Home რუბრიკები საზოგადოება ქართველი კალათბურთელების გმირობა _ როგორ დაამარცხა 3-მა ქართველმა 5 ლატვიელი

ქართველი კალათბურთელების გმირობა _ როგორ დაამარცხა 3-მა ქართველმა 5 ლატვიელი

2184
საქართველოს ნაკრები, იგივე თბილისის „დინამო“ 1950-იანი წლების ბოლოს

ბოლო წლებში ქართული ფეხბურთის საყოველთაო წარუმატებლობის ფონზე გაცილებით წარმატებით ასპარეზობენ მორაგბეები და კალათბურთელები. “ბორჯღალოსნებმამტკიცედ დაიმკვიდრეს ადგილი მსოფლიოს 12 საუკეთესო გუნდს შორის და თავგამოდებით ცდილობენ, მეტს მიაღწიონ. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ბოლო ხანს წარმატებით ასპარეზობს, ფიბას 2018 წლის სარეიტინგო სიაში მოკრძალებულ 26- ადგილზეა, მაგრამ ეს, როგორც ჩანს, არ არის ზღვარი

თუმცა ცალკეული ქართველი კალათბურთელის წარმატება გასაოცარია. ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ აშშ-ის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონობა წელს მეორედ მოიპოვა და ამ უაღრესად პრესტიჟული შეჯიბრების, პრაქტიკულად, მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ბეჭედს დაეუფლა. ევროპაში კი, კერძოდ, ესპანეთში, შესანიშნავად ითამაშა მეორე ქართველმა, ბასკეთის დედაქალაქ ვიტორიას “ბასკონიას” კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ.

ქართველ კალათბურთელებს სხვა დროსაც და სხვა თამაშებშიც გამოუჩენიათ თავი, მაგალითად, ზურაბ საკანდელიძემ და მიხეილ ქორქიამ 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადაზე, სადაც სსრკ-ის ნაკრებმა ფინალში ამერიკელები დაამარცხა, დიდი წვლილი შეიტანეს გამარჯვებაში და ოლიმპიური ოქროს მედლები მოიპოვეს, მაგრამ იმას, რაც 59 წლის წინათ, 1959 წლის 10 აგვისტოს გააკეთეს ქართველმა კალათბურთელებმა მოსკოვში გამართულ სსრკ-ის ხალხების II სპარტაკიადაზე, ისტორიაში ანალოგი არ მოეძებნება.

აი რას წერდა ამ მატჩზე გაზეთი “ლელო” 1959 წლის წინათ:

ეს იყო ფანტასტიკური მატჩი, რომელსაც ვერ დაივიწყებს მაყურებელი. ყოველ შემთხვევაში, მსგავსი რამ ისტორიას არ ახსოვსსპორტის ცნობილი მიმომხილველი იური ოზეროვი ამბობს: “ყოველთვის არაჩვეულებრივი რამ უნდა გააკეთონ თბილისელებმა. მინახავს, 4 კალათბურთელი გამკლავებია 5-, მაგრამ 3 კალათბურთელის მიერ 5-ის წინააღმდეგ მოგებული მატჩი, ისიც ასეთ ბრძოლაში, გაუგონარი ამბავიაასეთი პროპორცია კალათბურთში იგივეა, რაც ერთი სამის წინააღმდეგ კრივში…”

ამ ისტორიულ და განსაცვიფრებელ მატჩში თავდაპირველად დაწინაურდნენ ლატვიელები, რომელთა რიგებში გამოირჩეოდა რიგის ასკ-ის (არმიის სპორტული კლუბი) ცენტრალური თავდამსხმელი, იმ მომენტში ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის 2-გზის მფლობელი და სსრკ-ის 4-გზის ჩემპიონი (1955-1958) იანის კრუმინში (სიმაღლე _ 218 სმ).

ძირითადი დროის ამოწურვის შემდეგ ანგარიში იყო 64:64. გამარჯვებული ვერ გამოავლინა ვერც პირველმა და ვერც მეორე დამატებითმა 5-წუთიანმა ტაიმებმა, მესამე დამატებითი 5-წუთიანი ტაიმის დასაწყისში ვლადიმერ უგრეხელიძემ მე-5 პერსონალური ჯარიმა მიიღო და თამაშს გამოეთიშა. მოედანზე 5 ლიტველის წინააღმდეგ დარჩა 4 ქართველი: გურამ აბაშიძე, ლევან მოსეშვილი, თამაზ კაკაურიძე და ვლადიმერ ალთაბაევი. ყველაფრის მიუხედავად, ქართველმა კალათბურთელებმა შეძლეს ანგარიშის გათანაბრება, შემდეგ კი 4 ქულით დაწინაურება _ 88:84. თამაშის დასრულებამდე წუთი იყო დარჩენილი, როცა იანის კრუმინშმა ანგარიშის სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა. რამდენიმე წამის შემდეგ ლატვიელმა კრუმინშმა და ლევან მოსეშვილმა 5-5 პერსონალური ჯარიმის გამო მოედანი დატოვეს.

ლატვიელებმა კრუმინში სათადარიგო მოთამაშით შეცვალეს, ჩვენს კალათბურთელებს კი რეზერვი ამოწურული ჰქონდათ; თანაც აბაშიძე, კაკაურიძე და ალთაბაევი 4-4 საჯარიმოთი დარჩნენ მოედანზე. ყველაფრის მიუხედავად, ქართველმა კალათბურთელებმა გმირობა ჩაიდინეს: დარჩენილ დროში ანგარიშში 2-ქულიანი სხვაობა შეინარჩუნეს და ლატვიელები დაამარცხეს _ 88:86. ამ სპარტაკიადაზე კალათბურთის ტურნირში მოსკოვის ნაკრებმა გაიმარჯვა, საქართველო მეორე იყო, მესამე _ ლიტვის ნაკრები.

ქართული კალათბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება თბილისის “დინამოს” ანგარიშზეა. “დინამომ”, რომელიც იმხანად სსრკ-ის რამდენიმეგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი იყო, 1962 წლის 29 ივნისს ჟენევაში ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის ფინალში მადრიდის “რეალი” დაამარცხა 90:81 და ამ საპატიო ჯილდოს დაეუფლა. იმ მატჩში თავი გამოიჩინა ვლადიმერ უგრეხელიძემ _ “პტიცამ”, რომლის ანგარიშზეც 14 ქულა იყო.

ნიკა კორინთელი

1962 წელს „დინამომ“ ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი მოიგო
1962 წელს „დინამომ“ ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი მოიგო
გურამ აბაშიძე
გურამ აბაშიძე
გურამ მინაშვილი
გურამ მინაშვილი
ვლადიმერ უგრეხელიძე - „პტიცა“
ვლადიმერ უგრეხელიძე – „პტიცა“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here