საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” ერთობლივი პროექტი
რუბრიკას უძღვება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი.
ქერი მსოფლიოს უძველესი კულტურაა, 7000 წლის წინანდელი. მოიცავს 50 სახეობას და ზღვის დონიდან 5000 მეტრამდე ადგილებზეა გავრცელებული. ქერის წარმოშობის კერად საქართველო და, საერთოდ, ამიერკავკასია ითვლება.
ქერი მაღალხარისხიანი კონცენტრირებული საკვებია და, ამ მხრივ, ჯობნის სიმინდს. მთიანი რაიონებისთვის ქერი წარმოადგენს სასურსათო პროდუქტს, მას იყენებენ, როგორც პურს. საქართველოში ითესება თითქმის ყველა კლიმატურ ზონაში. მისი მრავალმხრივი გამოყენება განპირობებულია მარცვლის ფერმენტული და ქიმიური შემცველობით, განსაკუთრებით _ დიასტაზით. მარცვლიდან იღებენ ფქვილს, ბურღულს. ნამჯა შეუცვლელი საკვებია მეცხოველეობაში. ხელს უწყობს ხორცის ხარისხის ამაღლებასა და კვერცხის დადებას. ქერი გამოიყენება მედიცინაშიც: დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, კარგი საშუალებაა თირკმლების დაავადების წინააღმდეგ. რაც მთავარია, ქერი უძველესი დროიდან გამოიყენება ლუდის წარმოებაში. მისგან ამზადებენ, აგრეთვე, ყავის კომპონენტებს. სალუდედ კარგია ქერის ისეთი ჯიშები, რომელთა მარცვალი დიდი რაოდენობით სახამებელს და მცირე რაოდენობით ცილას შეიცვს. სალუდე ქერის ჯიშებში ცილა 9-დან 12%-მდეა, სახამებელი _ 60-70%, ექსტრაქტი _ 75%. ქერის მარცვალი არის მინისებური და ფქვილისებური. მინისებურება მიგვითითებს ცილების მაღალ შემცველობაზე. ფქვილისებური მარცვალი ადვილად ექვემდებარება დაალაოების პროცესს და გვაძლევს დამაკმაყოფილებელი ხარისხის ალაოს. ქერის მოსავლიანობისა და მისი ხარისხის გაუმჯობესების ძირითადი ფაქტორია ჯიში და თესლი. ამ ორი ფაქტორის მიღწევებით ამერიკისა და ევროპის მოწინავე ქვეყნებმა ქერის მოსავლიანობა 58%-ით გაზარდეს. საქართველოში გასული საუკუნის 80-იან წლებში ქერი ითესებოდა 50-ათას ჰექტარზე და ჰექტარზე საშუალო მოსავალი შეადგენდა 24 ცენტნერს. ამჟამად ქერი ითესება 20 000 ჰა და საშუალო მოსავალი შეადგენს 11 ცენტნერს ჰექტარზე. დაბალმოსავლიანობის მიზეზი არარეკომენდებული ჯიშების უხარისხო თესლით თესვა და მოვლა-მოყვანის რეკომენდებული ტექნოლოგიის დაუცველობაა.
ქერის სელექციის შედეგები საქართველოში
ქერის სელექცია საქართველოში გასული საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო ბოტანიკის ინსტიტუტის სელექციის განყოფილებაში და მცხეთის სასელექციო სადგურში. სელექციის პირველ ეტაპზე ჩატარდა ქვეყანაში არსებული ქერის ადგილობრივი ხალხური სელექციით მიღებული ჯიშების შეგროვება, შესწავლა და უკეთესების დანერგვა წარმოებაში.
საქართველოში უხსოვარი დროიდან არის ცნობილი ქერის ბიოლოგიური ჯგუფის სამი ჯიში: საგაზაფხულო, საშემოდგომო და ორთესელა. საგაზაფხულოს მიეკუთვნება ქერის ის ჯიშები, რომლებიც მხოლოდ გაზაფხულზე თესვისას ვითარდება და იძლევა მოსავალს. ქერის საშემოდგომო ჯიშები გაზაფხულზე თესვისას მართალია აღმოცენდება, მაგრამ არ აღერდება და არ თავთავდება. ამ ჯგუფის ჯიშები მხოლოდ შემოდგომაზე თესვისას იძლევა მოსავალს. ორთესელა ჯიშები, ნორმალურად იზრდება, ვითარდება და იძლევა მოსავალს, როგორც გაზაფხულზე, ისე შემოდგომაზე თესვისას. ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ექსტრემალურ პირობებში, როდესაც საშემოდგომო ქერის ნათესების დიდი მასივების განადგურება ემუქრება. ყოფილა შემთხვევა, როცა ბუნებრივი ფაქტორების ან მავნებელ-დაავადებების გავლენით განადგურებულა ათასობით ჰექტარი ნათესი (შემოდგომის ადრიანი წაყინვები, ხანგრძლივი წვიმები, ქარი და სხვ.). ამ შემთხვევაში გამართლებულია ქერის შედარებით საადრეო ჯიშების გამოყენება.
სელექციის პირველ ეტაპზე გამორჩევის გზით მიღებული და დანერგილი იქნა წარმოებაში საშემოდგომო ქერის ორი ჯიში: პალიდუმ 196 და ტრები; საგაზაფხულო ქერის სამი ჯიში _ ნუტანს 32-28, კოლხიკუმ 10-20 და ჯავახეთის ახალთესლი.
სელექციის მეორე ეტაპზე ჯიშთაშორისი ჰიბრიდიზაციით და ამ პროცესში მსოფლიოს მასალის გამოყენებით გამოყვანილი და დანერგილი იქნა საშემოდგომო ქერის სამი ჯიში: ყაზბეგი, ძველთესლი და ზეს 5; საგაზაფხულო ქერის 2 ჯიში – ახალთესლი და დვორანი; ორთესელა, ფაკულტატური ბუნების 4 ჯიში _ თეთნულდი, ჯვარი, მცხეთა და ალავერდი. დასახელებული ჯიშები შესწავლილია ზონების მიხედვით ჯიშთა დაცვისა და გამოცდის სახელმწიფო ინსპექციის მიერ და რეკომენდებულია დასანერგავად. აღნიშნულ ჯიშებს შეუძლია უზრუნველყოს ჩვენს ქვეყანაში, როგორც მოსავლიანობის, ასევე ხარისხის საგრძნობლად გადიდება.
საქართველოში დარაიონებულია ქერის შემდეგი ჯიშები:
- საშემოდგომო ჯიშები
* ყაზბეგი-1. გამოყვანილია მიწათმოქმედების ინსტიტუტში მუტაგენეზის მეთოდით ადგილობრივი ჯიშიდან. მცენარის სიმაღლე 80-98 სმ-ია. ხასიათდება მოკლე და მტკიცე ღეროთი. ჩაწოლის მიმართ გამძლეა, თავთავი ფხიანია, კომპაქტური, არის ადრეული, სავეგეტაციო პერიოდი _ 217 დღე. ზამთარგამძლე და გვალვაგამძლეა. მარცვლის ჩაცვენა არ ახასიათებს. ათასი მარცვლის მასა 36,4 გრამია. რეკომენდებულია ქართლის სარწყავი ზონებისთვის.
* ძველთესლი. გამოყვანილია მიწათმოქმედების ინტიტუტის მცხეთის სასელექციო სადგურის მიერ მასობრივი გამორჩევით. ეკუთვნის სახესხვაობა პალიდუმს. არის ექვსმწკრივიანი, თავთავი მოჩალისფრო ყვითელია, მარცვალი _ დაკბილული, ოვალური ფორმის, 1000 მარცვლის მასა 40-50 გრამია. არის ზამთარგამძლე, არ წვება, ახასიათებს ძლიერი პროდუქტიული ბარტყობა.
* პალიდუმ 30-1. გამოყვანილია აზერბაიჯანის სასელექციო სადგურის მიერ. თავთავი ექვსმწკრივიანია, ფხიანი, ჩალისფერ-ყვითელი, საკმაოდ მკვრივი, ეკუთვნის სახესხვაობა პალიდუმს. მარცვალი დიდი ზომისაა, 1000 მარცვლის მასა 36-40 გრამია; ღერო _ საშუალო სიმაღლის, დაავადებებისა და მავნებლის მიმართ შედარებით გამძლეა. რეკომენდებულია საქართველოს სარწყავი და შემაღლებული ზონებისთვის.
* ტრები. გამოყვანილია ამერიკის შეერთებულ შტატებში. თავთავი მრავალმწკრივიანია, ფხიანი, ჩალისფერ-ყვითელი, ფხა გრძელი და უხეში, ძლიერ დაკბილული. ის ძნელად სცილდება თავთუნს, ეკუთვნის სახესხვაობა პალიდუმს. 1000 მარცვლის მასა 33-38 გრამია. ღერო საშუალო სიმაღლისაა. არის საშუალო საადრეო, გვალვაგამძლე, არ წვება, დაავადებებისა და მავნებლების მიმართ არის იმუნური. რეკომენდებულია საქართველოს სარწყავი რაიონებისთვის.
* ზეს-5. გამოყვანილია მიწათმოქმედების ინსტიტუტში გამა დასხივებით ჯიშ “ყაზბეგიდან”. არის მრავალმწკრივიანი, მიეკუთვნება სახესხვაობა ნუტანსს. მცენარის სიმაღლე 100-110 სმ-ია. 1000 მარცვლის მასა 40-43 გრამია. თავთავი მოყვითალო ნარინჯისფერია, მკვრივი, მარცვალი ელიფსისებური ფორმის, სავეგეტაციო პერიოდი 201 დღეა. არის დაავადებებისადმი და ჩაწოლისადმი გამძლე. ითესება მხოლოდ შემოდგომაზე. მისი საშუალო საჰექტრო მოსავალი 57 ცენტნერია.
- საგაზაფხულო ჯიშები
* ნუტანსი 032-28. გამოყვანილია მიწათმოქმედების ინსტიტუტის მცხეთის სასელექციო სადგურის მიერ ინდივიდუალური გამორჩევის მეთოდით. თავთავი ორმწკრივიანი, ღია ყვითელი ფერისაა. ეკუთვნის სახესხვაობა ნუტანსს. ხასიათდება მაღალი და მტკიცე ღეროთი. 1000 მარცვლის მასა 39-40 გრამია. საშუალო მოსავალი ჰექტარზე 24 ცენტნერს შეადგენს. დარაიონებულია საქართველოს, როგორც სარწყავი, ისე ურწყავი ზონებისთვის.
* კოლხიკუმი 10-30. გამოყვანილია მიწათმოქმედების ინსტიტუტის მცხეთის სასელექციო სადგურის მიერ ინდივიდუალური გამორჩევის მეთოდით. არის საგაზაფხულო, კარგად ბარტყობს, ღერო საშუალო სიმაღლისაა, გამძლეა დაავადებებისადმი. რეკომენდებულია საქართველოს ურწყავი რაიონებისთვის.
* ჯავახეთის ახალთესლი. არის ადგილობრივი ჯიში, გაუმჯობესებული მიწათმოქმედების ინსტიტუტის მცხეთის სასელექციო სადგურის მიერ. ეკუთვნის სახესხვაობა ნუტანსს. თავთავი ორ მწკრივიანია, ჩალისფერ-ყვითელი. მთიანი ზონის ფორმაა, ადრეული, გაზაფხულის ყინვებისადმი გამძლეა, დაბალტანიანი და არ წვება. მთიან ზონაში მისი საჰექტარო მოსავალი შედაგენს 21 ცენტნერს. 1000 მარცვლის მასა მაღალია და შეადგენს 45 გრამს. დარაიონებულია საქართველოს მთიანი რაიონებისთვის.
- ქერის ორთესელა, ანუ ფაკულტატური ჯიშები.
* თეთნულდი. გამოყვანილია მიწათმოქმედების ინსტიტუტის მცხეთის სასელექციო სადგურში. არის ბიოლოგიურად ორთესელა, შეიძლება დაითესოს როგორც გაზაფხულზე, ასევე შემოდგომაზე. თავთავი ორრიგიანია, არ წვება, ხასიათდება მაღალი მოსავლიანობით და დაავადება-მავნებლებისადმი გამძლეობით. შემოდგომაზე თესვის დროს მისი პოტენციალური მოსავალი 6-7 ტონაა ჰექტარზე, გაზაფხულზე თესვისას _ 4-5 ტონა ჰექტარზე. რეკომენდებულია ქერის მთესველი ყველა რაიონისთვის.
* ჯვარი. გამოყვანილია მიწათმოქმედების ინსტიტუტის მცხეთის სასელექციო სადგურში საფრანგეთიდან მიღებული კოლექციის მრავალჯერადი ინდივიდუალური გამორჩევის მეთოდით. არის ორთესელა, შეიძლება მოვიყვანოთ, როგორც შემოდგომით, ასევე გაზაფხულზე თესვის პირობებში. არის ორრიგიანი, დაავადება-მავნებლების, ასევე, ჩაწოლის მიმართ გამძლე, მრავალპროდუქტიული, მისი პოტენციალური მოსავალი ჰექტარზე საშუალოდ 4,5-7 ტონას შეადგენს. 1000 მარცვლის მასა 40-45 გრამია. დარაიონებულია საქართველოში ქერის მთესველი ყველა რაიონისთვის.
* ალავერდი. გამოყვანილია მიწათმოქმედების ინსტიტუტში მრავალჯერადი მასიური გამორჩევით კოლექციის ნიმუშებიდან. არის ბიოლოგიურად ორთესელა, შეიძლება დაითესოს, როგორც გაზაფხულზე, ასევე შემოდგომაზე. თავთავი ორრიგიანია, ხასიათდება მაღალი მოსავლიანობით და დაავადება-მავნებლებისადმი გამძლეობით, არ წვება. შემოდგომაზე თესვის დროს მისი საშუალო მოსავალი 4,5 ტონაა ჰექტარზე. 1000 მარცვლის მასა შეადგენს 44 გრამს. ბარტყობა 2,4. მცენარის სიმაღლე 90-100 სმ-ია. თავთავი _ სწორი, ჩალისფერ-მოყვითალო, სიგრძით 10 სმ, გამოიყენება ლუდის წარმოებაში. მარცვალში ცილის შემცველობა 10,5 %-ია. ექვემდებარება მექანიზირებულ აღებას. მისი გავრცელების არეალია ქერის მთესველი ყველა რაიონი.
* მცხეთა. გამოყვანილია მიწათმოქმედების ინსტიტუტის მცხეთის სასელექციო სადგურში უკრაინიდან მიღებული კოლექციიდან მრავალჯერადი ინდივიდუალური გამორჩევის მეთოდით. არის ფაკულტატური ბუნების, ითესება როგორც შემოდგომაზე, აგრეთვე, გაზაფხულზე. თავთავი ორრიგიანია, მაღალმოსავლიანი, მისი პოტენციური მოსავალი შეადგენს: შემოდგომაზე თესვისას _ 6-6,5 ტონას და გაზაფხულზე თესვისას _ 4-4,5 ტონას ჰექტარზე. მცენარის საშუალო სიმაღლე 95-100 სმ-ია. მცენარე გამძლეა, როგორც დაავადება-მავნებლების, ასევე ჩაწოლის მიმართ.
(გაგრძელება შემდეგ ნომერში)
ოთარ ლიპარტელიანი,
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
ზეინაბ სარალიძე,
გოჩა წერეთელი,
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორები