ბატონო შალვა, ა.წ. ივლისში საგურამოელების სახელით მოგმართეთ გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკის” ფურცლებიდან. გწერდით, რომ საქართველოს ერთ–ერთი ულამაზესი, მადლიანი, მდიდარი ისტორიისა და ტრადიციების მქონე საგურამო, რომელიც ჩვენმა სათაყვანებელმა წმინდანმა, დიდმა ილიამ თავის მშობლიურ ყვარელს ამჯობინა და იქ თავისი შეგნებული ცხოვრება გაატარა, დღეს ყურადღებას ითხოვს.
სამწუხაროდ, საგურამოში მომრავლდა ნაგვით გადავსებული ბუნკერები. ნაგავი კვირაობით არ გააქვთ და ბუნკერები მაწანწალა ძაღლებისა და კატების ნავსაყუდელი გახდა. დიახ, ბუნკერების ირგვლივ გაუსაძლისი სუნი ტრიალებს და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე ენით აუწერელი ანტისანიტარიაა.
ყოფილხართ, ალბათ, საგურამოში და საკუთარი თვალით გინახავთ ეს ყველაფერი. ნახავდით იმასაც, თუ როგორ მომრავლდა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გამხმარი და დაავადებული ხეები.
ნუთუ არ შეიძლება დაავადებული ნარგავების მკურნალობა და გამხმარი ხეების მოჭრა?! თუ ადგილობრივ ხელისუფლებას ამის თავი არ აქვს, მოსახლეობას მაინც მიეცით უფლება, მოჭრას და შეშად გამოიყენოს. ეს ღონისძიება ხომ ხალხზე ზრუნვაში ჩაგეთვლებათ (რაღაცით ხომ უნდა გაახაროთ ხალხი?!).
ნაგვითა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით სავსეა საავტომობილო გზების, მტკვრისა და არაგვის, ტყეებისა და სოფლების განაპირა ადგილები, ხევები და ფერდობები.
არ იფიქროთ, რომ ეს პირველი საგანგაშო შეტყობინებაა ჩვენი მხრიდან. მრავალგზის მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, მაგრამ უშედეგოდ. მათგან სრული გულგრილობა და უპასუხისმგებლობაა.
სამწუხაროდ, რეაგირება არც გაზეთში გამოქვეყნებულ რეპლიკას მოჰყოლია. არადა, თქვენ იმხანად მცხეთა-მთიანეთის რეგიონის გუბერნატორი იყავით და გევალებოდათ, დაინტერესებულიყავით საგურამოში, მის შემოგარენსა და მთელ რეგიონში არსებული მწვავე ეკოლოგიური მდგომარეობით…
საგურამოს ცენტრში დგას საქართველოს ყოფილი სამოქალაქო თავდაცვის ორსართულიანი შენობა, რომელშიც, თითქმის 30 წელიწადია, ცხოვრობს 20 ოჯახი. მათ ყოველი არჩევნების წინ ჰპირდებიან: თუ ხმას მოგვცემთ, გაგიფორმებთ და დაგიკანონებთ საცხოვრებელ ფართობებსო, მაგრამ ფაქტია, რომ ყოველთვის ატყუებენ.
ნახეთ, რას დაამსგავსეს ილია ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმისკენ ასასვლელი ორმხრივი გზა _ გზა, რომელიც კომუნისტების დროს მშვენივრად იყო კეთილმოწყობილი, ავტომანქანებისა და მექანიზმების სადგომად გახადეს. გზის გასწვრივ მცხოვრებნი კი ნაგვის დასაწვავად იყენებენ ამ სკვერს. განმკითხავი კი არავინაა.
საგურამოში ყოველ საღამოს (გვიან) არის “ფეიერვერკების” საშინელი “აღლუმი”. პატრულსაც და 112-საც ვთხოვეთ ამ საკითხის მოგვარება, მაგრამ უშედეგოდ. გრძელდება ჩაძინებული ბავშვების, ხანდაზმული და ავადმყოფი ადამიანების დაფეთება. ნუთუ არ შეიძლება ამ საკითხის მოგვარება?!
მე, როგორც უფროსი თაობის წარმომადგენელს, კარგად მახსოვს “ავადსახსენებელ” კომუნისტურ ეპოქაში გაზეთში გამოქვეყნებული თუ ტელეეთერში ნათქვამი საქმიანი კრიტიკა როგორ ხდებოდა შესაბამისი ორგანოების მკაცრი მსჯელობის საგანი და რეაგირებაც როგორი ოპერატიული და ადეკვატური იყო.
დღეს კი… ღრმად გაიდგა ფესვები ხალხის პრობლემებისადმი წაყრუების პოლიტიკამ, როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ ხელისუფლებაში.
მიუხედავად იმისა, რომ ფასეულობათა გადაფასების ეპოქაში ვცხოვრობთ, დაბეჯითებით შემიძლია განვაცხადო: იმ პერიოდში ხელისუფლების ყველა შტო სრული პასუხისმგებლობით ეკიდებოდა მოქალაქეთა პრობლემებს.
საქართველო უფალმა დააჯილდოვა ულამაზესი ფლორითა და ფაუნით, ჩვენ ვამაყობთ მოლივლივე შავი ზღვით, დათოვლილი კავკასიონით, მოშრიალე ტყეებით, წყალუხვი მდინარეებითა და ტბებით, მღვიმეებითა და კანიონებით, ჩანჩქერებითა და ყვავილებით მოჩითული მინდორ-ველებით, მაგრამ გვახსოვს, როგორ დაგვაკარგვინა სააკაშვილმა უმშვენიერესი სამშობლოს 20%.
ყურადღების მიღმა დავტოვეთ ხალხი, არ დავინტერესდით მისი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემებით. არადა, მოსახლეობის პრობლემებისადმი უზურპატორი სააკაშვილის ხელისუფლების უგუნურმა პოლიტიკამ ხალხი გააღატაკა _ კატასტროფულად მოიმატა უმუშევრობამ, რამაც აიძულა მილიონ–ნახევარზე მეტი თანამემამულე, გაქცეულიყო საქართველოდან უმძიმესი სამუშაოების შესასრულებლად ლუკმაპურის შოვნისა და საკუთარი ოჯახების ფიზიკურად გადარჩენის მიზნით. კატასტროფულად იკლო შობადობამ, გაიზარდა სუიციდის შემთხვევები, იმატა ელიტურმა კორუფციამ, ნარკომანიამ, კრიმინალმა და პროსტიტუციამ…
სამწუხაროდ, არც დღევანდელი ხელისუფლებისგან იგრძნობა საზოგადოების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემებით დაინტერესება.
ბატონო შალვა!
ორიოდე თვეში საქართველოში ჩატარდება მორიგი საპარლამენტო არჩევნები. თქვენ “ქართული ოცნებიდან” მცხეთა-მთიანეთის რეგიონში დასახელებული ხართ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, რაც გავალდებულებთ, შეხვდეთ ამომრჩევლებს თქვენს სამოქმედო უბნებზე, მოისმინოთ მათგან პრობლემები და შემდგომ იზრუნოთ ამ პრობლემების გადაწყვეტაზე. აქედან გამომდინარე, იმედია, შეხვდებით საგურამოს ამომრჩევლებსაც.
მიუხედავად იმისა, რომ თქვენი გუბერნატორობის პერიოდში საგურამოში ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდა, დარწმუნებული ვარ, საგურამოელთა უპირველესი თხოვნა თუ მოთხოვნა სწორედ იმ პრობლემების მოგვარება იქნება, რომლებზეც ამ წერილში გავამახვილე ყურადღება.
ძნელი შესასრულებელია? _ რა თქმა უნდა, არა.
ხსენებული პრობლემების მოგვარებას მნიშვნელოვანი კაპიტალური დაბანდებები არ სჭირდება _ უბრალოდ, ელემენტარული პოლიტიკური და მოქალაქეობრივი ნებაა საჭირო, რომელიც, სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებას არ ჰქონდა. ამ ღონისძიებების გატარებით თქვენ, ბატონო შალვა, ხალხის პატივისცემასა და სიყვარულს დაიმსახურებთ, რაც ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ძნელად მოსაპოვებელი.
შეიძლება ზოგს ჩემ მიერ წამოჭრილი პრობლემები უმნიშვნელოდ მოეჩვენოს, მაგრამ გარწმუნებთ, ეს სულაც არ არის უმნიშვნელო, რადგან უკვე ტრადიციად იქცა ეკოლოგიური მდგომარეობისადმი სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს გულგრილი, ნიჰილისტური დამოკიდებულება, რომელიც უახლოეს წლებში ბუმერანგივით მოგვიბრუნდება. არაერთი პრობლემაა განა მხოლოდ მცხეთა–მთიანეთში, არამედ სრულიად საქართველოში. ათასობით ჰექტარი სახნავ–სათესი მიწა წლობით დაუმუშავებელია, ნუთუ დავითაშვილის უწყებას არ ეხება ამ საჭირბოროტო საკითხის მოგვარება?!
მე საკმაოდ მდიდარი გამოცდილება დამიგროვდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში. მზად ვარ, გვერდით დაგიდგეთ, უანგაროდ გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება და დაგეხმაროთ კონკრეტული პრობლემების მოგვარებაში. საარჩევნო ხმებსაც მე და ჩემი გარემოცვა არ დაგამადლით მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. სასურველია, თქვენგანაც ვიგრძნოთ მხარდაჭერის მზაობა.
იმედია, გამოგვეხმაურებით.
უღრმესი პატივისცემით,
ომარ მარგველაშვილი,
საქართველოსა და რუსეთის დამსახურებული ინჟინერი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის ვიცეპრეზიდენტი, საქართველოსა და რუსეთის საინჟინერო აკადემიების აკადემიკოსი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.
ტელ: 599 15 83 32
eh, batono omar, rogori martali brdzandebit..magram vis ainteresebs qvekana da misi mosaxleoba, vis??? ivanishvili gahkivis kvelaze magal notaze–xalxi brdzenia da kargad xedavs kartuli ocneba rogor kargad mushaobso. unamusobas sazgvari amoecura.