Home რუბრიკები პოლიტიკა “ქართულმა ოცნებამ” დასავლეთის მონობის უღლის გადაგდება სცადა

“ქართულმა ოცნებამ” დასავლეთის მონობის უღლის გადაგდება სცადა

ეს ვერ აიტანეს “სტრატეგიულმა პარტნიორებმა”

19 აპრილის ხელშეკრულებიდან “ქართული ოცნების” გასვლამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. რაღა თქმა უნდა, ოპოზიციამ თქვა, რომ მმართველ გუნდს არჩევნებზე 43%-იანი მხარდაჭერის მოპოვების იმედი არ აქვს და ამიტომ ხელშეკრულების ანულირება მოახდინაო. “ოცნების” ლიდერებმა კი განაცხადეს, რომ მობეზრდათ “ნაციონალურ მოძრაობასთან” იწილო-ბიწილოს თამაში და ხელშეკრულება ამიტომ დატოვეს.

მართლაც, იმის მიუხედავად, რომ “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში შევიდა, თითქოს საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობაც დაიწყო, ხელშეკრულებას ხელს არ აწერდა. მიზეზი მარტივია _ ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე “ოცნება” ხმების 43%-ს აიღებდა და შემდეგ იტყოდნენ: ჩვენ დოკუმენტზე ხელი არ გვქონდა მოწერილი და მაინც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს მოვითხოვთო. ნაციონალებმა ყველაზე კარგად იციან, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობა არჩევნების გზით არასოდეს არ ექნებათ, ამიტომ იმდენი უნდა მოახერხონ, რომ საერთაშორისო წნეხის შედეგად კონტროლირებადი რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს, რომელიც ხშირად სწორედ ხელისუფლების გადაბარების პროცესის დასაწყისია. რევოლუციური მუხტის გაღვივება ვერ მოხერხდა და ერთადერთი გზა სწორედ საერთაშორისო წნეხია. აკი თქვა კიდეც გიგა ბოკერიამ: ხელისუფლებას მხოლოდ ორი რამის ეშინია _ საერთაშორისო ზემოქმედებისა და ქუჩაში ხალხის დიდი ოდენობით გამოსვლის, ზემოქმედება არის და ახლა ქუჩაში უნდა გავიდეთო, მაგრამ…

19 აპრილის ხელშეკრულებაზე უარის თქმის გამო, ხელისუფლება უკვე რამდენიმეჯერ გააკრიტიკა ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა. ის “ოცნებას” მოუწოდეს, დაბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და შეასრულოს შარლ მიშელის დოკუმენტში გაწერილი ვალდებულებები. “თითოეული განცხადება, რომელიც საქართველოს მეგობარმა ქვეყნებმა და მათ შორის ჩვენც გავაკეთეთ, აჩვენებს, როგორი იმედგაცრუებულები ვართ შეთანხმების დატოვების შესახებ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით. ეს იყო საუკეთესო გზამკვლევი, 6-თვიანი მოლაპარაკებების შედეგი იმ რეფორმების შესახებ, რომლებიც საქართველოს სჭირდება განახორციელოს. შეთანხმების მთავარი ღირებულება იყო პარტიების ერთობლივი მოლაპარაკება რეფორმების განსახორციელებლად. იმედი გვაქვს, რომ შეთანხმება გახდება მთავარი სტრუქტურული ჩარჩო პარტიებისთვის, რათა ერთობლივად იმუშაონ. ცალმხრივი რეფორმები საკმარისი არ არის, საქართველოს სჭირდება მრავალპარტიული რეფორმები. იმედი გვაქვს, რომ შეთანხმება ძალაში დარჩება და განაგრძობს იმ გზამკვლევის ფუნქციას, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია”, _ ეს არის დეგნანის ბოლო განცხადება მიმდინარე პროცესებზე.

აქედანაც კარგად ჩანს, რომ ქალბატონი კელი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და მინიშნებითაც კი არ ამბობს, რომ “ნაციონლურ მოძრაობას” დოკუმენტზე ხელი არ ჰქონდა მოწერილიო, ე.ი., მთავარ ოპოზიციურ ძალას არ ჰქონდა ვალდებულება აღნიშნული დოკუმენტის შესრულებისა. ამასთანავე, დეგნანი შეფარვით მიანიშნებს, რომ გადაწყვეტილებები მრავალპარტიული უნდა იყოს, ანუ კოალიციური მთავრობა უნდა შეიქმნასო. არაერთხელ დაგვიწერია და კიდევ გავიმეორებთ _ კოალიციურმა მთავრობამ არ იმუშავა არც ერთ სახელმწიფოში; მეტიც, კოალიციური მთავრობების ჩამოყალიბების შემდეგ ყველა სახელმწიფოში დაიწყო პოლიტიკური კრიზისი, რომელიც რიგგარეშე არჩევნებით დასრულდა. სწორედ ამისკენ მივყავართ დეგნანსაც და სწორედ ასე და ამ გზით სურს, საქართველოში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს, თორემ თვითონაც კარგად იცის, რომ 43%-იანი ბარიერის გადალახვა “ოცნებისთვის” პრობლემა არ არის. ამერიკის ელჩის მიერ მხოლოდ მმართველი ძალის ბოსტანში ქვების სროლა რასაც ემსახურება, კარგად ვხვდებით. მან ისიც თქვა: თუ ყველა შესაძლებლობა ამოიწურება, სანქციებზე ვიმსჯელებთო. არის თუ არა ეს რიგითი ამერიკელი მოხელის მუქარა ხელისუფლების მიმართ? რა თქმა უნდა, არის.

“ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთხელ სცადა დასავლეთის მონობის უღლის გადაგდება და სწორედ ეს ვერ აიტანეს “სტრატეგიულმა პარტნიორებმა”. ამიტომ იყო, ევროპარლამენტარები თუ ელჩები რომ აფუსფუსდნენ, საქართველოში ჩარტერული რეისებით ჩამოვიდნენ, აქაოდა, შარლ მიშელის უპატივცემულობა როგორ შეიძლება, დოკუმენტზე უარი არ თქვათო. მაინც გვგონია, რომ ხელისუფლება მიხვდა იმას, რასაც აქამდე ვწერდით _ დასავლეთი ამ დოკუმენტით იმყარებდა თავის პოზიციებს; რეალურად კი, ამ დოკუმენტს ჩვენთვის არ ჰქონდა არანირი სასარგებლო პუნქტი ან მუხლი, რომელიც, მაგალითად, მოსახლეობას ყოფას შეუმსუბუქებდა, ეკონომიკას წინ წაწევდა. ეს იყო ახალი კანონების ერთობლიობა, რომელიც დასავლეთს შესაძლებლობას მისცემდა, ნებისმიერ მომენტში გამოეწვია პოლიტიკური კრიზისი და თავის სასარგებლოდ დაეტრიალებინა ყველაფერი.

დასავლეთს არც იმაზე ჰქონია რეაქცია, როცა კიევიდან მიხეილ სააკაშვილი მოითხოვდა, მსხვერპლია საჭირო, ვინმე უნდა მოკვდეს, იმაზე რომ ავაგოთ ყველაფერიო. სამწუხაროდ, გარდაიცვალა ოპერატორი, მაგრამ ლექსო ლაშქარავას სიკვდილზე ვერ ააგო ოპოზიციამ საკუთარი გეგმები. და აგერ, მეორე ტრაგიკული შემთხვევა, რომელიც ძალიან, ძალიან საეჭვოდ მიება 19 აპრილის ხელშეკრულებიდან მმართველი გუნდის გასვლას. გაჩნდა მოწოდებები, რომ საქართველო სახიფათო ქვეყანაა, რომ აქ ჩამოსვლა სიცოცხლისთვის საშიშია, ოპოზიციური პარტიები კრიმინალის მომატებაზე აყაყანდნენ. სანამ კრიმინალსა და ოპოზიციის მთავარ პათოსზე გადავალთ, მცირე სტატისტიკას შემოგთავაებთ:

დანია _ 0,98;

ახალი ზელანდია _ 0,99;

საქართველო _ 0,99;

შვედეთი _ 1,08;

გერმანია _ 1,18;

ფინეთი _1,42;

ბელგია _1,95;

ესტონეთი _ 3,19;

ლიტვა _ 5,25.

ეს არის 100 000 მოსახლეზე მკვლელობათა რიცხვი. დღევანდელი მდგომარეობითაა ეს, ბატონებო, და რა გამოდის? საქართველოზე სახიფათო ქვეყანაა შვედეთი, ფინეთი, გერმანია, ბელგია… ხუთჯერ სახიფათოა ლიტვა… ის ლიტვა, რომელიც მიიჩნევს, რომ შეუძლია უაპელაციოდ დაგვარიგოს ჭკუა და რომელზე სწორებასაც გვავალდებულებს დასავლეთი და გვეუბნება, რომ ბალტიისპირეთის ამ ქვეყანას უნდა დავემსგავსოთ.

უცხოელის გარდაცვალებას საერთაშორისო რეზონანსი რომ მოჰყვებოდა, ადვილი მისახვედრი იყო. ახლა, როცა ევროპა რეგიონის ამბებს აშუქებს, მთავარ თემად თურქეთში სტიქია და საქართველოში ავსტრალიელი მასწავლებლის მკვლელობა აქვთ. მიზანი მიღწეულია, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველო ნეგატიურად გაშუქდა და ამით აღფრთოვანებულია სრულიად ოპოზიციური სპექტრი (რამდენიმე გამონაკლისის გარდა), არასამთავრობოები, ლიბერალური ფრთა და ყველა ერთ ხმაში გაჰკივის: ხელისუფლება უნდა წავიდეს, რადგან ვერ გვიცავსო. ძალიან მალე გააკეთებს მოწოდებას ოპოზიცია: ქუჩაში გავიდეთ, ხელისუფლების გადადგომა მოვითხოვოთო და ოპოზიციურმა არხებმაც უკვე მთავარ თემად ეს აქციეს. მერე რა, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენები ისტორიულ შედეგთან არიან ახლოს და მსოფლიოს აჩვენებენ, რომ პატარა ერის შვილებს შეუძლიათ, პირველები იყვნენ, მაგრამ ეს კარგი ამბავია და კარგი ამბავი არ უნდა გაშუქდეს. სოციალურ ქსელებში ნინო სალუქვაძეც გაგვილანძღეს, _ რა უნდოდა ოლიმპიადაზე, ხომ იცოდა, შედეგს ვერ დადებდაო. არადა, სალუქვაძის მონაწილეობას მეცხრე ოლიმპიადაზე CNN ცალკე გამოეხმაურა და ლეგენდარული სპორტსმენები _ ცალკე, საოცარია ქალბატონიაო.

სიკვდილით ვაჭრობა პოლიტიკური თამაშის ერთ-ერთ წესად იქცა. როგორ არ გავავლოთ პარალელი გიორგი სანაიას მკვლელობასთან, რომელიც იმხანად ასევე ოპოზიციაში მყოფმა “ნაციონალურმა მოძრაობამ” კარგად გამოიყენა და ხელისუფლებაში მოვიდა. “გაკვალულ გზაზე” გავლა ადვილია და ახლაც ანალოგიურს ცდილობენ, ამიტომ ვამბობთ, უფრო სწორად, მოვითხოვთ, რომ შს სამინისტრომ უმოკლეს ვადაში უნდა მოახერხოს დამნაშავის დაკავება და დაამტკიცოს, რომ ეს მკვლელობა ან ყოფით ნიადაგზე მოხდა, ან ვიღაცის ინტერესების გამო. თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით, ბევრი რამის გაგება უკვე დღეს და ხვალ შეიძლება, ამიტომ არ უნდა გაჯანჯლდეს, არ უნდა დამუხრუჭდეს; მითუმეტეს, იმის ფონზე, როცა ერთ-ერთმა ოპოზიციურმა არხმა უკვე კვირა დილით თქვა, გარდაცვლილი ქალის “დასახიჩრებული და ნაწამები სხეულიო”. ეს მაშინ, როცა არც დასახიჩრებასა და არც წამებაზე ინფორმაცია არ გავრცელებულა. იმავე ტელეკომპანიამ თქვა: ისიც გასარკვევია, ერთმა ადამიანმა იძალადა თუ რამდენიმემო. კვირა დილით არც ის იყო გარკვეული, მოხდა თუ არა ძალადობა. ამ განცხადებებიდანაც ნათლად ჩანს, რომ აღნიშნულ მკვლელობას ათასნაირად დაატრიალებენ, დაამძიმებენ, საერთაშორისო ასპარეზზე გაიტანენ, სოციალურ ქსელში “კედლიდან კედელზე ათრევენ”, ოღონდ კი ქვეყანას, იმ ქვეყანას, რომელშიც ცხოვრობენ, ჩირქი მოეცხოს, შერცხვეს, გასაზიზღრდეს…

ის, რაც მოხდა, ძალიან ცუდია, მაგრამ არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში კრიმინალი ყვავის. განვითარებულ ქვეყნებსაც კი ვუსწრებთ ამ მაჩვენებლით და არ გვსმენია, რომელიმე ზემოთ ნახსენებ ქვეყანაზე ვინმეს ეთქვას, _ საშიშია სამოგზაუროდო. თუმცა, საქართველოსა და იმ ქვეყნებს შორის განსხვავება არის ის, რომ იქ ხელისუფლების წასვლას ერთი მკვლელობის გამო არ ითხოვენ, ამიტომ, შსს-მ ძალიან მალე უნდა გამოიძიოს საქმე და როგორც დასავლეთს, ისე ადგილობრივ აფთრებს საინფორმაციო ღრუ დაუხშოს.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here