Home რუბრიკები პოლიტიკა “ქართული ოცნება” და საკონსტიტუციო კოშმარი

“ქართული ოცნება” და საკონსტიტუციო კოშმარი

2895
ირაკლი კობახიძე

კოშმარი, რომელსაც რატომღაც საკონსტიტუციო რეფორმას უწოდებენ, დასასრულს უახლოვდება და მალე რეალობად იქცევა. “ქართულმა ოცნებამთითქმის ყველა შესაძლებელი შეცდომა დაუშვა და, ალბათ, საინტერესო იქნება იმის დადგენა, წაადგება თუ არა ეს ოპოზიციას.

ერთობლივი დოკუმენტი, რომელიც პრეზიდენტმა და 20 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს, ხელისუფლებამ აღიქვა, როგორც ულტიმატუმი, ბოლო მომენტში თამაშის წესების შეცვლის მცდელობა და მის განხილვაზე, ფაქტობრივად, უარი თქვა. ამ რეაქციის პროგნოზი არც ისე რთული იყო და იმ პოლიტიკოსების უმრავლესობას, რომლებმაც დოკუმენტს ხელი მოაწერეს, სავარაუდოდ, ესმოდა, რომ შედეგი სწორედ ასეთი იქნებოდა. მომხდარი, რა თქმა უნდა, საზიანოა კონსტიტუციისთვის, თუმცა ყველა პარტიას როდი სურდა, პროცესი კონსენსუსის მიღწევით დასრულებულიყო, რადგან ეს, უპირველესად, “ქართული ოცნების” აქტივში ჩაიწერებოდა და ის ვენეციის კომისიის თუ დასავლელი ელჩების ქებას დაიმსახურებდა. ხოლო დღევანდელი სიტუაცია, როდესაც ხელისუფლება საკონსტიტუციო ცვლილებებს რეალურად მარტოდმარტო ამტკიცებს, შესაძლებლობას აძლევს ოპოზიციას, დიქტატზე ისაუბროს და ამის საბაბი უცხოელებსაც მისცეს. ეს ხელს აძლევს იმ პარტიებსაც, რომლებიც ხელისუფლების სასწრაფოდ განადგურებაზე ოცნებობენ (“ნაცმოძრაობადა მისი სატელიტები) და იმათაც, ვისაც ასეთი გლობალური მიზნები არ აქვთ. ცინიკური პოლიტიკური პრაგმატიზმიდან გამომდინარე, პარტიების ლიდერების უმრავლესობას ხელს აძლევდა, რომ “ქართულ ოცნებას” ოპოზიციის მიერ სასწრაფო წესით შემუშავებული დოკუმენტის განხილვაზე უარი ეთქვა.

ქვეყნის შიგნით მომხდარს დიდი რეზონანსი, სავარაუდოდ, არ მოჰყვება. სამწუხაროდ, საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილს ესმის, რამდენად ცუდია საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებსაც “ქართული ოცნება” ხელის გადაგრეხვის მეთოდით იღებს. დანარჩენებს, იმისთვის რომ ხელისუფლების ანტიდემოკრატიულობაში დარწმუნდნენ, უფრო თვალსაჩინო მაგალითები სჭირდება _ მიტინგების დარბევა, ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება და ა.შ. დემოკრატიული ცნობიერება საქართველოში დღეს იმდენად მგრძნობიარე არ არის, რომ საკანონმდებლო ცვლილებები რეალურ საფრთხედ აღიქვას, მაგრამ მომხდარი უდავოდ მოახდენს გარკვეულ გავლენას უცხოელი პარტნიორების პოზიციაზე: მათ მიეცემათ შესანიშნავი საბაბი ივანიშვილის ხელისუფლებაზე ზეწოლის გასაძლიერებლად. როგორც ცნობილია, “ქართულ ოცნებას” უფრო მეტად ეშინია უცხოელი ელჩების რამდენიმე უკმაყოფილო რეპლიკის ან დასავლურ მედიაში გამოქვეყნებული თუნდაც ერთი კრიტიკული წერილის, ვიდრე ქართული მედიის ათასი მამხილებელი პუბლიკაციის ან თუნდაც ერთი მცირერიცხოვანი საპროტესტო აქციის.

იმაში, რომ ხელისუფლებას საიმიჯო პრობლემები შეექმნება, უცნაური არაფერია, გასაკვირი, ალბათ, ისაა, რატომ არ მოხდა ეს უფრო ადრე. ეს, სავარაუდოდ, ორმა ძირითადმა მიზეზმა განაპირობა: 2016-ში, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებამდე, “ქართული ოცნება” გაცილებით ფრთხილად იქცეოდა, ამასთანავე, რაოდენ პარადოქსულად უნდა გაიჟღეროს, მის წისქვილზე წყალი დაასხა “ნაცმოძრაობის” სურვილმა _ მთავარი მოწინააღმდეგე რაც შეიძლება მალე დაასამაროს.

ოპონენტის დემონიზაციის პროცესი გარკვეულ ეტაპებს შეიცავს, რომელთაც არ შეიძლება “გადაახტე”. ყველაფერი იწყება მცირე ხარვეზების და დეკლარირებულ იდეალებთან მათი შეუსაბამობის გამოხატვით. საზოგადოება არ არის მზად იმისთვის, რომ იმთავითვე დაიჯეროს, ესა თუ ის ძალა დეჰუმანიზებული მკვლელებისგან და მექრთამეებისგან რომ შედგება, ხოლო მისი ლიდერი შეშლილი ტირანია. პროპაგანდისტებს ის ამ დასკვნამდე თანდათან მიჰყავთ და მხოლოდ დასკვნით ეტაპზე უნერგავენ აზრს იმის თაობაზე, რომ ვითარება აუტანელია და აუცილებელია ხელისუფლების სასწრაფო შეცვლა.

ნაციონალებს 2012 წელს სწრაფი რევანში სწყუროდათ, ამიტომ ცდილობდნენ, საზოგადოებრივი აზრი დაუყოვნებლივ ბოლო ეტაპამდე მიეყვანათ, რაც, ბუნებრივია, არ გამოსდიოდათ. პარტიის ლიდერების, ისევე როგორც რიგითი წევრების, განწყობა მაშინ ყველაზე ლაკონურად “ნაცმოძრაობის” გენმდივანმა ვანო მერაბიშვილმა გამოხატა: “ამ მთავრობას ჩვენ, პირდაპირ ვიძახი, 4 წელიწადს ვერ ვაცლით” (შეხვედრა მხარდამჭერებთან “ნაცმოძრაობის” ოფისში 01.02.2013). ზოგ შემთხვევაში ნაციონალები მოწინააღმდეგის მეთოდების კოპირებას ცდილობდნენ და არ ითვალისწინებდნენ იმას, რომ მათ გამოყენებას ოპოზიციის მიერ 2011-12-ში წინ უძღოდა საზოგადოების მრავალწლიანი დარწმუნება იმაში, რომ “ნაცმოძრაობა” მკვლელების ბანდაა ნაგიჟარი მანიაკით სათავეში. ეს არც ისე რთული იყო, რადგან ნაციონალები თავისი ქმედებით პრაქტიკულად ყოველდღე ამყარებდნენ ამ მოსაზრებას, თუმცა პროცესმა მაინც გარკვეული დრო წაიღო.

ბრალი დიქტატორულ მისწრაფებებში “ქართულ ოცნებას” ნაციონალებმა 2012-შივე დასდეს, თუმცა საქართველოში ამას განსაკუთრებული რეზონანსი არ მოჰყოლია. ალბათ, იმიტომ, რომ “ოცნება” გაცილებით ფრთხილად ეპყრობოდა პოლიტიკურ ოპონენტებს, არჩევნებსა და სხვა დემოკრატიულ პროცედურებს, ვიდრე “ნაცმოძრაობა”. მართალია, ქვეყნის ფარგლებს გარეთ, უპირველესად, სააკაშვილის მეგობართა წრეში, “ნაცმოძრაობის” რამდენიმე ლიდერის დაპატიმრების შემდეგ, ეს თემა გარკვეული დროის განმავლობაში აქტიურად გამოიყენებოდა, მაგრამ საგრძნობი ეფექტი ამას არ ჰქონია. საბოლოოდ, ის მიივიწყეს, სხვა თემის, “ივანიშვილის პრორუსულობის” სასარგებლოდ, რომელიც უფრო პერსპექტიული და სწრაფი შედეგის მომტანი ეგონათ. შესაძლოა, ეს სტრატეგიული შეცდომა იყო, რადგან მას შემდეგ, რაც ივანიშვილის ხელისუფლებამ, დასავლეთთან დაახლოების თვალსაზრისით, გაცილებით მეტი გააკეთა, ვიდრე წინამორბედმა, ეს თემა, მარტივად რომ ვთქვათ, მოკვდა. აქ შეიძლება კამათი იმის თაობაზე, რომ გარკვეული სარგებელი ივანიშვილის ოპონენტებისთვის მას მაინც მოჰქონდა, იმ მომენტამდე, სანამ შინ და გარეთ საკითხში გაერკვეოდნენ, თუმცა საგრძნობი ზიანი “ქართული ოცნებისთვის” მას არ მიუყენებია.

აგრეთვე, იყო საფუძვლიანი ბრალდებები კრიმინალის ზრდაზე, ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებაზე, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ნაციონალების წინააღმდეგ იმუშავა მათმა სურვილმა, ვითარება რაც შეიძლება მალე აპოკალიფტურად წარმოეჩინათ და მოსახლეობაში რევოლუციური განწყობა გაეღვივებინათ, მაგრამ საკმარისი წინაპირობები ამისთვის არ არსებობდა. რაც შეეხება ბრალდებებს რეპრესიებისა და პოლიციური ტერორის თაობაზე, მათი ღირებულება ნოლამდე ეცემოდა იმავე მომენტში, როდესაც იმ პარტიის წარმომადგენელი ახმოვანებდა, რომელმაც მმართველობის პერიოდში ამ მხრივ სრული საშინელება დაატრიალა. ასე რომ, თემების შერჩევა მთლიანობაში სწორი იყო, მაგრამ სასწრაფო შედეგის მიღწევის, საინფორმაციო ომის ეტაპებზე “გადახტომის” სურვილმა ნაციონალების წინააღმდეგ იმუშავა. რაც შეეხება “არანაციონალურ” ოპოზიციურ ძალებს, მათთვის თავიდან მთავარი კოაბიტაციისა და მისი ნეგატიური შედეგების თემა იყო _ ხანგრძლივმა დისკუსიამ ამ საკითხზე ხელისუფლება საგრძნობლად დააზარალა; შემდგომ გაიზარდა სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე საუბრის სიხშირე.

არადემოკრატიულობასთან დაკავშირებულ ბრალდებებს “ქართული ოცნებისთვის” დღემდე განსაკუთრებული პრობლემა არ შეუქმნია, მათ შორის იმიტომ, რომ ის ყურადღებით აკვირდებოდა ოპოზიციისა და საზოგადოების რეაქციას და საჭიროების შემთხვევაში პოლიტიკის კორექტირებას ახდენდა. თუმცა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ “ქართული ოცნება” თითქოს “გამოცვალეს”. საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში მისი მთავარი კურატორი, პარლამენტის თავმჯდომარე კობახიძე ისე იქცეოდა, თითქოს მისი სახელია არა ირაკლი, არამედ მურვანი, ხოლო მეტსახელი _ ყრუ.

ოლიგარქული რეჟიმის ოლიგოფრენიის საილუსტრაციოდ, ალბათ, ის ფაქტიც კმარა, რომ მან სოლიდარული პოზიციის გამოხატვამდე მიიყვანა, ერთი მხრივ, “პატრიოტთა ალიანსიდაგაერთიანებული დემოკარატიული მოძრაობადა, მეორე მხრივ, “ნაცმოძრაობადაევროპული საქართველო”. ერთმანეთთან მკვეთრად დაპირისპირებული პოლიტიკური პარტიების მიერ ხელმოწერელი დოკუმენტის შინაარსი და სულისკვეთება გაიზიარა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, “ქართული ოცნების” კანდიდატმა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. რამდენიც უნდა ილაპარაკონ მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა იმაზე, რომ მარგველაშვილმა მათ ზურგი შეაქცია და გუნდის იდეალებს უღალატა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პასუხისმგებლობა იმაზე, რასაც პრეზიდენტი აკეთებს, უპირველესად, “ქართულ ოცნებასეკისრება.

საბოლოოდ, მმართველი პარტია აღმოჩნდა მდგომარეობაშიფანტოცი ყველას წინააღმდეგიმ განსხვავებით, რომ ფანტოცი (ახლახან გარდაცვლილი პაოლო ვილაჯოს გენიალური შესრულებით) სასაცილო იყო, ზოგჯერ სიბრალულს იწვევდა, “ქართული ოცნება” კი მოსაწყენია და სულ უფრო ძნელად ასატანი ხდება.

ის, სავარაუდოდ, ამ კრიზისსაც დაძლევს, თუმცა დღეს დაკარგული ქულები მომავალში დააკლდება, როდესაც “ბოლო წვეთის” როლს სხვა პრობლემა შეასრულებს, მაგრამ ეს არ ათავისუფლებს მმართველ პარტიას პასუხისმგებლობისგან, რომელიც ცუდი, ერთი პარტიის ინტერესებზე მორგებული, კონსტიტუციის მიღების გამო ეკისრება. მიუხედავად იმისა, რომ ცალ-ცალკე თითოეული მუხლი (მაგრამ არა მათი ერთობლიობა) შეიძლება შეფასდეს, როგორც სავსებით დემოკრატიული, საზოგადოების დიდ ნაწილში, ხელისუფლების უხეში პოლიტიკის გამო, დამკვიდრდა მოსაზრება, რომ ჩასწორებული კონსტიტუციაც არ ვარგა, რამაც მისი მორიგი რედაქტირების ლეგიტიმიზაცია მოახდინა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ესოდენ ნანატრი საკონსტიტუციო (და, შესაბამისად, პოლიტიკური) სტაბილურობა არც ახლო მომავალში გვეღირსება. ხოლო ის, ვინც 2016-ში ამტკიცებდა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაქართულ ოცნებასგარყვნის და ფატალურ შედეგებამდე მიიყვანს, როგორც ჩანს, მართალი იყო.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here