“დედა ენას” _ ქართული ანბანის სწავლების იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს _ 2013 წელს კულტურის სამინისტრომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა, ხოლო 2014 წელს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მას განესაზღვრა ეროვნული კატეგორია; ძეგლი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ელემენტს იუნესკოს მიერ საკაცობრიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლისა _ ქართული ანბანისა.
ყოველივე ეს სახელმწიფოს ავალდებულებს, უზრუნველყოს ამ ძეგლის სიცოცხლისუნარიანობა და დაიცვას იგი. სწორედ ამ მიზნით 2018 წელს განათლების მინისტრის, ბატონ მერაბ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, შექმნა საგანგებო კომისია, რომელსაც დაევალა, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლის საფუძველზე სასკოლოდ გადაემუშავებინა ი. გოგებაშვილის “დედა ენა”; ამ საქმის ინიციატორი და ძირითადი შემსრულებელი იყო იაკობ გოგებაშვილის საზოგადოება. კომისიის მუშაობას ზედამხედველობას უწევდა მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია. კომისიამ (თავმჯდომარე აკად. ავთანდილ არაბული) დათქმულ ვადებში დაასრულა სამუშაო და იაკობ გოგებაშვილის პრინციპების გათვალისწინებით სასკოლოდ მოამზადა იაკობ გოგებაშვილის “დედა ენა”. გაუგებარი მიზეზების გამო, განათლების სამინისტრომ არ შეასრულა დაპირება და ეროვნული სკოლა დარჩა “დედა ენის” გარეშე! “დედა ენა”, ფაქტობრივად, შეეწირა გრიფირების სისტემაში არსებულ უკანონობას. ეს კი შეიქნა ქართული საზოგადოების სამართლიანი აღშფოთების მიზეზი. სწორედ ამ მიზეზით 2018 წლის 11 ოქტომბერს, ფართო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, ენათმეცნიერების ინსტიტუტში გაიმართა შეკრება თემაზე: “გადავარჩინოთ იაკობ გოგებაშვილის “დედა ენა”; დავუბრუნოთ იგი ქართულ სკოლას!”
“თუ ქართულ სკოლაში “დედა ენა” არ იქნება, გადარჩენა არ გვიწერია”
დეკანოზი კონსტანტინე (გიორგაძე), იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების თავმჯდომარე:
_ ჩვენი შეხვედრა არც პროტესტია და არც პოლიტიკური აქტი. ჩვენ შევიკრიბეთ, რათა ერი და ბერი ერთად დავდგეთ, მთავრობამ და მხედრობამ კი სულიერი გამოღვიძება განიცადოს.
ბევრი ჩვენნაირი პატარა ერი დრომ და ისტორიამ გააქრო, ქართველები დღემდე მოვედით და ფეხზეც ვდგავართ. ჩვენ ენამ, მამულმა და სარწმუნოებამ გადაგვარჩინა. დღეს ამ სამი ბურჯიდან თითქმის აღარაფერი შეგვრჩა. მიწა და სარწმუნოება გადამთიელებმა გაგვინადგურეს, ხოლო ენას ჩვენვე ვებრძვით.
საქართველოს არ ახსოვს მსგავსი რამ, რაც დღეს მოხდა _ “დედა ენა” ამოიღეს სკოლიდან. წინა წლებში “დედა ენა” ეწერა წიგნს, მართალია, ის არ იყო “დედა ენა”, მაგრამ ახლა “დედა ენაც” აღარ აწერია. “დედა ენიდან” ხომ მადლი გადმოდის?! “დედა ენა” იაკობ გოგებაშვილის საავტორი სიტყვაა, მანამდე ეს არავის გამოუყენებია. სამწუხაროდ, დღეს ისეთი ქართველებიც არსებობენ, რომლებიც ამბობენ, 21-ე საუკუნეში დედა ენა რა საჭიროაო.
_ რატომ აღარ ასწავლიან “დედა ენას”?
_ ეს ჩვენ არ ვიცით. ვიცით ის, რომ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შემდეგ იაკობ გოგებაშვილს პატრონი აღარ ჰყოლია, თუმცა მისი სწავლება არ შეწყვეტილა. ამ საუკუნის დასაწყისში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აკურთხა იაკობ გოგებაშვილის საზოგადოება და ჩვენ ვიკისრეთ “დედა ენის” მოვლა-პატრონობა, მაგრამ, როგორც იაკობ გოგებაშვილი ამბობდა, “დედა ენის” დაწერას გაცილებით ნაკლები დრო მოვანდომე, ვიდრე მის დაცვასო, ჩვენც ასე გვიწევს მისი დაცვა. არ გვინდოდა, აქამდე მისულიყო საქმე და, გოგებაშვილის “დედა ენის” გამო, სრულიად საქართველო დამდგარიყო ფეხზე.
თუ ქართულ სკოლაში “დედა ენა” არ იქნება, ცხონება და გადარჩენა არ გვიწერია. “დედა ენაზე” გაზრდილი ბავშვი ზნეობრივად გამართულია.
საქართველოში არის 35 კულტურული ძეგლი, მათგან ხუთი ეროვნული კატეგორისაა. ქართული ენა ცოცხალ, ეროვნულ, კულტურულ ძეგლად აღიარეს. ეს აღიარება მოხდა ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში, სადაც 150 ადამიანი ფეხზე ადგა და ქართულ ანბანს ტაში დაუკრა, ამ დროს საქართველოში “დედა ენა” სწავლებიდან ამოიღეს. თუ დღეს დავთმობთ იმას, რომ “დედა ენა” არ ისწავლებოდეს, ხვალ ქართული ენის დათმობა მოგვიწევს, რადგან პრიორიტეტი ინგლისური ენა გახდა. მივმართავთ სრულიად საქართველოს, მთავრობასა და მხედრობას: ჩვენ დავარისხებთ განგაშის ზარებს და ვამცნობთ ყველას _ ქართულ სკოლაში “დედა ენა” აღარ არის!
იუნესკოს გადაწყვეტილების შემდეგ, გვინდოდა, “დედა ენა” კანონით დაცული ყოფილიყო, პარლამენტში კანონპროექტის ინიცირებას ვაკეთებდით, მაგრამ პროცესი გაჭიანურდა და ასეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. დღეს ჩვენ გვერდით არის სრულიად საქართველო _ ყველა უმაღლესი სასწავლებელი, სამეცნიერო დაწესებულება, კვლევითი ინსტიტუტი, რომელთა ჩამოთვლასაც გაზეთის ფორმატი არ ეყოფა.
“დღეს სკოლაში “დედა ენა” არ არის, სკოლა დარჩა გოგებაშვილის გარეშე”
გიორგი გოგოლაშვილი, ენათმეცნიერი, პროფესორი, იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების თანათავმჯდომარე:
_ საქართველოში ხუთი ეროვნული კატეგორიის არამატერიალური კულტურული ძეგლია: ქართული მრავალხმიანი სიმღერა, ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგია, ქართული ანბანი, “დედა ენა” და ქართული ჭიდაობა. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და უზრუნველყოს მისი სიცოცხლისუნარიანობა. თუკი ძეგლს მოაკლდება სიცოცხლისუნარიანობა, მას ძეგლის სტატუსს უჩერებენ. თუ იუნესკოს მოთხოვნებს ვერ შეასრულებს ქვეყანა, ძეგლის სტატუსი შეუჩერდება და ჩვენ ეს გამოცდილება, თანაც ძალიან მწარე, უკვე გვაქვს ბაგრატის ტაძრის მიმართ.
მსოფლიოში მხოლოდ ქართულ ანბანს აქვს საკაცობრიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და იმის გამო, რომ “დედა ენა” სასკოლო საგნების ნუსხიდან ამოიღეს, შესაძლოა, ქართულ ანბანსაც შეექმნას საფრთხე.
2009 წელს განათლების სამინისტროში გრიფირებისას 9 “დედა ენა” იყო წარდგენილი _ 9 ავტორის “დედა ენა”, გადამღერებული გოგებაშვილისგან, მაგრამ გოგებაშვილი ნახსენები არ იყო. გოგებაშვილს აქვს საავტორო უფლებები და ჩვენ მივმართეთ “საქსტანდარტსა” და “საქპატენტს”, ვთქვით, რომ ავტორის ძარცვასთან გვქონდა საქმე, მაგრამ მსგავს შემთხვევებს, არავინ დაგიდევთ.
მას შემდეგ, რაც “დედა ენამ” ძეგლის სტატუსი მიიღო, განათლების ყოფილ მინისტრებთან გვქონდა შეხვედრები; განათლების სამინისტრომ მიმართა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს, რომ, რადგან “დედა ენა” არის კულტურული ძეგლი, წარმოდგენილი ყველა სახელმძღვანელო, რომლებსაც ერქმევა “დედა ენა” და იქნება გოგებაშვილის მეთოდზე დამყარებული, უნდა შეესაბამებოდეს ძეგლს. უნდა შექმნილიყო კომისია, რომელიც “დედა ენის” შექმნისას იაკობისეულ “დედა ენასთან” შესაბამისობას დაადასტურებდა. საკონკურსოდ წარდგენილი იყო იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების მიერ მომზადებული გოგებაშვილის “დედა ენა”, დასკვნაც დადებითი იყო, მაგრამ განათლების სამინისტრომ ეს დასკვნა არ გაითვალისწინა და დღეს სკოლაში “დედა ენა” აღარ არის, სკოლა დარჩა გოგებაშვილის გარეშე. განათლების სამინისტროს ნებართვით სექტემბერში სკოლაში შევიდა ის სამი სახელმძღვანელო, რომლებსაც უარყოფითი დასკვნა ჰქონდა.
გოგებაშვილის “დედა ენის” სტატუსი, როგორც ძეგლისა, მოითხოვს, რომ განათლების სამინისტროში შეიქმნას სახელმწიფო კომისია, რომელიც გოგებაშვილის სიცოცხლეშივე გამოცემულ “დედა ენას” თანამედროვეობასთან შესაბამისობაში მოიყვანს და შეიტანს სკოლაში. წიგნში დაცული უნდა იყოს გოგებაშვილის პრიციპები, რომლებზე საუბარიც ახლა შორს წაგვიყვანს, რადგან უნიკალურია.
ყოფილმა მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა შექმნა ზემონახსენები კომისია, თავმჯდომარე იყო აკადემიკოსი ავთანდილ არაბული, წევრები: ენათმეცნიერები, ლიტერატურის მცოდნეები, მხატვრები, პედაგოგები, ფსიქოლოგები. კომისიამ დათქმულ დროში მოამზადა უნიკალური სახელმძღვანელო, მაგრამ გამოგვიცხადეს, _ რეორგანიზაციააო და გოგებაშვილი სკოლის მიღმა დატოვეს. სამაგიეროდ, სკოლაში შევიდა ისეთი ავტორების წიგნები, რომელთა სახელი და გვარიც, ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის, აქ დამსწრე საზოგადოებისთვის, უცხოა. სკოლაში შევიდა სამი წიგნი, რომლებშიც რამდენიმე ადგილას გადამღერებულია იაკობ გოგებაშვილი, მაგრამ სხვა ავტორის სახელი აწერია, რაც, მსუბუქად რომ ვთქვათ, პლაგიატია. არის სახელმძღვანელო, რომელიც არჩილ სულაკაურის გამოცემულია, სადაც “ა” ასოს სწავლება ატმით, ალუბლით, ასკლითა და აქლემით იწყება. ეს პირველი გაკვეთილია. “აი იას” პატრონები ბავშვებს რას ვთავაზობთ?!
“შეიძლება თამამად ითქვას, რომ “დედა ენის” შექმნა თავისი მნიშვნელობით უტოლდება ყველაზე დიდ წვლილს, რომელიც რომელიმე ჩვენს წინაპარს შეუტანია ჩვენი ერის ისტორიაში”, _ ეს სიტყვები გრიგოლ აბაშიძეს ეკუთვნის. სამწუხაროდ, დღეს “დედა ენა” უპატრონოდ დაგვრჩა. წელს ვეღარაფერს მოვახერხებთ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მომავალი წლიდან წიგნი სკოლაში შევიდეს. იაკობ გოგებაშვილისადმი ასეთი მოპყრობა ქართველი ერის ღალატია!
_ თუ სამართლებრივი გზით ვერაფერს მოახერხებთ და, ძალისხმევის მიუხედავად, მაინც არ დააბრუნეს სკოლაში “დედაენა”, რა ზომებს მიმართავთ?
_ პარლამენტში უკვე გვითხრეს, რომ ჩვენი ინიციატივა მიიღეს წარმოებაში, მაგრამ, თუკი “დედა ენის” დასაბრუნებლად შიმშილობა დამჭირდა, ამისთვისაც მზად ვარ. ვიშიმშილებ იქამდე, სანამ იაკობ გოგებაშვილს სკოლაში არ დავაბრუნებთ. ვიტოვებ იმედს, რომ, ვისაც ხელეწიფება ამ პრობლემის მოგვარება, გონიერება ეყოფა. წიგნის სკოლაში დაბრუნებას მხარს უჭერს ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება, შემოქმედებითი კავშირები, სრულიად საქართველო. პრობლემა მაინც მოუგვარებელი თუ დარჩა, ჩვენ გზადაგზა საზოგადოებას შევატყობინებთ, რას მოვიმოქმედებთ, მაგრამ ამ ეტაპზე ქუჩაში გასვლისგან თავს ვიკავებთ.
“ვამხილოთ ყველა, ვისაც წვლილი მიუძღვის იაკობ გოგებაშვილის სასწავლო პროგრამიდან ამოღებაში, დავბეჭდოთ მათი ფოტოები და გავაკრათ ყველგან, რათა ერი იცნობდეს თავის სამარცხვინო შვილებს”
ელგუჯა ბურდული, მსახიობი:
_ “დედა ენას” ამდენი მსჯელობა არ სჭირდება. დავწეროთ სტატია, ვამხილოთ ყველა, ვისაც წვლილი მიუძღვის იაკობ გოგებაშვილის სწავლებიდან ამოღებაში, დავბეჭდოთ ყველას ფოტოები და გავაკრათ ყველგან, რათა ერი იცნობდეს თავის სამარცხვინო შვილებს. ამისთვის თუ ფულია საჭირო, ამ ფულს მეც გავიღებ.
“გოგებაშვილს კი არა, ფულის გულისთვის დედის საფლავსაც სიხარულით გაყიდიან”
მაყვალა გონაშვილი, მწერალთა კავშირის თავმჯდომარე:
_ აქ ითქვა, რომ ვიღაცას შეცდომა მოუვიდა და ამიტომ აღარ არის “დედა ენა” სკოლაში, მაგრამ არავის არაფერი ეშლება, ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება. იყო დრო, როდესაც ქართული ენის დასაცავად ქუჩაში ვიდექით, მაგრამ მაშინ ვიცოდით, ვის ვებრძოდით. ახლა ისეთი განცდა მაქვს, რომ ცუდ სიზმარში ვარ და აღარასოდეს დასრულდება. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ერთ დღეს მწერალთა კავშირში შემოიჭრებოდნენ, გალაკტიონის, ვაჟას, ილიას წიგნებზე ირბენდნენ, ფანჯრებიდან გადაყრიდნენ უდიდეს საგანძურს და საქართველო გაჩუმდებოდა. იმ ხელისუფლებამ დედა გვიტირა, ამ ხელისუფლებას კი წერილი გავუგზავნეთ, როგორ ნადგურდება უნიკალური არქივები შენობის არარსებობის გამო, მაგრამ არავის აინტერესებს.
ფრანკფურტში წიგნის დღეებზე წაიყვანეს ისეთი ადამიანები, რომლებსაც ეროვნული ცნობიერება არ აქვთ, ლექსში “დედასამშობლო” არ აქვთ ნახსენები. ასე რომ, აღარაფერი მიკვირს, გოგებაშვილის სკოლიდან ამოღება იმის გაგრძელებაა, რაც წლების წინათ დაიწყო.
გოგებაშვილის ტრაგედია გაგრძელებაა იმის, რომ საქართველომ შოთა რუსთაველის იუბილე არ გადაიხადა. ჰამლეტ გონაშვილის იუბილის ჩატარებაზე ერთწინადადებიანი პასუხი მივიღეთ: “დარბაზი არ გვაქვს”. ეს გრძელდება დაუსრულებლად. დიდი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების იუბილეზე ფულს არ ყოფენ, ამიტომ არც აინტერესებთ, მაგრამ, თუ გამოჩნდა პროექტი, რომელზეც ფული გამოიყო, იმ წუთშივე რომელიმე მაღალჩინოსანი ჩაიჯიბავს.
მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ “დედა ენას” ძეგლის სტატუსი არ შეუნარჩუნდეს, ზუსტად ისე, როგორც ეს მოხდა “ცისკრისა” და ბაგრატის ტაძრის მიმართ. გოგებაშვილს კი არა, ფულის გულისთვის დედის საფლავსაც სიხარულით გაყიდიან.
ჩვენი დუმილი უდიდესი დანაშაულია, უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებელი. სირცხვილია, რომ დღეს იაკობ გოგებაშვილის “დედა ენაზე” ვსაუბრობთ ამდენს. მეტი სიმკაცრეა საჭირო. შვილებს გვიკლავენ ფულითა და უცხოეთით.
“ყველაფერი მზად გვქონდა იმისთვის, რომ გოგებაშვილის ძეგლი დაგვედგა ვარიანის გზაზე, მაგრამ, როგორც კი შეიტყვეს ეს ამბავი რაღაც ძალებმა, პოლიციის შენობა ჩადგეს”
ვალერი სუხიშვილი, გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი:
_ უნივერსიტეტში მოდიან ბავშვები, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ გოგებაშვილზე. ჩვენ ყველაფერი მზად გვქონდა იმისთვის, რომ გოგებაშვილის ძეგლი დაგვედგა ვარიანის გზაზე, მაგრამ, როგორც კი შეიტყვეს ეს ამბავი რაღაც ძალებმა, პოლიციის შენობა ჩადგეს. არადა, იქ მემორიალური დაფა იყო, რომელზეც ეწერა, რომ დაიდგმებოდა გოგებაშვილის ძეგლი.
საზოგადოების დიდი ნაწილი აქ არის, ჩვენ გვერდით, მაგრამ არის მეორე ნაწილი _ კუჭის მონები, რომლებიც უცხოური დაფინანსებისთვის ყველაფერს ყიდიან. თუ საჭირო შეიქნა, მთავრობის წევრებამდე უნდა მივიდეთ, დავსხდეთ და ვუთხრათ ჩვენი გულისტკივილი. ესენი ეროვნულობას, საქართველოს ებრძვიან. სიცოცხლის ფასადაც რომ დაგვიჯდეს, ჩვენი ეროვნულობა, ჩვენი სამშობლო უნდა გადავარჩინოთ. ეს ჩვენი თაობის ვალია.
“დედა ენის” სასწავლო პროგრამიდან ამოღება, დედის ძუძუ რომ გამოაცალო ბავშვს პირიდან, იმას ნიშნავს”
თემურ ჩალაბაშვილი, პოეტი:
_ მოთმინებამ გადაგვარჩინა ქართველები. მსჯელობა უფრო გვეხერხება, ვიდრე პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა. ამდენმა მსჯელობამ მათი თავგასულობა გამოიწვია, პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადავდგათ.
სასკოლო საგნების ნუსხიდან “დედა ენის” ამოღება, დედის ძუძუ რომ გამოაცალო ბავშვს პირიდან, იმას ნიშნავს. ერთმა ჩემმა მეგობარმა პოეტმა ასეთი სიტყვები დაწერა: “იავნანას ვერ მღერიან ძიძები, იავნანა დედამ უნდა იმღეროს”. ჩვენი შვილები კი იაკობ გოგებაშვილის “დედა ენით” უნდა გაიზარდონ.
რევოლუციას არ ვითხოვ, მაგრამ მეტი სიმკაცრე საჭიროა. მე, ერთი რიგითი ქართველი, მზად ვარ, ვიბრძოლო ისე, როგორც საჭიროება მოითხოვს.
30 წლის წინათ დაიწყო გოგებაშვილის აბუჩად აგდება, მაგრამ დღეს უკვე გადაწყვიტეს, მისი ხსენებაც აღარ იყოს სკოლებში. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაც ერთმა კაცმა გადაწყვიტა, ეს წიგნი ამოეღოთ სასკოლო პროგრამიდან.
_ განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს აბრალებთ ამ ყველაფერს?
_ რასაკვირველია, ამ უვარგისი რეფორმების ბრალია ყველაფერი. ჩვენ თუ არ გადავეცით მომავალ თაობებს, ვინ არის გოგებაშვილი, მათ საიდან ეცოდინებათ?! მიმდინარე რეფორმები მიმართულია ეროვნული ცნობიერების წაშლისკენ. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ბავშვებმა ქართულად არ იაზროვნონ. გოგებაშვილზე ილია ამბობდა, რომ ის ყველა ჩვენგანზე მაღალიაო და ამ ხელისუფლებისთვის ვერ გახდა დიდი.
_ გოგებაშვილის “დედა ენის” სასკოლო სახელმძღვანელოების სიიდან ამოღება _ ეს არის უვიცობით გამოწვეული პრობლემა თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება?
_ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ქვეყანაში არიან გოგებაშვილის მოყვარულები და “მოგებაშვილის” მოყვარულები. ჩვენი მთავრობა “მოგებაშვილის” მოყვარულია. ქვეყანა ფულის კეთებაზეა გადასული. ისეთი ადამიანები, როგორიც ხაზარაძეა, სწორედ იმ უმსგავსობებს აფინანსებენ, რომლებსაც ახლა ბავშვებს ასწავლიან სკოლაში. ხაზარაძე “დედა ენას” არასოდეს დააფინანსებს.
“გოგებაშვილი თავის სამშობლოში ჩაიწიხლა”
ავთანდილ არაბული, აკადემიკოსი:
_ გოგებაშვილი თავის სამშობლოში ჩაიწიხლა. მიმდინარე წლის სასწავლო პროცესში იაკობ გოგებაშვილის უკვდავ ძეგლს გზა გადაუკეტეს ქართული სკოლისკენ. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას “დედა ენა”. უნიკალურად მომზადებული “დედა ენა” სკოლის გარეთ დარჩა. განათლების სამინისტრომ პირობა არ შეასრულა და უნიკალური ძეგლი გრიფირებას შეეწირა. ჩვენ აღშფოთებულნი ვართ. კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ იაკობ გოგებაშვილის “დედა ენას” დაუბრუნდეს თავისი კუთვნილი ადგილი. უნდა დაისაჯოს ყველა ის პირი, რომლებმაც კანონის გვერდის ავლით მიიღეს გადაწყვეტილება და “დედა ენა” ჩაანაცვლეს.
მოამზადა
ეკა ნასყიდაშვილმა
Degradirebuli mtavroba gvyavs araperi mshobliuri agar sherchat
სახელწოდება – “დედა ენა” დიდი ხანია აღიზიანებს დასავლეთის იმ ქვეყნებს, რომლებსაც პრეტენზია აქვთ ყველაზე “მაღალერუდირებულობაზე” (ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია და ა.შ.). ამიტომ რომელიღაცა ქვეყნის მიერ მცნება “დედა ენა” მათ საკამათო მცნებად მიაჩნდათ, რადგან მათი ენის “დედა” სხვაგვარად აქვთ წარმოდგენილი. მათ არ აინტერესებთ ის ფაქტი, რომ ქართველისათვის “დედა ენის” შეურაცჰყოფა იგივე დედის შეგინებაა საქართველოზე. ხოლო ხელისუფლებაში მოკალათებული ვითომქართველების მხრიდან ბუნებრივია იმ უსახური ლობისტების მხარდაჭერა, რომლებსაც არამარტო სახელწოდება, არამეტ თვით ქართული ენაც კი აღიზიანებს.
დედაენას ასწავლიან კი არა, ჯაფარიძე გირჩმა და მისმა სამწყსომ (ქეშებმა და ნარკომანებმა) დედაენის ძეგლი წაგვიბილწეს ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. მიზანმიმართულად სწორედ იქ ქართულ მეობას – მამული, ენა სარწმუნოება ჩასცეს ლახვარი. ანუ მთელ ქართველობას და არა მარტო , საქართველოს, მის ისტორიას, ტრადიციებს საჯაროდ აფურთხეს! რა იყო ამაზე ერის რეაქცია – ნ უ ლ ი!
Mova dro rom am yvelaferze sisxlis gxvis fasad dagvijdeba erteulebs ra shegvidzlia araferi esyvelaferi xdeba mizanmimartulad eklesiebs gvixlichaven kartvel gens ebrdzvian magalitad es sorosis nabijvrebi bokerias tamadobit arasamtavroebi girchi da a.ch. amat tu ar gavdevnit sakartvelos da deda enas erdad davkargavt da es gauxardebat chvens shida da gare mtrebs magat dedas …….
დედამიწის ზურგზე ვერცერთი ქვეყანა ვერ დაიტრაბახებს ანბანის შესასწავლად “დედაენის” დონის წიგნი ჰქონდეს. დასანანია, რომ ასეთ განძს ვერ ვაფასებთ; გული მტკივა…
ბერცხენიშვილის ფინაჩურმა ჩიფჩიფმა შედეგი გამოიღო და დედა ენა გვერდზე გასწიეს.