შესაძლებელია თუ არა ქართული ჯიშის ღორების მომრავლება საგანელიძის გარეშე? არსებობს თუ არა სიღრმისეული კავშირი ღორების მომრავლებასა და ღორობის გავრცელებას შორის?
გასულ კვირას თელავის უნივერსიტეტში გაიმართა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და აზიური ფაროსანას ეპოქალური შეხვედრა. ამასთანავე, გაირკვა, რომ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე ღორებს ფოტოებს უღებდა. ეს შესაძლებლობას გვაძლევს პოლიტიკა ფაუნასთან უშუალო კავშირში განვიხილოთ.
“ჩვენი სტრატეგიული მიზანი _ გავხდეთ ნატოსა და ევროკავშირის წევრი ძალიან მტკიცე საფუძველზე დგას და ნახეთ რატომ…” _ქადაგებდა პრეზიდენტი თელავში. უცებ ჩაილაპარაკა: “აი, ფაროსანი გაიჩითა…” შემდეგ ფეხზე წამოიჭრა: “ნახეთ, რატომ… ჩვენს წინაპრებს არ ჰყავდა ამერიკისნაირი ძლიერი მოკავშირეები, მაგრამ…”. და ისევ ფაროსანას დაუბრუნდა: “არ ვიცი, მოვკლა, არ მოვკლა… სახლში რომ ვიყო, მოვკლავდი და აქ, არ ვიცი”. ზოგი იტყვის, რომ ფიგურანტი, ხასიათიდან გამომდინარე, ისევ დაიბნა და ორმაგი სტანდარტების ლაბირინთში დაიკარგა, მაგრამ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ეს ორჭოფობა დიდ ვნებებს ნიღბავდა: “მოვკლა, არ მოვკლა? _ საკითხავი აი ეს არის. სულდიდ ქმნილებას რა შეჰფერის? _ ის, რომ იტანჯოს და აიტანოს მჩაგრავი ბედის ნეშტრითა გმირვა, თუ შეებრძოლოს მოზღვავებულ უბედურებას და ამ შებრძოლვით მოსპოს იგი?.. მოსპოს სიცოცხლე… ბოლო მოუღოს”. საბოლოოდ, აიტანა, არ შეებრძოლა და არ მოკლა. ერთ-ერთმა აქტივისტმა, მისი ფანების მცირერიცხოვანი არმიიდან, ისიც კი თქვა, რომ პრეზიდენტმა ფაროსანა შეიწყალა. თუმცა, მარგველაშვილი, სავარაუდოდ, მიხვდა, რომ მისი დუელი მწერთან, თანაც ძლიერი მოკავშირეების გარეშე, საკმაოდ კომიკურ ხასიათს შეიძენს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც “იუთუბზე” აიტვირთება. ისე, დასანანი კია, რომ შერკინება არ შედგა _ აქილევსის და ჰექტორის ბრძოლა მონაგონი იქნებოდა.
ფორმალურად, რეგიონებში მარგველაშვილის შეხვედრებს საპრეზიდენტო არჩევნებთან საერთო არაფერი აქვს, თუმცა კომენტატორების უმრავლესობა მას სწორედ წინასაარჩევნო კონტექსტში განიხილავს. თუ მათ ვერსიას დავეყრდნობით, მარგველაშვილის ძალისხმევამ კულმინაციას მაისის მიწურულს უნდა მიაღწიოს. ის გამუდმებით საუბრობს დამოუკიდებლობის აღდგენის მე-100 წლისთავის მნიშვნელობაზე, სხვები კი ამას ერთობ ნაადრევად მიიჩნევენ, რადგან იუბილემდე ორი თვე რჩება. აშკარაა, რომ მაისში მარგველაშვილი, მისი თანამდებობიდან გამომდინარე, ტელეეკრანებზე ხშირად გამოჩნდება და მას მაყურებლთა დადებითი ემოციების მობილიზების შესაძლებლობა მიეცემა.
გიორგი მარგველაშვილი კვლავინდებურად აცხადებს, რომ არჩევნების მიმართ არ ჩამოყალიბებულა და, ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეს მართლაც ასეა. ცხადია, გამარჯვების შანსი მას არ აქვს, მაგრამ მყარი მეორე ადგილი კარგი შედეგით, გაზრდის მარგველაშვილის შანსებს, 2020 წლის არჩევნებისთვის დაქსაქსული ოპოზიციის პროდასავლური ნაწილი (ალბათ, უფრო _ “ნაწილის ნაწილი”) გააერთიანოს. მაგრამ ეს შედეგი დამოკიდებულია არა მხოლოდ მის კამპანიაზე, არამედ იმაზე, რამდენად ძლიერი კონკურენტები ეყოლება. უპირველესად, ეს დამოუკიდებელ კანდიდატებს ეხება, თუმცა გარკვეული მნიშვნელობა იმასაც აქვს, ვის წარადგენენ პარტიები. მოქმედ პრეზდენტს გაუჭირდება “ვერცხლის მედლის” მოპოვება როგორც ალეკო ელისაშვილთან ბრძოლაში (მან უკვე გამოხატა ინტერესი საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ, თუმცა ეს მონაწილეობას ჯერ კიდევ არ ნიშნავს), ისე, რომელიმე პოპულარულ, ძველი პარტიებისგან დისტანცირებულ პერსონასთან, რომელიც თავს “მესამე ძალის” განსახიერებად გამოაცხადებს.
თუ პრეზიდენტი, სოციოლოგიური მონაცემების საფუძველზე, მივა დასკვნამდე, რომ მას ელოდება მეოთხე–მეხუთე ადგილი სამარცხვინოდ დაბალი პროცენტით, ის მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დადგება _ მონაწილეობა თუ უარი მასზე დიოკლეტიანეს ჟესტითა და ტაიმ–აუტის აღებით. მარგველაშვილს, სავარაუდოდ, არ სურს ვიქტორ იუშჩენკოს შეცდომა გაიმეოროს, რომლის შედეგი 2009 წლის უკრაინის პრეზიდენტის არჩევნებში ისეთი ცუდი იყო, რომ მისი შემდგომი მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში, უბრალოდ, სასაცილო, შესაბამისად, შეუძლებელი შეიქნა. ვა-ბანკი თუ პაუზა? საბოლოო პასუხი მარგველაშვილს, როგორც ჩანს, ჯერჯერობით არ აქვს, თუმცა ის, სავარაუდოდ, განიცდის ზეწოლას გარემოცვისა, რომელიც პირველი ვარიანტის ილუზორულ შანსებს ებღაუჭება. ამ ეტაპზე კი მისი რეიტინგი ისეთია, რომ შეიძლება ფაროსანამაც მოუგოს.
ისევ ფაროსანას დავუბრუნდეთ, მით უმეტეს, რომ ის ამ ეტაპზე მარგველაშვილზე უფრო აქტუალურია და შიგასახელისუფლებო დაპირისპირების მიზეზიც კი გახდა. “სამეგრელოს, იმერეთის სოფლებს, გურიას, აჭარას, პრაქტიკულად, გადაუარა ფაროსანამ. ძალიან დიდი ზიანი მიაყენა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრი არც კი ესწრება ბოლომდე სხდომას (იგულისხმება ფაროსანასთან საბრძოლველად შექმნილი კომისიის სხდომა _ დ.მ) და ტოვებს მას დაწყებიდან რამდენიმე წუთში, ის ერთხელაც არ მინახავს რეგიონში ჩასული”,_ თქვა აგრარულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიამ. საპასუხო განცხადებაში ზურაბ ალავიძე ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ სხდომასაც ესწრებოდა და ფაროსანასაც ებრძვის. ვინაიდან ეს მინისტრი ერთხელ უკვე გამოიჭირეს ტყუილში, როდესაც ირწმუნებოდა, რომ “ნაცმოძრაობისთვის” ფული არ შეუწირავს, მის ნებისმიერ განცხადებას ეჭვის თვალით უნდა შევხედოთ. მათ შორის ამას _ “წელს დიდი რაოდენობით შევამსუბუქოთ ის დაწოლა, რაც ფაროსანაზე გვაქვს. ერთ წელში ამის მთლიანად მოგვარება ძალიან რთული იქნება”.
ფაროსანას პრობლემამ საერთაშორისო განზომილება შეიძინა. 16 თებერვლის სატელეფონო საუბარში მას ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი შეეხნენ. თუმცა მთავარი, ალბათ, ისაა, რომ მავნებელთა ბრძოლა არ დაგვირგვინდეს ბიოქიმიური იერიშით საქართველოს აგრარულ სექტორზე და, საზოგადოდ, ეკოლოგიაზე, რადგან ტონობით არცთუ უსაფრთხო, სადავო ეფექტის მქონე პრეპერატების გამოყენება საკმაოდ მაღალი რისკის შემცველია. კომპეტენტურმა ორგანოებმა, ალბათ, უნდა დაიწყონ იმის გარკვევა, ეფექტიანად თუ იხარჯება ამ შემთხვევაში საბიუჯეტო ფული.
მოკლედ, ფაროსანასთან ბრძოლა რთული საქმეა, გაცილებით საშარო, ვიდრე ღორების მომრავლება, რომლითაც, საპარტნიორო ფონდის თავკაცი დავით საგანელიძე დაკავდა. “საქართველოში სულ 56 ქართული ჯიშის ღორი მოვძებნეთ. სურათებს ვუღებდით და გენეტიკური ანალიზი კეთდებოდა. ამ 56-დან საბოლოოდ 11-12 შეირჩა, რომლებისგანაც ჩვენ სუფთა ქართული ჯიშის მომრავლება დავიწყეთ. ეს ჯიშები თავისი მაჩვენებლებით უთანაბრდება ცნობილ ესპანურ ღორის ჯიშს “იბერიკოს”, _ განაცხადა მან “პალიტრანიუსის” ეთერში. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შთამბეჭდავია და მისასალმებელიც იქნებოდა, რომ არა ერთი ნიუანსი. აღწერილი პრობლემის გადაწყვეტა პროფილური ინსტიტუტების თუ საგანგებოდ შექმნილი ჯგუფების საქმეა მთავრობასა და ამ ბიზნესთან უშუალო კონტაქტში. დავით საგანელიძე კი თავისი ფონდითა და კოლოსალური ხელფასით (მისი თქმით, ხელზე 16 ათას ლარს იღებს), განხილულ შემთხვევაში, უბრალოდ, ზედმეტი რგოლია. ამ თემას ორ მთავარ კითხვამდე მივყავართ: ა) შესაძლებელია თუ არა ქართული ჯიშის ღორების მომრავლება საგანელიძის გარეშე? ბ) არსებობს თუ არა სიღრმისეული კავშირი ღორების მომრავლებასა და ღორობის გავრცელებას შორის? დასასრულ _ საზოგადოებამ უკვე ნახა გიორგი მარგველაშვილისა და აზიური ფაროსანას რანდევუს ვიდეოჩანაწერი და ის უდავოდ იმსახურებს იმას, რომ დავით საგანელიძისა და ღორების შეხვედრის ამსახველი ფოტორეპორტაჟიც იხილოს.
საერთო ტენდენციას გვერდი არც კახი კალაძემ აუარა და ცხოველთა მონიტორინგის ცენტრის მუნიციპალური თავშესაფრიდან მერიაში ერთ-ერთი ძაღლი წამოიყვანა. “გვყავს ახალი მეგობარი, რომელიც წამოვა მერიაში და ჩვენთან ერთად იქნება. სახელი ჯერ არ ვიცით, შევურჩევთ მერიაში”, _ აღნიშნა კალაძემ. შემდეგ სახელის თაობაზე სოციალურ ქსელში ერთგვარი გამოკითხვა მოაწყო, ძაღლს ტიფანი დაარქვა და ქალაქის მთავრობის სხდომაზეც მიიყვანა _ ძაღლი მერის კაბინეტის სიახლოვეს დააბინავეს.
საერთოდ, ტიფანი ძაღლისთვის ნაკლებად შესაფერისი სახელია _ ის ბერძნული “თეოფანიიდან” მოდის და მორწმუნეებს შეიძლება, ეწყინოთ. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ წმინდა თეოფანია, ხოლო საკუთრივ ტერმინი “აღნიშნავს ღმრთის გამოვლინებას, რაც გრძნობების მეშვეობით აღიქმება” (პეტროზილოს “ქრისტიანობის ლექსიკონი”; იტალიურიდან თარგმნა მ.სააკაშვილმა, ოღონდ იმ გაქცეულმა პაციენტმა კი არა, ქალბატონმა მარიკამ). თავი დავანებოთ ამ ნიუანსს, მით უმეტეს, რომ კალაძე მასზე, სავარაუდოდ, არ დაფიქრებულა, რადგან “ტიფანი” მისთვის სულ სხვა ასოციაციებს უკავშირდება. ნურც იმაზე გავმართავთ დისკუსიას, შეუძლია თუ არა ახალ მერს ესოდენ ბანალური პიარსვლების გარეშე თუნდაც ორი კვირა გაძლოს. რაც შეეხება ძაღლის მიყვანას დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, მერის გულშემატკივრები, ალბათ, იტყვიან, კალიგულამ სენატში ცხენი შეიყვანა და ერთი პატარა ძაღლი რა გახდაო. მოკლედ და მარტივად რომ ვთქვათ _ მთავარია, მერიაში (ძველი ტრადიციებიდან გამომდინარე) ღორები არ მომრავლდნენ, თორემ ძაღლს როგორმე ეშველება.
საქართველოს ფაუნის მთავარი ფიგურა ბიძინა ივანიშვილის ზვიგენია. ის, პატრონის მსგავსად, ავანსცენიდან გაუჩინარდა. დროდადრო ვრცელდებოდა ინფორმაცია მისი დაღუპვის შესახებ, შემდეგ ამბობდნენ, რომ ის ცოცხალია. ეს ზვიგენი ყოველთვის მეორე პლანზე იყო, სადღაც კულისებში დაცურავდა, როდესაც მთავარი აქცენტი პინგვინებზე კეთდებოდა, შემდეგ კი ყველა ხეებზე გადაერთო. მაგრამ ის, რომ ზვიგენი არ ჩანს, არ ნიშნავს, რომ არ არსებობს. სავარაუდოდ, მისი ყველას ეშინია _ კალაძის ძაღლს, საგანელიძის ღორს და მარგველაშვილის მამაც ფაროსანასაც კი.
დიმიტრი მონიავა
გაიხარეთ თქვენ, რომ სიმართლით ეხმარებით ქვეყანას!