაფერი; სადაც უცხოთა წინაშე თავკანტურა ერთეულების ხელშია სახელმწიფო მართვის სადავეები; სადაც ადამიანთა უმრავლესობას გაუსაძლისად ტანჯავს უმწეობა–სიღარიბის დამამკვიდრებელი სისასტიკე; სადაც ნიჭიერება, პატიოსნება, თავდამბლობა, ამაღლებულ გრძნობათა სპექტრი ძალადობით, ბილწსიტყვაობითაა გათელილი და სამართლიანობის ძიებაში რწმენა უსამართლობის სიბინძურეს ეწირება; სადაც იმედგაცრუებული ადამიანები ცოდვილიან დედამიწაზე დამამცირებელ ლასლასს ზეცაში ნაადრევად გადაბარგებას ამჯობინებენ; სადაც, სადაც, სადაც… უსასრულოა მოსაწესრიგებელ-აღსასრულებელ ჩამონათვალთა ის ნუსხა, რომელიც ბრძნული გადაწყვეტილებების მოლოდინშია და ღვთისნიერ ადამიანებს უხმობს. ცხოვრება კი ხანმოკლეა და მოულოდნელი შემთხვევითობებითაა აღსავსე.
დღეს საქართველო იმ ქვევრს ჰგავს, რომელსაც კუნაპეტმა ძალებმა თვითმყოფადობის ფარ-სახურავი თავიდან ააგლიჯეს, მასში მოთავსებული საუკუნოობით შეუბილწველად შენახული ღვინო-ელექსირი უდიერად დაანაკლულეს და ახლა უნდათ, იგი მომაკვდინებელი ბაცილებით დაასნეულონ, აამღვრიონ, დააძაბუნონ, გადააგვარონ…
ახლა, ამდენი მსხვერპლის გაღების შემდეგ, მსოფლიოს სახიფათო ფერისცვალების გარემოცვაში მაინც ამოვუდგეთ ერთმანეთს მხარში ქართული სისხლის გადასარჩენად, თორემ ყალყზე შემდგარი მსხვერპლმოყვარულნი გადაგვყლაპავენ და, მოუსავლეთის ხახაში მოხვედრილებს, თვით ღვთისმშობელი მარიამიც ვერ გვიშველის. სამწუხაროდ, დღევანდელი საქართველო ღირსებისა და პატრიოტიზმისგან დაცლილი საზოგადოების საშუღლეთია. ღმერთმა ქნას, მეათე მოწვევის მრავალპარტიულმა პარლამენტმა ეს წარმოდგენა გააქარწყლოს და პოლიტიკური მიწისძვრით შიშნაჭამი საქართველო სამშვიდობო გზაზე გაიყვანოს მსოფლიოს ქვეყნების კოჰორტაში ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად…
ელგუჯა კეკელიძე,
მეცნიერი