Home რუბრიკები ისტორია “ქართლის ჭირსა ვერვინ მოსთვლის…”

“ქართლის ჭირსა ვერვინ მოსთვლის…”

1858
დავით ჭავჭავაძე

ჩვენი მკითხველი უკვე გაეცნო აღმოსავლეთის ომებში ქართველთა და რუსთა გაერთიანებული ძალებით მიღწეულ წარმატებებს, თუ როგორ გადაურჩა საქართველო მუსლიმანური სამყაროს ხახაში ჩავარდნას, მაგრამ სურათი სრულყოფილი ვერ იქნება, თუ იმ პერიოდის კიდევ ერთ სერიოზულ საფრთხეს გვერდს ავუვლით. ამ საფრთხის სახელწოდებაა ლეკიანობა, რომელიც XVIII საუკუნეში აშკარა განადგურებით დაემუქრა კახეთის მოსახლეობას და რომლისგან თავის დაღწევაში უდიდესია რუსეთის წვლილი.

ლეკები უდიდეს საფრთხეს უქმნიდნენ გარეშე მტრების მიერ ისედაც აწიოკებულ ქვეყანას. მკითხველს ვთავაზობთ ანა დრანსეს მიერ მოთხრობილ ამბავს თავად დავით ჭავჭავაძის ოჯახის დატყვევებაზე. საქმე ეხება პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილის ოჯახის ბედს, რომელიც შამილის მარბიელი რაზმის მსხვერპლი აღმოჩნდა.

 ანა დრანსე ფრანგი ქალბატონი იყო. იგი ჭავჭავაძეთა სახლში ბავშვების აღმზრდელად ყოფილა მიწვეული. დავით ჭავჭავაძის ოჯახის წევრებმა და ფრანგმა ქალბატონმა დაღესტანში ტყვეობის უმძიმესი თვეები გამოიარეს. ხშირად ისინი უკიდურეს სასოწარკვეთილებაში იმყოფებოდნენ. ტყვეობაში ყოფნისას დაიღუპა ოჯახის რამდენიმე წევრი, მათ შორის _ თავადის მცირეწლოვანი ქალიშვილი.

 ჭავჭავაძეთა გათავისუფლება ხანგრძლივ და მტანჯველ პროცესს წარმოადგენდა, სანამ საქმეში თვით რუსეთის იმპერატორი არ ჩაერია და სწორედ მისი ძალისხმევით ჭავჭავაძეები შამილის ტყვეობიდან გამოსყიდული იქნენ. მათი ტყვეობა დაიწყო 1854 წლის ივლისში და თითქმის ერთი წლის განმავლობაში, 1855 წლის ბოლომდე, გაგრძელდა.

გთავაზობთ ნაწყვეტს ანა დრანსეს წიგნიდანშამილის ტყვე ქალები”.

მედუქნე

1 ივლისს გლეხებმა გვაცნობეს, თელავის მიმართულებით მინდვრები ცეცხლის ალშია გახვეულიო. დაეჭვება აღარ შეიძლებოდა _ მტერი ვაკეზე იყო ჩამოსული და წინ გამალებით მოიწევდა, გვამცნობდა რა თავის გზასა და მიმართულებას მის მიერ გაჩაღებული ხანძრების მიხედვით. ყველამ გაამახვილა ყურადღება იარაღის გამართულობაზე. წინანდლელი გლეხები მოდიოდნენ კნეინასთან და ურჩევდნენ, აუცილებლად გახიზნულიყო ტყეში, მაგრამ იგი არ დასთანხმდა. მაშინ მათ დააწყვეს მთელი თავიანთი ავლა-დიდება ურემზე და ქალებიცა და ბაშვებიც ზედ შესხეს. ხანძარი პარასკევსაც ბობოქრობდა. დღისით მოვიდა თელავის მედიკოსი გორლიჩენკო.

_ ლეკები, _ თქვა მან, _ დაბანაკებული არიან ალაზნის იქითა მხარეს. ამჟამად ვერ შეძლებენ მდინარის გადმოლახვას. თელავშიც მშვიდობიანობაა _ თბილისიდან ჯარს ელოდებიან.

…ამასობაში ყველა გლეხი გაიხიზნა. მეზობელი მემამულეებიც მოდიოდნენ და გვარწმუნებდნენ, მათთან ერთად გავსულიყავით ტყეში. იმათ უპატრონოდ დაეგდოთ თავიანთი ავლა-დიდება და მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენაზეღა ზრუნავდნენ, მაგრამ ქალბატონი ამჯერადაც ურყევად იდგა თავის გადაწყვეტილებაზე.

…ხანძარი შაბათსაც ძველებურად ბობოქრობდა. ცხადი გახდა, საშიშროება კარს იყო მომდგარი, რამაც, ალბათ, კნეინა შეაფიქრიანა. დაიწყეს ვერცხლის, ძვირფასი ქვებისა და სხვა ნივთების ჩალაგება. თავადის გულადი გლეხი ზურია კნეინასთან გამოიძახეს, რათა საქმის ნამდვილი ვითარების შესატყობად წასულიყო, ადგილები დაეზვერა. კნეინა დასთანხმდა და იგი გაემართა იმ ადგილების დასათვალიერებლად და შესამოწმებლად, საიდანაც ხანძრების შუქი მოდიოდა. გამოხდა ცოტა ხანი. ზურია უკან დაბრუნდა. ტანსაცმელი ტყვიებისაგან დაცხრილული ჰქონდა, თვითონ კი ცოცხალი იმის გამო გადარჩენილიყო, რომ შორიდან ნასროლ ტყვიებს იმდენი ძალა აღარ შერჩენოდათ. ოღონდ ზურია, ასე რომ გადადო თავი ბატონებისათვის, ჩვეულებრივ ლოთობდა ხოლმე და ამიტომაც მის ნაამბობს სერიოზული ყურადღება არავინ მიაქცია.

ის-ის იყო, ეს გლეხი დასაზვერავად წავიდა, რომ გამოგვეცხადა ვიღაც სომეხი, რომელიც თავს მედუქნედ ასაღებდა. მან ღამის გათევინება გვთხოვა და გვითხრა, სადღაც, თურმე, ფული უნდა მიეტანა, მაგრამ, ამ ადგილებში რომ გამოიარა, ლეკებს შეეფეთა და იძულებული გახდა, იმავე გზით უკან წამოსულიყო. მისი სიტყვები სარწმუნოდ ჟღერდნენ, მაგრამ ამ კაცის სახე კნეინას არასაიმედოდ ეჩვენა, რის გამოც მაშინვე უბრძანა მსახურს:

_ ეგ კაცი არსად გაუშვათ, იარაღი აჰყარეთ და, თუ გაქცევა დააპიროს, ესროლეთ!

ეს სიმკაცრე სხვადასხვა გარემოებით იყო გამოწვეული; თუმცა ქალბატონმა მისთვის დამახასიათებელი გულკეთილობით მაშინვე დაუმატა:

_ მიხედეთ და აჭამეთ!

მოგეხსენებათ ქართველის ბუნება: მსახურმა შეასრულა მხოლოდ ბოლო მოთხოვნა, ხოლო პირველი სავსებით გადაავიწყდა, რამაც ავი კვანძის გახსნა დააჩქარა.

ამ კაცის მოსვლა, ზურიას მიერ მოტანილი ცნობები, ყველაფერი იმაზე მეტყველებდა, რომ ხიფათი გარდაუვალი იყო, თუმცა ხსნის იმედი ჯერ კიდევ არ გადაგვწურვოდა. გვქონდა მსუბუქი საზიდრები, რომლებიც სწრაფი მგზავრობისათვის სწორედ რომ მისწრება იყო. კნეინამ თელავში ერთიმეორის მიყოლებით დაუხანებლად გაგზავნა ორი შიკრიკი, რათა ცხენები იმავე საღამოს მოეყვანათ. სადგურზე კი მათ აუხსნეს, რომ ცხენები მხოლოდ მომდევნო დილის, ე.ი. კვირისათვის, ეყოლებოდათ. ამასობაში მოახლეები განაგრძობდნენ სკივრებში ყველაფრის ჩალაგებას, რისი თან წაღებაც კი შეიძლებოდა. გლეხები კვლავ მოვიდნენ და გვთხოვეს, ტყეში გავხიზნულიყავით. კეთილი ზურია განსაკუთრებით მე გადამეკიდა _ მაგრამ განა შემეძლო საზიზღარი სიმხდალე გამომეჩინა და ჩემი აღსაზრდელები, სალომე და მარია, ამ ყოფაში მიმეტოვებინა?

როგორც იქნა, ყოველგვარი მზადება დასრულდა. საღამოს კნეინა ორბელიანის საწოლ ოთახში მოვიყარეთ თავი… კნეინა თინია კი ისევ თავისას გაიძახოდა:

_ ლეკები წინანდალში მოსვლას ვერ გაბედავენ!

ისეთ მდგომარეობაში ვიყავით, რომელსაც ვერ უწოდებ ვერც სიფხიზლეს, ვერც ძილს. ღამის 4 საათზე გავარდა თოფი, რამაც ამ მდგომარეობიდან გამოგვიყვანა. ხიფათისა და შიშის გრძნობა ძვალსა და რბილში გაგვიჯდა. თავს ძალას ვატანდით _ კიდევ რაიმე რომ გაგვეგონა… მაგრამ ამაოდ. და, რადგან კვლავ სიჩუმემ დაისადგურა, ვიფიქრეთ: ალბათ, ეს გასროლა შემთხვევითი იყოო. ბაღში ჩავედი და ვაზის ფოთლებში ჩიტის ბუდესავით ჩაკარგული ეკლესიისაკენ გავეშურე. აქ დიდხანს ვლოცულობდი და ვგრძნობდი, რა თანდათანობით მიბრუნდებოდა ძალა. ამ ვრცელ ბაღში ყველაფერი გარინდებულიყო. ანგარიშმიუცემლად სიარული დავიწყე. მაღალი ხრამის კიდეზე მდებარე კორომს რომ მივატანე, შევნიშნე კაცი, რომლის აქ ყოფნამაც დამაფრთხო: მართალია, თავადის ყველა გლეხს არ ვიცნობდი, მაგრამ ქართველთა სახის ნაკვთები გონებაში ცხადად მქონდა ჩარჩენილი _ ისინი სიკეთეს გამოხატავენ, ხოლო ამ ადამიანის სახეს ზედ ეწერა რაღაც უკეთურება. თუმცა მას ჩემთვის არაფერი უთქვამს, ისე გაემართა სახლის ეზოსაკენ. შევნიშნე, რომ იარაღი ესხა. რაც შემეძლო, სწრაფად გავეშურე სახლისაკენ. ხრამს რომ გავხედე, დავინახე: ხევის ძირას მიმდინარე ღელეში წყალი თითქმის მთლიანად დახაპულიყო და ორი კაცი ლაგამწაყრილი ცხენებით ფრთხილად გადადიოდა მეორე ნაპირზე.

ლეკები. ტყვეობა

…კნეინა ანამ თავისთან მიხმო. საბოლოოდ გავემზადეთ გასამგზავრებლად. კორსეტში შევიჩურთე რამდენიმე წერილი და თმის ღერები _ ნივთები, რომლებიც ყველა სხვა ნივთზე უძვირფასესი იყო ჩემთვის. სახელდახელოდ ამოკერილ ჩანთაში ჩავაწყვე ფრანგული ენის გრამატიკა და მეორე პატარა წიგნი სათაურით: “ღმერთი არს სიყვარული”. ეს წიგნი ერთ-ერთმა თბილისელმა ნაცნობმა მისახსოვრა. მოამზადეს ჩაი _ ვითარებაც რომ მეტად შესაფერისი გამონახეს კნეინას მომსახურებისათვის _ ყველაფერი ისე კეთდებოდა, თითქოს დრო თავზე საყრელი გვქონოდა. თელავიდან კვლავ ამოვიდა ექიმი და საათზე მეტი ხნის განმავლობაში არწმუნებდა კნეინას, დაუყოვნებლივ გავდგომოდით გზას… მოხუცი ძიძების ჯიუტობამ და უდარდელობამ, რომლებიც მიჩვეულნი არიან, არავის შეეპუონ, ყველაფერი სხვაგვარად დაასრულა. ის ის იყო, საზიდარზე კნეინას ალმასები უნდა დაეწყოთ, რომ გაისმა ძახილი: ლეკები!

დილის რვა საათი იყო. კეთილი ექიმი გორლიჩენკო (ერთადერთი კაცი, რომლის წინაშეც თავს სამუდამოდ ვალდებულად ვრაცხთ მისი მართლაც რომ გმირული თავდადებისათვის), რომელსაც ხელში სასროლად გამზადებული იარაღი ეჭირა, გვთხოვდა, სადმე დავმალულიყავით. კნეინამ თქვა, რომ ამისათვის ყველაზე შესაფერისი ადგილი ბელვედერი იქნებოდა. მან ლეკთა განზრახვა არ იცოდა და ფიქრობდა, ისინი აქეთ არ წამოვიდოდნენ. ბავშვები, ძიძები, გადიები, მსახურები, ფარეშები და ყველა ქალი, ვინც კი სახლში იმყოფებოდა, უკან გამოგვიდგნენ. არასოდეს დამავიწყდება ის საბედისწერო წუთები, როდესაც კნეინა ჭავჭავაძე, ყოველთვის გულთბილად რომ იყო ჩემდამი განწყობილი, მომეხვია და სინანულის გრძნობით აღვსილმა მითხრა:

_ ეჰ, ეს რა მომივიდა, მადამ? ძალიან გთხოვთ, მომიტევოთ იმ უბედურებისათვის, რაც ჩემი მიზეზით შეგემთხვათ. ღმერთო ჩემო! რატომ არ დაგატანეთ ძალა, გაქცეულიყავით?

_ ქალბატონო, _ ვუპასუხე მე, _ არ ვიცი, რა ხვედრი მელის, მაგრამ, რაც არ უნდა მოხდეს, მზადა ვარ, სიცოცხლე განაცვალოთ.

_ ვილოცოთ, _ განაგრძო მან, _ სიკვდილი კარს მოგვდგომია.

მალე, მართლაც, ნათლად გავარჩიეთ მოახლოებულ მთიელთა ნაბიჯების ხმა. მათ ჩვენი სამალავისკენ მოუძღვებოდა ბავშვების ყვირილი და ქალების წივილ-კივილი. ყველა ჩვენგანის სულში რაღაც ენით აუწერელმა სევდამ დაისადგურა. ას წელიწადს მიტანებულ დედაბერს, რომელსაც ოდესღაც თავად ჭავჭავაძის მამაც გაეზარდა, სავსებით დავიწყებოდა საკუთარი თავი და გულმხურვალედ ლოცულობდა თავისი კეთილი ბატონის შვილების გადარჩენისათვის. გიორგი ორბელიანის გამდელს, რომელსაც ქმარ-შვილი თბილისში ჰყავდა დატოვებული, გულამოსკვნილი ქვითინისაგან თავი ვერ შეეკავებინა. კატერინა, კნეინა ორბელიანის მოახლეც, ასევე გულამომჯდარი ზლუქუნებდა, გამოხატავდა რა წუხილს არა საკუთარი თავის, არამედ თავისი ქალბატონის შვილების გამო, რომლებიც უსაზღვროდ უყვარდა. გადამღრძვალმა კნეინა თინიამ, რომელიც აქამდე ასე უშიშრად გრძნობდა თავს, ახლა გონება სავსებით დაკარგა: იმ წუთებში, როცა ყოველგვარი მატერიალური საკუთრება უსარგებლო გახდა, გამუდმებით ითხოვდა, მიეტანათ მისთვის საჩაიე ფინჯნები: შიშობდა, მძარცველებს არ ჩავარდნოდა ხელში. თავად ჭავჭავაძის ძიძა მხურვალედ ლოცულობდა იმ არაჩვეულებრივი მიმიკისა და ჟესტიკულაციის გამოყენებით, რაც ლოცვისას ასე დამახასიათებელია უბრალო ქართველებისათვის.

საშინელი არევ-დარევით შეშინებული სალომე და მარია ვერხვის ფოთლებივით თრთოდნენ და მეკვროდნენ. მე მათ ვსთხოვდი, არ ეტირათ. გაისმა ლეკთა გააფთრებული შეძახილები. მათი დარტყმებისაგან მინები აზრიალდა და ჩაიმსხვრა, აჭრიალდა ავეჯი, სკივრებში აწკრიალდა ვერცხლი. ბოლოს ჩვენამდე მოაღწია ორი ფორტეპიანოს ერთმანეთში არეულმა ხმებმა. ველურები კლავიშებზე ხელებს ბოროტად უტყაპუნებდნენ. ბელვედრიდან ხელისგულზე გადაშლილივით ჩანდა მთელი ბაღი. ვხედავდით, თუ როგორ გაივსო იგი ჩალმიანი მხედრებით. თავდაპირველად ორმოცდაათამდე კაცი თუ იქნებოდა, მაგრამ შემდეგ უსაზღვროდ ბევრნი მოზღვავდნენ. ღელე, რაც ერთადერთი გზა გახლდათ სახლში შემოსასვლელად, მთლიანად დაფარეს. საწყალ წინანდლელებს სრული გაღატაკება და გაჩანაგება ელოდათ.

ღრმად დაფიქრებული კნეინა ჭავჭავაძე დიდხანს ხმას ვერ იღებდა. შემდეგ ლიდია აიყვანა და მკლავზე გადაიწვინა. მხოლოდ ზოგიერთს გარდა, რომლებიც დაკეტილ კარს მთელი ძალით აწვებოდნენ და ამაგრებდნენ, ყველანი მუხლებზე ვიყავით დაჩოქილი. ლეკებს გაუკვირდათ, წინააღმდეგობას რომ ვერსად წააწყდნენ. ეს იოლი გამარჯვება მათ კიდევ უფრო ააფთრებდათ. დარბოდნენ ოთახებში, აკაკუნებდნენ კედლებზე და ფიქრობდნენ, რომ რაიმე საგანძურს იპოვიდნენ… და ასე მოგვიახლოვდნენ… მხოლოდ კნეინა ორბელიანი იყო მშვიდად. ჯერ თავისი საყვარელი გიორგი დალოცა, მერე ძიძას გადასცა, მივიდა კართან, რომელსაც მთიელები ძლიერ აწვებოდნენ და ასე ურყევად მდგარი დაელოდა თავის ხვედრს. შესაძლოა, სურდა პირველი დაცემულიყო, რათა შემდეგ აღარ ეხილა შვილის, დის, მულიშვილისა და დისშვილების წვალება… მაგრამ შეიძლება თავისი პირადი მაგალითით სურდა საბედისწერო დარტყმის წინ ჩვენთვის მხნეობა ჩაენერგა.

კარმა რამდენიმე წუთს გაუძლო… მთიელები გაცოფდნენ… ბოლოს და ბოლოს შემოანგრიეს… შეიქმნა საშინელი ორომტრიალი: შემოგვაწყდა ადამიანთა ბრბო… ერთმანეთში აირია გამხეცებულთა შეძახილები და უმწეოთა კივილი… თითოეული ჩვენგანი უცებ აღმოჩნდა რომელიმე მტაცებლის ხელში, წინააღმდეგობის გაწევა კი სრულიად უნაყოფოა… მთიელი (მისი სახის გახსენება დღესაც ტანში მზარავს) მბოჭავს და მივყავარ, მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობ მისგან გათავისუფლებას. ბელვედერიდან რომ გადიოდი, კარებში უნდა დახრილიყავი, მაგრამ ჩემს მომტაცებელს ამისთვის არა სცხელოდა და მაგრად ვარტყამ თავს კარის ამყოლზე…

კაცი, რომელსაც მე ვხვდი წილად, ფეხს ადგამს კიბეზე. გაისმის ავისმომასწავებელი ჭახანი, რასაც თან ახლავს შეშინებული შეძახილები… კიბე მტაცებელთა და მათ მსხვერპლთა სიმძიმეს ვეღარ უძლებს და ტყდება… ამ საშინელ წუთს კნეინას რომელიღაც მოახლე ჩემი პალტოს კალთას ჩააფრინდა… მთიელი სწრაფად უბიძგებს მას და ისიც ქვევით მიფრინავს თავპირისმტვრევით. საფეხური, რომელზეც ვდგავართ, შეირყა; სწორედ იმ წამს მთიელი ძალუმად მიჭერს ხელებს და აკეთებს განწირულ ნახტომს მესამე სართულიდან. ჩვენ ვეცემით ეზოში მიმობნეულ ნამსხვრევებს შორის.

მიწაზე დავეცით თუ არა, ერთი ჩალმიანი მძარცველი მოვარდა და ბღლარძუნითა და ერთი ვაი-უშველებელით ცდილობდა, ჩემი თავი გამოეგლიჯა ხელიდან იმისათვის, ვისაც თავდაპირველად ვერგე. ეს კი არ ანებებს… იელვეს ხანჯლებმა… ვიფიქრე, ჩემი მოსპობა განუზრახავთ-მეთქი და დავიყვირე: _ მე ფრანგი ვარ! მაგრამ ეგ ძახილი ამაო გამოდგა. ჩემს გამტაცებელს ცალი ხელით ვეჭირე და ამგვარად, ნებაუნებლიეთ მონაწილეობა უნდა მიმეღო ორი ბოროტმოქმედის ქიშპობაში, ჩემს დანარჩუნებას რომ ცდილობდნენ. დაიღვარა სისხლი და მე გადავედი ჩალმიანის ხელში. ჩემმა ახალმა მეპატრონემ, რომელიც ჩაცმულობისა და განსაკუთრებით კი მისი მხეცური შესახედაობის გამო ჩეჩნად ჩავთვალე, წინა ეზოთი გამიყვანა და ორ ნუკერს ჩამაბარა. მისი ლაპარაკი ისე არ მესმოდა, როგორც მას _ ჩემი. მან გადმომცა ორი ცხენი აღვირით დასაჭერად, ხოლო, როცა მოძრაობაზე შემატყო, დავალების შესრულებას თავს ვარიდებდი, მათრახი დასარტყმელად მომიღერა. სირცხვილით გავწითლდი, მაგრამ დავრწმუნდი, რომ აუცილებელი იყო, ბედს დავმორჩილებოდი.

გაგრძელება

შემდეგ ნომერში

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here