ჩვენს ლიბერალურ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს რომ ჰკითხო, არც ალენ დალესის (1953-1961 წლებში აშშ–ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი) დოქტრინა არსებობს, არც ე.წ. მასონთა მსოფლიო მთავრობა, არც ზბიგნევ ბჟეზინსკის უთქვამს ოდესმე, რომ სსრკ–ის დანგრევის შემდეგ მართლმადიდებელი ეკლესიააო ლიბერასტული იდეოლოგიის მთავარი მტერი და, მით უმეტეს, ტყუილი ყოფილა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილში გავრცელებული თვალსაზრისი, რომ ე.წ. დასავლეთიდან (წაიკითხე, აშშ), რომლისკენაც ისწრაფვის საქართველოს ხელისუფლება, მხოლოდ სიბილწე, გარყვნილება და სხვა მრავალი სულის წამწყმედი “ღირებულება–ფასეულობა” შემოედინება ჩვენში უშურველად…
ტყუილიაო, რადგან მსგავსი რაღაცები რუსული ნარატივი, ბოროტი კრემლის პროპაგანდა ყოფილა და სხვა არაფერი. არადა, მხოლოდ ირგვლივ მიხედ-მოხედვაა საკმარისი, რომ დალეს-ბჟეზინსკების გარეშეც ნათელი იქნება, რა სავალალო მდგომარეობაშია საქართველო და ქართველი ერი _ ქვეყანა გაგლეჯილ-გამოგლეჯილი, ქართველების მასობრივი ემიგრაცია და უცხოელთა მასობრივი მიგრაცია, შობადობა-მოკვდავობის მაჩვენებლებში საგანგაშოდ უარყოფითი სალდო (თუ ასე თქმა შეიძლება) და შედეგად დემოგრაფიული კატასტროფა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ლიბერასტ “ურწმუნო თომებთან” კამათს არ ვაპირებ, რადგან გინდა, სოროსის ძუძუნაწოვ ხლისტებს ეკამათე და გინდა, “კედელს შეაყარე ცერცვი”. ჰოდა, ამიტომ, ერთი ანეკდოტისა არ იყოს, “ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ”.
ჩვენთვის სამამულო და იანკებისთვის მეორე მსოფლიო ომი ახალი დამთავრებული იყო, რომ 1947 წელს ალენ დალესი კონგრესისა თუ სენატის წინაშე საიდუმლო მოხსენებით წარდგა და ამ მოხსენებას ეწოდა შემდეგ ალენ დალესის დოქტრინა, მაგრამ ლავრენტი ბერიას რა საიდუმლოება გამოეპარებოდა და სტალინის მაგიდაზე მალე აღმოჩნდა დალესის დოქტრინა, რომლიდანაც გთავაზობთ ნიშანდობლივ ამონარიდებს:
* “მწერლობა, თეატრი, კონო, საზოგადოდ, გამოცემები _ ყველაფერი უნდა გამოსახავდეს და ქებას ასხამდეს ადამიანის ყველაზე დაცემულ გრძნობებს”…
* “ჩვენ ყველანაირად დავუჭერთ მხარს და წინ წამოვწევთ ისეთ ხელოვანთ, რომლებიც ადამიანთა ცნობიერებაში დაამკვიდრებენ და დღენიადაგ ჩასჩიჩინებენ სექსის, ძალადობის, ღალატის კულტს, ანუ ყველანაირ უზნეობას”…
* “პატიოსნება და წესიერება წარსულის გადმონაშთად გადაიქცევა, გამასხარავდება და აღარავის დასჭირდება. უზრდელობა და თავხედობა, ცილისწამება და ტყუილი, ლოთობა და ნარკომანია, ღალატი და გაუტანლობა, ერთა შორის, აღმსარებლობათა, თაობათა შორის მტრობა _ ყოველივე ამას ოსტატურად და შეუმჩნევლად დავნერგავთ”…
* “ჩვენ ვიბრძოლებთ ადამიანთა გასარყვნელად ბავშვობიდანვე. ყოველთვის გავაკეთებთ არჩევანს ახალგაზრდებზე, რათა მოვთაფლოთ და გავხრწნათ ისინი. მათგან შევქმნით ზნედაცემულ, სულიერებისგან დაცლილ ჯაშუშებსა და მოღალატეებს”…
როგორც იტყვიან, ერთი-ერთზე მიესადაგება დალასის ციტატები საქართველოს (და არა მხოლოდ საქართველოს) დღევანდელ სავალალო მდგომარეობას და რა მნიშვნელობა აქვს, ალენ დალესის დოქტრინა მითია თუ სინამდვილე.
ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც რკინის ფარდა დაუშვა ფოლადის გენერალისიმუსმა, დიდი ალბათობით, იყო ალენ დალესის “მითური” დოქტრინაც _ სსრკ-ში, მიუხედავად კომუნისტური წყობის მრავალი მინუსისა, ვერაფრით მოიკიდა ფეხი ზემოხსენებულმა უზნეობებმა (აბა, კომუნისტების დროს იყო, თუ იყო, მორალი და ზნეობა პატივში) და მხოლოდ წითელი იმპერიის დაშლის შემდეგ შემოუტიეს ალენ დალესის მოდერნიზებული დოქტრინით შეიარაღებულმა თანამედროვე ნეოლიბერალებმა, უპირველესად, რუსეთს, შემდეგ _ სრულიად პოსტსაბჭოთა სივრცეს.
დოქტრინის მოდერნიზება კი იმაში მდგომარეობს, რომ ალენ დალესის დოქტრინას მისმა იდეურმა შვილებმა ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების დაკანონება დაუმატეს მსოფლიოს მასშტაბით და არცთუ წარუმატებლად _ ევროპაში ქვეყანა არ არის დარჩენილი, რომელშიც, დე იურედ თუ არა, დე ფაქტოდ არ არის დაკანონებული ლგბტ პირების ქორწინება, ყოველ 17 მაისს გეიაღლუმების ჩატარება ხომ ჩვეულებრივი მოვლენაა “დემოკრატიულ” დასავლეთში…
თუ არ ჩავთვლით უკრაინას, რომელმაც დამოუკიდებლობა შარშან, 17 მაისს, გეიაღლუმით აღნიშნა კიევის მთავარ ქუჩაზე _ ხრეშატიკზე, პოსტსაბჭოთა სივრცეს ვერაფერი მოუხერხეს.
რუსეთს დროულად მოევლინა მხსნელად ვლადიმერ პუტინი, რომლის მეოხებითაც რუსეთი ერთადერთი სახელმწიფოა, ალბათ, მსოფლიოში, რომელმაც 99 წლით (რუსეთის პარლამენტი იუმორის ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის) აკრძალა არასრულწლოვნებს შორის ლგბტ-პროპაგანდა. და XXI საუკუნეში ვერანაირ გეიაღლუმსა და, მით უმეტეს, ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების დაკანონებაზე ვერც იოცნებებენ რუსი ლგბტ-ები.
ამას დავუმატოთ ისიც, რომ კრემლმა პოლიტიკური საქმიანობა აუკრძალა უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობოებს; რუსეთის სასამართლო განჩინებით, აიკრძალა ე.წ. იეღოველთა სექტის საქმიანობა, როგორც ექსტრემისტული ორგანიზაციისა, და ამის შემდეგ რა გასაკვირია, ვლადიმერ პუტინის მაღალი რეიტინგები?! რუსეთის პრეზიდენტს ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც გულშემატკივრობენ ნეოლიბერალური უმცირესობის დიქტატურის ქვეშ მყოფი ნორმალური ევროპელები და, აქედან გამომდინარე, არც ჩემი ნატვრაა არალეგიტიმური _ ნეტავი საქართველოსაც ჰყავდეს პუტინის მსგავსი პატრიოტი პრეზიდენტი…
საქართველო ის ქვეყანაა, რომლის ლიბერალური ხელისუფლება, პრაქტიკულად, არასამთავრობო, ე.წ. მესამე სექტორის კარნახით მოქმედებს. საქართველო ის ქვეყანაა, რომლის ხელისუფლებაც მართლმადიდებელ ბიჭებს “რუსთავი 2”-ის დირექტორ-წამყვანთა მოთხოვნით აპატიმრებს; ხოლო ვიღაც “ბახალას” 40 აბი ნარკოტიკით იჭერენ და მის დასაცავად ლიბერასტები მიტინგებს მართავენ; ის ქვეყანაა, რომლის დედაქალაქში “თეთრი ხმაურის” წარმომადგენლების (მათთან ერთად ნარკომანების, მეძავების, ბარიგების) მიერ რუსთაველის გამზირი ორი დღის განმავლობაში პარალიზებული იყო, _ როგორ თუ გარყვნილების, პროსტიტუციის, მამათმავლობის მექად ცნობილ ღამის კლუბ “ბასიანში” პოლიციამ “კაიფი” არ გვაცალაო.
საქართველო ის ქვეყანაა, რომლის შს მინისტრი პირადად ეახლება “თავისუფლებისთვის” მებრძოლ ბასიანელ მომიტინგეებს, საჯაროდ ბოდიშს უხდის “დაჩაგრულ” ბარიგა-ნარკომანებს, პოლიცია კი ე.წ. კონტრაქციის მონაწილე ათამდე ვაჟკაც ქართველს აპატიმრებს…
მკითხველს ვთხოვ, მაპატიოს, ერთი შეხედვით, მთავარი თემიდან გადახვევა _ რა ვქნა, წერილზე მუშაობასთან ერთად, ზემოხსენებულ აქციას ვუყურებდი ტელეეკრანზე და, თუ გადავუხვიე, მხოლოდ ამიტომ. რაც შეეხება მთავარ თემას, რუსეთთან ერთად საქართველო ის იშვიათი გამონაკლისია პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც გეიაღლუმი დღემდე ვერ ჩაუტარებიათ.
მკითხველს შევახსენებ, რომ გეიაღლუმის ჩატარების პირველი უშედეგო მცდელობა ქართველ ჰომოსექსუალებს 2012 წლის 17 მაისს ჰქონდათ; უშედეგო, რადგან ცისარტყელას დროშებით მათი საზეიმო მსვლელობა ზემელზე, კინოს სახლთან, შეაჩერეს მაშინდელი წინააღმდეგობის მოძრაობის ბიჭებმა: სოსო მანჯავიძემ, კოტე ინაშვილმა და სხვებმა. იმ ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში, თქვენი მონამორჩილიც ვმონაწილეობდი…
მეორე მცდელობა 2013 წელს, უკვე “ქართული ოცნების” ხელისუფლების პერიოდში, ტაბურეტიანი მღვდლების სახელით შევიდა ისტორიაში და მას შემდეგ გეიაღლუმის ჩატარება აღარ უცდიათ ქართველ ჰომოსექსუალებს, რადგან ჩვენმა ბრძენმა პატრიარქმა სწორედ 17 მაისი გამოაცხადა ოჯახის სიწმინდის დაცვის დღედ. და, აბა, რაღას გაბედავდნენ, როდესაც რუსთაველზე, აგერ უკვე 5 წელიწადია, ათიათასობით ქართველი თუ არაქართველი ვაჟკაცი და მანდილოსანი გამოდის.
რა მოხდება ამა წლის 17 მაისს, “საქართველო და მსოფლიოს” გამოსვლიდან მეორე დღეს? _ აი, კითხვა, რაც “ბებერ გულში ლახვრად მაჩნია”.
რა უნდა მოხდეს, _ იკითხავს გაუთვითცნობიერებელი მკითხველი, _ პატრიარქის მიერ დათქმული ხომ ისევ ძალაშიაო?
საქმე ის არის, რომ შარშანდელი მოცემულობიდან ბევრი რამ შეიცვალა. მაგალითად, ის სამღვდელოება, რომელიც ტაბურეტით ხელში უტევდა ლგბტ პირებს, ამბიონიდან კი ერთმორწმუნე რუსეთთან მეგობრობას ქადაგებდა, ახლა გაიძახის, რომ კაპიტოლიუმის ბორცვიდან (სამი თვის განმავლობაში ორჯერ ესტუმრნენ ვაშინგტონს სინოდის წევრები) სხვანაირად გამოჩნდა რაღაც-რაღაცები, რუსეთი კი არა, ამერიკაა ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეო, და საერთოდაც, მეო, _ ბრძანა მეუფე იაკობმა, _ ტაბურეტების აქციაზე ლგბტ პირების დასაცავად მივედიო…
სარწმუნო წყაროს ინფორმაციით, არასამთავრობო სექტორმა უცხოელი დამფინანსებლების მკაცრი მითითება მიიღო _ რადაც უნდა დაუჯდეთ კაპიტან ეკა გიგაურსა და სახალხო დამცველად დანიშნულ ნინო ლომჯარიას, ბოლოს და ბოლოს, საქართველოში უნდა ჩატარდეს გეიაღლუმი, თუ არადა, გამოდის, ტყუილად გაჭმევთ პურსო. ამ მითითებით, როგორც იტყვიან, ყვითელი აუნთეს მესამე სექტორს…
წლეულს, უფლისა ჩვენისა, იესო მაცხოვრის ზეცად ამაღლების დღესასწაული დაემთხვა 17 მაისს და ვნახოთ, რა მოხდება.
ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეთ ქუჩაში, რათა ხელისუფლებამ ვერ გაბედოს “ბასიანელთა” თუ სხვა ნარკომანების, ბარიგების, ლგბტ პირების მსვლელობის უზრუნველყოფა პოლიციის სამმაგი კორდონების მეშვეობით. ვერ გაბედოს, რადგან ქვეყანა, რომელიც გეიაღლუმის გამართვას დაუშვებს, უკაცრავად და, იგივე ნახმარი პატარძალია.
17 მაისს გამოჩნდება, რანი ვართ _ ერი თუ “საშოვარს გადაგებული, გათითოკაცებული ყოფილი ერი”…
დავით მხეიძე
მადლობა იმდენი იგინეს ლგბტ ს მოწინაამღდეგეებმა რომ საუკეთესო რეკლამირება გაუკეთეს ლგბტ ს! გმადლობთ რომ თქვენ გამოგიყენეთ ახალი თაობის გალიბერალებაში! გმადლობთ რომ მოწინაამღდეგე მხარე იყავით და თქვენი საქციელით საქართველო მთლიანად გალიბერალდება! გმადლობთ პროგრესისთვის!