საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” ერთობლივი პროექტი
რუბრიკას უძღვება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი.
ქერის მოვლა–მოყვანის აგროტექნოლოგია ითვალისწინებს ჯიშის პოტენციური შესაძლებლობის მაქსიმალურ რეალიზაციას წარმოებაში. ეს შესაძლებელია მაშინ, როცა ქერის აგროტექნოლოგიის ყველა ფაქტორი, წინამორბედის შერჩევით დაწყებული და მოსავლის აღებით დამთავრებული, სრულდება დროულად და მაღალხარისხიანად. ერთი რომელიმე ფაქტორის მთლიანად ან ნაწილობრივი შეუსრულებლობა მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს საბოლოო შედეგზე.
საშემოდგომო ქერი შეიძლება დაითესოს სხვადასხვა წინამორბედის შემდეგ. საწარმოო პირობებში იგი უფრო ხშირად სიმინდის, მზესუმზირისა და სამარცვლე პარკოსნების შემდეგ ითესება. საშემოდგომო ქერი უფრო ადრე ათავისუფლებს ფართობს და მის შემდეგ შეიძლება ისეთი კულტურების მეორე მოსავლის მიღება, როგორიცაა: სიმინდი, სუდანურა, წიწიბურა, ლობიო და სხვ. მოსავლიანობით საშემოდგომო ქერი სჯობს საგაზაფხულოს.
ნიადაგის დამუშავება
საშემოდგომო ქერისთვის ნიადაგის დამუშავება იწყება ნაწვერალის აჩეჩვით, რომელსაც უნდა მოჰყვეს ხვნა სრულ სიღრმეზე (25-27სმ.) ზედ მიყოლებული ფარცხვით გარდი-გარდმო მიმართულებით. თესვის წინ ტარდება კულტივაცია ჩათესვის სიღრმეზე. თესვამდე ნიადაგი უნდა დამუშავდეს არანაკლებ 15-20 დღით ადრე.
თავთავიანების ნაწვერალი უნდა დამუშავდეს ბრტყელმჭრელი ღრმად გამაფხვიერებლით 22–25 სმ სიღრმეზე, ხოლო თესვამდე _ ბრტყელმჭრელი კუტლივატორით 8-10 სმ-ზე. თესვის წინ ტარდება ფარცხვა.
ნასიმინდარ და ნამზესუმზირალ მინდორში ჯერ უნდა ჩატარდეს სიმინდისა და მზესუმზირის ღეროების დაქუცმაცება დისკოებიანი ფარცხით, ხოლო შემდეგ დამუშავდეს ღრმად გამაფხვიერებლით 22-25 სმ სიღრმეზე. თესვის წინ ტარდება ფარცხვა. ასეთივე წესით უნდა დამუშავდეს სამარცვლე პარკოსანი კულტურებით (ლობიო, სოიო და მწვანე საკვებად ან თივად ნათესი ერთწლოვანი მარცვლოვანი და პარკოსანი კულტურებით) დაკავებული მინდორი.
აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავ მიწებზე მრავალწლოვანი ბალახების კორდის მოხვნა რეკომენდებულია 20 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე წინმხვნელიანი გუთნით 25-27 სმ სიღრმეზე. ურწყავ ადგილებში კორდი უნდა მოიხნას ბალახნარის პირველი გამოჩენისთანავე. კორდის თესვისწინა დამუშავება, ნასიმინდარის მსგავსად, უნდა ჩატარდეს მხოლოდ მძიმე დისკოებიანი ფარცხით. საგაზაფხულო ქერის დასათესად მზრალი უნდა დაიფარცხოს ხნულის გარდიგარდმო.
წყლისმიერი ეროზიის ზონებში ხვნა, ხნულის დამუშავება, თესვა და ნათესის მოვლის სამუშაოები ტარდება ფერდობის გარდიგარდმო მიმართულებით. 3-44 გრადუსი დახრილობის ფერდობებზე ნიადაგის დასაცავად რეკომენდებულია განივი კონტურული დამუშავება. 5-გრადუსიანი დახრილობის ფერდობზე უფრო ეეფქტიანია, ღრმად ხვნასთან ერთად, ბაზოების გაკეთება გუთნის ბოლო ტანზე დაყენებული დაგრძელებული თათით, რომელიც ხნულის ზედაპირზე ყოველი 150 სმ-ის შემდეგ წარმოქმნის შემაღლებულ ბაზოს.
ქარისმიერი ეროზიის ზონებში სარწყავ მიწებზე მრავალწლოვანი ბალახების კორდი უნდა დამუშავდეს ბელტის გადაუბრუნებლად ბრტყელმჭრელი კულტივატორით 10-12 სმ სიღრმეზე, ზედაპირზე ნაწვერალის შენარჩუნებით, აგვისტოს მესამე დეკადიდან სექტემბრის მეორე დეკადამდე. 8-10 დღის შემდეგ დამუშავება ტარდება ბრტყელმჭრელი ღრმად გამაფხვიერებელით 25-27 სმ სიღრმეზე. თესვის წინ ტარდება ფარცხვა. ურწყავ მიწებზე კორდი პირველი გათიბვისთანავე უნდა დამუშავდეს ბრტყელმჭრელი კულტივატორით 10-12 სმ სიღრმეზე, გაფხვიერება ხდება 25-27 სმ სიღრმეზე ღრმადგამაფხვიერებლით. თესვის წინ ტარდება ფარცხვა.
თესლის მომზადება და თესვა
ფესვის სიდამპლისა და სოკოვანი დაავადებების საწინააღმდეგოდ მნიშვნელოვანია თესლის თესვისწინა დამუშავება.
თესლი უნდა იყოს კონკრეტული ზონისთვის რეკომენდებული ჯიშის და პასუხობდეს გათვალისწინებულ კონდიციას. უნდა დაითესოს მხოლოდ სერტიფიცირებული თესლი. სათესლედ გამოყენებული უნდა იყოს მსხვილი მარცვალი. სათესლე მასალას ჯიშური სიწმინდე უნდა ჰქონდეს 99 %, აღმოცენების უნარი _ 95 %, მაღალი სასოფლო სამეურნეო ვარგისიანობა. ასეთი თესლი მაღალ მოსავალს გვაძლევს.
დათესვამდე რეკომენდებულია თესლის გაწმენდა, დახარისხება და ფიტოექსპერტიზა, ნიადაგის გამოკვლევა მავთულა ჭიების, მღრღნელი ხვატარების რაოდენობის დასადგენად. 1 მ2-ზე 5-8-ზე მეტი ცრუ მავთულა და მავთულა ჭიების აღმოჩენისას ნიადაგი უნდა დამუშავდეს გრანულირებული პესტიციდებით.
ითესება შემოდგომაზე, სექტემბერ-ოქტომბერში, ასევე, ადრე გაზაფხულზე. როგორც საშემოდგომო, ისე საგაზაფხულო ქერი ითესება მწკრივად. არსებობს მწკრივად თესვის რამდენიმე წესი:
ა. ჩვეულებრივი მწკრივი _ მწკრივთაშორისი მანძილი 15 სმ;
ბ. ვიწრო მწკრივი _ მწკრივთაშორისი მანძილი 7,5 სმ;
გ. ჯვარედინი დათესვა. ქარისმიერი ეროზიის ზონებში რეკომენდებულია ვიწრო მწკრივად თესვა.
საქართველოს ნიადაგურ-კლიმატური პირობების მიხედვით, საშემოდგომო ქერის თესვის ნორმები განსხვავებულია: გურჯაანის, თელავის, ყვარლის, ლაგოდეხის რაიონებში თესვის ნორმაა 4,5-5,0 მილიონი მარცვალი ჰექტარზე (წონითი რაოდენობით 220-240 კგ/ჰა); დედოფლისწყაროს, სიღნაღის, მცხეთის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, საგარეჯოს, გორის, ქარელის, ხაშურის რაიონებში _ 5,0-5,5; წალკა, ახალქალაქის რაიონებში _ 6,0-6.5; დმანისის, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომის, ასპინძის რაიონებში _ 5.0-5,5; თეთრიწყაროს, თიანეთის, დუშეთის, სამაჩაბლოს რაიონებში– 5,5-6,0; იმერეთში _ 5,0-5,5 მილიონი მარცვალი ჰექტარზე.
ქერის თესლის ჩათესვის სიღრმე ნიადაგის კონკრეტულ მდგომარეობაზე დამოკიდებულებით მერყეობს 4-6 სმ-ის ფარგლებში. ქარისმიერი ეროზიის ზონაში თესვა წარმოებს 1-2 სმ-ით უფრო ღრმად. თესვა უფრო ღრმად წარმოებს, ასევე, მსუბუქ და მშრალ ნიადაგებში.
ნათესების მოვლა
თესვის შემდეგ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ნათესის მოვლას.
მნიშვნელოვანია ნათესების დაცვა სხვადახვა სახის სარეველა მცენარეებისაგან, მათ შორის არის წიწმატურა, ყანის ჭლექი, მინდვრის ღიჭა, ხვართქლა, შალაფა, ყანის ბირკა, თეთრი ნარი, შვრიუკა, ნაცარქათამა, ღვარძლი, მათრობელა, ველური კანაფი, ქუთქუთა, ძურწა და სხვ.
ჰერბიციდების შესხურება ხდება მცენარის ბარტყობის ფაზაში, როდესაც ჰაერის ტემპერატურა 12-150 C-ს მიაღწევს. ჰერბიციდების ხსნარის ხარჯვის ნორმა მიწისზედა შემასხურებლით შესხურებისას შეადგენს 200-250-350-450 ლ/ჰა;
მღრღნელების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოებს შემოდგომაზე. გამოიყენება შხამით დამუშავებული მისატყუებელი მასალა: თუთიის ფოსფიდი.
თუთიის ფოსფიდის შემცველობა მისატყუებელ მასალაში 2,5-5%-ია, შეტანა ხდება ბადის მეთოდით ყოველ 5-10 მეტრში, იყენებენ სპეციალურ გრძელტარიან კოვზს ან გამფანტველებს, აქტიურ სოროში შეიტანენ 5-10 გრამ მზა მისატყუებელს. ასევე შეიძლება გამოვიყენოთ პრეპარატი შტორმი 0,7-1,5 კგ/ჰა.
განოყიერება
ქერის მოსავლიანობაზე დიდ გავლენას ახდენს სასუქების გამოყენება. ძირითად სასუქად ითვლება ნაკელი, რომელიც შეიტანება ხვნის წინ საშუალოდ 20-25 ტონა/ჰა-ზე. ზოგჯერ ნაკელი შეაქვთ ქერის დათესვის წინ.
დადგენილია, რომ მინერალური სასუქები ქერის მარცვლის მოსავალს მნიშვნელოვნად ზრდის. ფოსფორ-კალიუმიანი სასუქების დოზების განსაზღვრისას საჭიროა ნიადაგში აღნიშნული ელემენტების შესათვისებელი ფორმების არსებული რაოდენობის გათვალისწინება. აზოტოვანი სასუქების დოზა უნდა დადგინდეს წინამორბედი კულტურისა და ნიადაგის ნაყოფიერების მიხედვით. ძირითადი საკვები ელემენტების საშუალო დოზები შემდეგ ფარგლებში მერყეობს: აზოტი _ 90-120-150 კგ/ჰა-ზე; ფოსფორი _ 90 -120-130 კგ/ჰა-ზე; კალიუმი _ 60-90 კგ/ჰა-ზე;
ურწყავ, მშრალ, გვალვიან და ტენით ნაკლებად უზრუნველყოფილ მიწებზე უკეთეს შედეგს იძლევა სამივე ელემენტის მთლიანი დოზის შეტანა ხვნის წინ ან ნიადაგის თესვისწინა დამუშავების დროს.
სარწყავით უზრუნველყოფის პირობებში მიზანშეწონილია ფოსფორ-კალიუმიანი სასუქების მთლიანი დოზის და აზოტიანი სასუქის დოზის 1/3-ის ხვნის ან თესვის წინ შეტანა, ხოლო 2/3-ის გამოკვებაში შეტანა აღერების დაწყებამდე.
ნათესის სავეგეტაციო მორწყვა უნდა ჩატარდეს მაშინ, როცა ნიადაგში ტენი ზღვრული ტევადობის 70-80%-ზე დაბლა დაიწევს. მორწყვა ტარდება მიგდებით, გაჟონვით ან დაწვიმებით მოთხოვნების მიხედვით _ მარტის მესამე დეკადიდან მაისის ბოლომდე.
მოსავლის აღების პერიოდი ემთხვევა ჰაერის მაღალ ტემპერატურას. მოსავალი რომ არ დაიკარგოს, აღება უნდა ჩატარდეს კომბაინით, სრული სიმწიფის დასაწყისში. მარცვლის ტენიანობა უნდა იყოს 16-18 %. აღების ვადებისგან დამოუკიდებლად ქერი აღებული უნდა იქნეს 9-10 დღის განმავლობაში.
ოთარ ლიპარტელიანი,
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
ზეინაბ სარალიძე,
გოჩა წერეთელი,
სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორები