საქართველოში, ოფიციალური მონაცემებით, 900 ათასამდე მოქალაქე სოციალურ შემწეობასა და პენსიაზეა დამოკიდებული, რომელიც სრულფასოვანი კვებისთვისაც არ არის საკმარისი.
საქართველოს პარლამენტში კი 41 მილიონერი დეპუტატია (დამთხვევა სიმბოლურია _ 41 ხომ “ქართული ოცნების” საარჩევნო ნომერია). ამჯერად “ქართული ოცნების” კიდევ ერთი ახალი “სახის”, შს ყოფილი მინისტრის _ კობა ნარჩემაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი ერთ–ერთი ლიდერის, რომლის სახელთანაც პარლამენტში არაერთი დაპირისპირება ასოცირდება, აკაკი ბობოხიძის ქონებრივ დეკლარაციებს გაგაცნობთ. ნარჩემაშვილის ქონება 7 672 000 ლარს ითვლის, ხოლო აკაკი ბობოხიძისა 1 219 450 ლარადაა შეფასებული.
შს ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი 1969 წლის 20 დეკემბერს დაიბადა ქალაქ ქუთაისში. ჰყავს მეუღლე სოფიო ნარჩემაშვილი, შვილები _ ვლადიმერ და ნინო ნარჩემაშვილები.
მან დეკლარაცია დეპუტატის რანგში 2016 წლის 30 დეკემბერს შეავსო. შევარდნაძის მმართველობისდროინდელი შს მინისტრისა და მისი ოჯახის წევრების უძრავ-მოძრავი ქონების ნუსხა საკმაოად შთამბეჭდავია. კობა ნარჩემაშვილის საკუთრებაა 750 კვ მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი თბილისში, დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე. ამავე ტერიტორიაზე მას ეკუთვნის, ასევე, 259 კვ მ მიწის ნაკვეთი. სოფიო ნარჩემაშვილის საკუთრებაა 139.50 კვ მ არასაცხოვრებელი ფართობი თბილისში, თამარაშვილის ქ. #21-ში. პარტლამენტარის შვილის _ ვლადიმერ ნარჩემაშვილი საკუთრებაა 126 კვ მ კომერციული ფართობი თბილისში, პეკინის გამზირის #6ა-ში. დეპუტატის ვაჟის სახელზეა გაფორმებული საცხოვრებელი სახლი თბილისში, გ. ისაკაძის ქუჩაზე, რომლის ფართობი 350 კვ მ-ია. მისი საკუთრებაა, აგრეთვე, 30 000 კვ მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში; მასზეა გაფორმებული 300 კვ მ ფართობის საცხოვრებელი სახლი დიღმის სასწავლო-საცდელ მეურნეობაში. ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის შვილის საკუთრებაა 700 კვ მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დიღმის სასწავლო-საცდელ მეურნეობაში. ვლადიმერ ნარჩემაშვილს ეკუთვნის 601.00 კვ მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი დაბა ბაკურიანში. დეპუტატ ნარჩემაშვილის საკუთრებაა 120 კვ მ საცხოვრებელი სახლი დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე. დეპუტატის შვილი 492 კვ მ მიწის ნაკვეთს გ.ისაკაძის ქუჩაზეც ფლობს. 110 კვ მ, 94კვ მ, 27კვ მ და 10კვ მ არასაცხოვრებელი ფართობების მფობელია ვლადიმერ ნარჩემაშვილი საგარეჯოს რაიონ სოფელ ხაშმში. “ოცნების” დეპუტატის ვაჟის საკუთრებაა 165 კვ მ საცხოვრებელი სახლი დაბა ბაკურიანში; 600 კვ მ მიწის ნაკვეთი დიღომში, სასწავლო-საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე.
რაც შეეხება ავტომობილებს, დეპუტატის საკუთრებაში ავტომობილი არ ირიცხება. სოფიო ნარჩემაშვილის საკუთრებაა ავტომანქანა Subaru impreza (2008წ). ვლადიმერ ნარჩემაშვილს ეკუთვნის ავტომანქანა Toyota Camry 2007 წლის, მსუბუქი ავტომანქანა Nissan pathfinder-ი (2004) და სპეციალიზებული ავტომანქანა Steyr-Puch Pinzgauer-ი (1975წ). დეკლარაციის შევსებისას კობა ნარჩემაშვილს 122 000 აშშ დოლარი და 35 000 ლარი ჰქონია. სოფიო ნარჩემაშვილს _ 17 000 აშშ დოლარი, 11 500 ლარი და 3 700 ევრო, ხოლო ვლადიმერ ნარჩემაშვილს მამამისის მიერ დეკლარაციის შევსების მომენტში _ 3 400 აშშ დოლარი და 7 500 ლარი. პარლამენტარს, როდესაც დეკლარაციას ავსებდა, “თი-ბი-სი” ბანკის სახელფასო ანგარიშზე 2602.14 ლარი ჰქონია.
2016 წელს ვლადიმერ ნარჩემაშვილს დაურეგისტრირებია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “უნივერსალ პლუსი” და ამ შპს-დან მისმა წლიურმა შემოსავალმა 1725 ლარი შეადგინა. კობა ნარჩემაშვილს საკანონმდებლო ორგანოში გაწეული საქმიანობისთვის 5108.14 ლარი მიუღია.
კობა ნარჩემაშვილის ახლახან შევსებულ დეკლარაციაში ჩამოთვლილი რამდენიმე მილიონის ღირებულების ქონებას შს მინისტრად მუშაობისას შევსებულ დეკლარაციაში ვერ ნახავთ. მისი იმჟამინდელი ქონება საკმაოდ მწირია. თუკი შევარდნაძის შს მინისტრს 2003 წელს ზემოთ ჩამოთვლილი ქონებიდან, ფაქტობრივად, არაფერი გააჩნდა, გაუგებარია, როგორ დააგროვა რამდენიმე მილიონის კაპიტალი სააკაშვილის რეჟიმის მიერ დევნილმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა?! კითხვას ის გარემოება აჩენს, რომ “ოცნების” დეპუტატს მითითებული არსად აქვს, რომ მას ან მის მეუღლეს, ან თუნდაც შვილს, რომელზეც არის ნარჩემაშვილების ქონების დიდი ნაწილი გაფორმებული, რაიმე ბიზნესი აქვთ… ერთადერთი, რაც დეკლარაციაშია მითითებული, არის დეპუტატის ვაჟის მიერ 2016 წელს დაარსებული “უნივერსალ პლუსი” და საეჭვოა, მხოლოდ ამ შპს–დან მიღებული შემოსავლებით შეეძინოთ ნარჩემაშვილებს ზემოთ ჩამოთვლი უძრავ–მოძრავ ქონება.
კობა ნარჩემაშვილი პარლამენტში საარჩევნო ბლოკ “ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს” წარმოადგენს. მან N49-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმარჯვა. განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სპეციალობა _ სამართალმცოდნეობა, აგრეთვე, _ ფინანსები და საბანკო საქმე.
კობა ნარჩემაშვილის სამუშაო გამოცდილება ასეთია:
* საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (2001-2003);
* საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე (2000-2001);
* საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი (1998-2000);
* საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი (1998-1996);
* შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე (1997-1998);
* ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის წამყვანი სახელმწიფო მრჩეველი (1996-1997);
* წყალტუბოს პროკურატურის უფროსი გამომძიებელი (1994_1995);
* წყალტუბოს პროკურატურის სტაჟიორი (1993_1994);
* თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი (1988_1993);
* წყალტუბოს რ-ის სოფელ გეგუთის საბჭოთა მეურნეობის სამშებელო ბრიგადის მუშა (1986_1988);
* წყალტუბოს კომუნალური საწარმოების კომბინატის ქალაქის გამწვანების კანტორის მუშა (1984_1986).
ნარჩემაშვილი არის ფრაქცია “ქართული ოცნება _ სოციალ-დემოკრატები”-ის წევრი (2112_2016 ) და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების წევრი. ის, აგრეთვე, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრიცაა.
ყველა მოწვევის პარლამენტის წევრი, ყოფილი ნაციონალი, ამჟამად “ევროპული საქართველოს” წევრი აკაკი ბობოხიძე დაიბადა 1964 წლის 14 სექტემბერს ხონში, სოფელ გორდში. მან დეკლარაცია 2016 წლის 27 მაისს შეავსო. ჰყავს მეუღლე ნანა გოდერძიშვილი, ვაჟი _ ირაკლი ბობოხიძე.
აკაკი ბობოხიძის ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნუსხა ასეთია: პარლამენტარის საკუთრებაა 80 კვ მ საცხოვრებელი სახლი დიღომში. ნანა გოდერძიშვილის საკუთრებაა 450 000 კვ მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი საგარეჯოში. აკაკი ბობოხიძეს ეკუთვნის 1200 კვ მ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი ლისზე, მუხათწყაროში. დეპუტატის საკუთრებაა, აგრეთვე, 230.00 კვ მ საცხოვრებელი სახლი თბილისში, ვაშლიჯვარში. აკაკი ბობოხიძის სახელზეა გაფორმებული 70 კვ მ საცხოვრებელი ფართობი გურამიშვილის ქუჩაზე. პარლამენტარს ეკუთვნის, აგრეთვე, 2000 კვ მ მიწის ნაკვეთი ქუთაისში, ყოფილ ლესელიძის ქუჩაზე. ავტომობილი დეპუტატის ოჯახში ნანა გოდერძიშვილის საკუთრებაა. ბობოხიძეებს მსუბუქი ავტომანქანა TOYOTA RAV4 ჰყავთ.
აკაკი ბობოხიძეს “თი–ბი–სი ბანკში” სახელფასო ანგარიშზე დეკლარაციის შევსებისას 2000 ლარი ჰქონია, “ბაზისბანკში” სახელფასო ანგარიშზე _ 100 ლარი, “რესპუბლიკა ბანკში” მიმდინარე ანგარიშზე _ 10 აშშ დოლარი, დეპოზიტზე კი 19018 აშშ დოლარი ერიცხება. რაც შეეხება დეპუტატის მეუღლეს, მას “საქართველოს ბანკში” დეპოზიტზე 25 000 აშშ დოლარი ერიცხება. ნაღდი ფული კი დეკლარაციის შევსებისას აკაკი ბობოხიძეს 19 000 აშშ დოლარი ჰქონია.
აკაკი ბობოხიძე შპს “ორიონის” (ქუთაისი, ავტომშენებელი10/47) პარტნიორია უვადოდ და მისი წლიური შემოსავალი 6500 ლარია. პარლამენტში კი მისი წლიური შემოსავალი 65 393 ლარს შეადგენს.
აკაკი ბობოხიძეს გურამიშვილის ქუჩაზე მდებარე ბინის შესაძენად “ბანკი რესპუბლიკაში” იპოთეკური სესხით უსარგებლია და 30 000 აშშ დოლარი აუღია სესხად, რაშიც მისმა წლიურმა გასავალმა 4697 აშშ დოლარი შეადგინა. ნანა გოდერძიშვილს საგარეჯოში მდებარე საცხოვრებელი სახლი გაუყიდია 25000 აშშ დოლარად. აკაკი ბობოხიძეს შვილის სწავლის გადასახადი 3990 ლარი გადაუხდია. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის” კი 10 000 ლარი აქვს შეწირული. 4200 ლარი დეპუტატს ქონების გადასახადი აქვს გადახდილი. 22 000 ლარი დეპუტატის ოჯახს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიუღია.
აკაკი ბობოხიძე პარლამენტის წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიული სიით გახდა. მას განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიუღია მათემატიკოსის სპეციალობით.
აკაკი ბობოხიძის სამუშაო გამოცდილება ასეთია:
* სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი იმერეთში (2006-2008);
* საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის თავმჯდომარე (2006-2006);
* სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში (2005-2005);
* საქართველოს სახალსო დამცველის რწმუნებული (1998-2001)
* საქართველოს სახელმწიფო საბჭო, მთავარი სახელმწიფო მრჩეველი (1992-1992);
* საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-2992);
* ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის უფროსი ლაბორანტი (1988-1990);
* ხონის საღამოს სკოლა, მასწავლებელი (1986-1987);
* ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის ასისტენტი (1986-1988).
არის წევრი საპარლამენტო ფრაქციისა “ევროპული საქართველო”, აგრეთვე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის წევრი.
გიორგი გელაშვილი
ფუჰ….
ფუჰ, ფუჰ!!!