საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდანთა შორის თვალსაჩინო ადგილი უკავიათ ღირს მამებს, რომლებიც დავით გარეჯში მოღვაწეობდნენ. ამჯერად სამ მათგანზე ვისაუბრებთ. ესენია პიმენ სალოსი და ანტონი მესხი, რომელთა ხსენების დღეა 29 მარტი, და ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მწერალი და კალიგრაფი _ გაბრიელ მცირე, რომელსაც ჩვენი დედაეკლესია 30 მარტს მოიხსენიებს.
წმიდა პიმენ სალოსი დაიბადა XIII სს. 60-იან წლებში. წმიდანი წარმოშობით კახეთის თავადთა გვარიდან იყო _ “კეთილშობილთაგანი”. წმიდა პიმენი ბავშვობიდანვე ღვთისმოშიშებით აღიზარდა. სასულირო და საერო მეცნიერების “ხედვითი და ღვთისმეტყველებითი სიბრძნის” უბადლო მცოდნე პიმენი დავით გარეჯის მონასტერში მოღვაწეობდა ღვთის სათნო ცხოვრებით.
წმიდა პიმენი მის “ხედვით და ღვთისმეტყველებით სიბრძნეს” მოგონილი სისულელით მალავდა “და იქმნა იგი ქრისტესათვის სალოს”. წმიდანი უშიშრად ამხელდა ძლიერთა ამა სოფლისა, მეფეთა და მთავართა უსამართლოებასა და უწესოებას. ღრმად განათლებული წმიდა მამა იყო “მამხილებელ უსამართლოებასა და უწესოებასა ზედა მეფეთა და მთავართა არა თუ სიტყვით, არამედ წერილებითაცა”.
წმიდა ანტონი მესხი, ღრმად განათლებული “მოღვაწე და მმართველობითა სრული” წმიდა მამა დავით გარეჯის ლავრაში მოღვაწეობდა, ბიოგრაფიული ცნობები წმიდა ანტონის შესახებ არ შემონახულა, მაგრამ მხოლოდ ის ფაქტი, რომ “მას “სახელ-სდვეს ქართველთა მზედ” ბევრ რამეზე მეტყველებს.
წმიდა მამები ერთად მოღვაწეობდნენ ღვთის სადიდებლად და ქვეყნის სასარგებლოდ, ქვეყანა კი ამ დროს საოცრად დაცემული და განადგურებული იყო: მონღოლთა შემოსევებით გამწარებულ მოსახლეობაში იმძლავრა ურწმუნოებამ, თვით წმიდა მეფე დემეტრე თავდადებულიც აღერია უწესობაში, მაგრამ იყვნენ ღვთისა და ერის წინაშე თავდადებულნი, რომლებიც ყოველნაირად ცდილობდნენ ხალხის ქრისტესკენ მობრუნებას.
კათოლიკოსმა ნიკოლოზმა მეფე დემეტრე ამხილა უსჯულოებაში. მეფის ურჩობამ კათოლიკოსი აიძულა, თავისი ნებით დაეთმო საპატრიარქო ტახტი და უბრალო განდეგილი ბერის ცხოვრებით ეცხოვრა. წმიდა ათონის მთიდან ჩამოვიდა მონაზონი ბასილი, მანაც უშიშრად ამხილა მეფე.
საღვთო მადლით გაბრწყინებულმა მამებმა: პიმენმა და ანტონმა კარგად იცოდნენ, თუ მეფე და მთავრები შეინანებდნენ, შეინანებდა ხალხიც, და ამიტომ მათ ერზე ზრუნვა მეფის დამოძღვრითა და მხილებით დაიწყეს. “ქართლის ცხოვრებაში” წერია, რომ წმიდა ბერები ამხელდნენ “მეფესა და ყოველსა ერსა, გარნა არარაი ისმინეს”.
ბერებმა სალოსობის, მეფისა და ერის მხილების საოცრად დიდ და გაბედულ ღვაწლს წარმართებს შორის ქადაგებაც დაუმატეს. ჟამთააღმწერელი მოგვითხრობს, რომ წმიდა პიმენმა “ნათესავი ლეკთა წარმართობისაგან მოაქცია, რომელნი ჰგიან სარწმუნოებასა ქრისტესა”.
ღვთის ნებითა და წმიდანთა ლოცვით აღსრულდა წმიდა პიმენ სალოსისა და ანტონი მესხის დიდი სურვილი _ მეფე დემეტრემ არა მარტო თავისი უსჯულოება შეინანა, არამედ მოწამოებრივი სიკვდილით დაასრულა სიცოცხლე. ერი ფეხზე წამოდგა, მისთვის თავდადებული ბერები წმიდათა დასში შერაცხა და მათი ხსენება ერთად დააწესა.
* * *
რაც შეეხება ქართველ საეკლესიო მოღვაწეს, მწერალსა და კალიგრაფს _ გაბრიელ მცირეს, მისი ბიოგრაფიის შესახებ მწირი ინფორმაცია მოგვეპოვება. იგი დაბადებულა 1745-1755 წლებს შორის და გარდაცვლილა 1802 წლის 11 მარტს.
ალ. ხახანაშვილის ცნობით, გაბრიელი თბილისში ცხოვრობდა, ხელოვნებით მკერვალი, რომელსაც ღვთის სიყვარულით დაუტევებია სახლი, დედა, ძმანი და მეგობრები, ასევე ყოველივე მონაგები და წასულა დავით გარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტერში, სადაც აღკვეცილა მონაზვნად. ზუსტი წელი, როდის აღიკვეცა გაბრიელი, მითითებული არსადაა, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს უნდა მომხდარიყო 1772-1773 წლებში.
გაბრიელი სულიერ შვილად აუყვანია ეფთვიმე (მჭედლიშვილი) წინამძღვარს, მისი მეორე სულიერი მამა და მოძღვარი ყოფილა მღვდელმონაზონი დანიელი (ანდრონიკაშვილი), რომელიც განუყრელად მასთან იმყოფებოდა.
გაბრიელ მცირეს თავისი წვლილ შეუტანია ქართული მწერლობის ისტორიაში. კ. კეკელიძის ცნობით, მას მოღვაწეობა დაუწყია 1780 წლიდან. ®გაბრიელს, როგორც საკუთარი ინიციატივით, ასევე იმ დროის გამოჩენილ პირთა დაკვეთით (ბაგრატ და ფარნავაზ ბატონიშვილების, ენისელთ მოურავის ძის, ნინოწმინდის მიტროპოლიტისა და რუსთავის მთავარეპისკოპოს სტეფანეს) გადაუწერია სხვადასხვა ხელნაწერი. ამ მხრივ აღსანიშნავია:
1) “მღვდელმთავრისა ლიტურღიისა განმარტებაი სახისმეტყვლებითი, ვითარმედ ყოვლსავე მღდელმოქმედებასა მისსა საიდუმლოებითი ძალი უპყრიეს”;
2) “მეექვსე მსოფლიო კრების სჯულის კანონისთვის (ექვთიმე ათონელის თარგმანი) დაურთავს ვრცელი “მაჩვენებელი” და ბოლოსიტყვაობა, ნინოწმიდელ-რუსთაველის თხოვნით 1791წელს;
გაბრიელის ლიტერატურული მოღვაწეობის მხრივ აღსანიშნავია მის მიერ შედგენილი ასკეტიკურ-ჰომილეტური შინაარსის კრებულები:
1) “ღმრთივშუენიერნი თხრობანი, სულისა ფრიად სარგებელნი, რომელსა ეწოდების “გვირგვინი”;
2) “ღმრთივ-განათლებულნი თხრობანი, სულისა ნაყოფიერ მყოფელნი, რომელსაც ეწოდების “სამოთხის ყუავილი”;
3) “სუფევა”;
4) “ღმრთივშუენიერნი სწავლანი, რომელსა ეწოდების “ოქროის წყაროი”;
5)”კლიტეა”;
6) “სამასეული”;
7) “მანანა”.
მის მიერ გადაწერილ ხელნაწერთა შორის აღსანიშნავია იოანე დამასკელის მოკლე “წინამძღვარი”, ბაუმეისტერის “საეთიკო ფილოსოფია”, ანტონ I კათალიკოსის “კატიღორია სიმეტნე”, გრიგოლ ჰრომთა პაპის “დიალოღონი” და პარაკლისთა კრებული.
გაბრიელის ლიტერატურული მემკვიდეობიდან საყურადღებოა კრებული “ჯვარშემოსილი”, რომლის დედანიც დაცულია ბოდლეს ბიბლიოთეკაში, მარჯორი უორდროპის არქივში, ხოლო ფოტოპირი ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ამ კრებულის სრული სათაურია: “ღმრთივ სულიერი წიგნაკი, რომელსა ეწოდების ჯვარშემოსილი, აღწერილი უღირსისა იერომახის გაბრიელის მიერ, რომელი იყო უდაბნოსა გარეჯისა მონასტრისა ნათლისმცემლისასა”. ამ კრებულში თავმოყრილია:
1) ჰაგიოგრაფიული ძეგლი “ცხოვრება და მოქალაქეობა ღირსისა და ნეტარისა მამისა ჩვენისა სქემოსან ონისიფორესი”,
2) “ღმრთივ სულიერნი თხრობანი, სულთა ღმრთის მოყუარეთა, ფრიად სარგებელნი”,
3) მემუარული “თხრობანი” და სხვ.
გაბრიელი თავის კრებულებში ცნობებს იძლევა იოანე მანგლელის, იოსებ არხიერის, იოანე დიაკონის, ბესარიონის, ზენონის, სერაპიონის, სქემოსანი ონისიფორეს, იოანე ნინოწმინდელის, სვიმონის, ზაქარიას, ილარიონის, ანტონის, ეფთვიმის, დიმიტრის, არსენის, მაკარის, იოანე სეფეწულისა და სხვათა შესახებ. ყველა აქ ჩამოთვლილ პიროვნებაზე ერთნაირი რაოდენობის ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი, ზოგი უბრალოდ ნახსენებია, ზოგს სასწაული მიეწერება, მაგრამ ამ ცნობების მნიშვნელობა მაინც დიდია. ასევე აღსანიშნავია, რომ კრებულებში არსებულ თხზულებათაგან გამოკრეფილ მასალას, ყოველი კრებულის სათაურსა და შემადგენელი თავების რაოდენობას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.
რაც შეეხება გაბრიელის გარდაცვალებას, ამაზე ცნობას იძლევა ისევ ხელნაწერ “გვირგვინში” არსებული მასალა. მასში ნათქვამია, რომ 1802 წელს, დიდმარხვის დღეებში ნათლისმცემლის მონასტერში მყოფ მთავარდიაკონ იოვანე ჩუბინიძეს მარადჟამ ცოლ-შვილი აგონდებოდა და თბილისისკენ მოუწევდა გული. მან “აიძულა” გაბრიელიც, თან გაჰყოლოდა. ორივენი გამოემგზავრნენ ქალაქს, მაგრამ მრავალწყაროს ხევში დახვდნენ ლეკები და ორივე მოკლეს.
გარდაცვალების თაობაზე ცნობა “ჯვარშემოსილის” კრებულის მინაწერშიც არსებობს, რომელიც ამოიკითხა ი. ლოლაშვილმა. ამ ცნობის მიხედვით, გაბრიელს რაღაც სნეულება შეყრია და გამოსულა სოფლად, რათა სნეულებისგან განთავისუფლებულიყო, თან ჰყავდა დიაკონი იოანეც. “… და ვითარ მოილოცეს ორივე მონასტერი და მსხვერპლი შესწირეს ღმერთსა ერთად, და მესამესა დღესა თვით შეიწირნეს ღმრთის გამოსრულნი მონასტრით, უსჯულოთა ლეკთაგან გაბრიელი თავის მოკვეთით და იოანე თოფით აღსრულდეს…”.
გაბრიელ მცირე დასაფლავებულია გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერში.
მომზადდა წიგნიდან “ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი”,
თბილისი, 2004 წ.