დიახ, ერის მამა ეკლესიას წმინდა საკრებულოს უწოდებდა: “ეკლესია _ წმინდა საკრებულო, რომელსაც სახლი ღვთისა ჰქვიან”. ის ღვთის სიტყვისაგან გადმოცემული კანონებით იმართებოდა მუდამ, მის ნათელ მოძღვრებაში ჩაიდო საყოველთაო სიყვარულის, სიკეთის, მშვიდობის, მეგობრობისა და ერთობის საწყისები; ეკლესიის მოძღვრებით შეეძლო ადამიანს თავისი დანიშნულების შეცნობა, ღვთაებრივი ბუნების გამორკვევა, ბოროტებასთან და მაცდურთან ბრძოლა, სულის ხსნა და ამაღლება. როგორც ილია ამბობდა, ეკლესიის გარეშე, “ადამიანს შველა არა აქვს, თუ უნდა, რომ კაცად, ღვთის სახედ და მსგავსებად დარჩესო”.
თუმცა XIX საუკუნშიც, საქართველოს ეკლესიაში სარწმუნოების საფარქვეშ ბევრი უმსგავსობა ხდებოდა; მაშინაც მძლავრობდა ცხვრის ტყავში გახვეული ბოროტი და შლიდა ყოველივე ეროვნულსა და ქართულს. ილია წერილში “ღირსეულის დაფასება” წერს: “ამ წუთისოფელში ადამიანს ბევრი და მრავალსახის საქმე აქვს საკეთებელი, როგორც კერძოდ თავისთვის, ისე ზოგადად ყველასათვის. სათითაოდ ყველას ერთნაირი დანიშნულება არა აქვს. სათითაოდ ყველას რამე დანიშნულება კი უსათუოდ აქვს… მრავალგვარია ნიჭიერება, ღონე და მიდრეკილება ადამიანისა. სიდიდე და ღირსება ის არის, ვინ როგორ აურჩია საქმე თავის ნიჭსა და ვინ როგორ უძღვება”. “კაცმა იმას უნდა მიმართოს, იმას ჩასჭიდოს ხელი, რაზეც გული მიუწევს და ნიჭი და უნარი მიუწვდება”.
ღვთისმსახურ კაცს იგი ერის მსახურად თვლიდა: “ღვთისმსახური კაცი იყო ქვეყნის და ჩვენის ერის მსახურიცა”; მათ ქვეყნის გაქრისტიანების დღიდან ხელთ ეპყრათ ქვეყნის სულიერი სიმტკიცე და ძლიერება. “ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ, რომ წარვუძღვე წინა ერსა”, _ წერდა ის და ყოველი მისი სიტყვა, ლექსი, მოთხრობა თუ წერილი, ყოველი მისი საქმე და მთელი ცხოვრებაც ჭეშმარიტად ამ მიზანს ემსახურებოდა.
ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად ჯვარი და რწმენა აძლიერებდა. ქართველობისა და ქრისტიანობის გაიგივებაც სწორედ ღვთისმსახურთა დაუღალავი სულიერი მუშაკობისა და ღვაწლის შედეგია. ილია წერდა: “ეკლესია სახლია ღვთისა, საცა ხალხი თავს იყრის, რათა მღვდელ–მსახურთა წინამძღვრობით ერთად ილოცონ, ერთად ევედრონ, ერთად იგემონ ის წყნარი და უცოდველი სიტკბოება, რომელსაც გაღვიძებული გრძნობა სარწმუნოებისა მოუვლენს ხოლმე ღვთისმოსავს ადამიანს… იესო ქრისტემ ბრძანა, საცა ორი და სამი შეიკრიბებით სახელითა ჩემითა, მეც თქვენთან ვარო და ეკლესიამ, წირვაა თუ ლოცვა, უნდა გვაგრძნობინოს ჩვენთანა ყოფნა ქრისტესი, როცა ერთად თავმოყრილი ვართ ეკლესიაში”.
ერის მამას მიაჩნდა, რომ “ადამიანის მხსნელი მისი რჯული და სარწმუნოებაა” (“ცნობის ფურცელი”, 1898 #337) და ამ ხსნისათვის იღწვოდა მთელი თავისი არსებით, ამიტომ ესათუთებოდა ამ გზაზე შემდგარ ყველა ადამიანს, განურჩევლად იმისა, იქნებოდა ეს საერო პირი თუ სასულიერო. იცოდა რა სარწმუნოებრივი გზის სიმძიმე, ღვთისმსახურებისადმი, იმ ადამიანებისადმი, რომელთაც უფლისაგან ვალად სდებოდათ “ამა ერისა სულის აღზრდანი”, განსაკუთრებულ პატივისცემასა და მოკრძალებას გამოხატავდა, განადიდებდა წარსული დროის სამღვდელოებასა და ბერ-მონაზვნობას, მათ დამსახურებად მიიჩნევდა ქართული ეკლესიის სიწმინდით არსებობას, ხალხში ჩამოყალიბებულ მტკიცე სარწმუნოებრივ გრძნობას, გმირულ სულს, მდიდარ ღვთისმეტყველებას თუ მეცნიერებას, ქართულ კულტურას. “იმ სამღვდელოებამ შესძრა ჩვენი სულიერი ძალ–ღონე და შეაქმნევინა ერს ის სახელოვანი ნაშთნი სარწმუნოებისა, რომლითაც დღეს ჩვენ, ქართველნი, სამართლიანად ვქადულობთ. დიდებული სიტყვიერება ჩვენის სამღვთო წერილისა ცალკედ და საეროსი ზოგადად, დიდებული არხიტექტურა ჩვენთა ტაძართა და ეკლესიათა, სამაგალითო სიმდიდრე, ხელოვნება და სიტურფე საეკლესიო ნივთთა, განძთა და სამკაულთა ამის უტყუარნი მოწმენი არიან”.
მძიმეა ქრისტეს ჯვარი, მაგრამ პატივი და ჯილდოც მოღვაწისა ამ სიმძიმეშია, ამიტომაც ითვლებოდა ყოველთვის სასულიერო წოდებაში ყოფნა დიდ ღირსებად და ქართველნი, “დიდი გვარიშვილნი, მეფეთა ოჯახისანი და ძენიც–კი ბედნიერად ჰრაცხდნენ თავიანთ თავს, თუ–კი ეღირსებოდნენ სასულიერო წოდების კაცად გახდომას, სასულიეროში შესვლას და სამსახურსა”, _ წერდა ილია წმინდა ნინოსადმი მიძღვნილ წერილში
(“ივერია”, 1888 წ. # 9).
ასეთი სასულიერო პირი ჰყავს გამოძერწილი მწერალს მოთხრობა “გლახის ნაამბობში” მღვდლის სახით. ილიას განზრახვაც, ალბათ, ეს იყო, რომ ღირსეული მღვდლის სახის ჩვენებით, ერთი მხრივ, ხალხისა და სასულიერო პირებისათვის მათი არსი და დანიშნულება შეეხსენებინა და მეორე მხრივ, ჭეშმარიტების მსახურთადმი თავისი თაყვანისცემა გამოეხატა.
ის სიკეთით გამორჩეული პიროვნებაა, განათლებული, მზრუნველი, მოსიყვარულე, ჩაგრულთა ქომაგი და შემწე, რომელიც წმიდა წერილისეულ ჭეშმარიტებებს ქადაგებს და ამიტომაც მის ირგვლივ მუდამ ხალხმრავლობაა: “ხალხი სულგანაბული შესცქეროდა, თითქო დაჯერებულიაო, იმის პირიდამ ოქრო გადმოვარდება და შიშობს, ხელიდამ არ გამივარდესო”. “ოქროში” სწორედ მისი ქადაგებებია ნაგულისხმევი:
“სიცოცხლე ჩვენი… არც დედისაა და არც მამისა, ქვეყნისა არს”;
“სხვა შენთვის და შენ სხვისთვის, აი გზა ცხოვრებისა, აი, ხიდი ცხონებისა, აი, გასაღები სამოთხისა”;
“რაც შეგვიძლია, ჩვენც ისა ვქნათ, ღმერთიც ჩვენგან იმასა თხოულობს და კაციცა”;
“სჯობიან, ღვთისა და კაცის სამსახურში ამომივიდეს სული”.
ეს ის მარგალიტებია, რომლებიც მსმენელებს უნდა ემრავლებინათ და გაბრიელივით მიწაში არ უნდა დაეფლათ. ის ცეცხლი კი, რომელიც მღვდლის თქმით, ღვთის მიერ “ყოველი კაცის გულში ენთება”, არ უნდა გაექროთ. გაბრიელი ამ ნამდვილ ღვთისმსახურს ასე იგონებს: “ხატებს რომ ხატავენ ის იყო”, “რა კაცი იყო!.. რომ მაგონდება იმისი საქმეები, მგონია, რომ ციდან იყო ჩამოსული, რომ კაცს ქვეყანაზე აჩვენოს კაცობა”.
“კაცს ქვეყანაზე აჩვენოს კაცობაო”!
დღეს კი მეუფის სამოსელში გახვეულმა პეტრე ცაავამ ერსა და ბერს აჩვენა არაკაცობის მაგალითი. ეს ის ღვთისმსახურია, რომელზეც არც თუ ისე დიდი ხნის წინათ ხმამაღლა თქვეს, რომ ის იყო “წარსულში წამლის ბარიგა”, “ვაგზლის ქურდი”, ავანტიურისტი, რომელმაც ეკლესიას შეაფარა თავი… სადაც საკუთარი საფეოდალო შექმნა და ახალაიების კლანის დახმარებით დაიწყო მართვა… “მიტროპოლიტის გავლენა “ნაციონალური მოძრაობის” გავლენასთან ერთად იზრდებოდა… გავლენასთან ერთად იზრდებოდა მისი საკუთარი ქონებაც _ მისაკუთრებული მიწებისა და უძრავ-მოძრავი ქონების გარდა, დადიანების რეზიდენციაც ეცოტავა… თავი ჭყონდიდელი ჰგონია…” _ ასე ახასიათებენ ჭყონდიდის მეტროპოლიტ პეტრე ცაავას მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში, მაგრამ ინკოგნიტოდ დარჩენა ურჩევნიათ, რადგან დარწმუნებული არიან, ცბიერი და გაიძვერა პეტრე თუ პაატა იქეთ დასდებს ბრალს მათ და დააჭერინებს.
უკვე რამდენიმე კვირაა, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში გაუგონარი რამ ხდება. ახალი ამბავი არავისთვის არის, რომ საქართველოს ეკლესიაში კარგა ხანია არიან მეუფეები, რომლებიც საჯაროდ უპირისპირდებიან საქართველოს პატრიარქს და მხარს უჭერენ ე.წ. ლიბერალურ ძალებს; არც ის, რომ ზოგიერთ ეპარქიას ხელმძღვანელობენ ისეთი პირები, რომლებსაც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ფოტოები დღემდე აქვთ გამოფენილი საკურთხეველში. სწორედ ერთ-ერთი მათგანია ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, 49 წლის მეუფე პეტრეც, რომელმაც სინოდის კრებაზე საჯაროდ განაცხადა, რომ ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე და რომ ეკლესიაში მამათმავლები არიან. ერთ-ერთ მოწმედ მან ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე დაასახელა.
აღშფოთებული წმიდა სინოდის წევრები ჭყონდიდის მიტროპოლიტს ხელითაც კი შეხებიან. მათ სინოდიდან გამოძევებულ პეტრეს მღვდელმოქმედება აუკრძალეს, ჭყონდიდის ეპარქიიდან გაათავისუფლეს და ცოდვების მოსანანიებლად მონასტერში წასვლა დაუდგინეს. ასე რომ, 2019 წლის 31 ოქტომბრის წმიდა სინოდის სხდომა ერთ-ერთი სკანდალური შეიქნა ჩვენი სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის 17-საუკუნოვან ისტორიაში.
დეკანოზმა მამალაძემ კი “ტვ პირველს” მატროსოვის ციხიდან წერილი გაუგზავნა, რომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, ყველაფერს ახადოს ფარდა, თუმცა ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის ძალიან მძიმე მოსასმენი იქნება, მაგრამ ეკლესიის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელსო. მაგრამ რამდენად დასაჯერებელია მამალაძის გულწრფელობა, ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებთ, რადგან მთელი ამ ხნის განმავლობაში ის მერყეობდა, “ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა”.
რამ მიიყვანა ეკლესია აქამდე?
საქართველოს ეკლესიაში წლების მანძილზე ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა, პრობლემები, რომლებიც არ გვარდებოდა. ამან კი შედეგად მოიტანა ის, რაც დღეს ხდება, რამაც სულით ხორცამდე შეძრა ყველა ჭეშმარიტი მართლმადიდებელი და პატრიარქის პატივისცემის ნიშნად სამების ეკლესიას უამრავმა ადამიანმა მიაშურა, მათ შორის საქართველოში სასწავლებლად ჩამოსულმა უცხოელმა ახალგაზრდებმაც.
პეტრე ცაავას კი პატრიარქისთვის ტალახის სროლის გამო ჯოჯოხეთის კუპრში მოხვედრას უწინასწარმეტყველებენ, რამეთუ ეს არ იყო მხოლოდ ერთი ადამიანის შეურაცხყოფა, ეს იყო ერის სიწმინდის ხელყოფის ტოლფასი ქმედება.
“პეტრე არაკაცი ხარ, ნაბიჭვარი არაკაცი. არაკაცი ხარ იმიტომ, რომ იმ იმედს შეეხე, რომელიც ერთადერთია მთელს ერში; იმ სიწმინდეს შეეხე, რომელმაც ქართველი ხალხი ღმერთისკენ შემოაბრუნა; იმ მომავალს შეეხე, რომლის იმედად ათასობით ოჯახმა შვილები გააჩინა; იმ გვარებს შეეხე, რომლებიც დაილოცა და ეკურთხა; იმ წარსულს შეეხე, რომლითაც ასე ვამაყობთ; კაცობას შეეხე; იმ ბავშვების ნათლიას შეეხე, საქართველოს მომავალი რომ უნდა იყვნენ; იმ ოჯახებს შეეხე, რომლებიც იმედის თვალით შეჰყურებენ მომავალს… არაკაცი ხარ იმიტომ, რომ ამ ყველაფრით ცდილობ, რწმენა და სიყვარული დააკარგვინო ხალხს იმის, რისიც ასე სწამთ და სჯერათ, რისი და ვისიც იმედი აქვთ ჭირსა თუ ლხინში… ნაბიჭვარი არაკაცი ხარ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ანგარებით გააკეთე და ეს შენს ცბიერ თვალებში და თხის წვერში იკითხება…” _ ეს არის ამონარიდი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული წერილიდან, რომლის წაკითხვის შემდეგ ადრესატი, თუ ნორმალურია, თავს თუ არ მოიკლავს, სულის განწმენდაზე მაინც იზრუნებს, რადგან ქრისტიანისთვის მთავარი სულზე ზრუნვა, მისი განწმენდა-ამაღლებაა, რადგან “ქრისტიანობა ძმობაა და ურთიერთის სიყვარული…”, ხოლო “ქრისტე ღმერთი სდევნიდა მცემელს და ამხნევებდა გვემულს” (“ივერია”, 1897 #72).
ილია ჭავჭავაძის თქმით, ადამიანის სულიერი ამაღლება მჭიდრო კავშირშია ზნე-ხასიათის წვრთნასთან: “ზნე–ხასიათის წვრთნა ზრდაა შინაგანის კაცისა, თუ ეგრე ეთქმის. რადგანაც შინაგანობა კაცისა მისი სულიერი ვინაობაა, მისი სულიერი ბუნებაა, მაშასადამე წვრთნა ზნე–ხასიათისა ზრდაა, გარკვევაა მისის სულიერის ვინაობისა, სულიერის ბუნებისა, ანუ, უკეთ ვსთქვათ, მისის კაცობისა, ადამიანობისა. ზნეობისა და სულის წვრთნა საჭიროა არა მარტო ცალკე ადამიანის გადარჩენისთვის, არამედ აუცილებელია მთელი ერის მერმისისათვის. ერთ-ერთ სარედაქციო წერილში ილია აღნიშნავს, რომ “ერს, რომელსაც დღეგრძელობა და მერმისი ჰსურს, ერთი ფიქრი უნდა ჰქონდეს: სათნოება დარგოს და ახაროს თავის გულში, თავის ოჯახში. ამისათვის საჭიროა ზნეობის ამაღლება და გაწმენდა”, (გაზ. “ივერია” 16 აპრილი, 1887წ.)
ილია მოწიწებით მოიხსენიებს იმ მადლით ცხებულ ბერ-მონაზვნებს, რომლებიც “ერთ დროს ყოფილან ჩვენში ჩვენდა საბედნიეროდ, და ეხლა, ჩვენდა საუბედუროდ, აღარ არიან”. საქართველოს სინამდვილეში წმიდა მღვდელმთავრების არსებობა და მათი ცხოვრების მაგალითი კვებავდა ილიას ტკივილიან იმედს, რომ “ჯერ კიდევ მსახური მართლა ღვთისმსახურებისა არ წაწყმედილიყო ჩვენში”.
ქრისტიანული ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფეხურია სინანული და აღსარება. მწერალი თვლის, რომ ქრისტიანი მუდამ უნდა ფიქრობდეს თავის ცოდვებზე. ყურადღებით უნდა ჩხრეკდეს არა მარტო საქციელს, არამედ გულის სიღრმესაც და თხრიდეს მასში სარეველებს _ აღკვეთდეს უკეთურ საქმეებსა და ბოროტ გულისთქმებს. ილიას თქმით, ყველა კაცი უნდა დაუფიქრდეს “თავის წარსულს ცხოვრებას თავისის ცოდვა-მადლის გასარჩევად, თუ ჰსურს, ქრისტიანული წესი აღასრულოს და დრო სინანულისა ტყუილუბრალოდ არ გააქარწყლოს”.
თავდადება, საკუთარი თავის მსხვერპლშეწირვა ქრისტიანისათვის უწმინდესი მოვალეობაა: “ყველაფერი საღმრთოა, ჩემო ძმაო, რაც კაცის გულს გაუთბია, თვითონ დამწვარა, ზღაპრისა არ იყოს, სანთელსავით და სხვისთვის კი გაუნათებია. კაცი ის არის … რომელიც თავის გონების ნამუშევარს, გულის სიკეთეს ხიდად გასდებს, რომ თუ არ თვითონ, სხვამ მაინც მშვიდობით გაიაროს. იმ ხიდს ზედ ამჩნევია ღვთის მადლი, მაშინ ყველაფერი საღმრთოა” .
ილიას აზრით, მის თანადროულ საზოგადოებას ძალიან აკლდა საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება და მოვალეობის გრძნობა. ეს თვისებები ქრისტიანულ სათნოებებში პირდაპირ დასახელებული არ არის, მაგრამ ადამიანის ხასიათის წვრთნას და სრულყოფას უწყობს ხელს. “გლახის ნაამბობში” მღვდელი არიგებს გაბრიელს: “შენს საქმეზედ იყავ ბეჯითი, გულმოდგინე, ერთგული, რომ ღმერთიც მადლობელი იყოს და კაციც: რასაც ვიკისრებთ, ის უნდა ავასრულოთ კიდეც… არა კაცი იმოდენა სიკეთეს არ მოგცემს, რამოდენადაც შენის ვალის ასრულება”.
ლექსში “ლოცვა” პოეტი ღვთისგან არ ითხოვს არც სიმდიდრეს, არც დიდებას, არამედ მხოლოდ ერთადერთს _ სულის განათლებას და სიყვარულს:
“მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა,
მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა;
არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა,
არ მინდა ამით შევურაცხვყო მე ლოცვა წმინდა…
არამედ მწყურს მე, განმინათდეს ცით ჩემი სული,
შენგან ნამცნების სიყვარულით აღმენთოს გული,
რომ მტრთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან,
გთხოვდე: “შეუნდე, _ არ იციან, ღმერთო, რას იქმან!”
ილიას ეს ლექსი საუფლო ლოცვის ქარგაზეა აგებული და მის სხვადასხვა მუხლებს ეხმიანება. ლექსის დასაწყისი და ბოლო ფრაზები: “მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა” და “შეუნდე, _ არ იციან, ღმერთო, რას იქმან!” _ ამავე ლოცვის შემდეგი მუხლების პირდაპირი გამოძახილია: “მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა” (მათე.6.9); “მომიტევენ ჩუენ თანა-ნადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანა-მდებთა მათ ჩუენთა” (მათე.6.12).
ილიამ 21 წლისამ (1858წ.) იწინასწარმეტყველა თავისი ცხოვრების აღსასრული და ითხოვა ღვთისგან მტრის შენდობა ჯვარცმული მაცხოვრის უკანასკნელი სიტყვებით: “შეუნდე, _ არ იციან, ღმერთო, რას იქმან!”
* * *
ალბათ, ასე მხოლოდ ილია მართალი არ ფიქრობდა და ილია მეორეც იმავეს იტყვის: “შეუნდე, _ არ იციან, ღმერთო, რას იქმან!”, თუმცა ამას ნიშნავდა ის სიტყვებიც, რომლებიც უკვე უთხრა ეშმაკზე სულმიყიდულ ღვთისმსახურს: რომ მოხვედი რა კარგი იყავი და რა დაგემართაო?! საქართველო კი, უფლის მადლითა და წყალობით, ჯიუტად გაუყვება ნათელი მომავლისკენ სავალ გზას იმ იმედით, რომ ღვთისმშობელი მის წილხვედრ ქვეყანას კვლავაც დაიფარავს.
რუბრიკას უძღვება
დარეჯან ანდრიაძე