Home რუბრიკები პოლიტიკა ქვეყანაში სოციალური აფეთქების გამოწვევა _ “ნაციონალური მოძრაობის” მთავარი მიზანი

ქვეყანაში სოციალური აფეთქების გამოწვევა _ “ნაციონალური მოძრაობის” მთავარი მიზანი

1617
ქვეყანაში სოციალური აფეთქების გამოწვევა _ “ნაციონალური მოძრაობის” მთავარი მიზანი

ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით საქართველოდან მსოფლიოს 39 ქვეყანაში 33.6 მილიონი ბოთლი ღვინო გაიტანეს, მიღებულმა შემოსავალმა 87 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ახლა 39-ვე ქვეყნის ჩამოთვლას არ დავიწყებ და მხოლოდ იმ ხუთეულს შემოგთავაზებთ, რომლებშიც ქართულ ღვინოს ყველაზე მეტად ყიდულობენ.

მაშ ასე:

რუსეთი _ 21 372 581

უკრაინა _ 3 080 562

ჩინეთი _ 2 972 733

პოლონეთი _ 1 540 182

ყაზახეთი _ 1 223 256

გვინდა თუ არა, უნდა ვაღიაროთ, რომ მსოფლიოს 39 ქვეყანაში გაყიდული ღვინოების უმრავლესობა, ანუ 63%-ზე მეტი, რუსულ ბაზარზე მოდის, დანარჩენი 37% კი 38 ქვეყანაზე ნაწილდება, ანუ, უხეში პროპორციით რომ დავთვალოთ, თითო ქვეყანაზე ერთი პროცენტი მოდის. ვისაც ჰგონია, რომ ასე მხოლოდ წლეულს მოხდა და რუსეთი დომინანტი მხოლოდ ახლა არის, შარშანდელ ოფიციალურ სტატისტიკასაც გაგაცნობთ: ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოდან 86.2 მილიონი ბოთლი ღვინო 53 ქვეყანაში გაიყიდა. მათგან თითქმის 54 მილიონი, უფრო ზუსტად 53 682 627 ბოთლი, რუსეთში გავიდა; მეორე ადგილზე ისევ უკრაინაა 10 687 835 ბოთლით. შესაბამისად, ძალიან მარტივი არითმეტიკაა _ ქართული ღვინის 60%-ზე მეტი რუსულ ბაზარზე იყიდება. ზუსტად იგივე პროპორციაა მინერალური წყლების მიმართაც, ხოლო სოფლის მეურნეობის პროდუქტები (ხილი და ბოსტნეული), პრაქტიკულად, მთლიანად რუსეთში გაგვაქვს (ხვედრითი წილი 80%-ზე მეტია).

ახლა საქართველოს გადავხედოთ: წლეულს სეტყვამ შიდა ქართლსა და კახეთში მოსავალი მნიშვნელოვნად დააზიანა. შიდა ქართლში ვაშლის ბაღები განადგურდა, კახეთში სეტყვამ ატმისა და ყურძნის მოსავალი გაანახევრა. ისმის ლოგიკური კითხვა: რატომ არ გამოიყენა, წინა წლის მსგავსად, ხელისუფლებამ სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები? გაგიკვირდებათ და, როგორც გვეუბნებიან, ეს შეგნებულად გააკეთა, ანუ მოსავალი შეგნებულად განადგურდა. მიზეზი ძალიან საინტერესოა _ შარშანდელი, შარშანწინდელი და იმისწინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით, ჭარბი მოსავლის პირობებში, გლეხები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ მოსავლის რეალიზაციაში. ხელისუფლებამ, უფრო კონკრეტულად კი, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, გლეხებს ყველანაირი სუბსიდია შეუწყვიტა და ბედის ანაბარა დატოვა. გლეხებს აქვთ მოსავალი, მზად არიან ნატურალური პროდუქტის ხელსაყრელ ფასად რეალიზებისთვის, მაგრამ არ არის გასაღების ბაზარი. აღარც ის დროა, სააკაშვილის მთავრობა მეღვინეებს რომ აიძულებდა ყურძნის შეძენას და შემდეგ ჭარბი ღვინისგან მწარმოებლები სპირტს რომ ამზადებდნენ და მის რეალიზაციას ცდილობდნენ. დღეს დიდ კომპანიებს თავიანთი ვენახები აქვთ და, ყურძნის შესყიდვა კი არა, საკუთარი მოსავლით დამზადებული ღვინისა და სპირტის რეალიზაცია უჭირთ.

ქვეყანაში სოციალური აფეთქების გამოწვევა _ “ნაციონალური მოძრაობის” მთავარი მიზანი

“ეს არის მთავარი მიზეზი, რომლის გამოც ხელისუფლებამ სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები არ გამოიყენა. გაფუჭებული მოსავალი ნიშნავს იმას, რომ ბაზარზე ყველაფრის დეფიციტი იქნება და გლეხები ადვილად მოახერხებენ პროდუქტის რეალიზაციას. მართალია, ეს პროდუქტი გაცილებით ძვირი იქნება და მოსახლეობის უმრავლესობა ვერ შეიძენს, მაგრამ, ბაზრის არარსებობის პირობებში, ის მაინც გაიყიდება”, _ გვეუბნება ადამიანი, რომელიც აღნიშნული მიმართულებით მუშაობს.

რუსეთის ბაზარზე უარის თქმის შემდეგ გლეხობა, პრაქტიკულად, გამოუვალ მდგომარეობაშია. თავად განსაჯეთ: გასაყიდი ღვინის 60%-ზე მეტი რუსეთში გადიოდა და ახლა ეს ბაზარი აღარ არსებობს. საზიარებელი სითხე, საქართველოსთან ასოცირებული სასმელი _ ღვინო, რომელიც ჩვენს ეროვნულ სულსა და თვითმყოფადობას ასახავს, ნიკა გვარამიამ პირდაპირ ეთერშიც გვიგინა, აგინა ქრისტეს სისხლს და, ამის მიუხედავად, მის წინააღმდეგ მხოლოდ იმ გლეხებმა აღიმაღლეს ხმა, რომლებმაც აქციაზე ვაზი შვილს შეადარეს. ფაქტია, რომ ოპოზიცია მაქსიმალურად ცდილობს, საქართველო რუსულ ბაზარს ჩამოაშოროს, რაც იმის მანიშნებელია, რომ საქართველოში მეზობელი ქვეყნიდან დაგეგმილი თანხები აღარ შემოვა. ტურისტული სეზონის რუსული მიმართულება მოვკალით, ღვინისა და ხილის მიმართულებაც მოვკალით, ფრენები ავკრძალეთ, რაც ავიაგადაზიდვების შეჩერებასა და ხორბლის სახმელეთო გზით შემოტანას გულისხმობს. ეს პურს გააძვირებს და სოციალური აფეთქებაც ნელნელა მწიფდება. სწორედ ეს არისნაციონალური მოძრაობისმთავარი მიზანი _ საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად მაქსიმალურად ცდილობენ, ქვეყანაში სიტუაცია ბოლომდე არიონ, ერი დაამშიონ და ისედაც გაჭირვებულ მოსახლეობას ქვა აღმართში დააწიონ.

ამ ყველაფრის ფონზე ძალიან უცნაურია ხელისუფლების დუმილი. მმართველი გუნდის წარმომადგენლები ვერ ბედავენ, თქვან, რომ რუსული ბაზრის გაუქმება საქართველოსთვის დამღუპველია; ვერც იმის თქმას ბედავენ, რომ, ბევრი მცდელობის მიუხედავად, ალტერნატიული ბაზარი, უბრალოდ, არ არსებობს, რადგან სწორედ ასეთი ბაზარი ეძება ჯერ სააკაშვილმა, შემდეგ _ ამჟამინდელმა ხელისუფლებამ, მაგრამ ვერ იპოვეს. ვისაც არ ახსოვს, შევახსენებთ, რომ სააკაშვილის მმართველობის პირობებში, ნაციონალებმა მილიონები დახარჯეს და ქართული ღვინო მსოფლიოს 122 ქვეყანას შეტენეს (შეტენეს იმიტომ, რომ არავის სურდა შეტანა და იძულებულნი გახდნენ, სარეკლამო კამპანიის ფარგლებში შეეტანათ), მაგრამ, როგორც კი ღვინის შეტანის სანაცვლოდ ფულის გადახდა შევწყვიტეთ, ქართული ღვინისთვის ბაზარზე ადგილი არ მოინახა.

როგორ გგონიათ, საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია და ლათინური ამერიკის ქვეყნები, რომლებიც ღვინის ყველაზე დიდი იმპორტიორები არიან, ქართულ პროდუქციას ფართო ასპარეზს მისცემდნენ და დახლზე საკუთარი ნაწარმის ადგილს დაუთმობდნენ? რა თქმა უნდა, არა…

სამი წლის წინათ, როცა მსოფლიომ რუსეთს უმკაცრესი სანქციები დააკისრა, მსოფლიოში თევზის ერთ-ერთმა დიდმა მიმწოდებელი ქვეყნის _ ნორვეგიის მთავრობამ განაცხადა, რომ სანქციებს უერთდებოდა და რუსეთში თევზის შეტანა შეწყვიტა. შეგახენებთ, რომ ნორვეგია, კეთილდღეობის ინდექსის მიხედვით, მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების ხუთეულში მუდმივად არის და იქ ცხოვრება ბევრისთვის საოცნებოა. ზუსტად ერთი წლის შემდეგ იმავე მთავრობამ განაცხადა, რომ ნორვეგიული თევზის უდიდესი ნაწილი სწორედ რუსეთში იყიდებოდა და რომ, ბევრი მცდელობის მიუხედავად, ნორვეგიელებმა ალტერნატიული ბაზარი ვერ ნახეს და რუსეთში თევზის შეტანაზე უარის თქმის გამო მათმა ეკონომიკამ უზარმაზარი ზარალი მიიღო. სწორედ ამ მიზეზით ნორვეგიამ სანქციები ფეხებზე დაიკიდა (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) და რუსეთში ზღვის პროდუქტების შეტანა განაახლა, ანუ ქვეყნის ხელისუფლებამ იფიქრა საკუთარ ხალხზე, საკუთარ ეკონომიკაზე და არა იმაზე, რომ ამერიკისთვის ესიამოვნებინა. რა გამოდის? ნორვეგიელები პატრიოტები არ არიან, რადგან რუსეთთან მეგობრობასა და რუსულ ბაზარზე უარი არ თქვეს, ხოლო ჩვენ პატრიოტები ვართ? თუ მშიერი პატრიოტები, რომლებსაც “ამაყად” გვაქვს თავი აწეული და მსოფლიოს ვანახვებთ, რომ რუსეთს ხმალშემართული ვებრძვით, ამ დროს კი შიმშილით კუჭი გვიხმება? იმ მსოფლიოს, რომელსაც სულაც არ აინტერესებს, სად წავიღებთ ჩვენს ისედაც მწირ პროდუქციას და რამდენი ასეული მილიონით იზარალებს ქართული ეკონომიკა?

სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერს რამდენიმე ოპოზიციური პარტია და ლამის მთელი არასამთავრობო სპექტრი აქტიურად უწყობს ხელს. ორივე მხარე დასავლეთიდან ფინანსდება, რათა ქვეყანა შიმშილის ზღვრამდე მიიყვანოს, შემდეგ კი ეს ყველაფერი რუსულ ბაზარზე არშეშვებასა და რუსულ სანქციებს დაბრალდეს. ეს ყველაფერი კი იმ პირობებში, როცა რუსული ბაზარი გახსნილიც იყო და, ასპროცენტიანი სიზუსტით გეუბნებით, აბაშიძეკარასინის შეხვედრაზე რამდენიმეჯერ დადგა სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი. როგორც ჩანს, ამ ინფორმაციამ გაჟონა და ევროპა-ამერიკაში მიხვდნენ, სავიზო რეჟიმის მოხსნის შემთხვევაში, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა სხვა ფაზაში გადავიდოდა; მხარეები ნელ-ნელა მივიდოდნენ იქამდე, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან უკვე, აბაშიძე და კარასინი კი არა, ქვეყნის პირველი პირები დასხდებოდნენ. სავარაუდოდ, სწორედ ასეთ შეხვედრაზე გაირკვეოდა რეალობა _ დაინახავდა ხალხი, რომ რუსეთთან საუბარი შეიძლება, რომ კონფლიქტების მოგვარებაზე საუბარი შეიძლება, რომ ყინულის ის დიდი მასა, რომელიც სწორედ ევროპამ და ამერიკამ შემოახვიეს საქართველოს, შესაძლებელია, ნელ-ნელა გალღვეს.

ჰოდა, სანამ ხელისუფლება სირაქლემის პოზაში იქნება, სანამ მკაცრად არ უპასუხებს იმ გამოხდომებსა და პროვოკაციებზე, რომლებიც ძალიან გახშირდა ბოლო პერიოდში, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ყველა მიმართულებით, მანამდე ამ დღეში ვიქნებით. ერთი მხრივ, ნათლად ჩანს, რომ რუსული ბაზრის გარდა სხვა ალტერნატივა არ გვაქვს; მეორე მხრივ კი, ამ ბაზრის დაკარგვას ხელისუფლება წინააღმდეგობას ვერ უწევს. არადა, სწორედ ეს არის ოპოზიციისა და დასავლეთის მიზანი, რომელსაც ნაბიჯნაბიჯ აღწევენ კიდეც.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here