Home რუბრიკები პოლიტიკა ქართული პოლიტიკა აბსურდის თეატრს დაემსგავსა

ქართული პოლიტიკა აბსურდის თეატრს დაემსგავსა

642
ქართული პოლიტიკა აბსურდის თეატრს დაემსგავსა

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, როგორც იქნა, დასრულდა. ახლა რაც უნდა მოხდეს, წელს არჩევნები აღარ გვექნება, რადგან, ხელისუფლება რიგგარეშეზეც რომ დათანხმდეს, უბრალოდ, დროში ვერ მოესწრება. სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ 2020 წელი ერთ თვეში სრულდება, გაისად კი, რიგგარეშე თუ არა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები აუცილებლად ჩატარდება და ამჯერად, 150 დეპუტატს კი არა, 73 მუნიციპალიტეტის მერებსა და საკრებულოების დაახლოებით 2500 წევრს ავირჩევთ. ეს _ გაისად, ახლა კი ის ვიტიროთ, რაც გვაქვს.

სატირალი ეს არჩევნები რამდენიმე მიზეზის გამოა: არჩევნების ჩატარება დაახლოებით 50 მილიონი დაუჯდა სახელმწიფო ბიუჯეტს. სულ ცოტა, კიდევ ამდენი ყველა პარტიას ერთად აქვს აღებული და მხოლოდ იმიტომ, რომ 150 კაცს გარანტირებული სამუშაო ჰქონდეს მომდევნო 4 წლის განმავლობაში და პლუს ამ 150-მა ადამიანმა თავისი სანათესაო დაასაქმოს.

მეორე ტურის წინ ცოტა სასაცილო სიტუაცია შეიქმნა. სასაცილო იმიტომ, რომ ოპოზიციამ მასში მონაწილეობაზე უარი თქვა, ბოიკოტი გამოაცხადა, აქაოდა, გაყალბებულ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთო. ამის მიუხედავად, ხელისუფლებამ ადმინისტრაციული რესურსისა და აქტივის სრული მობილიზაცია გამოაცხადა იმის შიშით, რომ ოპოზიციას ჩუმად არ ემოქმედა და ბოიკოტგამოცხადებულ არჩევნებზე მათი ამომრჩეველი ორგანიზებულად არ მისულიყო, მაგრამ ხელისუფლების შიში უსაფუძვლო აღმოჩნდა და არჩევნები ზღაპარივით დასრულდა, მაგრამ… ოპოზიციამ 50 ათას ხმაზე მეტი მაინც მოაგროვა მეორე ტურში და “ოცნების” ლიდერები მიხვდნენ, რომ ეს ძალიან ბევრი იყო. ამიტომ, გამოვიდა ირაკლი კობახიძე და თქვა ის, რაც, წესით, არ უნდა ეთქვა. მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა: ოპოზიციამ აქტივის მობილიზაცია გამოაცხადა, მაგრამ 50 ათას ხმაზე მეტი ვერ მიიღოო. კობახიძე ამ ყველაფერს საზეიმო ხმით ამბობდა, მაგრამ ის არ უთქვამს, რომ მხოლოდნაციონალურმა მოძრაობამპირველ ტურში მოპოვებული ხმებით 36 კაცი გაიყვანა პარლამენტში დანახევარ მილიონზე მეტი ხმა მიიღო. ჰო, ამ 8 წელიწადში “ოცნებამ” მოახერხა ის, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” მხარი ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაუჭირა. მეორე ტურებში არჩეული მაჟორიტარების ლეგიტიმურობის საკითხი კი, საერთოდ, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ახლავე გეტყვით, რატომ. იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობდა ამომრჩევლის საარჩევნო ყუთთან მიყვანას, აქტიურობა 26%-ს არ გასცდენია. მარტივად რომ ავხსნათ, თუ ოლქში იყო 100 ამომრჩეველი, მაჟორიტარი აირჩია 26-მა კაცმა. ჰოდა, რატომ არის 26 კაცის არჩეული ადამიანი ლეგიტიმური და რატომ არავის აინტერესებს, რას ფიქრობს დანარჩენი 74 ადამიანი?! მაგრამ კანონითა და, რაც მთავარია, კონსტიტუციით (იმ კონსტიტუციით, ამერიკის ელჩის მითითებით რომ ვცვლით ხოლმე), ეს 17 მაჟორიტარიც ზუსტად ისეთივე სრულუფლებიანი დეპუტატი იქნება, როგორც პირველ ტურში არჩეულები.

ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ხელისუფლება არაადეკვატურად იქცევა, უფრო არაადეკვატურად _ ოპოზიცია და რიგით ადამიანებში პოლიტიკური ნიჰილიზმია. უხეშად რომ დავთვალოთ, არჩევნებზე მივიდნენ საჯარო მოხეელები და მათი ოჯახის წევრები ხელისუფლებიდან, ხოლო ოპოზიციიდან ის ადამიანები, რომლებსაც აზრს ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაცვლევინებს, ერთგვარ სექტად არიან ჩამოყალიბებულნი და, უფლება რომ მისცე, მიხეილ სააკაშვილს წმინდანად გამოაცხადებენ. ეს ადამიანები არც 2024 წელს წავლენ სადმე, არ გაქრებიან, პირიქით _ უფრო გამრავლდებიან და ეს იმის გამო, რომ ხელისუფლება იქცევა არაადეკვატურად.

მმართველი გუნდის მხარდამჭერებს რომ აქვთ ერთი ამბავი ატეხილი, _ გიორგი გახარია რომ დაჰპირდა ნაციონალებს, დაგამთავრებთ, ხომ აუსრულაო? რა აუსრულა, ბატონებო?! წინა მოწვევის პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” 7 წევრი იყო და ახალ პარლამენტში ხუთჯერ მეტნი იქნებიან _ 36 და რა გამოდის _ მმართველი ძალა თავს იტყუებს, თუ საკუთარ მხარდამჭერებს ატყუებს?

ხელისუფლება არც იმას ჩაუფიქრდა, რომ არჩევნებზე საკუთარი სურვილით, ყოველგვარი მობილიზაციის გარეშე 50 ათასი ადამიანი მივიდა და ხელისუფლების წინააღმდეგ მისცა ხმა. რეალურად, ეს ხალხი სრულად ოპოზიციის მხარდამჭერი არ არის, მათმა უმრავლესობამ არჩევნების მეორე ტურში იმიტომ მისცა ხმა ხელისუფლების წინააღმდეგ (რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ხელისუფლების წინააღმდეგ და არა ოპოზიციის სასარგებლოდ), რომ ხელისუფლება გამოფხიზლდეს. აბა, 50 ათასი გულანთებული ამომრჩეველი რომ ჰყავდეს ოპოზიციას, ისეთი, რომელიც საკუთარი ნებით გამოთქვამს პროტესტს, აქციებზე რეგიონებიდან ფულის სანაცვლოდ არ დაუწყებდნენ ჩამოყვანას. სწორედ ეს აქვს გასაანალიზებელი ხელისუფლებას, მაგრამ ამის ნაცვლად უკბილო ქილიკით არის დაკავებული და ისედაც გაბრაზებულ ამომრჩეველს უფრო აბრაზებს.

აბსურდის თეატრს დაემსგავსა ქართული პოლიტიკა. ნახევარპროცენტიანი პარტიების ლიდერები ითხოვენ არჩევნების განმეორებით ჩატარებას და ბოლო ხმაზე გაჰკივიან, _ არჩევნები გაყალბდაო. არადა, ყველაზე კარგად თვითონ იციან, რომ არაფერი გაყალბებულა და, თუ გაყალბდა, მათი ხმები ნამდვილად არავის მიუთვისებია. მაგრამ სხვა გზა არ აქვთ, უნდა იყვირონ, სხვაგვარად ვერაფრით იმართლებენ თავს იმ მცირერიცხოვან ამომრჩეველთან, რომელიც ახლა შემორჩათ და იმასაც კარგად ხვდებიან, 2024 წელს, მთლიანად პროპორციულ სისტემასა და 5%-იანი ბარიერის პირობებში, მათ, პარლამენტში მოხვედრის კი არა, მასთან ახლოს გავლის შანსიც ნაკლებად ექნებათ.

თეატრი ვახსენეთ და… უმაყურებლო თეატრია ქართული პოლიტიკა. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მოსახლეობა ახალარჩეული პარლამენტისადმი ინტერესს მხოლოდ მაშინ თუ გამოავლენს, როცა ჩხუბი მოხდება, ან ვინმე ვინმეს შეაგინებს. სეირი აინტერესებს ხალხს და აღარ აინტერესებს კანონები. არც აქვს იმედი, რომ მოქმედი თუ მომავალი ხელისუფლება მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს. აღარც ლარის კურსის ცვლილება არის ისეთი მტკივნეული, როგორიც ადრე იყო და ამის მიზეზი სწორედ ნიჰილიზმია. პურის ფულზე გადაგებული ერი ბრძოლისუნარიანიც აღარ არის და სულერთია, ვინ იქნება ხელისუფლებაში. სწორედ ამ სულერთიას გამო იყო, “ნაციონალურმა მოძრაობამნახევარ მილიონზე მეტი ხმა რომ აიღო, თორემ გვეეჭვება, ამ ნახევარ მილიონს ციხეში დახოცილი პატიმრები, ქუჩაში დახვრეტილი ახალგაზრდები, კრიმინალად გამოცხადებული ერი და ცოცხები ენატრებოდეს. უბრალოდ, ვიღაცამ ხმა გაყიდა, ვიღაცამ ორჯერ გაყიდა და საჭმლისთვის ერთი თვის სამყოფი ფული იშოვა, ვიღაც კი ხათრით თუ უხათროდ მივიდა და შემოხაზა. ხმამაღლა არავინ ამბობს, რატომ არის რამდენიმე ათეული ათასი ბიულეტენი ბათილი. იმიტომ, რომ ამ ათასობით ადამიანმა ბიულეტენში არავინ არ შემოხაზა, უბრალოდ, ბოლოში მიაწერა “ყველას დედაცო” და მანდ დაამთავრა. 60-მდე პარტიაში მათი მოსაწონი რომ არავინ აღმოჩნდა, ხომ ბევრ რამეზე მეტყველებს? დაოცნებამდიდწილად იმის ხარჯზე რომ მოიგო, ღირსეული კონკურენტი რომ არ ჰყავდა, ეგეც ფაქტია, მაგრამ ამის აღიარება არც ხელისუფლებას სურს და არც ოპოზიციას. იცით, რატომ? “ოცნება” გამარჯვებას საკუთარ მარიფათს აბრალებს, ოპოზიციას კი უღირსობის აღიარება არ სურს. იმ ოპოზიციას ვგულისხმობ, ქუჩაში რომ არის გამოსული და ეს მშვიდობიანი დემონსტრანტები “მოლოტოვის კოქტეილებს” რომ იქნევენ წინ და უკან.

ასე ვივლით მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, არჩევნები აღარ იქნება რიგითი ადამიანების საქმე. ის იქნება დასაქმებულთა და დასასაქმებელთა შეჯიბრება და გაიმარჯვებს ის, ვინც გადაწონის. ჰო, სწორედ ასე, დასაქმებულებისა და დასასაქმებლების დოღი, გნებავთ, რბოლა და სწორედ სამსახურისთვის გაჩაღდება ბრძოლა არჩევნებზე და არა ქვეყნის ნათელი მომავლისთვის. მოხერხდა, ბოლომდე მოხერხდა ის, რომ მოსახლეობის უმრავლესობის გონება სარჩოს შოვნის იქეთ ვეღარ მიდის და ეს ყველაზე მეტად პოლიტიკოსებს აძლევთ ხელს.

უკვე ასაკში შესულმა ძველმა პოლიტიკოსებმა ასპარეზზე “ახალ სახეებად” თავიანთი შვილები შემოგვთავაზეს და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ პოლიტიკა მათთვის ბიზნესია, რომელიც მამიდან (თუ დედიდან) შვილზე გადადის.

სანამ ახალი პარლამენტი შეიკრიბება, სანამ დროშისა და ჰიმნის თანხლებით ოთხწლიან სამსახურებს “გაიპრავებენ”, იქნებ ვინმე გამოვიდეს და თქვას, რომ მოსახლეობისთვის _ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რომელიმე პოლიტიკური ძალის კი არა, საქართველოს მხარეს არიან, ეშველებათ, მათზეც იზრუნებენ, მიხედავენ, აგრძნობინებენ, რომ ქვეყანა არსებობს, სახელმწიფო არსებობს. დღევანდელი გადასახედიდან მხოლოდ ის ჩანს, რომ ქვეყანა იპოდრომია და ოთხ წელიწადში ერთხელ ბედაურები ფინიშზე პირველი მისვლას ცდილობენ, რათა შემდეგ ქერი და შაქარი აკნატუნონ, დანარჩენები კი ჩალაზე იყვნენ.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here