პრეზიდენტყოფილი მიხეილ სააკაშვილი ძალოვანებმა სანზონაში დააკავეს. ისიც დასტურდება, რომ ის საქართველოში 4 დღე მაინც იმყოფებოდა: 1 დღე ბათუმში გაატარა, 3 _ თბილისში და შემდეგ ქართულ პოლიციას თავი დააჭერინა. სწორედ რომ დააჭერინა, რადგან კარგად გემახსოვრებათ, რა მოხდა უკრაინაში, როცა დაკავებას უპირებდნენ _ სახურავზე ავიდა, პირდაპირი ეთერი ჩართო და გადმოხტომით იმუქრებოდა… ახლა კი მშვიდად და მარტივად ჩაბარდა, თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო და კამერების წინაც ბორკილდადებული ძალიან ბედნიერი ჩანდა. ისე, ნარკოტესტი, იმედია, ჩაუტარეს ბატონ მიხეილს და არც პასუხებს დაგვიმალავენ.
აი, სააკაშვილის დაკავების შემდეგ დაიწყო და რა დაიწყო. ადრე რომ ამერიკის ელჩი კელი დეგნანი და ევროპარლამენტარები სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდნენ, ახლა მის ქომაგებად მოგვევლინენ და მართალია, ჯერ ხელისუფლება არ გაუკრიტიკებიათ, რატომ დააკავეთ, გამოუშვითო, მაგრამ თქვეს, რომ ყველაფერს გამადიდებელი შუშით აკვირდებიან და მიშას არავის დააჩაგვრინებენ. ხმა ამოიღო უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმაც, რომელიც თურმე შეშფოთებულია უკრაინის მოქალაქისა და მათი ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსნის დაკავებით. ზელენსკი უკრაინის ხელისუფლებაში მასხარაობით მოვიდა და, სავარაუდოდ, ისევ განაგრძობს მასხარაობას, რადგან მას არავინ არ ეუბნება, _ როცა ამ კაცს თანამდებობაზე ნიშნავდი, რატომ არ მოიკითხე, საქართველოში რამდენ სისხლის სამართლის საქმეზე იყო ნასამართლევი და რამდენი ჰქონდა მისჯილიო. თუ ზელენსკი იმთავითვე არ ცნობდა ქართულ კანონმდებლობას და ახლაც იმიტომ აღშფოთდა, მიშა გისოსებს მიღმა ქართული მართლმსაჯულებით რომ მოხვდა?! ასე რომ იყოს, მაშინ არც სტრატეგიული პარტნიორი უნდა გვეძახოს, არც საერთო წვრთნები ჩაატაროს ჩვენთან ერთად შავი ზღვის აუზში და, საერთოდ, აქედან ელჩიც გაიწვიოს, მაგრამ ნურას უკაცრავად _ ცალმხრივი სიყვარული საქართველოსთან არამხოლოდ ზელენსკის აძლევს ხელს. ამიტომაც არის, უკადრებელს რომ კადრულობს და სისხლის სამართლის კოდექსით სასჯელმისჯილ კაცს იცავს. კაცს რა, სააკაშვილს იცავს.
“მე, როგორც უკრაინის პრეზიდენტი, მუდმივად ვარ დაკავებული იმით, რომ ვაბრუნებ უკრაინის მოქალაქეებს სხვადასხვა საშუალებით, რომელიც მაქვს ჩემი ძალაუფლების ფარგლებში. მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, ამიტომ ეს მასაც ეხება. ყველა ინსტიტუცია საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩვენი საელჩოების ჩათვლით, რომლებიც მუშაობენ საქართველოში და საქართველოს ელჩის დონეზეც, რომელიც მუშაობს უკრაინაში, ჩვენი მინისტრთა კაბინეტის საუბრის დონეზეც, პრემიერმინისტრების საუბრის დონეზე _ ჩვენ ყველა ვიქნებით ამით დაკავებული”, _ განაცხადა ზელენსკიმ. ძალიან სამწუხაროდ, მას არავინ უპასუხა და არ უთხრა, რომ ის სისხლის სამართლის დამნაშავეს იცავს და დამნაშავეს მოქალაქეობა არ აქვს.
რაც შეეხება სააკაშვილის საქართველოში შემოსვლას, ყველაფრის მიუხედავად, მიშა ამტკიცებს, რომ საზღვარი ლეგიტიმურად გადმოკვეთა და ეს მაშინ, როცა ხელისუფლებამ უკვე ბრალი წაუყენა საზღვრის უკანონო გადმოკვეთაზე. საქართველოს მესამე პრეზიდენტს ლეგალურად საზღვრის გადმოკვეთის ერთადერთი ვარიანტი ჰქონდა _ სააკაშვილი რომელიმე დიპლომატის ავტომობილში უნდა ყოფილიყო, კანონით კი დიპლომატის ავტომობილი და ტვირთი არ იჩხრიკება. ჩვენი აზრით, სწორედ ამიტომ გაიძახის სააკაშვილი, რომ საზღვარი ლეგალურად გადმოკვეთა და არ გადმოპარულა. სამართალდამცველები ერთ-ერთ ვერსიად ამასაც განიხილავენ, თუმცა ვერ ბედავენ (და სავარაუდოდ, ვერც გაბედავენ), რომელიმე დიპლომატისკენ თითი გაიშვირონ და თქვან, რომ დამნაშავე სწორედ ისაა და მან შემოაპარა სისხლის სამართლის კოდექსით გასამართლებული პირი ქვეყანაში.
ერთადერთი, რასაც ხელისუფლება ვერ აკეთებს, რუსეთისკენ ხელის გაშვერაა (არადა, რა კარგი იქნებოდა?!), რადგან კარგად იციან, რუსეთი არის ერთადერთი სახელმწიფო, რომელშიც სააკაშვილს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დააპატიმრებდნენ. ჰოდა, იმის გათვალისწინებით, რომ მიშამ პირველ დღეს პირდაპირი ეთერი ბათუმიდან ჩართო, ის ან ზღვით შემოვიდა, ან სარფის საბაჟოთი და, სავარაუდოდ, ამ საქმეში რომელიმე დიპლომატის ხელიც ურევია.
“ნაციონალური მოძრაობა” სააკაშვილის გათავისუფლების რამდენიმე სცენარს განიხილავს და ერთ-ერთი მისი უკრაინაში ექსტრადიციაა, რომელსაც აქტიურად უჭერს მხარს ზელენსკიც. ამ მოსაზრებას აუცილებლად გაიზიარებს ევროპისა და ამერიკის არაერთი წარმომადგენელი და ისინი ყველაფერს გააკეთებენ საიმისოდ, რომ სააკაშვილმა ქართული ციხე რაც შეიძლება მალე დატოვოს, ნებისმიერ სხვა ქვეყანაში (გარდა რუსეთისა) კი მას თავისუფლება ელის.
ახლა რაც შეეხება ხელისუფლების ვერსიას, ვერ გეტყვით, ვის უნდა სჯეროდეს ის, რომ თურმე ძალოვანები 4 დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ სააკაშვილის გადაადგილებას და მხოლოდ მას შემდეგ დააკავეს, როცა მან ვიდეოების ატვირთვა დაიწყო. რა გამოდის? ძალოვანებმა იცოდნენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში იყო და, როგორც თავად ამბობენ, შესაბამის მომენტს ელოდნენ, რომ დაკავება უხმაუროდ მომხდარიყო. როცა შანსი მიეცათ, დააკავეს კიდეც. თუ ეს ყველაფერი მართალია, რატომ არ იყო ამის შანსი ბათუმში ღამის 2-3 საათზე ან სასტუმროში აუზის წინ… იმიტომ, რომ არ იცოდა ხელისუფლებამ, რომ სააკაშვილი შემოეპარა; არც ის იცოდა, რომ ექსპრეზიდენტი, დიდი ალბათობით, რომელიმე “დასავლელი მეგობარი” ქვეყნის დიპლომატმა შემოიყვანა და გუგულის კვერცხივით ჩაგვიდო ბუდეში.
განცდა იმისა, რომ საზღვრები დაუცველია, არაერთხელ გვქონია, მაგრამ ახლა, როცა სააკაშვილს გიორგი სიგუაც შემოჰყვა და თანაც ისე, რომ საზღვარზე ოფიციალურად არ დარეგისტრირებულა, უამრავი კითხვა ჩნდება. პირველი და მთავარი კითხვა _ თუ სააკაშვილს წაუყენეს ბრალი საზღვრის უკანონო კვეთაზე, სიგუას რაიმე პრივილეგია აქვს თუ “ნარუშილოვკა” უდევს ჯიბეში? თუ მაინცდამაინც რუსეთ-საქართველოს საზღვარი უნდა დაარღვიოს ვინმე მწყემსმა, რომელსაც საქონელი გაექცა ან გამოექცა მეორე მხარეს და მერე შეთქმულების თეორიები ვაწყოთ, მწყემსის სახით ჯაშუში შემოგვიგზავნესო?!
ორმაგი სტანდარტი ერთ-ერთი მთავარი “დანაშაულია”, რომელსაც ხელისუფლება ხალხის თვალში სჩადის. ეს არ ეხება მხოლოდ მაღალჩინოსნებსა და მათი ოჯახის წევრებს, ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნების გამო უამრავ რამეს პატიობს ოპოზიციური პარტიების ლიდერებს; ისეთ რამეს, რასაც რიგით ადამიანს არ აპატიებდნენ და ციხეშიც კი გაისტუმრებდნენ. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ოპოზიციაში ყოფნას ხიბლი გაუჩნდა, დაუსჯელობის განცდა ყველა ადამიანში იწვევს სიმპათიას, როცა იცი, რომ კანონის თავხედურად დარღვევა შეგრჩება და შენს სახელს ოპოზიციის ლიდერები ხმამაღლა დაიყვირებენ აქციაზე და პოლიტპატიმრადაც გამოგაცხადებენ.
როგორ არ გავიხსენოთ შს ყოფილი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, რომელსაც ერთ-ერთმა უკრაინელმა პაროდისტმა უკრაინელი კოლეგის ხმით დაურეკა და სააკაშვილის ექსტრადიცია შესთავაზა, რაზეც კატეგორიული უარი მიიღო, აქაოდა, არეულობა დაიწყებაო. როგორც ჩანს, მაშინ მღებრიშვილმა ხელისუფლების აზრი გაახმოვანა და ახლაც, “ქართულ ოცნებას” მიშა უკრაინაში უფრო აძლევდა ხელს, ვიდრე ქართულ ციხეში, მაგრამ, რომ არ დაეჭირა, ზუსტად ის გამოჩნდებოდა, რაც ზელენსკი იყო პრეზიდენტობამდე _ მასხარა. ჰოდა, ახლა სააკაშვილი საქართველოს მთავრობისთვის იგივეა, რაც პირში მოულოდნელად ჩადებული ცხელი კარტოფილი. მოულოდნელად იმიტომ, რომ “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები გადაჭრით ამბობდნენ, სააკაშვილი არ ჩამოვაო და… ჩამოვიდა. ოპოზიციის დღის წესრიგში ციხესთან მისვლა და მიშას გამხნევება რომ იქნება, ადვილი მისახვედრია. ისიც მარტივად გასაგებია, რომ მისი გუნდის წევრი პარლამენტარები არ მოაწყენენ და ყოველდღიურად მოინახულებენ, მისგან ამბებსაც გამოიტანენ, განცხადებებსაც გაავრცელებენ და სააკაშვილი ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად უკვე საქართველოდან ჩაერთვება.
და რა გეგმა აქვს ხელისუფლებას? არც არაფერი, მან დაღვრემილმა ჩაიბარა სააკაშვილი, მაგრამ არ იცის, დასავლელი “პარტნიორები” როდემდე მისცემენ ამ საეჭვო განცხრომის უფლებას. ხელისუფლებამ არც ის იცის, როგორ გაუძლოს (გაუძლებენ და, საერთოდ, შეეწინააღმდეგებიან კი?) დასავლეთის ზეწოლას სააკაშვილის გასათავისუფლებლად და მცდელობა რომ იქნება, ზელენსკიმაც დააანონსა და ევროპარლამენტარებმაც. მანამდე კი ქვეყანაში მეორე ტურები გაიმართება და ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რომელიმე, თუნდაც ერთი მუნიციპალიტეტი მოიგოს. ასეთ შემთხვევაში, იმ მუნიციპალიტეტიდან დაიწყება არსებული წყობის აგურ–აგურ დაშლა და ბოლოში გასასვლელად “ნაციონალურ მოძრაობას” 2024 წლამდე ლოდინი არ მოუწევს. ქართველი ხალხი კი არც მანამდე ახსოვდა ვინმეს, არც ახლა ახსოვს და არც მომავალში ემახსოვრება. ჰო, ის ხალხი, რომელმაც 2 ოქტომბერს ისეთი არჩევანი გააკეთა, დაუძინებელი მტერიც რომ გაიცინებდა…
ბესო ბარბაქაძე